Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტალინისა და ბერიას ქუჩები საქართველოში


საქართველოში დღემდე შემორჩა ქუჩები, რომლებსაც ახლაც საბჭოთა კავშირის ლიდერების სახელები ჰქვიათ.

სტალინის ორი ქუჩიდან ერთი გორში, მეორე კი ლენტეხშია. ლენტეხის მერი, ბადრი ლიპარტელიანი, ამბობს, რომ თხუთმეტიოდე წლის წინ, როცა ქუჩისთვის სახელის გადარქმევა დააპირეს, მოსახლეობამ ადგილობრივ ხელისუფლებას დიდი წინააღმდეგობა გაუწია.

„არანაირი კავშირი არა აქვს სტალინს ლენტეხთან და სვანებთან, მაგრამ მოსახლეობის დაჟინებული მოთხოვნით დარჩა ეს სახელი. კიდევ ერთხელ რომ წამოვწიო ეს თემა, ვფიქრობ, წინააღმდეგობა შემხვდება“, - ამბობს ბადრი ლიპარტელიანი.

ვიდეო რადიო თავისუფლების არქივიდან

კომუნისტების სახელობის ქუჩები შემორჩა სამეგრელოშიც. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ 2018 წელს ადგილობრივ ხელისუფლებას საბჭოთა სახელწოდებების ნუსხა გადასცა და ურჩია ვითარება შეეცვალათ, თუმცა ორი წლის შემდეგ ამ საკითხზე ჯერ კიდევ მუშაობენ.

ზუგდიდის საკრებულოს წარმომადგენელი, ირაკლი ლაგვილავა, ამბობს, რომ მოსახლეობას რამდენჯერმე შეხვდნენ და დაელაპარაკნენ. რიგ შემთხვევაში სახელწოდების შეცვლაზე მათი დაყოლიება მოხერხდა, ზოგან კი ისევ „იბრძვიან“. მაგალითად, გადაწყდა, რომ სოფელ „კიროვს“ „ახალდარჩელი“ დაერქმევა, ვასილ კიკვიძის ქუჩას - მშვიდობის ქუჩა. სახელები არ ეცვლება სოფელ „ოქტომბერსა“ და ლავრენტი ბერიას ქუჩას.

„მოსახლეობამ თქვა, დარჩეს ეს სახელი, როგორც შემოდგომის ერთ-ერთი თვის სახელიო. ლავრენტი ბერიას ქუჩას რაც შეეხება, ამ ეტაპზე მოსახლეობამ უარი განაცხადა შეცვლაზე. ჩვენს არგუმენტებზე გვიპასუხებენ, სისხლისმსმელი კი იყო, მაგრამ რამდენიმე კარგი საქმე მაინც გააკეთაო. მაგრამ ჩვენ მაინც ვაგრძელებთ მუშაობას და ვფიქრობ, სიტუაცია შეიცვლება“, - ამბობს ირაკლი ლაგვილავა,

წალკა
წალკა

Google Map-ში მთელი რიგი ქუჩები დღემდე ძველი სახელწოდებით არის მოხსენიებული, განსაკუთრებით წალკის მუნიციპალიტეტში. Google Map-ს თუ დავუჯერებთ, წალკაში ახლა სტალინის ქუჩაც არის, ლენინისაც და კომკავშირისაც კი, თუმცა წალკის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ რეალურად ამ ქუჩებს, უკვე კარგა ხანია, ახალი სახელწოდებები მიენიჭა.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG