Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საშიში ზღაპრები და დეზინფორმაცია


სატანის ფიგურა ორ ბავშვთან ერთად, თეთრი სვეტებიანი შენობის ფონზე. სათაური ყურადღებას სწრაფად იპყრობს და ახალი დეზინფორმაციული ფეისბუკპოსტიც მზად არის, რომლის გაზიარების სურვილიც 48 საათში 100-ზე მეტ ადამიანს უჩნდება. ასე გავრცელდა სოციალურ ქსელში 20 აგვისტოს „ახალი ამბავი“ აშშ-ში სატანის ქანდაკების დადგმის შესახებ.

სინამდვილეში, 2,5-მეტრიანი სატანის ქანდაკება არკანზასის შტატის კაპიტოლიუმის წინ მხოლოდ რამდენიმე საათი იდგა, სანამ კაპიტოლიუმის გარეთ პოლიტიკური აქტივისტების ჯგუფის, „სატანისტური ტაძრის“, წევრები საპროტესტო აქციას მართავდნენ. ფეისბუკგვერდს მოჭრილი ფოტო რომ არ გაეზიარებინა, ალბათ უფრო მეტ ადამიანს გაუჩნდებოდა ეჭვი, რომ ხის სადგამებზე მოთავსებული ქანდაკება დროებით იყო აქციაზე მიტანილი.

„სატანისტური ტაძარი“ ექსცენტრიული ჯგუფია და ხშირად იყენებს სატირას საპროტესტო აქციების დროს.

ფეისბუკში გავრცელებულ ფოტოზე დართულ ვიდეოკომენტარში ნათქვამია, რომ აქციის მთავარი მოთხოვნა იყო ბავშვებისთვის სატანიზმის სწავლება. სინამდვილეში, საპროტესტო აქციის მონაწილეები არკანზასის კაპიტოლიუმის წინ ათი მცნების მონუმენტის დადგმას აპროტესტებდნენ. აქვე ხუთქიმიანი სატანისტური ვარსკვლავი „დავითის ვარსკვლავად“ არის მოხსენიებული, რაც სწორი არ არის. დავითის ვარსკვლავი, რომელიც ექვსქიმიანია, სულ სხვანაირად გამოიყურება, ისრაელის დროშაზეა გამოსახული და იუდაიზმის სიმბოლოა.

ის რომ დასავლეთი სატანიზმს ქადაგებს, რომ ლიბერალიზმი და სატანიზმი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, პროპაგანდისტების რიტორიკაში ახალი არ არის, თუმცა ამ ერთ პოსტში რამდენიმე ასეთი საშიში ზღაპარი გააერთიანეს. აქვე გაიხსენეს 2016 წელს შვეიცარიაში გოთარდის გვირაბის გახსნაზე დადგმული თეატრალიზებული წარმოდგენა. მაშინ ბევრგან დაიწერა, რომ მსახიობების მიერ შესრულებული ნომერი ძალიან ჰგავდა სატანისტურ რიტუალს. საბოლოოდ კი გამოცემა swissinfo-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელიც განმარტავდა, რომ თეატრალიზებული დადგმა სხვა არაფერი იყო, თუ არა მთის ხალხის ლეგენდებსა და ალპურ კულტურაზე აგებული შოუ.

დეზინფორმაციის მოზღვავებამ ჟურნალისტებს ახალი გამოწვევა გაუჩინა. მედიაექსპერტების აზრით, აუდიტორიაც უნდა იყოს მზად დეზინფორმაციის ამოსაცნობად, ეს კი მედიაწიგნიერების დონის ამაღლებას საჭიროებს.

სოფო გელავა ფოტომანიპულაციებზე
please wait

No media source currently available

0:00 0:02:42 0:00

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორი ნატა ძველიშვიილი ავტორია 2018 წელს ჩატარებული კვლევისა, სახელწოდებით „პროქართულით შეცვლილი პრორუსული ნარატივი“. ის ამბობს, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში დეზინფორმაციის წყაროებმა ვებგვერდებიდან ფეისბუკგვერდებზე გადაინაცვლეს, ამ გვერდებს კი მკვეთრად გამოხატული საერთო დღის წესრიგი აქვთ და არც აუდიტორიის ნაკლებობას უჩივიან.

ნატა ძველიშვილი ნეონაცისტურ ფეისბუკგვერდებზე
please wait

No media source currently available

0:00 0:02:26 0:00

ფეისბუკი პერიოდულად ბლოკავს დეზინფორმაციულ გვერდებს, თუმცა მათ თავიდან ქმნიან. ყველაზე აქტიური გვერდების აუდიტორია კი, საერთო ჯამში, რამდენიმე ასეულ ათასს აჭარბებს.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

XS
SM
MD
LG