ისრაელი სამხრეთ ლიბანში შეჭრას "შეზღუდულ, ლოკალიზებულ და მიზანმიმართულ" სახმელეთო ოპერაციას უწოდებს ჰეზბოლას წინააღმდეგ.
1 ოქტომბერს ისრაელის ძალებმა 2006 წლის ისრაელ-ჰეზბოლას 34-დღიანი ომის შემდეგ პირველად გადაკვეთეს საზღვარი.
ჰეზბოლა შეიარაღებული დაჯგუფებაცაა და პოლიტიკური პარტიაც, რომელიც სამხრეთ ლიბანის დიდ ნაწილს აკონტროლებს. შეერთებული შტატები ჰეზბოლას ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს, თუმცა ევროკავშირს შავ სიაში მხოლოდ მისი გასამხედროებული დაჯგუფება ჰყავს შეყვანილი.
რა არის ისრაელის მიზანი?
ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ მისი მიზანი საზღვრის გასწვრივ ჰეზბოლას სამიზნეების განადგურებაა. ისინი ამბობენ, რომ ოპერაციაში არმიის ერთი ქვედანაყოფია ჩართული, რომელიც 10 000-ზე მეტ ჯარისკაცს ითვლის.
ისრაელმა გასულ თვეში ომის ერთ-ერთ მთავარ მიზნად დაისახა ჰეზბოლას შეტევების შედეგად ჩრდილოეთ ისრაელიდან დევნილი 60 000 ადამიანის უკან დაბრუნება. 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ, რაც ისრაელი ღაზის სექტორში შეიჭრა, ისრაელი და ჰეზბოლა ერთმანეთს მუდმივად უტევდნენ.
მაიკლ ჰოროვიცი, ბაჰრეინში დაფუძნებული საერთაშორისო საკონსულტაციო ფირმის, Le Beck International-ის დაზვერვის ხელმძღვანელი, ამბობს, რომ ისრაელი ცდილობს ჰეზბოლას ინფრასტრუქტურის მოშლას საზღვრის გასწვრივ, გვირაბებისა და სათვალთვალო პუნქტების ჩათვლით.
„ამ თვალსაზრისით, ეს [შეჭრა] "შეზღუდულია", რადგან ისრაელის მიზანი ჰეზბოლას დამარცხება არ არის. ამისთვის ლიბანის უდიდეს ნაწილში უფრო ფართო შეჭრა იქნებოდა საჭირო“, - ამბობს ის.
მაგრამ გაურკვეველია, შეზღუდული იქნება თუ არა ისრაელის შემოჭრის მასშტაბი.
აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს, რომ ისრაელმა თავდაპირველად 1982 წელს სამხრეთ ლიბანში შეჭრაც „შეზღუდულ“ შეტევად დაასახელა, თუმცა ის 18-წლიან ოკუპაციაში გადაიზარდა.
ამასთანავე, ისრაელმა სამხრეთ ლიბანში მცხოვრებ მოსახლეობას მოუწოდა, ევაკუაცია დაეწყოთ მდინარე ავალის ჩრდილოეთიდან. მდინარე საზღვრიდან 60 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, რაც ეჭვს აჩენს, რომ ისრაელი უფრო ფართო თავდასხმას დაიწყებს.
ჰოროვიცის თქმით, ისრაელი, სამხრეთ ლიბანში ბუფერული ზონის შექმნის მცდელობის შემთხვევაში, კიდევ უფრო „ღრმად შესვლას“ რისკავს. თუმცა ისრაელის ლიდერებს გახანგრძლივებულ ომში ჩართვის თავიდან აცილება სურთ.
„ამავდროულად, თუ ისრაელის ჯარები უკან დაიხევენ, ჰეზბოლა, დიდი ალბათობით, უკან დაბრუნდება და ახალ დარტყმებს განახორციელებს ისრაელის წინააღმდეგ, რაც ისრაელის მთავრობისთვის სირცხვილის ტოლფასი იქნება“, - ამბობს ის.
შეუძლია თუ არა ჰეზბოლას ბრძოლა?
ჰეზბოლამ ბოლო თვეების განმავლობაში დიდი მარცხი განიცადა. ისრაელმა მეთაურების უმეტესობა დაუხოცა, გაუნეიტრალა სამხედრო არსენალის მნიშვნელოვანი ნაწილი და შეუფერხა კომუნიკაციები.
ჰეზბოლას დასუსტების მიუხედავად, ექსპერტები ამბობენ, რომ მის ცოცხალ ძალას და სამხედრო არსენალს ვერ უგულებელყოფთ.
ისრაელი ფიქრობს, რომ ჰეზბოლა „ქაოსის მდგომარეობაშია და მათი ბრძანებისა და კონტროლის სისტემაში გარღვევაა“, - თქვა ჰამიდრეზა აზიზიმ, გერმანიაში მოქმედი საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების კვლევის ინსტიტუტის მკვლევარმა. „ჩვენ შეგვიძლია, ისრაელის თავდაპირველ წინსვლას და წარმატებებს მოველოდეთ“.
თუმცა, მისი თქმით, ჰეზბოლას სახმელეთო ბრძოლებში „მნიშვნელოვანი უპირატესობა“ აქვს პარტიზანული ომების გამოცდილებისა და ტერიტორიის კარგად ცოდნის ხარჯზე.
1980-იანი წლების დასაწყისიდან, ანუ ჰეზბოლას შექმნის შემდეგ, ის ლიბანში დომინანტური სამხედრო ძალა გახდა და ქვეყნის ოფიციალური არმია ჩააჩოჩა.
აზიზი ამბობს, რომ ლიბანის არმია „სუსტია“ ჰეზბოლასთან შედარებით, რომელსაც დაახლოებით 40 000 მებრძოლი უნდა ჰყავდეს.
არმიას სამხრეთ ლიბანში, იქ, სადაც გაეროს სამშვიდობო ძალებია განლაგებული, მცირე მოცვა აქვს. გამომდინარე იქიდან, რომ ჰეზბოლა რეგიონის დიდ ნაწილს აკონტროლებს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ლიბანის არმია ისრაელის ძალებთან სახმელეთო ბრძოლაში დიდ როლს შეასრულებს.
ჩაერთვება თუ არა ირანი?
ირანი, რომელიც ჰეზბოლას მთავარი მოკავშირეა, ზეწოლას განიცდიდა, რომ ისრაელისთვის 27 სექტემბერს, ისრაელის მიერ ბეირუთზე მიტანილი შეტევის შედეგად მოკლული ჰასან ნასრალას მკვლელობისთვის ეპასუხა. სამხრეთ ლიბანში ისრაელის სახმელეთო შეჭრა თეირანზე ზეწოლას მხოლოდ აძლიერებს.
როდესაც ირანის კიდევ ერთი მოკავშირე, სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი, სამოქალაქო ომის დროს დამხობის რისკის ქვეშ იმყოფებოდა, ირანი ამ პროცესებში პრეზიდენტის ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ჩაერია.
თუმცა აზიზი ამბობს, რომ ლიბანში ირანის მიერ მოკავშირე ძალებისა და სამხედრო მრჩევლების ჩართვა - როგორც მან ეს სირიაში გააკეთა - ნაკლებად სავარაუდოა.
ამასთანავე, ისრაელის მუქარის შემდეგ, ლიბანის მთავრობამ ქვეყნის ტერიტორიაზე ირანული თვითმფრინავების შესვლა აკრძალა.
აზიზი ამტკიცებს, რომ ირანის მხრიდან ერთადერთი გონივრული ქმედება „წინააღმდეგობის ღერძის“ - თეირანის მარიონეტებისა და მოკავშირეების დაჯგუფების - წევრი სხვა ქვეყნების დახმარება იქნება, რათა „მობილიზაცია გააკეთონ და გააძლიერონ თავდასხმები ისრაელის წინააღმდეგ“.
განახლება
თეირანმა 1 ოქტომბერს ისრაელის წინააღმდეგ ბალისტიკური რაკეტებით მასშტაბური შეტევა განახორციელა, იმ სამხედრო კამპანიაზე პასუხად, რომელსაც ისრაელი სამხრეთ ლიბანში ახორციელებს ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰეზბოლას წინააღმდეგ. ირანის თავდასხმას ისრაელის და მისი მთავარი მოკავშირის, აშშ-ის მხრიდან მოჰყვა განცხადებები საპასუხო ზომების თაობაზე.
2 ოქტომბერს, მასშტაბური შეტევის შემდეგ კი, ირანი აცხადებს, რომ მისი მხრიდან ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმა დასრულებულია და არ განახლდება, თუკი ირანი კვლავ იძულებული არ გახდება, იმოქმედოს.
ირანიდან გაშვებული უპილოტო საფრენი აპარატები და რაკეტები ისრაელის საჰაერო სივრცეში აქამდე 14 აპრილსაც შევიდნენ.
თარგმანი: ელენე დევიძე
ფორუმი