ხორავას ქუჩის საქმეზე გამოძიების გაყალბება ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე, შს სამინისტროს ხელში დაიწყო და ჯერ კიდევ დაკავებული არ არიან მკვლელები, - განაცხადა 22 ივნისს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ. მისთვის ცხადია, რომ საგამოძიებო პროცესის არასწორი გზით წარმართვა დიდწილად მირზა სუბელიანის, იმხანად პროკურატურის მაღალჩინოსნის, ინტერესებმა და აქტიურობამ განაპირობა. 22 ივნისს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მოუსმინეს ასევე ხორავას ქუჩაზე მოკლული მეორე მოზარდის, ლევან დადუნაშვილის, დედას. ნათია საყვარელიძის პოზიციაა, რომ ლევანთან მიმართებით არ არსებობს მეორე მკვლელი და მკვლელი ის არის, ვინც სასამართლომ ცნო დამნაშავედ. ლევან დადუნაშვილის დედა ამბობს, რომ იმ დღეს მისი შვილი სრულაიდ შემთხვევით მოხვდა ხორავას ქუჩაზე, იმ თაღიან ეზოში, სადაც მკვლელობა მოხდა.
მღვდლის შვილი, მიხეილ კალანდია, და გ. ჯ. - დავით სარალიძის მამა ამ სამ პირს მიიჩნევს თავისი არასრულწლოვანი შვილის მკვლელებად და ეს აზრი მან კიდევ ერთხელ გაუზიარა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას. „ვიდრე არ დავრწმუნდი ამ ინფორმაციის სისწორეში, რომ ნამდვილად ეს პირები იყვნენ (დამნაშავეები), მანამდე ხმაც არ ამომიღია და არ დამისახელებია არც ერთი“, - თქვა ზაზა სარალიძემ, რომლის თქმითაც, სარწმუნო ინფორმაცია მან სხვადასხვა წყაროსგან მიიღო და ეს ემთხვევა სასამართლოს განაჩენსაც, მაგრამ ბავშვებმა თანდათან უარყვეს თავდაპირველი ჩვენებები და ამ პროცესში დიდი იყო მშობლების როლი.
ზაზა სარალიძის თქმით, გამოძიების გაყალბება დაიწყო საწყის ეტაპზევე, მაშინ, როცა ეს საქმე ჯერ კიდევ შს სამინისტროს ხელში იყო და ამიტომ ის აღარ ენდობა გიორგი გახარიას უწყების მიერ ამჟამად წარმოებულ ხელახალ გამოძიებას. მისი აზრით, პროკურატურის მაღალჩინოსან მირზა სუბელიანის ინტერესები წარმოადგენდა ერთ-ერთ მთავარ საფუძველს იმისათვის, რომ გამოძიება არასწორი გზით წარმართულიყო. მოტივაციად სახელდება ის ფაქტი, რომ სუბელიანი თავის ოჯახთან დაკავშირებული ინტერესებით მოქმედებდა, რადგან ხორავას ქუჩის საქმის სხვადასხვა ეპიზოდში მონაწილეობდნენ მისი შვილი და ცოლის დისშვილი. რაც შეეხება შეკითხვას, თუ რატომ არ შეუშალეს ხელი სამართალდამცველმა სტრუქტურებმა მირზა სუბელიანს, ზაზა სარალიძემ ისევ ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტი ახსენა და თქვა, რომ ამ მხრივ მეტ ინფორმაციას ზვიად კუპრავა ფლობს.
პარლამენტის საგამოძიებო კომისია 22 ივნისს ასევე უსმენდა ხორავას ქუჩაზე მოკლული მეორე არასრულწლოვნის, ლევან დადუნაშვილის, დედას, ნათია საყვარელიძეს. დადუნაშვილების ოჯახი კმაყოფილია იმითაც, რომ სასამართლოს განაჩენით, სასჯელს სწორედ ის პირი მოიხდის, რომელიც მათ თავიდანვე დამნაშავედ მიაჩნდათ. სარალიძეების ოჯახისგან განსხვავებით, დადუნაშვილები სრულად იზიარებენ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას და კატეგორიულად არ ეთანხმებიან დამოუკიდებელ ექსპერტს, მაია ნიკოლეიშვილს. ნათია საყვარელიძის თქმით, პროკურატურის ქმედებებში საეჭვო არაფერი გამომჟღავნებულა და გამართული იყო პროკურატურასა და გამომძიებლებთან კომუნიკაცია. ლევან დადუნაშვილის დედა ამბობს, რომ მისი შვილი 2017 წლის 1 დეკემბერს სრულიად შემთხვევით მოხვდა ეზოში, სადაც მკვლელობა მოხდა: „ბავშვს არ ჰქონდა შეხება არც სკოლაში მომხდარ კონფლიქტთან და არც იმასთან, რაც სკოლის შემდეგ მოხდა. მას წარმოდგენა არ ჰქონდა, რა ხდებოდა და როგორ ხდებოდა“.
ლევან დადუნაშვილის დედის თქმით, მის შვილთან მიმართებით არსებობს მხოლოდ ერთი მკვლელი, რომელიც უკვე დამნაშავედ იქნა ცნობილი, თუმცა დავით სარალიძის მკვლელობა, მისი აზრით, „ჯგუფური მკვლელობა“ იყო და ამ პროცესში, სავარაუდოდ, მონაწილეობდა ასევე მსჯავრდებული გ.ბ., რომელიც სასამართლომ მხოლოდ ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში ცნო დამნაშავედ.
დადუნაშვილების ადვოკატი ხათუნა მაღლაკელიძე, რომელიც 22 ივნისს ასევე წარდგა კომისიის წინაშე, საეჭვოდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ მოწმეთა და ბრალდებულთა ჩვენებების აუდიოჩანაწერები სატელევიზიო ეთერში ხვდებოდა. მაღლაკელიძის თქმით, ეს, სავარაუდოდ, იყო სხდომის ოქმის ჩანაწერები, ხოლო სხდომის ოქმის მიღების უფლება ჰქონდათ მხოლოდ პროკურორებს და ბრალდებულთა ადვოკატებს.
„თუკი ეს იყო სხდომის ოქმის ჩანაწერები, პროკურორები, ცხადია, არ გადასცემდნენ ტელევიზიას. ეს ემსახურებოდა ბრალდებულთა ინტერესებს, რათა საზოგადოებისთვის მიეწოდებინათ აზრი, რომ საქმეში არის ბევრი დამნაშავე და გამოერიცხათ ბრალდებულთა ბრალეულობა დასრულებული მკვლელობის ნაწილში. ეს ემსახურებოდა შეღავათიანი, ნაკლები სასჯელის მიღების მიზანს“, - განაცხადა ადვოკატმა ხათუნა მაღლაკელიძემ. მისი თქმით, გასაგებია, რომ ჟურნალისტს აქვს უფლება ნებისმიერი გზით მოიპოვოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მაგრამ გამოსარკვევია, ვინ მიაწოდა ჟურნალისტს ეს ინფორმაცია და ვის ინტერესს ემსახურებოდა ეს. ადვოკატის თქმით, მათ მიმართეს პროკურატურას, მაგრამ გამოძიებასთან დაკავშირებული შედეგი ამ ეტაპამდე უცნობია.