Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთიდან საქართველოში დამატებითი ავიარეისები შესრულდება


თბილისის საერთაშორისო აეროპორტი
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

რუსული ავიაკომპანია „აზიმუტი“ საქართველოში ოქტომბრის შუა რიცხვებიდან რამდენიმე მრავალჯერად ჩარტერულ რეისს შეასრულებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს თანახმად, "აზიმუტი" 14 ოქტომბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით მინვოდი-თბილისი-მინვოდის მიმართულებით კვირაში ერთ რეისს განახორციელებს, 11-დან 28 ოქტომბრამდე სოჭი-თბილისი-სოჭის მიმართულებით კვირაში ორჯერ იფრენს, 9-დან 26 ოქტომბრამდე კი მოსკოვი-ბათუმი-მოსკოვის მიმართულებით კვირაში ორ რეისს შეასრულებს.

ამასთან, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს თანახმად, 29 ოქტომბრიდან რუსული ავიაკომპანია Red Wings-ი მოსკოვის ოლქის ქალაქ ჟუკოვსკიდან თბილისის მიმართულებით კვირაში ხუთჯერ შეასრულებს რეგულარულ რეისებს.

განცხადების მიხედვით, ავიაკომპანია „აზიმუტი“ მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის მიმართულებით რეისებსაც განაგრძობს, Red Wings-ი კი - მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის მიმართულებით.

"საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფრენები სრულდება და მომავალშიც შესრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ, რომლებიც არ იმყოფებიან ევროკავშირის შავ სიაში. ფრენები არ განხორციელდება ასევე, იმ საჰაერო ხომალდებით, რომელთაც საჰაერო ხომალდების მწარმოებლებმა შეუწყვიტეს ტექნიკური მხარდაჭერა, რაც გულისხმობს როგორც ტექნიკურ და საფრენოსნო დოკუმენტაციაზე წვდომის შეზღუდვას, ისე მარაგი ნაწილების მოწოდებას. სამოქალაქო ავიაციის სააგენტო თითოეულ წარმოდგენილ განაცხადთან დაკავშირებით მომავალშიც იმოქმედებს აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად“, - ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.

22 სექტემბერს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უარყო ინფორმაცია ევროკავშირის შავ სიაში შეყვანილი ავიაკომპანია „Россия-ს" საქართველოში ფრენების შესახებ.

ივლისის დასაწყისში რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ ("როსავიაცია") რუსეთისა და საქართველოს ქალაქებს შორის კვირაში 284 ფრენის ნებართვა დაამტკიცა. ნებართვების უმეტესობა ავიაკომპანია Red Wings-ზე იყო გაცემული. საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ განაცხადა, რომ ავიაკომპანიებს ფრენის უფლებით სარგებლობა მხოლოდ რიგი დამატებითი პირობების შესრულების შემდეგ შეეძლებათ.

ვაშინგტონი, ევროკავშირის ქვეყნები და კიევი საქართველოს აკრიტიკებენ რუსეთთან ფრენების აღდგენის გამო. სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა, სანქციები დააწესოს იმ ქართული კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც აეროპორტებში მუშაობენ და ემსახურებიან რუსულ კომპანიებს.

XS
SM
MD
LG