საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს ტექსტს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის, ილია მეორის 2023 წლის სააღდგომო ეპისტოლესი, რომლის ბოლო ნაწილიც მიემართება მსოფლიოში ამჟამად შექმნილ ვითარებას.
"ჩვენ ვცხოვრობთ რთულ პერიოდში, ფეთქებადსაშიშ დროში, როდესაც ბირთვული კატასტროფის საფრთხე რეალურია; ამიტომაც განსაკუთრებით ვფიქრობთ მშვიდობაზე, რომელიც არის ძვირფასი საღვთო ძღვენი.
'ნეტარ არიან მშვიდობის მყოფელნი, რამეთუ ისინი ძედ ღვთისად იწოდნენ,'- გვასწავლის უფალი და ჩვენ, როგორც იესო ქრისტეს მიმდევრებს, გვაქვს ვალდებულება, სიტყვით, საქმით, მოქმედებით ვიღვაწოთ მშვიდობისათვის; მშვიდობით ვემსახუროთ ერთმანეთს და სამშობლოს" - ნათქვამია ეპისტოლეში.
სააღდგომო ეპისტოლე ასევე ეხება საქართველოში არსებულ საზოგადოებრივ მდგომარეობას - "ქვეყანაზე ზრუნვის მოტივით, სამწუხაროდ, მრავალი მხრიდან აქვს ადგილი კატეგორიულ აზროვნებას და მძლავრობს აგრესიული მეტყველება, რაც მოსახლეობაში მკვეთრ პოლარიზებას იწვევს.
ადამიანები ვერ აცნობიერებენ, რამდენად საშიშია ასეთი დამოკიდებულება სიტყვასთან.
სიტყვა ენერგიაა, დადებითი ან უარყოფითი, და თანაც ძალიან ძლიერი, რომელიც თავის გავლენას, პირველ რიგში, მათზე ახდენს, ვისგანაც იგი წარმოითქმის, შემდეგ კი აისახება სხვებზე და საერთოდ გარემოზე" - ვკითხულობთ ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეში.