Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"სიცოცხლისთვის სახიფათო" - როგორ დაფრინავს რუსეთის სამოქალაქო ავიაცია


რუსეთში საჰაერო ინციდენტების რაოდენობა სულ მცირე ამჯერ არის გაზარდილი
რუსეთში საჰაერო ინციდენტების რაოდენობა სულ მცირე ამჯერ არის გაზარდილი

2023 წლის დასაწყისში ავიაციის ექსპერტები საუბრობდნენ რუსეთის სამოქალაქო ავიაციაში „ირანული სცენარის“ განვითარების საშიშროებაზე. სანქციების დაწესების შემდეგ ირანში გაიზარდა საავიაციო ინციდენტების რაოდენობა, რასაც მოჰყვა ავიაკატასტროფების მთელი სერია

2023 წლის ბოლოს გაირკვა, რომ ავიაექსპერტების გამოთქმული პროგნოზი ახდა. რუსეთში საჰაერო ინციდენტების რაოდენობა მინიმუმ სამჯერ გაიზარდა.

რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროექტის Siberia.Realii-ის გამოთვლებით, 2023 წლის დეკემბერში (მხოლოდ ერთ თვეში) რუსული ავიაკომპანიების კუთვნილი თვითმფრინავები თითქმის იმდენჯერ გამოვიდნენ მწყობრიდან, რამდენჯერაც მთელი 2022 წლის განმავლობაში.

ექსპერტების თქმით, ყველაზე სახიფათო ისაა, რომ რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტო პრობლემას არათუ არ აღიარებს, არამედ რეალური ვითარების დამალვას ცდილობს.

2021 წლის ბოლოსთვის უცხოური თვითმფრინავები შეადგენდნენ რუსეთის სამგზავრო თვითმფრინავის (801) ფლოტის 70%-ს, რომელთა შორის 298 Airbus-ია, 236 - Boeing, 23 კი Embraers და სხვ. ამასთან, რუსული ავიაკომპანიების ფრენების 95% ხორციელდებოდა უცხოური (არარუსული) წარმოების თვითმფრინავებით. შესაბამისად, სანქციებმა, რომლებიც მიზნად ისახავს უცხოური თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილებზე წვდომის შეზღუდვას, გამოიწვია მრავალი შეფერხება (მათ შორის გაიზარდა ტარიფები უფრო მაღალი სარემონტო ხარჯების დასაფარად). პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოქმედი 53 რუსული ავიაკომპანიიდან რომელიღაცამ შეაჩერა ამა თუ იმ უცხოური წარმოების თვითმფრინავების ექსპლუატაცია, რაც, რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციების გამო, სათადარიგო ნაწილებით მომარაგების სფეროში შექმნილ მძიმე ვითარებაზე მეტყველებს.

"მაღალ დონეზე"

„რუსეთის სამოქალაქო ავიაცია სანქციებს შეეგუა და ახალ გარემოში ადაპტირდა“, - ამას რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს ხელმძღვანელმა დმიტრი იადროვმა 2023 წლის ნოემბერში ამბობდა.

„განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა, სამოქალაქო ავიაციაში ფრენების უსაფრთხოების მაღალ დონეს. საშიში ტენდენციები არ დაფიქსირებულა. ჩვენ ვიმყოფებით ფრენის უსაფრთხოების გლობალურ ტრენდში. მიმდინარე წლის ცხრა თვის განმავლობაში, სამოქალაქო ავიაციაში 5700 კგ-ზე მეტი ჯამური წონის საჰაერო ხომალდებზე, გეგმური გადაზიდვის დროს, არცერთი საავიაციო ინციდენტი არ მომხდარა“, - განაცხადა რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს ხელმძღვანელმა.

რუსეთის ფედერაციაში მოქმედი საჰაერო შემთხვევების და ინციდენტების გამოძიების წესების თანახმად, იმისათვის, რომ თვითმფრინავთან დაკავშირებულ საგანგებო მდგომარეობას დაერქვას ავიაინციდენტი, აუცილებელია, ან ვინმე დაიღუპოს, ან თავად თვითმფრინავმა მიიღოს ძალიან სერიოზული დაზიანება. ამიტომ, მოქმედი წესების შესაბამისად, იადროვი მართალია:

  • 2023 წელს რუსეთის სამგზავრო ავიაციას გაუმართლა. „ირაეროს“ ავიახაზების კუთვნილი Ан-26 ხომალდის არცერთი მგზავრი არ დაიღუპა 9 იანვარს მაგადანის მიმართულებით ფრენის დროს, როდესაც 2900 მეტრის სიმაღლეზე დაირღვა სალონის ჰერმეტიზაცია, თვითმფრინავი იძულებული გახდა უკან, აეროპორტში დაბრუნებულიყო. მგზავრებს შეეშინდათ, მაგრამ გადარჩნენ.
  • 2023 წლის 21 ივლისს მშვიდობით დაბრუნდა მინვოდის აეროპორტში ავიაკომპანია „აზიმუტის“ Superjet-100, რომლის ძრავს გარსაცმის ნაწილი მოძვრა ჰაერში.
  • უმსხვერპლოდ დაასრულა ფრენა 12 სექტემბერს ურალის ავიახაზების Airbus A320-მა, რომელიც ჰიდრავლიკური სისტემის გაუმართაობის გამო ასაფრენი ბილიკის ნაცვლად პირდაპირ სიმინდის ყანაში დაეშვა.

თუმცა, შემთხვევითი არ იყო, რომ მინისტრმა 5700 კგ-ის ლიმიტი ახსენა.

თუ ავიღებთ უფრო მსუბუქ თვითმფრინავებს, მაშინ 2023 წლის 27 დეკემბრისთვის რუსეთში, სახელმწიფოთაშორისი საავიაციო კომიტეტის ოფიციალური მონაცემებით, მოხდა 22 ავიაშემთხვევა, რომელშიც 19 ადამიანი დაიღუპა.

სანქციების შემოღებამდეც კი, რუსეთი ბოლო ოცი წლის განმავლობაში ავიაკატასტროფებში დაღუპულთა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზე იყო და დიდი სხვაობით უსწრებდა ამ სიის სხვა ლიდერებს. 2000 წლიდან მოყოლებული რუსეთში ავიაკატასტროფების შედეგად სულ მცირე 1712 ადამიანი დაიღუპა. რუსეთში ავიამგზავრების სიკვდილიანობის მაჩვენებელი 18-ჯერ მეტია, ვიდრე შეერთებულ შტატებში, ანუ რუსეთის მოქალაქის ავიაკატასტროფაში დაღუპვის ალბათობა 18-ჯერ მეტია, ვიდრე ამერიკელისა.

2021 წელს რუსეთმა დაამყარა მსოფლიო რეკორდი ავიაკატასტროფების რაოდენობით. ხოლო 2022 წლის სექტემბერში სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ICAO), ფრენის უსაფრთხოების აუდიტის შედეგებზე დაყრდნობით, რუსეთი „წითელი დროშით“ მონიშნა. 193 ქვეყნიდან ფრენის უსაფრთხოებამ ასეთი დაბალი შეფასება კიდევ სამ ქვეყანაში - ბუტანში, კონგოსა და ლიბერიაში - მიიღო.

"დაუმიზნეს დეკემბრის დასაწყისს"

ფორმალურად 2023 წელს რუსეთში დიდი საჰაერო ავარიები მართლა არ მომხდარა. მაგრამ ასევე შეუძლებელია საავიაციო ინციდენტების რაოდენობის ზრდის ვერშემჩნევა.

ტრანსპორტის ფედერალური სააგენტო მაინც ცდილობს უარყოს აშკარა ფაქტები.

13 დეკემბერს სააგენტომ გამოაცხადა, რომ რუსეთში 2023 წელს რეგულარულ ფრენებზე არა მხოლოდ ავიაშემთხვევები არ ყოფილა, არამედ ავიაინციდენტების რაოდენობის ზრდის ტენდენციაც კი არ დაფიქსირებულა. მეტიც, როსავიაცია ამტკიცებს, რომ თვითმფრინავებისა და ძრავების გაუმართაობით მომხდარი ინციდენტების რაოდენობამ შარშანდელთან შედარებით 2%-ით დაიკლო.

რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტო ამ განცხადებით გამოეხმაურა ჟურნალ Newsweek-ის 9 დეკემბრის პუბლიკაციას, რომლის მიხედვითაც, 2023 წელს რუსული თვითმფრინავების ტექნიკური გაუმართაობის რიცხვი სამჯერ გაიზარდა.

ამერიკული გამოცემის ცნობით, 2023 წლის სექტემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით, რუსეთში საერთო ჯამში 60 საავიაციო ინციდენტი მოხდა, რაც გამოწვეული იყო სათადარიგო ნაწილების დეფიციტით, დეკემბრის პირველ 8 დღეში კი მინიმუმ რვა თვითმფრინავს აღმოაჩნდა მნიშვნელოვანი ხარვეზი. შედარებისთვის, მთელი 2022 წლის განმავლობაში 61 ინციდენტი დაფიქსირდა, ხოლო 2023 წლის 8 დეკემბრისთვის, Newsweek-ის შეფასებით, ინციდენტების რაოდენობამ 180-ს გადააჭარბა, რამაც სპეციალისტებს მისცა საფუძველი ელაპარაკათ ვითარების სამჯერ გაუარესებაზე.

Newsweek-ის დასკვნებს ასევე ადასტურებს დამოუკიდებელი რუსული მედიის მონაცემები, რომლებიც ცდილობენ ყურადღების მიქცევას ქვეყანაში სამგზავრო ავიაციის სავალალო მდგომარეობაზე. 20 სექტემბერს „ნოვაია გაზეტა ევროპამ“ გამოაქვეყნა კვლევა, რომლის თანახმად, 2023 წელს რუსული ავიაკომპანიების თვითმფრინავები ფრენისას 2-ჯერ უფრო ხშირად გამოდიოდნენ მწყობრიდან, ვიდრე ბოლო 5 წლის განმავლობაში.

გამოცემის გათვლებით, 2023 წლის იანვრიდან აგვისტომდე, რუსეთში მოხდა 120-ზე მეტი ავიაინციდენტი (საუბარია სამოქალაქო ავიაციის თვითმფრინავებზე); 2018 წლიდან 2022 წლამდე, ანალოგიურ პერიოდში, საშუალოდ 55 ინციდენტი დაფიქსირდა. გამოცემამ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ავარიების რაოდენობის ორჯერ გაზრდა ხდება ომის დაწყების შემდეგ საჰაერო მიმოსვლის შემცირების ფონზე: გაზეთ „ვედომოსტის“ თანახმად, რუსული ავიაკომპანიების მგზავრთა ნაკადი 2022 წლის ბოლოს შეადგენდა 2021 წლის ნაკადის 86% და 2019 წლის ნაკადის 75%-ს.

ვინ ამბობს სიმართლეს - რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტო თუ მედია? Sibir.Realii-მ შეისწავლა მედიის ანგარიშები, სპეციალიზებული ვებსაიტები და ტელეგრამის არხები, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის და თავად გადამზიდავების შეტყობინებები, რათა შეედგინა საავიაციო ინციდენტების საკუთარი სია; ინციდენტებისა, რომლებიც გამოწვეული იყო ტექნიკის მწყობრიდან გამოსვლით ან გაფუჭებით 2023 წლის ბოლო ერთ თვეში.

ამ ჩამონათვალში არ მოხვდა ავიაინციდენტები, რომლებიც დაკავშირებულია ვერტმფრენებთან, სატვირთო ან სამხედრო ავიაციასთან. ასევე არ იქნა გათვალისწინებული შემთხვევები, როდესაც გაუმართაობა გამოვლინდა თვითმფრინავის ასაფრენ ბილიკზე გასვლამდე, რადგან ისინი საფრთხეს არ უქმნიდნენ მგზავრების სიცოცხლეს. ასევე არ იქნა გათვალისწინებული ავარიები, რომლებიც გამოწვეული იყო ასაფრენ ბილიკზე უცხო ობიექტებთან ან ფრინველთან შეჯახებით. ამ შემთხვევებს კავშირი არ აქვთ სანქციებთან და ასეთი რამ შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ქვეყანაში. ასეთი შეზღუდვების მიუხედავად, სია მაინც ძალიან შთამბეჭდავი აღმოჩნდა.

1 დეკემბერს 5 საავიაციო ინციდენტი მოხდა. დაშვებამდე ცოტა ხნით ადრე ერთდროულად ორი ტექნიკური პრობლემა წარმოიშვა „ურალის ავიახაზების“ თვითმფრინავებზე. დილით ეკატერინბურგიდან გამოფრენილ A-321 თვითმფრინავს სოჭში დაშვებისას ჰიდრავლიკურმა სისტემამ უმტყუნა, ხოლო საღამოს მოსკოვიდან გამოფრენილ სხვა A-321-ს კალინინგრადში დაშვებისას მართვის ბერკეტები გაუფუჭდა.

„აეროფლოტის“ A-321, რომელიც მიფრინავდა მოსკოვიდან კალინინგრადში, იძულებული გახდა დაშვებულიყო პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტში, პილოტთა კაბინის გათბობის სისტემის მწყობრიდან გამოსვლის გამო.

იმავე დღეს „აეროფლოტის“ Boeing-777, რომელიც მოსკოვიდან აფრინდა, ავარიულად დაეშვა იუჟნო-სახალინსკის აეროპორტში ერთ-ერთ ბორბალზე წნევის ვარდნის გამო.

ავიაკომპანია „ირაეროს“ Superjet-100-ს, რომელიც ნოვოსიბირსკიდან ტალაკანში მიფრინავდა, უმტყუნა ფლაპმა და ავტოპილოტმა, რის გამოც ეკიპაჟი იძულებული გახდა ტოლმაჩევოს აეროპორტში დაბრუნებულიყო.

ავიაკომპანია IrAero-ს თვითმფრინავი, რომელიც ნოვოსიბირსკიდან ტალაკანში მიფრინავდა, ტოლმაჩევოში ტექნიკური გაუმართაობის გამო დაბრუნდა.
ავიაკომპანია IrAero-ს თვითმფრინავი, რომელიც ნოვოსიბირსკიდან ტალაკანში მიფრინავდა, ტოლმაჩევოში ტექნიკური გაუმართაობის გამო დაბრუნდა.

2 დეკემბერს „აეროფლოტის“ A-321, რომელიც სანქტ-პეტერბურგიდან მიფრინავდა, ავარიულად დაეშვა მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში, რადგან 3600 მეტრის სიმაღლეზე მარცხენა ძრავამ უმტყუნა.

ავიაკომპანია „იამალის“ Superjet 100, რომელიც ნოიაბრსკიდან უფაში მიფრინავდა, ავარიულად დაეშვა ტიუმენის ოლქში.

3 დეკემბერს, აეროფლოტის A-320-მა, რომელიც ყაზანში მიფრინავდა, მოითხოვა შერემეტიევოში დაშვება ძრავის ვიბრაციის გამო.

4 დეკემბერს, „ურალის ავიახაზების“ A-320-მა, რომელიც ეკატერინბურგში მიფრინავდა, შეწყვიტა აფრენა ტექნიკური მიზეზის გამო.

5 დეკემბერს, ავიაკომპანია „პობედის“ Boeing-737, რომელიც ახორციელებდა ფრენას მოსკოვი-ყაზანი, დაბრუნდა შერემეტიევოს აეროპორტში ჰიდრავლიკური სისტემის გაუმართაობის გამო.

ამავე დღეს, „პობედის“ სხვა Boeing-737 ავარიულად დაეშვა მინერალნი ვოდიში ამინდის ინსტრუმენტებისა და ხილვადობის მრიცხველების სრული გაუმართაობის გამო.

ჩაპლიგინის სახელობის ციმბირის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კუთვნილი Ан-12, რომელიც პევეკიდან ხაბაროვსკში მიფრინავდა, იძულებული გახდა დაშვებულიყო ამურის კომსომოლსკის აეროპორტში, მართვის კონტროლის სისტემის მწყობრიდან გამოსვლის გამო.

6 დეკემბერს, „აეროფლოტის“ Boeing-737-ს, რომელიც მოსკოვიდან ბაქოში მიფრინავდა, დაშვებისას უმტყუნა ფრთების მექანიზაციის სისტემამ.

„იუტეირის“ Boeing-737-800-ს, რომელიც იგარკიდან აფრინდა, ვნუკოვოს აეროპორტში დაშვებისას უმტყუნა ჰიდრავლიკურმა სისტემამ.

7 დეკემბერს, აეროფლოტის Boeing 777-მა ვერ შეძლო მოსკოვიდან კამჩატკაში გაფრენა, რადგან მოკლე ჩართვის გამო ცეცხლი გაუჩნდა ერთ-ერთ სავარძელს.

იმავე დღეს „იაკუტიის ავიახაზების“ Boeing-737-ს, რომელიც მოსკოვიდან ნოვოსიბირსკში მიფრინავდა, დაშვებისას უმტყუნა წინა დგარის მართვის სისტემამ.

8 დეკემბერს, ავიაკომპანია „რედ ვინგზის“ თვითმფრინავმა RRJ-95LR-100-მა, რომელიც ეკატერინბურგიდან ნიჟნი ნოვგოროდში მიფრინავდა, დაშვებისას ვერ გახსნა შასი. დაშვება შესაძლებელი გახდა მხოლოდ მეორე მცდელობის შემდეგ.

ასევე 8 დეკემბერს, ავიაკომპანია „S7“-ის Boeing-737, რომელიც მიფრინავდა მოსკოვში, იძულებული გახდა უკან დაბრუნებულიყო ძრავებში გაჩენილი პულსაციის გამო. მგზავრებმა განაცხადეს, რომ თვითმფრინავის აჩქარებისას მათ მოესმათ აფეთქების ხმები და დაინახეს ტურბინებში გაჩენილი ცეცხლის ალი.

ავიაკომპანია „როსიას“ Airbus A319 კი, რომელიც მიემგზავრებოდა სანქტ-პეტერბურგში მინვოდებიდან, ექსტერნად დაბრუნდა უკან სალონის ჰერმეტიზაციის დარღვევის გამო.

„თვითმფრინავმა დაიწყო მკვეთრად დაშვება. ჩაირთო სიგნალიზაცია, ჩვენ წინ ჟანგბადის ნიღბები ჩამოცვივდა“, - თქვა თვითმფრინავის ერთ-ერთმა მგზავრმა.

Sibir.Realii-ის გამოთვლებით, დეკემბრის პირველ 8 დღეში დაფიქსირდა 19 ავიაინციდენტი - ორჯერ მეტი, ვიდრე Newsweek-მა დათვალა. როგორც ჩანს, ჟურნალი არ ცდებოდა, როცა წერდა, ჩვენი მონაცემები სავარაუდოდ ასახავს რეალური ვითარების მხოლოდ ქვედა ზღვარს, რადგან რუსეთის საავიაციო უწყება და ავიაკომპანიები ცდილობენ დამალონ ინფორმაციაო.

ავიაციის ექსპერტის სერგეი პეტროვის (სახელი შეცვლილია) თქმით, რუსული ავიაცია არასოდეს ყოფილა ფრენის უსაფრთხოების სანიმუშო მოდელი. ცხადია, სათადარიგო ნაწილების ნაკლებობა და მომსახურების ხარისხის გაუარესება გავლენას ახდენს ფრენის უსაფრთხოებაზე, მაგრამ, მისი თქმით, იზოლირებული მოკლევადიანი რყევები შესაძლოა არ ასახავდნენ რეალურ სურათს.

"უიღბლობის" სერიის გაგრძელება

2023 წლის დეკემბრის დასაწყისი შესაძლოა მართლაც უკიდურესად უიღბლო იყო რუსული ავიაციისთვის, შემდეგ კი ვითარება თანდათან გამოსწორდა. თუმცა, Sibir.Realii-ის გამოთვლები იმაზე მიუთითებს, რომ 8 დეკემბრის შემდეგაც არ ყოფილა რუსეთში არც ერთი დღე ტექნიკური გაუმართაობით გამოწვეული საჰაერო ინციდენტის გარეშე.

9 დეკემბერს მოხდა ერთდროულად 5 საჰაერო ინციდენტი. „ურალის ავიახაზების“ A-320 თვითმფრინავი, რომელიც მიფრინავდა ბლაგოვეშჩენსკიდან მოსკოვში, ავარიულად დაეშვა ნოვოსიბირსკში.

ავიაკომპანია „როსიის“ А-320 თვითმფრინავმა (რეისი სანქტ-პეტერბურგი-ჩელიაბინსკი) დაშვებისას დაკარგა კავშირი თანამგზავრებთან.

ავიაკომპანია „იუვტ აეროს“ სუპერჯეტი, რომელიც მიფრინავდა ყაზანიდან სურგუტამდე, იძულებული გახდა უკან დაბრუნებულიყო მექანიკის მოშლის გამო.

სოჭის აეროპორტში A-321 თვითმფრინავმა უარი თქვა აფრენაზე ძრავაში აღმოჩენილი ხარვეზების გამო.

ავიაკომპანია Red Wings Airline-ის თვითმფრინავი RRJ-95 ვერ აფრინდა სამარის აეროპორტიდან ძრავის პრობლემების გამო.

10 დეკემბერს, ავიაკომპანია „როსიას“ თვითმფრინავი Superjet-100, რომელიც ადლერი-ერევნის რეისს ასრულებდა, ავარიულად დაეშვა სოჭის აეროპორტში ძრავის ზეთში ნაპოვნი უცხო სხეულის გამო.

ავიაკომპანია „ირაეროს“ თვითმფრინავი სუპერჯეტ-100, რომლებიც ირკუტსკში მიფრინავდა, იძულებული გახდა დაბრუნებულიყო ტალაკანში შასის გაუმართაობის გამო.

11 დეკემბერს, ტექნიკური გაუმართაობის გამო (მწყობრიდან გამოვიდა სიჩქარის მაჩვენებელი) ირკუტსკში დაბრუნდა ავიაკომპანია „ანგარის“ Ан-24, რომელიც ბოდაიბოსკენ მიფრინავდა.

იმავე დღეს, ფრთების დამხმარე მექანიზმში გაჩენილი ხარვეზების გამო, ექსტერნად დაბრუნდა ვნუკოვოს აეროპორტში ავიაკომპანია „უტაირის“ თვითმფრინავი, რომელიც ჰანტი-მანსიისკში მიფრინავდა 104 მგზავრითა და 19 კგ რადიოაქტიური ნივთიერებით ბორტზე.

საღამოს „აეროფლოტის“ ბოინგ 777-მა ვერ შეძლო კრასნოიარსკიდან ტაილანდში გაფრენა. მგზავრებმა რამდენიმე საათი გაატარეს სალონში, თვითმფრინავი ვერ აფრინდა საკონტროლო სისტემის გაუმართაობის გამო.

12 დეკემბერს, ავიაკომპანია „უტაირის“ Boeing 737-ს, რომელიც ტიუმენიდან სურგუთში მიფრინავდა, ფლაპის სისტემამ უმტყუნა.

ავიაკომპანია „როსიას“ თვითმფრინავი RRJ-100-95, რომელიც ულიანოვსკში მიფრინავდა, უკან დაეშვა გაყინვის საწინააღმდეგო სისტემის გაუმართაობის გამო.

ავიაკომპანია „რუსლანის“ Superjet-100 ნიჟნევარტოვსკში დაბრუნდა იმის გამო, რომ ვერ შეძლო შასის აკეცვა.

13 დეკემბერს, ავიაკომპანია „უტაირის“ თვითმფრინავი, რომელიც სურგუთში მიფრინავდა, იძულებული გახდა დაბრუნებულიყო ნოვოსიბირსკის აეროპორტში კონდიცირების სისტემის მოშლის გამო.

იმავე დღეს, აფრენის შემდეგ, საწვავის ფილტრის დაზიანების გამო განგაშის სისტემა ამუშავდა ავიაკომპანია „იამალის“ თვითმფრინავში (RRJ-95LR100), რომელიც ტიუმენში მიფრინავდა.

15 დეკემბერს, ვლადივოსტოკის აეროპორტში, ავიაკომპანია „სიბირის“ A-320-მა შეაჩერა აფრენა ძრავის ვიბრაციის გამო. ავიაკომპანია Red Wings-ის თვითმფრინავმა SU95, რომელიც აპირებდა ჩელიაბინსკიდან ანტალიაში გაფრენას, მგზავრები ჩამოსვა ძრავის მუშაობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.

ავიაკომპანია „S7“-ის Boeing 737-ს, ირკუტსკის აეროპორტში დაშვებისას, ძრავა გაეთიშა.

ავიაკომპანია „პობედის“ Boeing-737, რომელიც შერემეტიევოს აეროპორტიდან კალინინგრადში მიფრინავდა, იძულებული გახდა დაშვებულიყო ვნუკოვოს აეროპორტში, ძრავაში აღმოჩენილი ხარვეზის გამო.

16 დეკემბერს, „აეროფლოტის“ ბოინგ-737 დაბრუნდა ირკუტსკის აეროპორტში ჰიდრავლიკური ზეთის გაჟონვის გამო.

ავიაკომპანია „პობედის“ Boeing-737 დაბრუნდა ვნუკოვოს აეროპორტში, კონდიცირების სისტემის გაუმართაობის გამო.

„პობედის“ კიდევ ერთ Boeing-737-ს პულკოვოს აეროპორტში დაშვებისას გაებზარა მეთაურის კაბინის საქარე მინა.

„ასე რომ, - ასკვნის რედაქცია, - დეკემბრის მომდევნო 8 დღის განმავლობაში, 9-დან 16-მდე, მოხდა კიდევ 23 ავიაინციდენტი - 3 ინციდენტით მეტი, ვიდრე 1-დან 8 დეკემბრამდე. საავიაციო ინციდენტების საერთო რაოდენობამ ნახევარ თვეში მიაღწია 43-ს, ხოლო საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს მონაცემებით, 2023 წლის ნოემბერში, მთელი თვის განმავლობაში, მხოლოდ 40 შემთხვევა დაფიქსირდა“.

კომპანია "აეროფლოტის" თვითმფრინავები შერემეტიევოს აეროპორტში
კომპანია "აეროფლოტის" თვითმფრინავები შერემეტიევოს აეროპორტში

შესაძლოა, დეკემბრის პირველი ნახევრის მძიმე სტატისტიკა უიღბლობით იყო განპირობებული და თვის მეორე ნახევარში საჰაერო ინციდენტების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა?

მონიტორინგმა აჩვენა, რომ რუსეთის ავიაციისთვის დეკემბრის მეორე ნახევარიც არასახარბიელო იყო: 17-დან 23 დეკემბრის ჩათვლით, ტექნიკური გაუმართაობით გამოწვეული კიდევ 14 საავიაციო ინციდენტი აღირიცხა, შესაბამისად, არასრული დეკემბრის განმავლობაში საგანგებო შემთხვევების რიცხვმა 58-ს მიაღწია. ცნობისთვის, მთელი 2022 წლის განმავლობაში მხოლოდ 61 ავიაინციდენტი მოხდა.

"პროგნოზი უკვე ახდა"

2023 წლის დასაწყისში Sibir.Realii-მ გააანალიზა რუსეთის საავიაციო ინდუსტრიაში შექმნილი ვითარება. ექსპერტები მაშინ სკეპტიკურად უყურებდნენ ტრანსპორტის მინისტრის ვიტალი საველიევის განცხადებას, რომ რუსეთი თავიდან აიცილებდა სანქციებით გამოწვეულ ირანულ სცენარს. მაშინ გაიხსენეს, ირანში, სანქციების დაწესების შემდეგ, მკვეთრად გაიზარდა ჯერ საჰაერო ინციდენტების, შემდეგ კი კატასტროფების რაოდენობა.

„დიახ, სამწუხაროდ, პირველ ნაწილში პროგნოზი უკვე ასრულდა, - აცხადებს ანდრეი პატრაკოვი, ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სერვისის RunAvia-ს დამფუძნებელი, - საავიაციო ინციდენტების რაოდენობის ზრდა, რაც უკვე დაფიქსირდა, განსაკუთრებით ჰაერში მომხდარი ინციდენტებისა (ეს ყველაზე საშიშია), ადასტურებს, რომ მოვლენები სწორედაც რომ „ირანული სცენარით“ ვითარდება. პრობლემა ის არის, რომ ირანის სამოქალაქო ავიაციის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემდეგ საავიაციო ინციდენტების რაოდენობის ზრდას მოჰყვა საავიაციო კატასტროფების სერია. ახლა რუსეთის მთელი საექსპერტო საზოგადოება მუშაობს იმაზე, რომ ასეთი საავიაციო ავიაკატასტროფები იქნეს თავიდან აცილებული. ახალი პროგნოზები ნამდვილად იძლევა განგაშის სიგნალებს, რომ საავიაციო ინციდენტების ასეთმა დინამიკურმა ზრდამ შეიძლება უკვე გამოიწვიოს ავიაკატასტროფების სერია“.

ანდრეი პატრაკოვის თქმით, ამ ვითარებაში ყველაზე ცუდი ის არის, რომ რუსეთის ფედერაციის ოფიციალური საავიაციო ხელისუფლება არა მარტო არ ცნობს ავიაინციდენტების გაზრდის პრობლემას, არამედ აბსურდულად ცდილობს საპირისპიროს მტკიცებას.

კომპანია აეროფლოტის Airbus A350-900. 2020 წ.
კომპანია აეროფლოტის Airbus A350-900. 2020 წ.

„ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ მათ დაიწყეს ფაქტების დამალვა, მომხდარის არდაფიქსირება, - ამბობს ანდრეი პატრაკოვი, - რუსეთის ფედერაციაში ფრენების უსაფრთხოების რეალური ვითარების თავდაყირა დაყენებით რუსეთის საავიაციო ხელისუფლება მხოლოდ ამძიმებს ვითარებას. ინფორმაციის ნაკლებობა უკიდურესად ართულებს უსაფრთხოების რისკების მიუღებელი დონეების განსაზღვრას, რათა თავიდან იქნეს აცილებული ტრაგედია და ავიაკატასტროფების სერია. იმისათვის, რომ მივიღოთ ზუსტი სურათი, დეტალურად უნდა ვიცოდეთ თითოეული ინციდენტის, ხარვეზის მიზეზი. ჩვენს ღვთისგან დაცულ ინდუსტრიაში, ნებისმიერი ინფორმაცია ადრე თუ გვიან საჯარო ხდება. არაფერი დამალო - ესაა ინფორმაციის გაჟონვის თავიდან აცილების საუკეთესო საშუალება“.

ანდრეი პატრაკოვი მიიჩნევს, რომ შესაძლო ტრაგედიების თავიდან აცილების ყველაზე ქმედითი გზა იმ თვითმფრინავების ექსპლუატაციის შეჩერებაა, რომლებიც უახლოვდებიან ფრენის უსაფრთხოების მიუღებელი რისკების ზონას.

