1979 განსაკუთრებული წელია ღმერთების კალენდარში! ამ წელს ღმერთები ზარ-ზეიმით დაბრუნდნენ პოლიტიკაში! და წელს ისინი ზარ-ზეიმით აღნიშნავენ პოლიტიკაზე რევანშის 40 წლისთავს!
განმანათლებობის ეპოქიდან დაწყებული, როცა გონება დაუპირისპირდა მითს, ღმერთებმა უკან დაიწყეს დახევა. ეს გრძელდებოდა თითქმის სამი ასწლეული, სანამ კაცობრიობამ მეოცე საუკუნეში არ შეტოპა.
შეტოპა და ღმერთებიც შეუდგნენ რევანშისათვის მზადებას: ჯერ იყო და 1924 წელს დიდი რაბინი რავ კუკი დააარსებს იერუსალიმში იეშივას (რელიგიურ სკოლას), რომლის მიზანიც იქნება ორთოდოქსული იუდაიზმისა და პოლიტიკური სიონიზმის ერთ იდეოლოგიად გაერთიანება. ასე დაუდებს საფუძველს რავ კუკი რელიგიურ სიონიზმს. 1928 წელს, უკვე ჰასან ალ-ბანა, ეგვიპტეში დაარსებს „მუსლიმთა საძმოს“, ხოლო ხოსემარია ესკრივა დე ბალაგერი - „ოპუს დეის“ ესპანეთში. ასე, ამ სამი ადამიანის დახმარებით, ღმერთები დაიწყებენ ჯვაროსნულ ომს სეკულარიზმის წინააღმდეგ.
ოციანი წლების შემდეგ იერიშის მორიგ ტალღას ღმერთები ორმაგი გააფთრებით განაახლებენ 60-იანი წლებში. ეს იქნება წლები, როდესაც ვაჰაბისტური საუდის არაბეთი ახლო აღმოსავლეთში წარმოებულ proxy war-ში დაამარცხებს გამალ აბდელ ნასერის ეგვიპტეს. ნასერის დამარცხება ერთის მხრივ დაასამარებს პანარაბულ ნაციონალიზს და, მეორე მხრივ, გზას გაუხსნის ვაჰაბიზმს, რომელიც დაიწყებს ტრიუმფალურ სვლას ისლამურ სამყაროში (ვაჰაბიზმისგან განსხვავებით, პანარაბული ნაციონალიზმი ინკლუზიური იდეოლოგია იყო და არაბ ქრისტიანებსაც მოიცავდა).
შემდეგ დადგება 1979 წელი, წელი, რომელიც განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ღმერთების პანთეონში. რატომ? იმიტომ რომ, ისინი სხვადასხვა კონტინენტზე მოიპოვებენ მნიშვნელოვან გამარჯვებას: პირველ რიგში ეს იქნება ისლამური რევოლუციის წელი ირანში. ეს იქნება ასევე წელიწადი, როდესაც ჯერი ფოლუელი შეერთებულ შტატებში დააარსებს ორგანიზაცია მორალურ უმრავლესობას (Moral Majority). ეს ევანგელისტური ორგანიზაცია გადამწყვეტ როლს ითამაშებს როგორც ფუნდამენტალისტი ქრისტიანების ხმების მობილიზაციაში, ისე რონალდ რეიგანის ორჯერ გაპრეზიდენტებაში. ეს იქნება ასევე წელი, როცა ისრაელში მოხდება რელიგიურ-კოლონიზატორული ორგანიზაცია გუშ ემუნიმის პარლამენტში შესვლა (რავ კუკის მემკვიდრეობა). ეს იქნება ასევე წელიწადი, როცა ჰასან ბენ ალას „მუსლიმთა საძმო“ პირველ სკოლას გახსნის ისრაელის მიერ ოკუპირებულ ღაზის ტერიტორიაზე, რაც, თავის მხრივ, იასერ არაფატის ნაციონალისტური მოძრაობის პოლიტიკური ისლამით ჩანაცვლებას დაიწყებს (ისევე, როგორც პანარაბული, პალესტინური ნაცინალიზმიც ინკლუზიური იდეოლოგია გახლდათ და პალესტინელ არაბ ქრისტიანებსაც მოიცავდა). 1979 იქნება ასევე წელი, როცა „ოპუს დეი“ იმდენად გაძლიერდება, რომ ვატიკანში პარალელურ ეკლესიად ჩამოყალიბდება... 1979 იქნება ასევე სუნიტი ტერორისტების მიერ დიდი მეჩეთის ხელში ჩაგდების, თუ წითელი არმიის ქაბულში შეჭრის შედეგად ავღანეთში მუჯაჰედინების დაბადების წელი. იმ მუჯაჰედინების, რომლებიც 1981 წელს ეგვიპტის პრეზიდენტ ანვარ სადათს მოკლავენ კაიროში და ოსამა ბინ ლადენსა თუ ალ-ზავაჰირის მოუვლენენ მსოფლიოს... 1979 იქნება ასევე წელი, როცა გდანსკსა და პოლონეთის სხვა ქალაქებში ლეხ ვალენსას მიერ მართულ საპროტესტო აქციებზე ბანერები ღვთისმშობლის გამოსახულებით ბევრად უფრო ჭარბად იქნება წარმოდგენილი, ვიდრე ბანერები პოლიტიკური თუ ეკონომიკური მოთხოვნებით...
სეკულარიზმის წინააღმდეგ ამ ჯვაროსნულ ომს მალე შეუერთდებიან მართლმადიდებელი ღმერთებიც, რომლებსაც პოლიტიკოსები Game of Thrones-ში ჩაითრევენ.
მოკლედ თუ ცაში ჭექა-ქუხილია - არ გაგიკვირდეთ, ეს ღმერთები, ფერხულის ცეკვით, აღნიშნავენ სეკულარიზმზე გამარჯვებას!
მაგრამ მაინც რა აქვთ საზეიმო, ან რა უხარიათ ასე ღმერთებს? იმ ღმერთებს, რომლებიც სუკუნეების მანძილზე ხალხს ანუგეშებდნენ, დღეს კი საშინელის და გროტესკულის გარდა არაფრის სეკრეცია (ან ექსკრეცია) არ შეუძლიათ?! რა აქვთ სამხიარულო იმ ცის ალქიმიკოსებს, რომლებსაც წამიერი ყოფიერების თიხის, ტალახის მარადიულ ზეციურ ოქროდ გადაქცევა სჩვეოდათ?! იმ ოქროდ, რომელსაც ადამიანი გრძნობდა და განჭვრეტდა ეკლესიებში, სინაგოგებსა თუ მეჩეთებში... ან იქნებ ეს სხვა ღმერთები არიან? იქნებ ეს ღმერთები გაცოცხლებისას თიხის ერთ დიდ გოლემად გადაიქცნენ და შურს იძიებენ მათზე, ვინც განმანათლებლების სიტყვებს დაუჯერა...