Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილის ოთხი კაბინეტი


გიორგი გახარიას მოულოდნელი გადადგომის შემდეგ, პრემიერის პოსტზე 18 თებერვალს დასახელებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის შემადგენლობა პარლამენტს სასწრაფო წესით, უკვე 19 თებერვალს წარუდგინა. მთავრობაში ჯერჯერობით მხოლოდ ორი ახალი მინისტრია. თუმცა წინა პრემიერობის დროს, თითქმის უცვლელი სტარტის შემდეგ, ღარიბაშვილის გუნდში მინისტრები ელვის სისწრაფით იცვლებოდნენ. კაბინეტის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება პარლამენტს ორ წელიწადში (2013-2015 ) სამჯერ მოუწია.

მხოლოდ ორი მინისტრი

განახლებულ მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ორი ახალი სახე იქნება: თავდაცვის მინისტრის პოსტზე, თავად ირაკლი ღარიბაშვილს ამჟამინდელი მოადგილე - ჯუანშერ ბურჭულაძე შეცვლის; ხოლო რეგიონული განვითარების მინისტრსა და ვიცე-პრემიერს, მაია ცქიტიშვილს მისი პირველი მოადგილე, ირაკლი ქარსელაძე ჩაანაცვლებს.

მაია ცქიტიშვილმა თქვა, რომ გუნდთან შეთანხმებით „ოჯახს უბრუნდება“ და „ქართული ოცნების“ მარადიულ მხარდამჭერად დარჩება. მან მედიის შეკითხვებს არ უპასუხა და არაფერი უთქვამს გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომ მისი გადაწყვეტილება დიდწილად გიორგი გახარიას მიმართ სოლიდარობით არის განპირობებული. ასევე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ღარიბაშვილის კაბინეტიდან წასვლა კიდევ რამდენიმე მინისტრს სურდა, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ მათი გადარწმუნება შეძლო.

ამ ინფორმაციას „ქართულ ოცნებაში“ უარყოფენ; ხოლო მაია ცქიტიშვილზე ამბობენ, რომ საკუთარი სურვილი მან კაბინეტის განახლებას დაამთხვია.

ქალბატონმა მაიამ [პოლიტსაბჭოს სხდომაზე] თავად ბრძანა, რომ რადგან დღის წესრიგში დადგა ახალი პრემიერობის კანდიდატისა და ახალი მინისტრთა კაბინეტის წარდგენა, მან დაამთხვია ეს დროში, რომ სხვა დროს არ ყოფილიყო აუხსნელი მისი წასვლა... მან თქვა, რომ ის არის გუნდის წევრი, აქტიური მხარდამჭერი და დარწმუნებული ვარ, ყოველთვის გაიზიარებს „ქართულ ოცნების“ სულისკვეთებასა და იდეალებს“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე.

გიორგი გახარიას ხმაურიანი და მოულოდნელი წასვლის შემდეგ, ექსპერტები და პოლიტიკოსები პირველ ეტაპზე მინისტრთა რიგებში მაინცდამაინც დიდ ცვლილებებს არ მოელოდნენ. როგორც ყოფილი პოლიტიკოსი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, დავით დარჩიაშვილი გვეუბნება, რადიკალური ცვლილებები არ იქნებოდა მოგებიანი „ქართული ოცნებისთვის“ და მათ შორის იმის გამოც, რომ გიორგი გახარიას წასვლას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ მინიჭებოდა.

„თან უნდა, რომ შეაშინოს ოპოზიცია და კუნთები აჩვენოს და თან, ამავე დროს, უნდა აჩვენოს, რომ სტაბილურობა და ერთიანობაა გუნდში - არავინ არავის ერჩის... გახარიას ხალხის კაბინეტში დატოვებით ცდილობენ აჩვენონ მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებს, რომ საგანგებო მდგომარეობაზე კი არ გადავიდნენ, არამედ ჩვეულებრივად აგრძელებს მთავრობა ყველაფერს... მათ შექმნეს ვითარება, აი - ვისაც უნდა დაინახოს, რომ შეუტევს ოპოზიციას და ვისაც არ უნდა ეს, დაინახოს, რომ არაფერს ისეთს არ იზამენ... მოკლედ, დაბნეულობაა“, - გვეუბნება დარჩიაშვილი.

დავით დარჩიაშვილი ფიქრობს, რომ ღარიბაშვილის მთავრობას მოუწევს ანგარიში გაუწიოს საერთაშორისო პარტნიორების სულ უფრო მკაფიო პოზიციებს, რაც მათ შორის - აშკარად შეინიშნება აშშ-ის საელჩოს განცხადებაში. 19 ივლისის ამერიკის საელჩომ მოუწოდა მთავრობას - იმოქმედოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად, რათა გაამყაროს ერთგულება დემოკრატიული, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის პრინციპების მიმართ თავისუფალი სასამართლო და სისხლის სამართლის დევნის სისტემის უზრუნველყოფით".

„ივანიშვილი იქცევა კრიმინალური რაციონალიზმის ფარგლებში - ბოლომდე უნდა რომ დაჭიმოს ზამბარა, მაგრამ ეს ზამბარა რომ ცხვირში მოხვდეს ან გადაუტყდეს, ეგ აღარ უნდა ხოლმე... მაგრამ თუ შეგაშინებს, შეგაშინებს, კრიმინალური მენტალიტეტი ეგ არის“, - ამბობს დავით დარჩიაშვილი.

პრემიერის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის ხელმეორედ დაბრუნების პირობებში, რასაც ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებად თვლის, ოპოზიცია მეტ კონფრონტაციას მოელის და სხვა მინისტრების შეცვლა-არშეცვლის საკითხს ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვნად მიიჩნევს.

„ჩვენ „ქართულ ოცნებას“ შევთავაზეთ ის, რომ ამ მძიმე პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ფონზე აუცილებელი იყო, რომ ნამდვილად მოლაპარაკებები დაწყებულიყო, ჩვენს საერთაშორისო ფასილიტატორებთან ერთად... მაგრამ საპასუხო ნაბიჯი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან იყო ის, რომ მან დანიშნა ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც არის ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე უფრო დამყოფი და ზიზღის ენის გამავრცელებელი“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ხატია დეკანოიძემ 19 თებერვალს.

მერვე მოწვევის პარლამენტში (2012-2016) „ქართული ოცნების“ ბლოკის სიით გასული დეპუტატი, ანი მიროტაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ, მისი ინფორმაციით, პრემიერობა პარტიის თავმჯდომარეს - ირაკლი კობახიძესა და გენმდივან კახა კალაძესაც სურდათ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილი შეარჩია. „მის დაბრუნებას აქვს ერთადერთი ახსნა, რომ „ქართული ოცნება“ მართლაც უფრო მეტი კონფრონტაციისთვის ემზადება და ახლა პოლიტიკურ ველზე კიდევ უფრო სახიფათო შიშველი დაპირისპირებაა მოსალოდნელი“, - გვეუბნება მიროტაძე.

ღარიბაშვილის დაბრუნებაში მიროტაძე შიდაპარტიულ მიზნებსაც ხედავს და კერძოდ - ძირითადად კახა კალაძის ამბიციების მოთოკვისა და „ქართული ოცნების“ ძველი, 2016 წლამდე არსებული გუნდის მხარდამჭერთა შემორიგებისა თუ გამხნევების კუთხით. ანი მიროტაძე გვეუბნება, რომ ეს არის ასევე თადარიგის დაჭერა მომავალი არჩევნებისთვის.

„ქართული ოცნება“ ვითარების ესკალაციაში ოპოზიციას ადანაშაულებს და ჯერჯერობით არცკი ფიქრობს ოპონენტების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით. ასევე ჯერჯერობით სრულიად გაურკვეველია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაჭერასთან დაკავშირებით.

ირაკლი ღარიბაშვილის მცირედ განახლებულ მინისტრთა კაბინეტს პარლამენტი 22 თებერვალს დაამტკიცებს და პოლიტიკური პროცესების დაჩქარებას ბევრი სწორედ ამის შემდეგ მოელის. მოლოდინი უკავშირდება ახლო მომავალში მეტი მინისტრის შეცვლასაც.

წარსულს თუ გავიხსენებთ, 2013-2015 წლებში, სწრაფი ცვლილებების გამო, ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება პარლამენტს სამჯერ მოუწია.

ღარიბაშვილის მთავრობა #1

საქართველოს პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტი პირველად 2013 წლის 20 ნოემბერს დაამტკიცა. ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ საგანგებოდ შერჩეულმა მემკვიდრემ პარლამენტს ძირითადად ძველი შემადგენლობის ახალი სამთავრობო გუნდი წარუდგინა.

ამ გუნდში იყვნენ, მაგალითად:

  • შს მინისტრი - ალექსანდრე ჭიკაიძე (მან თავად ირაკლი ღარიბაშვილი შეცვალა);
  • იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი;
  • ეკონომიკის მინისტრი (პირველი ვიცე-პრემიერი) - ირაკლი კვირიკაშვილი;
  • ენერგეტიკის მინისტრი (ვიცე-პრემიერი) - კახა კალაძე;
  • საგარეო საქმეთა მინისტრი - მაია ფანჯიკიძე;
  • თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ალასანია;
  • ჯანმრთელობის მინისტრი - დავით სერგეენკო;
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - დავით ნარმანია (2014 წლის 14 აპრილამდე);
  • კულტურის მინისტრი - გურამ ოდიშარია (2014 წლის 21 ივლისამდე).

ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის“ - ასე ერქვა სამთავრობო პროგრამას, რომელიც ღარიბაშვილმა პარლამენტს წარუდგინა. ტექსტში ვკითხულობთ, რომ: „მთავრობის პრიორიტეტია ძლიერი, ეფექტიანი, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა“; „უზრუნველყოფილი იქნება პოლიტიკური წნეხისგან თავისუფალი სასამართლო და სამართალდაცვის ორგანოები“; „დამკვიდრდება კანონის უზენაესობა და უზრუნველყოფილი იქნება მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების ხელშეუხებლობა“; „დანაშაულისათვის სასჯელი იქნება გარდაუვალი და დაუშვებელი იქნება პოლიტიკური ნიშნით დევნა“.

ღარიბაშვილის მთავრობა #2

2014 წლის ზაფხულში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოკლე დროში გაათავისუფლა მთავრობის შვიდი წევრი: სოფლის მეურნეობის მინისტრი; დიასპორის საკითხთა სახელმწიფო მინისტრი; სასჯელაღსრულების მინისტრი; დევნილთა და განსახლების მინისტრი; გარემოს დაცვის მინისტრი; რეგიონალური განვითარების მინისტრი და კულტურის მინისტრი.

იმის გამო, რომ 2013 წლის ნოემბრის შემდეგ, 20 მინისტრიდან, ჯამში, უკვე 9 იყო შეცვლილი, კონსტიტუციის 1/3-ის პრინციპი მთავრობისთვის ნდობის ხელახლა გამოცხადების პროცედურას მოითხოვდა.

2014 წლის 26 ივლისს ღარიბაშვილის მთავრობას პარლამენტმა ნდობა მეორედ გამოუცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებდა, რომ ყველა იმ დანაპირების შესრულებას, რაც კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ ხალხს მისცა, გაორმაგებული ენერგია, მოტივაცია ესაჭიროებოდა და საკადრო ცვლილებებიც სწორედ ამით ახსნა.

ღარიბაშვილის მთავრობა #3

ამის შემდეგ გათავისუფლდა კიდევ არაერთი მინისტრის სავარძელი, ზოგი დეკლარირებულად თავისით წავიდა და ზოგიც ღარიბაშვილმა გაუშვა:

  • თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, ღარიბაშვილმა 2014 წლის ნოემბერში გაათავისუფლა და ის მინდია ჯანელიძით შეცვალა; ხოლო შემდეგ ეს უკანასკნელი თინა ხიდაშელმა ჩაანაცვლა (2015 წლის მაისში);
  • საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ თანამდებობა 2014 წლის ნოემბერში დატოვა და ის თამარ ბერუჩაშვილმა ჩაანაცვლა;
  • სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ბუკა პეტრიაშვილმა თანამდებობა 2014 წლის ნოემბერში დატოვა და ის დავით ბაქრაძემ ჩაანაცვლა.

შეიცვალნენ ასევე გარემოს დაცვის, სპორტისა და რეგიონული განვითარების მინისტრები.

მთავრობის შეცვლის მიზეზი გახდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის, ლევან ყიფიანის თანამდებობიდან წასვლა, 2015 წლის აპრილში. ის იყო 2014 წლის ივლისის შემდეგ გამოცვლილი მეშვიდე მინისტრი და კვლავ კონსტიტუციის 1/3-ის პრინციპი პარლამენტს მთავრობისთვის ნდობის ხელახლა გამოცხადებას ავალებდა.

ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტს პარლამენტმა მესამე ნდობა 2015 წლის 8 მაისს გამოუცხადა. პრემიერი სიამაყით აცხადებდა, რომ მისმა კაბინეტმა სამჯერ დაიმსახურა პარლამენტის მხარდაჭერა.

თუმცა, ამავე პარლამენტმა, ამავე წლის 29 დეკემბერს, რიგგარეშე სხდომაზე, უკვე ახალი პრემიერის - გიორგი კვირიკაშვილის ახალ კაბინეტს დაუჭირა მხარი.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG