Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ჩვენ არავის არ ვჭირდებით, ხალხო" - პოლიტიკური ქადაგებები მარხვაში


წლევანდელი დიდი მარხვა - 27 თებერვლიდან 15 აპრილამდე - ქვეყნის ცხოვრებაში მღელვარე პერიოდს დაემთხვა: "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციები, სავალდებულო სამხედრო სამსახურის შემოღების წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები, ლაზარე გრიგორიადისის საქმე.

მღვდლები ამ მოვლენებს ქრისტიანულად ყველაზე მნიშვნელოვან, წინასააღდგომო პერიოდში ეხმიანებოდნენ. წლევანდელ ქადაგებებში, რომლებსაც ასობით ადამიანი ესწრება, და კიდევ უფრო მეტი ონლაინ უსმენს, რამდენიმე ძირითადი გზავნილი გამოიკვეთა.

რა ხდება ქადაგებაზე

კვირაობით ტაძარში წასვლა მხოლოდ წირვაზე დასწრება არაა. ამბების გაცვლაც არის, ჭორაობაც, ყოველდღიურზე ჩივილიც. მოხუცები ყოველთვის უფრო შემზადებულები მოდიან - მკლავზე გადაკიდებულ “ლამაზ” პარკებში ჩაწყობილი ფსალმუნებითა და სანთლებით, ყოველთვის იციან, რა განრიგით წარიმართება მსახურება, როდის “ეშლება” მგალობელს. დედებს ხშირად მოჰყავთ პატარები, რომლებიც ზიარების რიგში მოუთმენლად ხტიან ფეხიდან ფეხზე. ბევრია ახალგაზრდაც; მრევლის ამ ნაწილს ხშირად ციფრული მემატიანეს ამოცანა აკისრია - ქადაგებას ტელეფონით იღებენ და ფეისბუკის ჯგუფებში, იუტუბსა და ტიკ-ტოკზე ტვირთავენ.

ტაძარში ყოველთვის ქალები ჭარბობენ; კაცები დაახლოებით მესამედია, ერთად დგანან, უფრო ჩუმად არიან, ქალები მეტს ლაპარაკობენ: სანამ წირვა მიდის, გალობასა და ლოცვებს შორის ყოფით ამბებსაც მოჰკრავ ყურს. “ვაი, როგორ მტკივა კბილი”, ამოიოხრავს ვიღაც. “დავაგვიანე, ხო? მაგრამ მაინც გამოვედი, ხომ კარგად ხართ ოჯახში?” ხანდახან კრიტიკაც ისმის: “ასეთი რამე სხვა ტაძარში არ გამიგონია”. თუმცა ყველა ტაძარს ჰყავს თავისი ერთგული, გამოცდილი მრევლი, ასე 30-40 ქალი, რომლებიც ყველა დღესასწაულს, ყველა საკვირაო წირვას ესწრებიან და სწორედ ისინი რჩებიან ხოლმე ზიარების მერე, ქადაგების მოსასმენად. ამ დროს ყველა ჩუმდება და გასუსული ისმენს, რას ეტყვის მოძღვარი დღეს.

მრევლი აღდგომის ღამეს. საბურთალოს წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძარი
მრევლი აღდგომის ღამეს. საბურთალოს წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძარი

ქადაგება ოც წუთამდეა და ყველა ტაძარში დაახლოებით ერთ წესს მიჰყვება: დიდ მარხვაში ყველა კვირადღეს აქვს რელიგიური მნიშვნელობა და პირველი ნაწილი მას ეძღვნება - იქნება ეს ჯვრის დიდება, მარიამ ეგვიპტელის ხსენება თუ ბზობა. მოძღვრები დღესასწაულის მნიშვნელობას ხსნიან და რაიმე საინტერესო ამბავსაც მიაყოლებენ ხოლმე - იგავ-არაკს ან შემთხვევას საკუთარი ცხოვრებიდან; შემდეგ კი მთავარი ნაწილი იწყება - რა ვისწავლეთ ამ ქადაგებით.

სწორედ ამ, შემაჯამებელ ნაწილში, რომელიც ათიოდე წუთი გრძელდება, ატევენ მოძღვრები იმ წუხილს, რაც დღის წესრიგში დგას - პოლიტიკურსა და სოციალურს. თუკი ქადაგებას მშვიდი თხრობის ტონი აქვს, ამ დროს მოძღვრის ხმა უფრო აღელვებულია, თითოეული სიტყვა თითქოს უფრო წონიანი ხდება და მრევლშიც მეტ ფიქრებს აღძრავს, რადგან რომელიმე წმინდანზე კი არა, უშუალოდ მათ ცხოვრებაზეა ლაპარაკი. წირვის დროს, ცოტა არ იყოს, გაფანტული მრევლი ახლა მოძღვრის ყველა სიტყვას იჭერს, რადგან ისინი აქ მხოლოდ დღესასწაულის აღსანიშნად და ზიარების მისაღებად არ მოსულან, არამედ იმისთვის, რომ ნუგეში იპოვონ და სახლში მნიშვნელოვანი გზავნილები წაიღონ.

გზავნილი პირველი: ქვეყანა განსაცდელშია...

ახლა, როგორც არასდროს, საჭიროა ადამიანები ეკლესიის გარშემო გაერთიანდნენ, რადგან იქ, გარეთ, ქაოსი და გახრწნილებაა.

“არავითარ შემთხვევაში არაფერს არ უნდა მივცეთ უფლება, რომ რაღაცამ ჩვენ დაგვყოს და დაგვშალოს”, - ქადაგებდა ანჩისხატში, ჯვრით ხელში დეკანოზი არჩილ ხაჩიძე მარიამ ეგვიპტელის ხსენების დღეს, ორ აპრილს.

“რაც მეტი ერთიანობა გვექნება, მით უფრო გაგვიადვილდება ბრძოლა იმ საშინელ გამოწვევებთან, რომლებიც ჩვენ ირგვლივაა. ძალიან, ძალიან დიდი წნეხისა და ტვირთის წინაშე არიან ჩვენი ბავშვები და ახალგაზრდები. ძალიან ცდილობენ, შეცდომები დააშვებინონ და ისინი ერთმანეთს გადაჰკიდონ. დღეს, ფაქტობრივად, მიდის კლასებად დაყოფა ადამიანებისა და ერთმანეთზე გადაკიდება, და ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთმანეთის იმედი და გვერდში მდგომი”.

ზოგადად, როგორც ქადაგებებიდან ირკვევა, ბოროტი ძალების მთავარი სამიზნე სწორედ ახალგაზრდობაა. ის, რასაც მათ უჩინარი ძალები “თავისუფლების” სახელით ასწავლიან, სხვა არაფერია, თუ არა ეშმაკის ფანდი.

ტაძრის წინ შეკრებილი მრევლი აღდგომის ღამეს
ტაძრის წინ შეკრებილი მრევლი აღდგომის ღამეს

“...ანუ ეშმაკმა მოახერხა და სასაცილოდ აქცია ადამიანთა გარკვეულ ჯგუფში ქრისტიანობა, ათი მცნების დაცვა. მან მოახერხა და ეს წარმოაჩინა, როგორც ადამიანის თავისუფალ ნებაზე ძალადობა. და ეუბნებიან იმ ადამიანებს, ახალგაზრდებს ძირითადად, რომ როგორ შეიძლება ათი მცნების თავს მოხვევა, რომ ქრისტიანობა თავისუფალ არჩევანს არ გვაძლევს, იქნებ სულ არ მინდაო მაგის დაცვა?” - ქადაგებდა დეკანოზი ზურაბ ცხოვრებაძე 19 მარტს, იოანე ღვთისმეტყველის ტაძარში, რომელიც ტელევიზია “ერთსულოვნების” ეზოში დგას.