თუმცა, როგორც ექსპერტები შენიშნავენ, რაც დრო გადის, სულ უფრო და უფრო რთულდება ასეთი თვითმფრინავების ექსპლუატაციიდან ამოღება, რადგან სათადარიგო ნაწილების უქონლობის გამო მათი რაოდენობა ისედაც ძალიან შემცირებულია. ავიაკანიბალიზმი, როდესაც ზოგიერთი თვითმფრინავი იშლება სხვა თვითმფრინავების შესაკეთებლად, პრობლემას ვერ წყვეტს, ისევე, როგორც ვერ წყვეტს „ნაცრისფერი“ იმპორტი.

2023 წლის დასაწყისში ექსპერტებმა ივარაუდეს, რომ „ნაცრისფერი“ იმპორტი ვერ გასწვდებოდა რუსეთის ავიაციის მთლიან მოთხოვნილებას. სწორედ მარაგნაწილების დეფიციტის გამო, რამდენიმე რუსულმა ავიაკომპანიამ უარი თქვა ჩეხური L-410 თვითმფრინავების ექსპლუატაციაზე. სწორედ L-410-ები დაფრინავდნენ რუსეთის ყველაზე მიუწვდომელ და შორეულ ადგილებში. შესაბამისად, რეგიონებს მოუწევთ მათი ჩანაცვლება ვერტმფრენებით, რაც ბევრად ძვირი სიამოვნებაა. კიდევ ერთი მაგალითი: 2 დეკემბერს ავიაკომპანია „S7“-მა ოფიციალურად გამოაცხადა Airbus A320 NEO-ის უახლესი მოდელების ექსპლუატაციის შეჩერების შესახებ, რადგან სანქციების გამო ვერ ახერხებდა ამერიკული ძრავების სათანადო ექსპლუატაციას, - აღნიშნავს ანდრეი პატრაკოვი, რომლის თქმითაც, Superjet 100-ების შიდა ფლოტიც კი განახევრდა. უპირველეს ყოვლისა, მათი ძრავების ფრანგული ნაწილის მომსახურებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.

ჯერჯერობით უკეთესო მდგომარეობაა Boeing-ებისა და Airbus-ების შემთხვევაში, რადგან, როგორც სერგეი პეტროვი ამბობს, შეუძლებელია რაიმე კრიტიკული პრობლემა გაჩნდეს მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ტიპის თვითმფრინავების ფრენისუნარიანობის შენარჩუნებასთან დაკავშირებით.

„რაც უფრო გავრცელებულია თვითმფრინავის ტიპი, მით უფრო დიდია მისთვის კომპონენტების შეძენის შანსი, თუმცა, არაორიგინალური სათადარიგო ნაწილების უსაფრთხოდ გამოყენების მიზნით, რუსეთის საავიაციო ხელისუფლებას უნდა შეექმნა მათი სერტიფიცირების სისტემა. ამის შესახებ წლის დასაწყისში იყო საუბარი, მაგრამ გავიდა ერთი წელი და არავის არაფერი გაუკეთებია, რუსეთის საავიაციო ხელისუფლებამ უბრალოდ პასუხისმგებლობა გადააბარა ავიაკომპანიებს. გადამზიდავები ყველა პრობლემას თავად წყვეტენ, როგორც შეუძლიათ. და მაინც, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სამყარო შავ-თეთრი არაა და რეალობა სადღაც „იმპორტის წარმატებულ ჩანაცვლებასა“ და „ახლა ისინი ყველა ჩამოვარდებას“ შორისაა“, - ამბობს ავიაციის ექსპერტი.

სტივენ ე. ჰარისი, თანამედროვე რუსეთისა და ევროპის ისტორიის პროფესორი, ფიქრობს, რომ რუსეთის სამოქალაქო ავიაციაში შექმნილი პირობების გათვალისწინებით მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ავიაკატასტროფების რისკი, რაზეც პასუხისმგებლობა რუსეთის ავიაკომპანიებსა და საავიაციო ხელისუფლებას ეკისრებათ.

„რუსეთის ხელისუფლება აგრძელებს მტკიცებას, რომ ყველაფერი კარგადაა. მაგრამ თუ ასობით ადამიანი დაიღუპება რუსული ავიაკომპანიის კუთვნილი Boeing-ის ან Airbus-ის კატასტროფის შედეგად, ვვარაუდობ, რომ ეს რიტორიკა სწრაფად შეიცვლება. პუტინი, როგორც სხვა ყველაფერში, ამაშიც დასავლეთს დაადანაშაულებს, რომ დასავლეთი არ აწვდის სათადარიგო ნაწილებს და ა.შ.“, - ამბობს ამერიკელი პროფესორი.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG