„ახლა შსს ვალდებულია დაიცვას ნინა წკრიალაშვილის უსაფრთხოება, რადგან არავინ იცის, რას მოიმოქმედებს ადამიანი, რომელსაც ნინამ ღიად დაადო ხელი და თქვა, რომ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები სწორედ მან გაავრცელა და თან გაავრცელა შურისძიების მიზნით“, - ასე ფიქრობს იდა ბახტურიძე, ორგანიზაცია „ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) საქართველოს“ წარმომადგენელი და მოუწოდებს შსს-ს მოქმედებისკენ.
შსს-ში რადიო თავისუფლებას განუმარტეს, რომ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, გამოძიება რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და აღნიშნულ საქმეზე თებერვალში ერთი პირი მიეცა პასუხისგებაში.
რაც შეეხება დანაშაულის ჩამდენ სხვა პირებს, უწყების განმარტებით, მათი დადგენის მიზნით გამოძიება გრძელდება და დაიკითხება ყველა ის პირი, ვინც შესაძლოა ინფორმაციას ფლობდეს დანაშაულთან დაკავშირებით. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით.
მას პირადი კადრები გაუვრცელეს იმიტომ, რომ ის დაეშინებინათ, თუმცა, მათ ეს ვერ მოახერხეს და ნინამ ბრძოლა გადაწყვიტა.
15 აპრილს, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა „ფარულ კონვერტში“ სტუმრობისას, მომღერალმა ნინა წკრიალაშვილმა დაასახელა იმ ადამიანის ვინაობა, სახელი და გვარი, რომელმაც ნინას თქმით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები მასზე შურისძიების მიზნით გაავრცელა.
მომღერლის თქმით, ამბავი, რომ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ინტერნეტსივრცეში, კერძოდ კი ერთ-ერთ პორნოგრაფიულ საიტზე აიტვირთა, მან ახალი წლის დილას შეიტყო. ნინა წკრიალაშვილი ამბობს, რომ ამ ამბავმა მას სერიოზული ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენა და რომ არა ოჯახის წევრების გვერდში დგომა, მდგომარეობიდან გამოსვლა გაუჭირდებოდა.
იდა ბახტურიძის თქმით, შსს, ერთის მხრივ, ვალდებულია გადაამოწმოს ყველა ის ფაქტი, რაც არსებობს საქმის გარშემო, გამოკითხოს ის ადამიანი, ვინც მომღერალმა დაასახელა და ასევე, ვალდებულია, სათანადოდ შეაფასოს ის რისკები, რომლის წინაშეც შესაძლოა დადგეს მომღერალი. რადგან როგორც ნინა წკრიალაშვილის საუბრიდან ირკვევა, ეს ადამიანი არ არის რიგითი პირი, ის სარგებლობს გავლენებით, ფლობს გაურკვეველ ბიზნესებს, კავშირები აქვს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან, და შესაბამისად, იდა ბახტურიძის ვარაუდით, იქმნება კიდევ უფრო დიდი რისკი, რომ მსხვერპლის უსაფრთხოება დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ:
„ამ გოგომ გადაწყვიტა, რომ იბრძოლოს. მას პირადი კადრები გაუვრცელეს იმიტომ, რომ ის დაეშინებინათ, დაემონებინათ, თუმცა, მათ ეს ვერ მოახერხეს და ნინამ ბრძოლა გადაწყვიტა. სამწუხაროდ, სწორედ ასეთ დროს დგება ხოლმე სავალალო შედეგები, როდესაც ქალები იწყებენ ბრძოლას და ამიტომ არის საგანგაშო და უკიდურესად აუცილებელი, რომ დაცული იყოს მისი უსაფრთხოება. ამის გაკეთება კი მხოლოდ შს სამინისტროს შეუძლია“, - მიაჩნია იდა ბახტურიძეს.
იდა ბახტურიძის თქმით, ნინა წკრიალაშვილის, ეკა ბესელიას, ინგა გრიგოლიას გადაწყვეტილებამ, რომ ხმამაღლა ელაპარაკათ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების პრობლემაზე და ბრძოლა გამოეცხადებინათ იმ იარაღისათვის, რომელსაც მათ და ზოგადად, ქალების გასაჩუმებლად და დასაშინებლად იყენებენ, ბევრი რამ შეცვალა:
„ნელ-ნელა ხდება ამ იარაღის გაუვნებელყოფა. სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ რამდენიმე ქალს მოუწია ამ ომის წინა ხაზზე დგომამ და განსაკუთრებულად დაზარალდა რამდენიმე ქალი, მაგრამ ეს გამბედაობა საკუთარი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ფასად, ნამდვილად დაიცავს სხვა ქალების აწმყოსა და მომავალს. ძალიან მალე, ამ ქალების გამბედაობის წყალობით, ამ იარაღს ქალების წინააღმდეგ ვეღარ გამოიყენებენ“.
პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შენახვისა და გავრცელების ბრალდებით, მიმდინარე წლის იანვარში, სამართალდამცავებმა 18 პირი დააკავეს. მარტის მიწურულს თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა აღმკვეთი ღონისძიება 4 პირის მიმართ.
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის არეგულირებს. ამ მუხლის თანახმად, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.