Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"აზიმუტი" სოჭი-თბილისი და მოსკოვი-ბათუმის მიმართულებებით ფრენას აპირებს


ავიაკომპანია "აზიმუტის" ბორტი თბილისში
ავიაკომპანია "აზიმუტის" ბორტი თბილისში

რუსული ავიაკომპანია „აზიმუტი“ 9 ოქტომბრიდან მოსკოვიდან (ვნუკოვო) ბათუმის მიმართულებით, 11 ოქტომბრიდან კი სოჭი-თბილისის მიმართულებით ფრენებს იწყებს. ამის შესახებ რუსული ავიაკომპანიის ვებსაიტი იტყობინება.

"აზიმუტის" ინფორმაციით, ფრენები შემდეგი გრაფიკით განხორციელდება:

სოჭი-თბილისი-სოჭი

ოთხშაბათს სოჭიდან ფრენა შესრულდება 09:55 საათზე, თბილისიდან კი - 13:00 საათზე;

შაბათს სოჭიდან ფრენა შესრულდება 14:30 საათზე, თბილისიდან კი - 17:35 საათზე.

მოსკოვი-ბათუმი-მოსკოვი

ორშაბათს და ხუთშაბათს ფრენა მოსკოვიდან იქნება 13:45 საათზე, ბათუმიდან კი - 19:25 საათზე.

ამჟამად „აზიმუტი“ მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის მიმართულებით ახორციელებს ფრენებს. ახალ მარშრუტებზე ფრენის ნებართვის გაცემის შესახებ საქართველოს ავიაციის სააგენტოს ჯერ არ განუცხადებია.

რუსეთსა და საქართველოს ქალაქებს შორის ფრენებს „აზიმუტის“ გარდა, ახორციელებს Georgian Airways-ი (თბილისი-მოსკოვი-თბილისი) და Red Wings-ი (მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვი, სოჭი-თბილისი-სოჭი).

22 სექტემბერს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უარყო ინფორმაცია ევროკავშირის შავ სიაში შეყვანილი ავიაკომპანია „Россия-ს" საქართველოში ფრენების შესახებ.

ივლისის დასაწყისში რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ ("როსავიაცია") რუსეთისა და საქართველოს ქალაქებს შორის კვირაში 284 ფრენის ნებართვა დაამტკიცა. ნებართვების უმეტესობა ავიაკომპანია Red Wings-ზე იყო გაცემული. საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ განაცხადა, რომ ავიაკომპანიებს ფრენის უფლებით სარგებლობა მხოლოდ რიგი დამატებითი პირობების შესრულების შემდეგ შეეძლებათ.

ვაშინგტონი, ევროკავშირის ქვეყნები და კიევი საქართველოს აკრიტიკებენ რუსეთთან ფრენების აღდგენის გამო. სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა, სანქციები დააწესოს იმ ქართული კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც აეროპორტებში მუშაობენ და ემსახურებიან რუსულ კომპანიებს.

XS
SM
MD
LG