„საუზმეზე ჩამოვედი, ვიჯექი მარტო ჩემთვის, ცოლთან ერთად… გუშინდელი მომხდარით გამწარებულები იყვნენ და მომვარდნენ“, - ამბობს მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილი და ვიდეოებს ავრცელებს.
გაბიტაშვილმა წინა დღეს, 12 იანვარს, აბუ-დაბიში „ქართული ოცნების“ დეპუტატ ირაკლი ზარქუას მოღალატე უწოდა და აგინა.
პირველ ვიდეოში გაბიტაშვილი ურტყამს ზარქუას, რის შემდეგაც სანიკიძე მას უკნიდან მივარდება და ხელს ურტყამს. კიდევ ერთი დეპუტატი, გელა სამხარაული, გაბიტაშვილს ხელით იჭერს, შემდეგ კი ამბობს: „კაი, გამოდი, გამოდი“.
მეორე ვიდეოში გაბიტაშვილი და პარლამენტარები ერთმანეთს აგინებენ.
„თბილისში აღარ ჩამოხვალ? შენ დედას მოგ****ავ“, - ეუბნება სანიკიძე გაბიტაშვილს მესამე ვიდეოში.
„შენი მოღალატე დედას შ***ცი“, - ამბობს გაბიტაშვილი.
ამის შემდეგ სანიკიძე მისკენ მირბის, მუშტს მაღლა სწევს და გაბიტაშვილს ურტყამს. შემდეგ გაბიტაშვილი სანიკიძეს მუცელში ურტყამს ფეხს, სამხარაული კი გაბიტაშვილს - მხარსა და სახეში მუშტს.
მოგვიანებით გავრცელებულ ვიდეოში კი, სავარაუდოდ, ინციდენტის დასაწყისი ჩანს:
გაბიტაშვილი და მისი ცოლი მაგიდასთან სხედან, რა დროსაც მჯდარ გაბიტაშვილს მივარდება ირაკლი ზარქუა, სახეში თეფშზე დადებულ საკვებს აყრის და სცემს. მის მხარდამხარ არის ვიქტორ სანიკიძეც.
„ქართული ოცნების“ დეპუტატებსა და მოქალაქეს შორის დაპირისპირება წინა დღეს დაიწყო.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენელ ირაკლი ზარქუას გაბიტაშვილმა, - რომელიც იმავე სასტუმროში ისვენებს, სადაც ზარქუა და მისი კოლეგები, - „მოღალატე“ და „სამშობლოს გამყიდველი“ დაუძახა.
„გუშინ რა მოხდა ბათუმში გაიგეთ, სანამ ჩამოხვიდოდით? ხალხი პლაკატების გამო რომ დაიჭირეს, იცით? რუსთაველზე ხალხი რომ აწამეს ნოემბერს, იცით?.." - 12 იანვარს გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ეკითხება მოქალაქე ზარქუას.
იქვე იყვნენ სხვა დეპუტატებიც.
მოგვიანებით გამოქვეყნებულ პოსტში ზარქუამ გაბიტაშვილს „გადედლებული პროვოკატორი აქტივისტი“ უწოდა.
ლაშა გაბიტაშვილი არის 2015 წლის 13 ივნისის თბილისის წყალდიდობისას დაღუპული დავით გაბიტაშვილის ძმა.
2023 წლის 18 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლომ შსს-ს გაბიტაშვილებისათვის მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა.
განახლება: ინფორმაცია დაზუსტდა, სავარაუდოდ, ინციდენტის დასაწყისის ამსახველი ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ.
ფორუმი