Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული Red Wings-ი საქართველოს მიმართულებით კვირაში 23 ავიარეისის განხორციელებას გეგმავს


ფოტო არქივიდან: ავიაკომპანია Red wings-ის თვითმფრინავი ყაზანის აეროპორტში. 24 მარტი, 2022 წელი
ფოტო არქივიდან: ავიაკომპანია Red wings-ის თვითმფრინავი ყაზანის აეროპორტში. 24 მარტი, 2022 წელი

რუსული ავიაკომპანია Red Wings-ი საქართველოს ქალაქების მიმართულებით ფრენების გეოგრაფიას აფართოებს. ავიაკომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დეკემბრიდან თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის მიმართულებით კვირაში 23 რეისი შესრულდება. ფრენები დაგეგმილია მოსკოვიდან, პეტერბურგიდან, ყაზანიდან, სამარიდან, ეკატერინბურგიდან, ჩელიაბინსკიდან და სოჭიდან.

  • მოსკოვი-ბათუმი-მოსკოვი - კვირაში სამი რეისი;
  • მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვი - კვირაში ხუთი რეისი;
  • სანქტ-პეტერბურგი–ქუთაისი–სანქტ-პეტერბურგი - კვირაში ერთი რეისი (2 დეკემბრიდან);
  • ყაზანი–ქუთაისი–ყაზანი - კვირაში ორი რეისი (3 დეკემბრიდან);
  • ეკატერინბურგი–ქუთაისი–ეკატერინბურგი - კვირაში ორი რეისი (3 დეკემბრიდან);
  • სანქტ-პეტერბურგი–თბილისი–სანქტ–პეტერბურგი – კვირაში ერთი რეისი (18 ნოემბრიდან);
  • ყაზანი–თბილისი–ყაზანი - კვირაში ორი რეისი (13 ნოემბრიდან);
  • სამარა–თბილისი–სამარა - კვირაში ერთი რეისი (16 ნოემბრიდან);
  • ეკატერინბურგი–თბილისი–ეკატერინბურგი - კვირაში ორი რეისი (16 ნოემბრიდან);
  • ჩელიაბინსკი–თბილისი–ჩელიაბინსკი - კვირაში ერთი რეისი (15 ნოემბრიდან);
  • სოჭი-თბილისი-სოჭი - კვირაში სამი რეისი.

Red Wings-ის გარდა, ავიაკომპანია „აზიმუტი“ საქართველოში ფრენებს ახორციელებს შემდეგი მიმართულებებით: მოსკოვი–თბილისი–მოსკოვი (კვირაში 14 რეისი), სოჭი–თბილისი–სოჭი (ორი რეისი); მოსკოვი-ბათუმი-მოსკოვი (ორი რეისი); მინვოდი -თბილისი–მინვოდი (სამი რეისი). თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით დაფრინავს ასევე ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი (კვირაში 14 რეისი).

შესაბამისად, დეკემბერში რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების საერთო რაოდენობამ შეიძლება კვირაში 58-ს მიაღწიოს.

საქართველოს ხელისუფლებას რუსეთიდან ახალი ფრენების შესახებ ჯერ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. რადიო თავისუფლების პროგრამა "ეხო კავკაზა" სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს კომენტარისთვის დაუკავშირდა. პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლება.

ივლისის დასაწყისში რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ ("როსავიაცია") რუსეთისა და საქართველოს ქალაქებს შორის კვირაში 284 ფრენის ნებართვა დაამტკიცა. ნებართვების უმეტესობა ავიაკომპანია Red Wings-ზე იყო გაცემული. საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ განაცხადა, რომ ავიაკომპანიებს ფრენის უფლებით სარგებლობა მხოლოდ რიგი დამატებითი პირობების შესრულების შემდეგ შეეძლებოდათ.

ვაშინგტონი, ევროკავშირის ქვეყნები და კიევი საქართველოს აკრიტიკებენ რუსეთთან ფრენების აღდგენისთვის. სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა, სანქციები დააწესოს იმ ქართული კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც აეროპორტებში მუშაობენ და ემსახურებიან რუსულ კომპანიებს.

XS
SM
MD
LG