Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგუშაგო ჩორჩანასთან - რამდენად ახლოს ესკალაციასთან?


საგუშაგო ჩორჩანასთან
საგუშაგო ჩორჩანასთან

ქართველი პოლიციელებისთვის საოკუპაციო ხაზთან საგუშაგოს მშენებლობას ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების მხრიდან ულტიმატუმები მოყვა.

ხაშურის რაიონში, სოფელ ჩორჩანას მახლობლად აგებული ხის კონსტრუქციის დასაშლელად 29 აგვისტოს, ერგნეთის ჩაშლილი შეხვედრის შემდეგ დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ხელისუფლებას ვადა 30 აგვისტოს დილის 6 საათამდე მისცეს. ქართულმა მხარემ თქვა, რომ ბლოკპოსტის დაშლის საკითხი არ განიხილება, ულტიმატუმების ენით საუბარი მიუღებელია.

საგუშაგო ჩორჩანაში და დე ფაქტო რეჟიმის ულტიმატუმი
please wait

No media source currently available

0:00 0:02:08 0:00

30 აგვისტოს ჩორჩანას მახლობლად მდებარე ოკუპირებულ სოფელ წნელისში საერთაშორისო დამკვირვებლებთან ერთად გაიმართა ტექნიკური შეხვედრა. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მომდევნო კვირაში ამ თემაზე კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება. ამ შემთხვევაში შეხვედრის ადგილი კვლავ ერგნეთი იქნება. ადგილზე რჩება საგუშაგო.

დე-ფაქტო რეჟიმის მიერ წაყენებული ულტიმატუმის არშესრულებას გამოეხმაურნენ ცხინვალშიც. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ინფორმაციისა და ბეჭდვის სახელმწიფო კომიტეტის უფროსმა მარინა კოტაევამ 30 აგვისტოს თქვა, რომ “საზღვარს” ცხინვალისა და მოსკოვის შეთანხმების საფუძველზე რუსეთის ფედერაცია იცავს და ქართველი სამხედროების ნებისმიერი აგრესიული ქმედება განხილული იქნება როგორც თავდასხმა რუს სამხედროებზე.”

არანაირი ომი არ იქნება, საქართველო სამხრეთ ოსეთს თავს არ დაესხმება. გამორიცხულია. ცხინვალის დაბრუნების ოცნება არსებობს, მაგრამ სააკაშვილის ნაბიჯებს არავინ გაიმეორებს
მარინა კოტაევა

მან ისაუბრა იმაზეც, რომ ქართული საგუშაგოს გამოჩენისა და კონფლიქტის შესაძლო ესკალაციის შიშთ პანიკა ატყდა. კოტაევამ თქვა, რომ თბილისი ცხინვალის თემას მაშინ ააქტიურებს, როცა შიდა პოლიტიკაში პრობლემები უჩნდება და დაამატა, რომ მიუხედავად დაძაბულობისა, ომის მოლოდინი არ არსებობს. “არანაირი ომი არ იქნება, საქართველო სამხრეთ ოსეთს თავს არ დაესხმება. გამორიცხულია. დღევანდელ საქართველოში აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნების ოცნება არსებობს, მაგრამ სააკაშვილის ნაბიჯებს არავინ გაიმეორებს”- თქვა დე-ფაქტო რეჟიმის წარმომადგენელმა. მიმდინარე პროცესებს აქტიურად აშუქებს რუსული მედიაც.

ჩორჩანა პატარა სოფელია, რომლის მცხოვრებლებიც წლებია ჟურნალისტებთან მძიმე საცხოვრებელ პირობებზე ლაპარაკობენ - ოკუპაციის თანმხლები სირთულეების გამო აქ პრობლემაა გზა, სასმელი და საწყავი წყალი, ინფრასტრუქტურა;

2019 წლის დასაწყისში ჩორჩანაში ადგილობრივებმა ხეებზე ტყეში ყვითელი ნიშნულები იპოვეს, რომელიც მათი აზრით ამ ადგილებში საზღვრის გავლებას მიანიშნებდა. 2019 წლის თებერვალში რადიო თავისუფლება წერდა, რომ მონიშნული ტერიტორიის მიღმა ექცეოდა ჩორჩანას ტალკის საბადო და მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი „ქართლი -2”. მაშინ უკვე იყო საუბარი იმაზე, რომ ჩორჩანაში გზის მოწესრიგების შემდეგ უსაფრთხოების ზომები გაძლიერდებოდა და გზებზე პატრულირება დაიწყებოდა. 2019 წლის მაისში ჩორჩანასა და ატოცის თავზე რუსულმა ვერტმფრენმაც გადაიფრინა.

"მათ ჰქონდათ კითხვები, ჩვენი არგუმენტებით გარკვეულწილად დავარწმუნეთ ცხინვალის წარმომადგენლები, რომ ერთადერთი მიზანი ჩვენი პოლიციელების, რომლებიც ამ საგუშაგოზე არიან , უსაფრთხოების დაცვაა და მეტი არაფერი. კითხები ლოკაციასთან დაკავშირებით დაისვა, თუმცა არგუმენტები, თუ რატომ არ უნდა იყოს ბლოკსაგუშაგო ამ ლოკაციაზე განთავსებული, ვერ მოვისმინე. ბლოკსაგუშაგო რჩება ამ ადგილას და ჩვენი ბიჭები გააგრძელებენ უსაფრთხოების დაცვას" - თქვა 30 აგვისტოს, წნელისში გამართული შეხვედრის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბოცვაძემ.

ბლოკსაგუშაგო რჩება ამ ადგილას და ჩვენი ბიჭები გააგრძელებენ უსაფრთხოების დაცვას
ვლადიმერ ბოცვაძე
სამხრეთ ოსეთის პოზიცია უცვლელია, ქართულმა მხარემ ჩორჩანაში პოლიციის ბლოკპოსტი უნდა აიღოს
ანატოლი ბიბილოვი

სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა კი ტექნიკური შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა, რომ სოფელ ჩორჩანას მეზობელ ოკუპირებულ სოფელ წნელისში საკუთარ ბლოკპოსტს ოსური მხარეც განათავსებს.

"ტექნიკური შეხვედრა დასრულდა, საერთო პოზიციაზე ვერ შევჯერდით. მოლაპარაკებები უახლოეს დღეებში გაგრძელდება. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტს დაევალა პოსტის განთავსება, რათა სოფლის მოსახლეობამ თავი უსაფრთხოდ იგრძნოს” – თქვა ბიბილოვმა.

საგარეო საქმეთა მინისტრი კი მძლავრი საერთაშორისო მხარდაჭერის აუცილებლობაზე ალაპარაკდა. “ამ სიტუაციაში, როგორც არასდროს, საჭიროა საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა. ჩვენი პარტნიორები, ყველა ძალიან დეტალურად არის ინფორმირებული, მათი მხრიდანაც არის შესაბამისი მექანიზმები ამოქმედებული, რათა ამ კრიტიკული სიტუაციიდან გამოვიდეთ მშვიდად, დეესკალაცია აუცილებელია." - თქვა დავით ზალკანიანმა 30 აგვისტოს. ამავე დღეს მან სან-ტომე და პრინსიპის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტთან ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. .

ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა კი ჩორჩანაში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებულ განცხადებაში კონფრონტაციული ენა მიუღებლად მიიჩნია და მხარეებს მოუწოდა, არ მოახდინონ სიტუაციის ესკალაცია.

ამ დროისთვის ცნობილი არ არის, როდის დაიწყებენ ქართველი პოლიციელები ჩორჩანასთან აშენებული საგუშაგოს გამოყენებას და რა რაოდენობის ძალები განთავსდება ამ ტერიტორიაზე.

საქართველოს პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს სტატიის გამოქვეყნების მომენტისთვის ჩორჩანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებიათ; კომენტარი არ იძებნება არც მათ Twitter-ის ანგარიშებზე.

XS
SM
MD
LG