“ადამიანი მივიდა იქამდე, რომ ადამიანის მიერ დადგენილი კანონებით უნდა ხელმძღვანელობდეს [და არა ღმერთის], და მაშინ იქნება ყველაფერი კარგად. აი, სადამდე მიდის კადნიერება. ანუ, ისინი თვლიან, რომ ის ყველაფერი, რაც ხელისშემშლელი იყო, უნდა გადაიხედოს, რაც არის ქრისტიანობაში, და რაღაცა ახალი წესრიგი უნდა დამყარდეს მთელ მსოფლიოში, რომელიც თავისუფალი იქნება ქრისტიანული ზნეობრივი მოთხოვნებისგან. მაშინ ყველა იქნება ბედნიერი. აი, ამაზე დიდი ტყუილი, ალბათ, ეშმაკს არც მოუგონია. ადამიანები დარწმუნებული არიან, რომ თუ ქრისტიანობა დამარცხდება, დამყარდება ამქვეყნად ბედნიერება. ხომ არ გაგონებთ ეს ვიღაცის მსოფლმხედველობას? ეს არის ანტიქრისტეს მსოფლმხედველობა. აი, ანტიქრისტე რომ მოვა, ის აკრძალავს ყველა რელიგიას და ახალს, გამაერთიანებელს მოიფიქრებს. ახალს, რომელიც თავისუფალი იქნება რელიგიური მოთხოვნებისგან. და იტყვის რომ, ისინი თქვენზე ძალადობენ, ისინი თავს გახვევენ რაღაცებს… და დამყარდება ყველაზე საშინელი დიქტატურა, რაც კი ყოფილა, იმიტომ რომ ადრე არსებული დიქტატურები რაღაც რეგიონებს მოიცავდნენ, არ ვრცელდებოდნენ მთელ მსოფლიოზე”.

გზავნილი მეორე: …ვიცით, ვინც გვერჩის

რთული გამოსაცნობი არაა, ვინ არიან უხილავი “ისინი”, ვისაც დეკანოზები ქადაგებებში ახსენებენ. წინამძღვრებმა თითქოს მიზნად დაისახეს, პირდაპირ გამოეპასუხონ ყველაფერს, რაც მარტიდან აპრილის შუამდე პარლამენტის წინ ხდებოდა. “აგენტების” კანონთან დაკავშირებით საეკლესიო პირებმა ხელისუფლების პოზიცია გაიზიარეს. მამა არჩილ ხაჩიძე იმდენად შორსაც წავიდა, რომ “არაფრისმთქმელი ორგანიზაციები” კალიების შემოსევას შეადარა.

ანჩისხატი
ანჩისხატი

“ძალიან ადრე სამხედრო ჟურნალში წავიკითხე ასეთი რამ, დაარქვეს "კალიის პრინციპი". რა ყოფილა - კალიები ხომ ვიცით, რა საშინელი რამეა, გუნდად თუ მოფრინავენ, აჩანაგებენ ყველაფერს, თვითმფრინავებს აგდებენ, ელმავლები რელსებიდან გადაჰყავთ, საშინელი ძალა აქვთ. თურმე რა ჰქონიათ - ერთ კუბურ მეტრზე, სამი და ოთხი კალია რომ არის, სრული სინქრონიზაცია აქვთ მოძრაობისა, ერთად ხტებიან, ერთად ჭამას იწყებენ. ეს სახელი დაარქვეს თანამედროვე ბრძოლის ხერხს, რომელიც ქრისტიანებისთვის სულაც არ არის თანამედროვე. იარაღამდე და არტილერიამდე, იქმნება იმ სამიზნე ქვეყანაში სხვადასხვა არაფრისმთქმელი ორგანიზაციები. ვიღაცა ბუნების დამცველია, ვიღაცა ჩიტებს სურათებს უღებს, ვიღაცა ქალთა უფლებების დამცველია - უამრავი ორგანიზაცია, რომელიც არაფერს არ გულისხმობს [როგორც ჩვენთან, ხო? - გამოეპასუხა ქადაგებას ერთი ქალი] და როცა შეტევა იწყება ამ ქვეყანაზე და ძალების მობილიზება უნდა შეძლოს, რაღაცა რელიგიური ჯგუფი გამოდის და ამბობს, რომ ჩვენ, მაგალითად, არ წავალთ ჯარში. რომელიღაცა ჯგუფი იტყვის, რომ იარაღის ქარხანა გააჩერეთ, ტყვია-წამალი არ გამოუშვათ, მდინარე ბინძურდება. რომელიღაცა კიდე რაღაცას იტყვის და ნახეთ, თითოეული ეს ორგანიზაცია, არაფერი არაა სახელმწიფოსთვის, რომ ასე კალიასავით გასრისოს [მამა არჩილმა “გასრესის” თქმისას ხელითაც უხილავი კალია გასრისა], მაგრამ ათასი ეგეთი ორგანიზაცია ხმაშეწყობილად რომ დაიწყებს ჭიჭყინს, ქვეყანა უკვე ვერ ახერხებს, რომ ძალები მოიკრიბოს და ნახევარ წინააღმდეგობასაც ვერ უწევს თავის მტერს“.

დიღმის ასი ათასი მოწამის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი ლუკა სუპატაშვილი ქვეყანაში ჩარეულ “უჩინარ ხელს” ხშირად ქადაგების მთავარ თემადაც აქცევს. ჩანაწერები იუტუბზეც იდება ხოლმე. ყველაზე მეტად მან ეს თემა მარტის აქციების შემდეგ განავრცო:

...დღესაც კინაღამ გადაწვეს რუსთაველი, უბრალოდ მთავრობამ უკან დაიხია, თორემ ვიღაცას მოკლავდნენ, მოკლავდა უჩინარი ხელი, დაჰბრალდებოდა მერე მთავრობას და დაიწყებოდა ისევ არეულობები. როდემდე შეიძლება იცხოვროს ჩვენმა ერმა სხვისი სცენარით? რას აპროტესტებ, ვინ ხარ, რას აკეთებ, შენ თავს მიხედე, ღმერთის კურთხევა არის, რომ შენ მოშენდე და დამკვიდრდე ამ ქვეყანაზე. მოშენდი, გაიხარე და სხვაც გაახარე, მაგრამ არა, შეიძლება რაღაცა ერთი სიტყვა შემოვიდეს უცხოეთიდან და აირევა მთელი ერი“.

ქადაგებებში საეკლესიო პირები მარტის საპროტესტო აქციებს გამოეხმაურნენ
ქადაგებებში საეკლესიო პირები მარტის საპროტესტო აქციებს გამოეხმაურნენ

თუმცა, როგორც შემდეგ აღნიშნა, ახლა “ყველა ნიღაბი ჩამოხსნილია” და უკვე მარტივია, დაინახო ვინ ვინ არის. ამავე ქადაგებაში მამა ლუკამ არაორაზროვნად მიანიშნა რუსეთზე, შემდეგ კი “ისტორიის მაგინებლებით” გააგრძელა:

“ახლა მიდის ბრძოლა, რომ დაშალონ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფო და მისი სიმდიდრეები დაინაწილონ, და, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს მათი [რუსების] დემონიზაცია, და სხვისი წმინდანად შერაცხვა. არადა, ჩვენ თუ თვალი გვაქვს, უკვე უნდა დავინახოთ, და თუ ყური გვაქვს, უნდა გავიგონოთ, რა ხდება დღეს მსოფლიოში და რას უკეთებენ ჩვენს ერს. მაგრამ მადლობა უნდა ვუთხრათ ღმერთს, რომ ჩვენ უკვე ვეღარ გვატყუებენ, აღარ მოვტყუვდებით. ჩვენ არა ვართ ის ერი, რომ ვინმემ მოგვატყუოს, ჩვენ ვართ უძველესი ერი. ვიღაცები გვიგინებენ ჩვენს ღირსეულ მეფეებს, გადახედე საქართველოს ისტორიას და პირველი ვინ გაგახსენდება, 82 ჭრილობამიღებული ერეკლე მეფე, დავით აღმაშენებელი, რომელმაც 52 წლამდე ძლივს მიაღწია, და ამ პიროვნებაზე ამბობენ, მისი ყველა შვილი იდიოტი იყოო. თუ გინდა, რომ ერი გადააშენო, მას ისტორია უნდა გადაავიწყო და ვიღაცა გავიწყებს ისტორიას და ვიღაცა გვიგინებს ისტორიას”.

ქადაგების თემა ლაზარე გრიგორიადისის საქმეც გახდა
ქადაგების თემა ლაზარე გრიგორიადისის საქმეც გახდა

8 აპრილს პარლამენტის წინ ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია გაიმართა, შემდეგ დღეს კი მამა ლუკამ ტაძარში იქადაგა:

“დღეს გავდივართ ურთულეს პერიოდს. ადამიანმა მეორე ადამიანს ესროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი, ცეცხლი წაუკიდა, და მისი გათავისუფლების მოთხოვნით გამოდიან სხვა ადამიანები, გმირად გამოსახავენ ამ ადამიანს, გმირად! გმირები იყვნენ სამშობლოსთვის თავდადებული და არა ის, ვინც სხვას ცეცხლს წაუკიდებს და ესე არ უნდა მოტყუვდეს ერი და ჩვენ როგორც ვხედავთ, მსოფლიოშიც და ჩვენთანაც რთული პირობებია. მაგრამ მე სულ ვამბობ, გვალვას ის მცენარე უძლებს, რომელსაც ღრმა ფესვი აქვს და იქიდან იკვებება. ჩვენს ერსაც ძალიან ღრმა ფესვი აქვს გენეტიკურად”.

გზავნილი მესამე: ჯარი კარგია, ომი ცუდი

ეს ორ მიზანს ემსახურება - ეხმიანება “ომში ჩათრევის” ნარატივს და ეხმაურება “გირჩის” საპროტესტო აქციებს სავალდებულო ჯართან დაკავშირებით. 2021 წლიდან, წმინდა სინოდის განჩინებით, “გირჩის” “ბიბლიური თავისუფლება” გამოცხადებულია საეკლესიო სწავლებისა და მსახურების შეურაცხმყოფელ ორგანიზაციად, ხოლო მათ, ვინც “სასულიერო პირის” სტატუსს ჯარის აცილების მიზნით იღებს, მოუნანიებლად გარდაცვალების შემთხვევაში არც წესს აუგებენ და არც ღვთისმსახურებაში მოიხსენიებენ. “გირჩის” გავლენა ახალგაზრდებზე დიღმის ასი ათასი მოწამის ეკლესიის წინამძღვრის ერთ-ერთი საყვარელი თემაა.

2 აპრილს ის მწუხარებით ამბობდა:

“ჩვენს ახალგაზრდებს ასწავლიან, რომ ჯარში არ უნდა წახვიდე - რატომ უნდა შეიწუხო თავი, ღამის კლუბებში იარე, ნარკოტიკი მიიღე. ის ადამიანები, ვინც ახლა აქტიურობენ, რომ ჯარი თურმე არის საშინელება - არადა, ქართველები იყვნენ უდიდესი მეომრები - ესე იგი, ჩვენი ერის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ გამოხატულებას ბლოკავენ. ჯარში არ უნდა წახვიდეო. ეს ხალხი იდგნენ იქ, როცა ნარკოტიკის ლეგალიზაცია ხდებოდა. თუ შენ ახალგაზრდებზე ზრუნავ, ჯარს რომ უშლი, ნარკოტიკებს რატომ ურეკლამებ?“

ქადაგების შემდეგ ნაწილში დეკანოზმა ჯარის არიდებაც, ღამის კლუბის რეიდებიც და “აგენტების კანონიც” ჩაატია:

“[...] ახალი სპორტის სახეობაა - ჯარის არიდება. ღამის კლუბის არა. გახსოვთ, რა ამბავი ატყდა, სახელმწიფომ რომ დაკეტა ღამის კლუბი? მეორედ მოსვლა გეგონებოდა, ისეთი რამე ხდებოდა იქ. არადა, დაკეტეს ღამის კლუბი, რომელსაც პატრიოტული სახელი ჰქვია - ბასიანი [ამ რემარკამ მრევლი გულიანად გააცინა]. ბასიანი, რომელმაც ჩვენ, თავდადებულები გაგვხადა. ახლა წყალს მიაქვს ჩვენი ახალგაზრდობა, მე ვიცი, რა ხდება მანდ. სახელმწიფო ჩინოვნიკებთან გავისაუბრე და მიდი, აბა, და აკრძალე. როგორც ახლა უნდა განგვეხილა კანონი, რომელიც ამერიკაშიც მოქმედებს, დიდ ბრიტანეთშიც მოქმედებს, ისრაელშიც მოქმედებს, კანადაშიც უნდა განიხილონ და თქვენ არც მიიღოთ და არც განიხილოთო და წარმოიდგინეთ, აი, ასე წამოესივნენ ამ კანონს და ახლა წარმოიდგინე, ღამის კლუბი რომ დაკეტო?”

"გირჩის" აქცია თავდაცვის კოდექსის ცვლილების წინააღმდეგ, 11 მარტი
"გირჩის" აქცია თავდაცვის კოდექსის ცვლილების წინააღმდეგ, 11 მარტი

მაგრამ რამდენადაც არ უნდა იცავდეს დეკანოზი ჯარის ინსტიტუციას, ქართველი ერის მეომრობის ნიჭს, “ათი კილომეტრის გარბენასა” და “ფორმაში ყოფნას”, ომი საამაყო საქმიანობად სულაც არ მიაჩნია.

“ღმერთმა დაგვიფაროს, ჩვენ ომი მოგვიწიოს, ხიშტის ქნევა მოგვიწიოს, უბრალოდ, ფორმაში უნდა იყოს ადამიანი, მამაკაცი უნდა იყო. [...] ჩვენ რამდენჯერმე გვაომეს არასწორად, ვხედავდი, რომ ეს არ იყო ჩვენი საომარი სიტუაცია, ძლივს ვიკავებდი თავს, რადგან სხვები მიდიოდნენ და იღუპებოდნენ, მაგრამ მე ესე ვიფიქრე, ეშმაკს მე არ გავახარებ, მე არ წამოვეგები ამას. ყველაზე ადვილია მე დავღუპულიყავი, მაგრამ ყველაზე ძნელია, იყო ღვთისნიერი ადამიანი”.

არეულობაზე შეგონებით დაასრულა ამ თვის ერთ-ერთი ქადაგება დეკანოზმა არჩილ ხაჩიძემაც:

ეს ცხოვრება მართლა გონივრულად უნდა გავატაროთ. დიდი განსაცდელის წინაშე ვდგავართ და პირველ რიგში ქვეყანაა გადასარჩენი. [...] დღეს მთავარია, რომ ჩვენი ქვეყანა გადარჩეს იმ ალიაქოთში, რაც დღეს მსოფლიოში ტრიალებს. თორემ ნახევრად ხუმრობით მითქვამს, ჩვენთან რომ რამე დატრიალდეს, კროსვორდის მერეც არავინ დაგვბეჭდავს და ამინდის მერეც არავინ გამოგვაცხადებს“.

რა მიგაქვს სახლში

ქადაგება თითქმის დამთავრდა, რამდენიმე წუთში ხალხი კმაყოფილი დაიშალა; ვინც წირვაზე იდგა, აღსარება ჩააბარა, ეზიარა, მოძღვარს ბოლომდე მოუსმინა და შინ წავიდა მნიშვნელოვანი, ყოველკვირეული მისიით - მისი სიტყვები გაავრცელოს. ქადაგება თითქმის ყოველთვის ზოგადი ცხოვრებისეული რჩევითა და ნუგეშით მთავრდება - რომ ყველაფერი გამოვა, რომ აუცილებლად გვეშველება, თუ ვიქნებით კეთილები, დავეხმარებით ერთმანეთს, გავაკეთებთ ჩვენს საქმეს პატიოსნად და, რაც მთავარია, ამისკენ მოვუწოდებთ სხვებს.

შალვა კეკელია საქართველოს საპატრიარქოში
შალვა კეკელია საქართველოს საპატრიარქოში

ვაკის ფერისცვალების ეკლესიის დეკანოზი შალვა კეკელია, რომელიც "ნახვებით", ალბათ, თბილისის ყველაზე პოპულარული მოძღვარია (მხოლოდ იუტუბზე მის არხს 5000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს), ქადაგებას ხშირად ემოციურად ამთავრებს, ასე იყო მარტშიც, აქციების შემდეგ. ამავე ქადაგებაში ის წუხდა, რომ ახალგაზრდები “ემიგრანტების ნაშოვნ ფულს ლოთობასა და ნარკოტიკებში ხარჯავენ”.

“ზოგჯერ ვფიქრობ, რა გვეშველება? ვიცით ყველამ, რა მოხდა ამ დღეებში. გვეშველება, ქრისტესთან ერთად გვეშველება. თუ შრომას დავიწყებთ, გვეშველება, თუ წიგნს დავიჭერთ ხელში, გვეშველება, თუ პროფესიონალი გახდები საქმეში, გვეშველება. ჩვენი გზა არც ევროპისკენაა, არც რუსეთისკენ, არც ამერიკისკენ, ჩვენი გზა ქრისტეშია, არავინ არ გადაგვარჩენს ქრისტეს გარდა. ჩვენ არავის არ ვჭირდებით, ხალხო, კარგად დაიმახსოვრეთ, ყველას უნდა, რომ მისი მსახური და მისი მონა იყო. ჩვენ უნდა გავიზარდოთ“.

აღდგომის ღამე. თბილისის სიონის ტაძარი
აღდგომის ღამე. თბილისის სიონის ტაძარი

ახლა ხდება გამოცდა, დაიწყეთ საკუთარი თავით, შემდეგ სწორი ცხოვრების წესი უქადაგეთ შვილებს, მათ მეგობრებს, - ამბობდა მამა ლუკა სუპატაშვილი ასი ათასი მოწამის ტაძარში, ქადაგების დასასრულს.

“მე ზუსტად ვაკვირდები, ვინ რას გვიკეთებს, ჩვენი ახალგაზრდობა ღამის კლუბებშია, ნარკოტიკებს იღებს და თავისუფლებად მიაჩნია ეგ. ეს არის დაკარგული თაობა და როცა გონს მოეგებიან კონკრეტული ადამიანები, უკვე გვიანი იქნება, ღმერთმა დაგლოცოთ, რომ ოჯახებმა დაიცვას ჩვენი ერი”.

მარხვა დასრულებულია. აღდგომის აღსანიშნად ხალხს ტაძრებიდან ცეცხლი მოაქვს.
მარხვა დასრულებულია. აღდგომის აღსანიშნად ხალხს ტაძრებიდან ცეცხლი მოაქვს.

“ამინ”, - უპასუხებს მრევლი, “ამინ”, ათასობით კომენტარი იწერება ქადაგებების ვიდეოების ქვეშ. მრევლი შინ ბრუნდება, მაგრამ ეგულება ადგილი, სადაც ერთი კვირის შემდეგ, ისევ შეძლებენ ქვეყანასა და მსოფლიოში მიმდინარე რთულ პროცესებზე შეფასებისა და შეგონების მიღებას. სასულიერო პირებს კი წინ შვიდი დღე აქვთ, რომ მორიგი საკვირაო გზავნილი გაამზადონ.

XS
SM
MD
LG