Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ფულის ომი“ უნგრეთსა და ევროკავშირს შორის


როგორც მოსალოდნელი იყო, ევროკავშირის ფინანსთა მინისტრები 6 დეკემბრის ბრიუსელის შეხვედრაზე ვერ შეთანხმდნენ უკრაინისთვის 2023 წელს 18 მილიარდი ევროს დახმარების გამოყოფაზე. ამის მარტივი ახსნაა, რომ კონსენსუსი ვერ შედგა - უნგრეთი წინააღმდეგი იყო. უფრო კომპლექსური პასუხი კი ის არის, რომ იმ შეხვედრაზე ისედაც თითქმის ვერაფერზე შეთანხმდნენ. წლის ბოლოს ბრიუსელში სულ ასეა ხოლმე. ყველაფერი ერთმანეთთანაა კავშირში.

ბუდაპეშტი უკრაინის დახმარების პაკეტთან დაკავშირებით ასეთ განმარტებას აკეთებს: კიევს მხარს ვუჭერთ, ფინანსურ დახმარებას ორმხრივი მოლაპარაკების საფუძველზე გამოვყოფთ, თუმცა არ ვართ თანახმა, რომ ევროკავშირმა საერთო ვალი აიღოს ქვეყნისთვის სესხის გამოსაყოფადო.

როდესაც შემოდგომაზე ევროკომისიამ დახმარების ეს პაკეტი მოამზადა, გათვალისწინებული იყო, რომ კიევისთვის გამოყოფილი სესხის გარანტია ახალი წესით დამტკიცდებოდა - ეს იქნებოდა განსხვავება იმ მაქსიმუმს შორის, რის მოთხოვნაც შეუძლია ევროკომისიას ევროკავშირის წევრებისთვის და კომისიის მიერ ყველა საბიუჯეტო ხარჯის დასაფარად გათვალისწინებულ ფონდებს შორის.

ეს სისტემა მიიჩნეოდა წინგადადგმულ ნაბიჯად დახმარების წინა პაკეტებთან შედარებით, როდესაც ორმხრივი სესხის გარანტიას თავად წევრი ქვეყანა უზრუნველყოფდა. ზოგი ქვეყანა - პირველ რიგში, გერმანია - ამას ეწინააღმდეგებოდა და ამის გამო 2022 წელს უკრაინისთვის გამოყოფილი 9 მილიარდიდან დანიშნულების ადგილას მხოლოდ 6 მილიარდი ჩავიდა.

ცხადია, საკამათო თემაა, სინამდვილეში რამდენადაა გამოწვეული უნგრეთის ოპოზიცია საერთო სესხის არგუმენტით. ზოგი ვარაუდობს, რომ უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი, რომელიც კრემლის მხარდამჭერად მიიჩნევა, ევროკავშირსა და უკრაინას საბოტაჟს უწყობს. მეორე მიზეზი კი ფულია. ბრიუსელში ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული, განსაკუთრებით კი შობის წინა დღეებში, როდესაც ყველა ცდილობს დროზე მორჩეს საქმეებს და გლინტვეინებს, თხილამურებსა და საშობაო სპექტაკლებს მიხედოს.

ბრიუსელში რამდენიმე კვირაა ლაპარაკობდნენ, რომ ბუდაპეშტი თავის თანხმობას უკავშირებდა უნგრეთისთვის პანდემიის შედეგებთან გასამკლავებელი 5,8 მილიარდი ევროს დახმარების გამოყოფას და ევროკომისიის შეთავაზებას, შეეჩერებინათ ბუდაპეშტისთვის კიდევ 7,5 მილიარდი ევროს გადარიცხვა ამ ქვეყანაში კანონის უზენაესობის და კორუფციის კუთხით არსებული პრობლემების გამო. ჩეხეთის ფინანსთა მინისტრმა ეს ლამის პირდაპირ თქვა - ყველა ეს საკითხი დაკავშირებულია და „ერთ პაკეტად“ უნდა განვიხილოთო.

ელიან, რომ ეს საკითხები მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გადაიჭრება. მთავარი პუნქტი 7,5 მილიარდი ევროს შეჩერებაა - შეჩერების მექანიზმი ევროკომისიამ პირველად სექტემბერში გამოიყენა და უნგრეთს ორი თვე მისცა გარკვეული რეფორმების გასატარებლად.

უნგრეთის პარლამენტმა შემოდგომაზე მთელი რიგი რეფორმები მიიღო, თუმცა, ბევრისთვის მოულოდნელად, კომისია მაინც უკმაყოფილო დარჩა. ბრიუსელმა განაცხადა, რომ პროგრესი არასაკმარისი იყო და ფონდები გაყინული დატოვა. თუმცა, მათ ასევე თქვეს, რომ თუ დამატებითი რეფორმები გავიდოდა, ამ თანხას პანდემიის შედეგებთან გასამკლავებელ 5,8 მილიარდ ევროსაც დაამატებდნენ.

ბუდაპეშტს 7 დეკემბერს უთხრეს, რომ 2 დღეში წარუდგინოს ახალი ანგარიში ევროკომისიას. უნგრეთის დახმარების საკითხი ან 12 დეკემბერს გადაწყდება ფინანსთა მინისტრების მორიგ შეხვედრაზე, ან რამდენიმე დღის შემდეგ, 15-16 დეკემბერს, როდესაც ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერები შეხვდებიან ერთმანეთს.

ევროკომისიას უნგრეთის წინააღმდეგ სამოქმედოდ ბევრი კარტი აღარ დარჩა. შეიძლება, რომ მათ გადაწყვიტონ თანხის ნაწილის გამოყოფა, ან ბუდაპეშტისთვის წამოყენებული მოთხოვნების შემსუბუქება. საფრანგეთმა და გერმანიამ გააცნობიერეს, რომ ევროკავშირში უნგრეთის ფულის გაყინვის ბევრი მხარდამჭერი აღარ დარჩა. ზოგი მიიჩნევს, რომ უკრაინის დახმარება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ბუდაპეშტის დასჯა. სხვები შიშობენ, რომ ორბანი კითხვის ქვეშ დააყენებს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. უნგრეთის პრემიერს კიდევ ბევრი ბერკეტი დარჩა ევროკავშირის შანტაჟისთვის.

მეორე მხრივ, ევროკავშირსაც შეუძლია ბუდაპეშტის შანტაჟი. უნგრეთისთვის პანდემიის შედეგებთან გასამკლავებელი დახმარების დამტკიცების ბოლო ვადა 19 დეკემბერია. თუ ამ დროს გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, ქვეყანა 5,8 მილიარდი ევროს 70 პროცენტს დაკარგავს. მზარდი ინფლაციის პერიოდში ქვეყნისთვის ეს დიდი ზარალი იქნება. ევროკავშირის დანარჩენი 26 წევრი კი აცხადებს, რომ უნგრეთის თანხმობას თუ ვერ მიიღებს, უკრაინის დასახმარებლად ალტერნატიულ გზებს გამონახავენ.

ეს ყველაფერი აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კონსენსუსის წესი ევროკავშირისთვის და რატომ არის, რომ ბევრი ქვეყანა ყველაფერს აკეთებს მის შესანარჩუნებლად. ყველა მხარე მიმართავს შანტაჟს ერთმანეთის მისამართით და მეტაფორულ თოფებს უმიზნებს ერთმანეთს. ხოლო ბოლოს ამ დაპირისპირებას ბრიუსელი განმუხტავს და ფულს ჩამოარიგებს. საშობაოდ კი ბრიუსელი გულუხვი იქნება და ამას ყველა დააფასებს.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG