Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ტოიოტა-ტაქსი”: „დაგოიმება“, როგორც თეატრი


კი, კი, ვიცი, რომ თაღლითი ტაქსისტები ყველგან არიან. ბევრს ვმოგზაურობ და უკვე აღარც ვაქცევ ყურადღებას გაიძვერა მძღოლებს, აეროპორტის გასასვლელთან, ფარისეველი ღიმილითა და საქმიანი მოძრაობებით რომ გზას ჩაგიკეტავენ და წაგჩურჩულებენ - ”ტაქსი დაგჭირდება?”.

”ტაქსი დაგჭირდება?”, ”ტაქსი გინდა?”, ”საით, ძმობილო?” - ეს საქართველოში. მაგრამ, სხვაგანაც ასეა, სხვა ქალაქებშიც. ნიუ-იორკის აეროპორტში გაიძვერა ტაქსისტებს დისპეტჩერები უმკლავდებიან - სწორედ მათი დახმარებით (და ზედამხედველობით!) იცავენ რიგს მძღოლებიც და მგზავრებიც. თუმცა, ყოველთვის არ იყო ასე - თავის დროზე სწორედ ნიუ-იორკის აეროპორტები გამოირჩეოდა, თურმე, თაღლითი ტაქსისტების განსაკუთრებული სიმრავლით; ცნობილია, მაგალითად, შემთხვევა, როცა კენედის აეროპორტიდან მანჰეტენამდე ნიგერიელი სტუდენტებისთვის ტაქსისტს 1 350 დოლარი წაურთმევია. მერე აურჩევიათ ქალაქის მკაცრი მერი, ჯულიანი, ”ნულოვანი ტოლერანტობის” ცნობილი მომხრე და დაუმყარებია წესრიგი.

სააკაშვილიც პატივს სცემდა, მგონი, ამ კაცს.„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის წლებში თბილისის აეროპორტში ნაკლებად ნახავდით კარებთან ჩასაფრებულ აფერისტ მძღოლებს. უფრო მეტიც, 2007 წელს მიხეილ სააკაშვილმა აეროპორტში გახსნა რკინიგზის სადგური, რომელსაც ”ნამდვილი სენსაცია” უწოდა. ”ჟენევის აეროპორტის რკინიგზასაც კი ჯობიაო”, გვითხრა (ხომ გახსოვთ, როგორ უყვარდა შედარებები და დატოლებები?). თუმცა, მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ მატარებლის გრაფიკი თვითმფრინავების განრიგს ნაკლებად დაემთხვა. ამიტომ, აეროპორტის რკინიგზამ, რომელიც 13 მილიონი ლარი დაჯდა, მალე დაასრულა თავისი ისტორია.

ტაქსები თბილისის აეროპორტში
ტაქსები თბილისის აეროპორტში

საქართველოს ხელისუფლებაში მოსულ ”ოცნებას”, მოგეხსენებათ, არაფერი მოსწონდა, რაც „ნაცებმა“ გააკეთეს, ამიტომ ახალმა ხელისუფლებამ არც არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ღამით თბილისის აეროპორტში ჩამოფრენილი მგზავრისთვის ელემენტარული პირობა შეექმნა დედაქალაქში მოსახვედრად. უფრო მეტიც, ე.წ. ”ტოიოტა-ტაქსი”, რომელიც აეროპორტის გასასვლელთან იყო გამაგრებული, ძალაუფლების ხიბლმა ისე გაათავხედა, რომ მოტყუებული უცხოელი მგზავრებიდან ადგილობრივ მოსახლეობაზე გადავიდა... 3 დღის წინ, ”ტოიოტის” მძღოლმა აეროპორტიდან აღმაშენებლამდე 60 ლარი მოგვთხოვა! ქართულ ენაზე. ზუსტად ასე: ”აღმაშენებლამდე 60 ლარი დაჯდება, გენაცვალე!”... აეროპორტის პრივილეგირებული ტაქსი ინარჩუნებს სტილს უცხოელებთან ურთიერთობაშიც: რუსულენოვანისთვის ტარიფი სხვაა, ევროპელისთვის - სულ სხვა და აზიელისთვის - კიდევ სხვა. სალომე ზურაბიშვილის რიტორიკას თუ მივმართავთ - ”ელიტარული ტურისტისგან” სხვა თანხას თხოულობენ და ზურგჩანთიანი უცხოელი ყმაწვილისგანსულ სხვას. თუმცა, ამას რა მნიშვნელობა აქვს - ”ტოიოტა-ტაქსი” კვლავაც რჩება მთავარ მოთამაშედ თბილისის აეროპორტის გასასვლელში. ყველა სხვა მანქანას, სხვა ტაქსის აკრძალული აქვს გასასვლელთან დამუხრუჭებაც კი. თუკი შესძლებთ მანქანის ტელეფონით გამოძახებას, იმის იმედი ნუ გექნებათ, რომ მძღოლი მოახერხებს და დაგიცდით, სანამ მანქანაში ბარგს ჩადებთ: აეროპორტის გასასვლელთან დგას არა მარტო ფირმის დისპეტჩერი, რომელსაც ეღიმება უცხოელებთან მოვაჭრე თავის მძღოლებზე... გასასვლელთან დგას პატრული, რომელიც სხვა მანქანებს დამუხრუჭების საშუალებას არ აძლევს. ეს ”ტოიოტა-ტაქსის” სამეფოა, მეგობრებო. ამიტომ, ფასებს აქ სწორედ ეს ფირმა აწესებს. თუ არ გაწყობთ, ნუ გაწყობთ... ავტობუსით წადი ქალაქში.

"ტოიოტა-ტაქსი" თბილისის აეროპორტში
"ტოიოტა-ტაქსი" თბილისის აეროპორტში

ის, რაც შუაღამეს თბილისის აეროპორტის კართან ხდება, ეს პატარა ბაქანი, გაკრიალებული ”ტოიოტებით”, თავგასული დისპეტჩერებითა და ნერვიული პატრულით, დიახაც, დღევანდელი საქართველოს სახეა... კარგით, სახე თუ არაა, შესასვლელი ხომ არის დღევანდელ საქართველოში?თუკი მძღოლი უკვე სახალხოდ, ყველას დასანახად ატყუებს უცხოელ სტუმარს (ჩვენი ჩამოსვლისას ”ტოიოტა-ტაქსის” მსხვერპლი რომელიღაც რუსი ტურისტი აღმოჩნდა - ქალს მაინც არ უპასუხეს, აქვთ თუ არა მრიცხველი მანქანაში), გამოდის, რომ მას არც ჩვენი აზრი აინტერესებს. უფრო სწორად, დარწმუნებულია, რომ მეტნაკლებად, მაგრამ ჩვენც გავუგებთ მის ეშმაკობებს და შეიძლება, მოვუწონოთ კიდეც ეს უტიფრობა.

ხედავთ რა ხდება? ადამიანების მოტყუება, ან, შინაურულად რომ ვთქვათ, მათი „დაგოიმება” გადაიქცევა თეატრად, სცენად... ცოტაც და, მძღოლი ჩვენგან ოვაციებს მოითხოვს, რადგან დარწმუნებულია, რომ ჩვენც ზუსტად მასავით მოვიქცეოდით - იმდენს წავართმევდით უცხოელ სტუმარს, რამდენსაც შევძლებდით, რამდენის საშუალებასაც ამ უცხოელის უჭკუობა მოგვცემდა... და იღბალიც... უფალიც, რა თქმა უნდა!

ჩვენ ჯერ კიდევ მაშინ დაგვაგოიმეს, როცა ერთ კომპანიას, რომელსაც თბილისის აეროპორტი გადასცეს, უსაზღვრო ძალაუფლება არგუნეს. საქმე იქამდე მივიდა, რომ დღეს „ჯორჯიან ეარვეიზის“ თვითმფრინავის მგზავრები, პარიზიდან თბილისში ჩამოფრენის შემდეგ, ავტობუსით გადაჰყავთ აეროპორტის შენობაში (განსხვავებით თუნდაც, თურქული ავიაკომპანიების მგზავრებისგან, რომლებიც „ჩასხდომის ხიდით“ სარგებლობენ). შესაძლებელია, იმიტომ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველი „ტავ ჯორჯია“ მაინცდამაინც არ წყალობს ეროვნულ ავიაკომპანიას... ისევე როგორც, არ წყალობს ტაქსის სხვა ფირმებს, რომელთა წინააღმდეგ აქ ყველა ერთადაა გაერთიანებული.

თბილისი ბერლინი არაა, სადაც აეროპორტის ტაქსიში ჩაჯდომისთანავე მძღოლი მრიცხველს ჩაგირთავთ. არც მადრიდია, სადაც მერიამ ერთიანი ტარიფი დააწესა აეროპორტიდან ქალაქის ნებისმიერ რაიონში მგზავრობაზე (30 ევრო). თბილისში "ბაზარი" ბობოქრობს. "ბაზარმა" კი ასე მოინდომა - თავხედობა, ყველას დასანახად.

ჯერ სადა ვართ. აი, „ელიტარული ტურიზმი“ რომ გვექნება, მდიდარი ხალხი „პანორამა თბილისის“ სანახავად და გოლფის სათამაშოდ ჩამოვა. მერე ნახეთ თქვენ ტაქსისტების თეატრი და ქართული კაპიტალიზმის მოკრძალებული ხიბლი.

”ტოიოტა-ტაქსი”, თავის ვებ-გვერდზე სამსახურს სთავაზობს გამოცდილ მძღოლებს. ძირითად მოთხოვნებში შედის ”ორგანიზებულობა” და ”პუნქტუალურობა”.

ხომ გაგეცინათ?

იცინეთ და იყავით ასე.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG