Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფილმს ქართველი მოცეკვავეების გეი სიყვარულზე კანში უჩვენებენ


ქართველი მოცეკვავეების გეი სიყვარულზე გადაღებული ქართულ-შვედური ფილმის “Then We Danced”-ის პრემიერა კანის ფესტივალზე გაიმართება

“მერაბი ადრეული ასაკიდან მარისთან ერთად ცეკვავს ქართულ ნაციონალურ ანსამბლში. მისი სამყარო ამოყირავდება, როდესაც მის ცხოვრებაში ქარიზმატული ირაკლი გამოჩნდება და მერაბს მისი მიმართ ძლიერი ლტოლვა გაუჩნდება. ამ კონსერვატიულ გარემოში მერაბს გათავისუფლება და რისკზე წასვლა უწევს”, - წერია ფილმის აღწერაში.

ფილმში მონაწილეობენ ქართველი მსახიობები, რეჟისორი კი ლევან აკინია, სტოკჰოლმში დაბადებული შვედი რეჟისორი ქართული წარმოშობით, რომლისთვისაც ეს პირველი სარეჟისორო ნამუშვარი არ არის. ლევანის მშობლები გასული საუკუნის 70-იან წლებში წავიდნენ შვედეთში ემიგრაციაში.

”ამ ფილმის საშუალებით, მე დავუბრუნდი ჩემს ფესვებს, როგორც რეჟისორი. ძალიან ორგანულად ვმუშაობ ფილმზე, რომელზეც ნამდვილი ადამიანების ისტორიები და საქართველოში მიმდინარე ამბები დიდ გავლენას ახდენს. ამბავი მუდმივად ვითარდება და იცვლება. ფილმი ყვება ისტორიას ახალგაზრდა LGBTQ+ ადამიანებისა და მათი ბრძოლების შესახებ, უფრო დიდი მასშტაბით კი ანახებს იმას, რა სიტუაციაც არის დღეს საქართველოში”, - წერს ლევან აკინი რეჟისორის სიტყვაში.

ფილმის ჩვენება კანის კინოფესტივალზე Director’s Fortnight სექციაში იგეგმება, რომელიც 25 ფილმს აერთიანებს.

ლევანი ყვება, რომ ქართველ მოცეკვავეებთან საუბრის შემდეგ, მიხვდა რომ საქართველოში გენდერისა და ორიენტაციის საკითხები ძალიან დიდ კონფლიქტშია კონსერვატიულ რელიგიურ კულტურასთან.

”როდესაც 2013 წელს, თბილისში მამაცი ბავშვები გამოვიდნენ [17 მაისს] და მათ მართმადიდებლური ეკლესიის მიერ ორგანიზებული ათასობით ადამიანი დაუპირისპირდა, მივხვდი რომ ეს ამბავი რაიმე გზით უნდა გამეჟღერებინა”, - წერს ლევან აკინი.

"ეს არის ბოლო პერიოდის საუკეთესო შვედური კინო, საუკეთესო კინო ცეკვაზე და საუკეთესო კინო ლგბტქ ადამიანებზე, " - ასეთია შეფასებები, რომელიც წინ უძღვის ფილმის პრემიერას.

ფილმში მთავარ როლებს ქართველი მსახიობები ანა ჯავახიშვილი, გიორგი წერეთელი, თამარ ბუხნიკაშვილი და მარიკა გოგიჩაიშვილი ასრულებენ.

And Then We Danced ქართული კომპანიის Takes Film და შვედური კომპანიის French Quarter Film კოპროდუქციაა. ფილმს კანში 16 მაისს უჩვენებენ.

XS
SM
MD
LG