Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უარი მხოლოდ რუსულად დუბლირებულ ფილმებს


ქართველი კინომცოდნეების გაერთიანება „სინეასტი“ საქართველოს კინოთეატრებში რუსულად დუბლირებული ფილმების ჩვენების წინააღმდეგ პეტიციას ავრცელებს. პეტიციისა და ღია წერილის ერთ-ერთი ავტორი, კინომცოდნე გიორგი რაზმაძე არის გიორგი გვახარიას სტუმარი გადაცემაში „საუბარი თავისუფლებაზე“. მისი თქმით საქართველოს კინოთეატრები არღვევენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს, ასევე კანონს „ეროვნული კინემატოგრაფის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“, რომელიც კრძალავს საქართველოს კინოთეატრებში ფილმების ჩვენებას ქართული სუბტიტრების ან გახმოვანების გარეშე.

გიორგი რაზმაძე დარწმუნებულია, რომ კანონის დარღვევა აზარალებს თავად კინოთეტრებს, რადგან საქართველოში მოვიდა თაობა, რომელმაც საერთოდ არ იცის რუსული ენა. მიუხედავად ამისა, გიორგი გვახარიას სტუმრის თქმით, საქართველოს კინოთეატრების მესაკუთრეები ამტკიცებენ, რომ რუსულად დუბლირებულ ფილმებს მეტი მაყურებელი ჰყავს, რადგან ქართული დუბლიაჟი ჯერ კიდევ უხარისხოდ კეთდება. პეტიციის ავტორების თქმით, კინოთეატრების მესაკუთრეები, უბრალოდ, თანხას ზოგავენ და ამიტომ არ სურთ ფილმების ქართულად გახმოვანება. ისინი იმასაც აღნიშნავენ, რომ ქართულად გახმოვანებული ფილმები სრულიად დააზარალებენ კინოთეატრებს და კანონის დაცვისთვის კიდევ 2-3 წელიწადს ითხოვენ.

გიორგი რაზმაძე ამბობს, რომ პეტიციის ავტორებმა უკვე მიმართეს ღია წერილით განათლების, კულტურის, სპორტისა და მეცნიერების სამინისტროს, ასევე შეხვდნენ კინოთეატრების მესაკუთრეებს.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG