Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში „მედესანტე მამაო“ - მიხაილ ვასილიევი მოკლეს


რუსეთის შეიარაღებულული ძალების მთავარი ტაძარი
რუსეთის შეიარაღებულული ძალების მთავარი ტაძარი

რუსეთის მიერ უკრაინაში გაჩაღებულ ომში 6 ნოემბერს მოსკოვის ეპარქიის მღვდელი, მიხაილ ვასილიევი დაიღუპა. მოსკოვის საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ცნობაში ნათქვამია, რომ სასულიერო პირი „სპეციალური ოპერაციის ზონაში“ ქალაქ ხერსონთან, თავისი „მოძღვრული მოვალეობის შესრულების დროს“ მოკლეს.

სამხედრო მისიაში რუსი სასულიერო პირი საღვთისმსახურო სამოსით იყო ჩართული. რუსეთის არმიის ყველაზე გასაიდუმლოებული ჯარის სახეობის - სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების მღვდელი არა მხოლოდ მოძღვრავდა თავის სამხედროფორმიან მრევლს, არამედ ამაყობდა, რომ ჯარისკაცებთან ერთად ხტებოდა პარაშუტიდან და რუს მედესანტეებთან ერთად იყო ნამყოფი სხვადასხვა ცხელ წერტილში - კოსოვოში, ბოსნიაში, აფხაზეთში, ჩეჩნეთსა და სირიაში.

მღვდელი მიხაილ ვასილიევი იშვიათად ელაპარაკებოდა ჟურნალისტებს, მაგრამ ორმა მისმა ინტერვიუმ ნამდვილი სკანდალი გამოიწვია. რუსეთის უკრაინაში შეჭრის წინა დღით, 23 თებერვალს, გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდაში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში, რუსმა მღვდელმა ბირთვულ იარაღს, „ყველაზე მშვიდობისმოყვარე“ საშუალება უწოდა

რუსეთში მიმდინარე ნაწილობრივი მობილიზაციისადმი დედების უარყოფითი დამოკიდებულების კომენტირებისას რუსმა მღვდელმა აღნიშნა, ქალები „მეტ შვილს რომ აჩენდნენ“, მათთვის ასეთი მტკივნეული არ იქნებოდა შვილების ომში სიკვდილიო.

"მტერი შეაჩერე იარაღის ძალით, მაგრამ არ აწამო"

მახსოვს, როდესაც ჩეჩნეთში ვიყავი, მიწევდა განმემარტა ჯარისკაცებისთვის, რომ არ ეწამებინათ ტყვედ ჩავარდნილი ჩეჩენი მებრძოლები. თუ მტერი წინააღმდეგობას გიწევს, შეასრულე შენი ვალი - შეაჩერე იგი იარაღის ძალით. მაგრამ აბუჩად აგდება არ შეიძლება
დეკანოზი მიხაილ ვასილიევი

51 წლის დეკანოზ (რუსულად პროტოიერეი) მიხაილ ვასილიევს საეკლესიო განათლება არ მიუღია, სამაგიეროდ მას რუსეთის გენერალური შტაბის აკადემია აქვს დამთავრებული და ამის გამო რუსეთის ეკლესიის ყველაზე უფრო მილიტარიზებულ მოძღვრად ითვლებოდა.

„არმიაში მე როგორც სასულიერო პირი 26 წლისა შევედი. იმ დროისათვის თადარიგის ლეიტენანტი ვიყავი. მე სამხედრო პირის ოჯახში დავიბადე და რაც თავი მახსოვს, სამხედროები ყოველთვის მეხვივნენ გარს. ჩვენ ვცხოვრობდით ნენეცის ავტონომიურ ოლქში მდებარე სამხედრო ოლქის უასფალტო ქალაქში. იქ მე 17 წლიდან შევეჩვიე ოფიცრულ „სამჭიდს“: წყალს, შეშას და ნარცხს. ასე რომ, ბავშვობოდან საკმაოდ კარგად წარმომედგინა, თუ რა არის არმია - მედესანტეებისა და მერაკეტეების გარნიზონში ყოფნის დროს, იქაურობა „ლაქშერად“ მეჩვენება სამშენებლო ნარჩენებისგან აგებულ ჩვენს ბარაკებთან შედარებით, რომელთა შორის სამურავები დარბოდნენ“, - იგონებდა ვასილიევი.

სამხედრო განათლებას ემატებოდა მიხაილ ვასილიევის საეკლესიო თანამდებობაც - იგი მოსკოვის ოლქში, სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების შტაბის ტერიტორიაზე მდებარე რუსეთის დიდმოწამე ვარვარას და ღირსი ილია მურომეცის ტაძრის წინამძღვარი იყო. სხვა მღვდლებისგან განსხვავებით, დეკანოზ მიხაილ ვასილიევის ანაფორას ამშვენებდა მედესანტის ემბლება და სხვადასხვა სახელმწიფო ჯილდო, მათ შორის მედალი „მამაცობისთვის“.

ერთ-ერთ ინტერვიუში მიხაილ ვასილიევი საკუთარ თავს პაციფისტს უწოდებდა, მაგრამ თავისი მოღვაწეობით იგი უფრო ანტიპაციფისტი იყო. დეკანოზ მიხაილ ვასილიევის ანგარიშზეა პარაშუტით შესრულებული 11 ნახტომი და ამ საქმეს კიდევ გააგრძელებდა, როგორც თავადაც აღნიშნა, ბოლო გადმოხტომის დროს ხერხემალი რომ არ გაეტეხა.

ერთხელ კი სამხედროების მოძღვარი რუს ჯარისკაცებთან ერთად ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარის БМ-2-ს ცეცხლის ქვეშ მოყვა.

„ერთხელ ჩვენ ზალპურმა ცეცხლმა დაგვფარა. ეს იგივე „კატიუშაა“, მაგრამ კიდევ უფრო დიდი და საშიში. ამ დაბომბვის დროს მე ორი ადამიანის კამპანიაში აღმოვჩნდი: ერთი მოუნათლავი ბურიატი იყო, მეორე „სტაროობრიადელი“. ირგვლივ მიწას ზანზარი გაჰქონდა, გვაცვივდა მიწის გორახები და ჯოხები. შიშისგან ერთმანეთს ვეკვროდით. ვხვდებოდით, რომ ეს აღსასრულია. არ ვიცოდით, როდის მოვიდოდა სიკვდილი, მაგრამ ვგრძნობდით, რომ ის ახლოსაა. ძალიან საშიში იყო, ამიტომ აღსარება იოლი იყო. მე დავიწყე ამ ბიჭებისთვის ჩემი ცოდვების გაზიარება. და უცებ იმათაც აიტაცეს და დაიწყეს მონანიება. ასეთ დროს მთავარია, რომ იყოს ვინმე, ვინც ჩაიბარებს აღსარებას“, - წერდა ერთ-ერთ ინტერვიუში დეკანოზი მიხაილ ვასილიევი, თუმცა არ დაუზუსტებია, რომელი სამხედრო კონფლიქტის დროს მოხდა ეს ამბავი. უკრაინის გარდა ეს შესაძლოა ყოფილიყო ასევე სირია, კოსოვო ან ჩეჩნეთი, სადაც მართლმადიდებელი სასულიერო პირი ასევე ახლდა რუს სამხედრო მოსამსახურეებს.

„ცხელ წერტილებში“ თავისი მივლინებებიდან დეკანოზი განსაკუთრებით გამოყოფდა კოსოვოს და ჩეჩნეთს. პირველში, როგორც თავად ჰყვებოდა, სატელევიზიო პროგრამა „ვზგლიადის“ გუნდთან ერთად იღებდნენ ფილმს დანგრეული სიწმინდეების შესახებ.

ჩეჩნეთში კი რუს სამხედროებს ასწავლიდა, რომ არ ეწამებინათ ტყვედ ჩავარდნილი სამხედროები.

„ადამიანი ყოველთვის ადამიანად უნდა რჩებოდეს, მით უფრო, თუ მას სამხრეები უკეთია. არ უნდა მივცეთ მას „გამხეცების“ საშუალება, მაშინაც, თუ გარემოება აიძულებს. მახსოვს, როდესაც ჩეჩნეთში ვიყავი, მიწევდა განმემარტა ჯარისკაცებისთვის, რომ არ ეწამებინათ ტყვედ ჩავარდნილი ჩეჩენი მებრძოლები. თუ მტერი წინააღმდეგობას გიწევს, შეასრულე შენი ვალი - შეაჩერე იგი იარაღის ძალით. მაგრამ აბუჩად აგდება არ შეიძლება - ეს არის საზიზღრობა ღმერთის წინაშე. ამას ჯერ კიდევ სუვოროვი გვასწავლიდა“, - აცხადებდა დეკანოზი.

„არ არსებობს ბირთვულ ფარზე უფრო მშვიდობისმოყვარე რამ“

თუ ქალბატონი, ღვთის შთაგონებით - „განაყოფიერდით და გამრავლდით“, უარს ამბობს ფეხმძიმობის ხელოვნურად შეწყვეტაზე, მაშინ ცხადია, რომ მას არაერთი ბავშვი ეყოლება. ეს ნიშნავს, რომ მისთვის აღარ იქნება ასე მტკივნეული და ასე საშიში მასთან განშორება
დეკანოზი მიხაილ ვასილიევი

ისევე როგორც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მსახური სასულიერო პირების უდიდესი უმრავლესობისთვის, დეკანოზ მიხაილ ვასილიევისთვისაც პაციფიზმი მთავრდებოდა იქ, სადაც რუსეთის სახელმწიფო ინტერესი იწყება.

ნიშანდობლივია, რომ უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის წინა დღით „კომსომოლსკაია პრავდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში რუსი სასულიერო პირი მსჯელობს რუსეთის ბირთვული ფარის სამშვიდობო მისიაზე და არაფერს ამბობს უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული მასშტაბური ომის სამზადისზე, რომელსაც უპირობოდ დაუჭირა მხარი რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ.

„მე პატივი მერგო, 24 წლის განმავლობაში ვაძლევდე სულიერ საზრდოს სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარებს. არ არსებობს ბირთვულ ფარზე უფრო მშვიდობისმოყვარე რამ. შენ გაქვს ბირთვული ხელკეტი, მეც მაქვს ბირთვული ხელკეტი. თითოეული დაფიქრდება, ვიდრე მას გამოიყენებს, რადგან პლანეტა ერთია“, - ამბობდა დეკანოზი მიხაილ ვასილიევი უკრაინაში იმის დაწყების წინა დღით მიცემულ ინტერვიუში და აღნიშნავდა, რომ „მულტფილმები, რომლებსაც რამდენიმე წლის წინ ჩვენი უმაღლესი მთავარსარდალი აჩვენებდა, სინამდვილედ იქცევა“.

განსაკუთრებით სკანდალურად იქცა დეკანოზის მიერ ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის დროს ნათქვამი სიტყვები იმ დედების მისამართით, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ რუსეთის პრეზიდენტის მიერ გამოცხადებულ მათი შვილების ომში გაგზავნას.

„თუ ქალბატონი, ღვთის შთაგონებით - „განაყოფიერდით და გამრავლდით“, უარს ამბობს ფეხმძიმობის ხელოვნურად შეწყვეტაზე, მაშინ ცხადია, რომ მას არაერთი ბავშვი ეყოლება. ეს ნიშნავს, რომ მისთვის აღარ იქნება ასე მტკივნეული და ასე საშიში მასთან განშორება“, - ამბობდა ერთ-ერთ რელიგიურ გადაცემაში მონაწილეობის დროს დეკანოზი მიხაილ ვასილიევი.

მისმა ამ ნათქვამმა არა მხოლოდ საერო პირები, არამედ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიაც აღაშფოთა, მაგრამ სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების მოძღვარს სინოდიდან მხოლოდ მოკრძალებული შენიშვნა აკმარეს. „თითოეული ბავშვის, - ერთია ის ოჯახში თუ ბევრი, - სიცოცხლე, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, თანაბრად ძვირფასია მათი მშობლებისთვის“, - ასე გამოეხმაურა სკანდალური დეკანოზის სიტყვებს რუსეთის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სინოდალური განყოფილების უფროსის მოადგილე, ვახტანგ ყიფშიძე.

„მედესანტე მამაო“, როგორც მიხაილ ვასილიევს ნეკროლოგში რუსეთის პატრიარქი კირილე მოიხსენიებს, ზოგიერთი საინფორმაციო საშუალების ცნობით, 6 ნოემბერს უკრაინაში HIMARS-ის ჭურვის ნამსხვრევმა მოკლა.

მიხაილ ვასილიევი არ არის პირველი რუსი სასულიერო პირი, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომის დროს დაიღუპა.

  • „ბი-ბი-სის“ რუსული სამსახურის ცნობით, მანამდე, უკრაინაში 45 წლის მღვდელი ანატოლი გრიგორიევი დაიღუპა. იგი თათრეთის რესპუბლიკის ერთ-ერთ სოფელში მდებარე გამოცხადების ტაძრის წინამძღოლი იყო.
  • სექტემბრის ბოლოს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დროს მოკლეს დეკანოზ ეფიმ კოზლოვცევი, რომელიც მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კაზაკთა შერეული ბრიგადა „დონის“ საველე მოძღვარი იყო.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG