„ზოგადად, ჩინური კომპანიები და ჩინური საწარმოები დაინტერესებულნი იქნებიან "სარტყლისა და გზის" მთელ გაყოლებაზე, "შუა დერეფანში", ინფრასტრუქტურული პროექტებით“, - განაცხადა ელჩმა ციენმა 6 სექტემბერს თბილისში ჟურნალისტებთან საუბრისას.
„ასე რომ, თუკი კარგი პირობები გვექნა, ვფიქრობ, არანაირი პრობლემა არ იქნება, რომ ჩინური კომპანიები ჩაერთონ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა თუ სხვა პროექტებში“, - განაცხადა ჩინეთის ელჩმა ჩინეთის საელჩოსა და ანალიტიკური ცენტრების, GSAC-ისა და „ჯეოქეისის“ ორგანიზებული კონფერენციის შემდეგ.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და მსოფლიო ბანკი საქართველოს აფრთხილებენ, რომ ღრმაწყლოვანი პორტის გარეშე, რომელიც საქართველოში უფრო დიდ გემებსა და მოცულობით ტვირთებს მიიღებს, ვერც ქვეყანა და ვერც „შუა დერეფანი“ ვერ გაუწევენ კონკურენციას სხვა გლობალურ სავაჭრო გზებს.
შეერთებული შტატების მთავრობა საქართველოს პორტის აშენებისკენ მოუწოდებდა. 2019 წლის ივნისში, საქართველოში ვიზიტისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ „საქართველოს ვითომ-მეგობრები“ უწოდა რუსეთსა და ჩინეთს და განაცხადა, რომ ანაკლიის პორტი დაიცავდა საქართველოს ამ ორი ქვეყნის „მტაცებლური ეკონომიკური გავლენებისგან“.
2022 წელს საქართველოს ხელისუფლებამ პროექტზე საუბარი კვლავ წამოიწყო. თუმცა მანამდე პორტის მშენებლობა, რასაც ქართულ-ამერიკული კონსორციუმი ედგა სათავეში, შეწყდა. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“, - ქართულ-ამერიკული წამოწყება, რომელიც პორტს აშენებდა, - სახელმწიფომ ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტს ჩამოაშორა. ახლა კონსორციული სახელმწიფოს არბიტრაჟში ედავება.
რამდენიმე კვირის წინ ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით ყოფნისას ანაკლიის პორტზე ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. საქართველოს მთავრობას გამოცხადებული აქვს, რომ პორტის აშენებაში მონაწილეობას თავადაც მიიღებს.
მთავრობის ცნობით, მშენებელი კონსორციუმის 51% იქნება საქართველოს მთავრობის მფლობელობაში, 49%-ზე კი გამოცხადებულია საერთაშორისო ტენდერი.
სატენდერო წინადადებები უკვე მიღებულია და ივნისიდან განხილვა მიმდინარეობს.
ჯერ უცნობია, ვინ იღებს ტენდერში მონაწილეობას.
ჩინეთში იმავე ვიზიტისას, როდესაც ღარიბაშვილმა ანაკლიის პორტზე ისაუბრა, საქართველომ დაამყარა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან.