ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში 1 ივნისს გვიან ღამითვე დაიწყო გამოძიება, რომლის მიზანია დადგინდნენ პირები, ვინც სხვადასხვა მეთოდით ცდილობდა დამნაშავეთა დაფარვას.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს,რომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ არიან ადამიანები, ვინც გამოძიების ვერსიის დანგრევასა და გარკვეული პირებისთვის პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობდა:
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ საქმის ფარგლებში უკვე დაიკითხა რამდენიმე პირი, მათ შორის პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი, რომელსაც მოკლული დავით სარალიძის მამა პირდაპირ ადანაშაულებს მკვლელების მფარველობასა და მტკიცებულებების გაყალბებაში. ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში კი განაჩენი ისე დადგა, რომ მართლმსაჯულების სისტემას არ ჰყავს გამოვლენილი პირი, რომელმაც არასრულწლოვანი დავით სარალიძე მოკლა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ამგვარი განაჩენი, თავის მხრივ, სამართლებრივად უკვე არის იმის საფუძველი, რომ შესაბამისმა ორგანოებმა დამნაშავის დასადგენად გამოძიება ხელახლა დაიწყონ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მიერ 1 ივნისის ღამით გაკეთებულმა განცხადებამ, რომ საქმე პროკურატურიდან გამოძიების პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუბრუნდება,საზოგადოებაში სწორედ მკვლელობის საქმის გამოძიების ხელახლა დაწყების მოლოდინი გააჩინა, თუმცა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი სოფო ვერძეული ამბობს, რომ ბრალდებულთა რაოდენობის გაზრდა დანაშაულის შეუტყობინებლობის საქმეშია შესაძლებელი:
„ერთი საქმე მიდიოდა არასრულწლოვანი ბრალდებულების მიმართ მკვლელობაზე და მკვლელობის მცდელობაზე და მეორე მიდის 5 პირის მიმართ დანაშაულის შეუტყობინებლობა-დაფარვაზე. სავარაუდოდ, შსს-ს გადაეცა შეუტყობინებლობა-დაფარვის საქმე. შეიძლება შსს-მ ამ საქმის ფარგლებში გამოკვეთოს ახალი ბრალდებულები ან შეიძლება კიდევ ახალი საქმე გამოეყოს“.
თუმცა, სოფო ვერძეულის აზრით, მნიშვნელოვანია არა ის, ვინ გამოიძიებს საქმეს, არამედ ის, ვინ დახვდება მას პროკურატურაში, ვინ გახდება მთავარი პროკურორი და ვინ დაინიშნება უშუალოდ ამ საქმის პროკურორად.
პროკურატურა ამ ეტაპზე ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით გამოტანილ განაჩენს თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. იგი არ ეთანხმება განაჩენს არც კვალიფიკაციისა და არც სასჯელის ნაწილში. განაჩენის გასაჩივრებას აპირებენ ბრალდებულთა ადვოკატებიც. რა მოხდება სააპელაციო სასამართლოში მნიშვნელოვანია დაზარალებული დავით სარალიძის ოჯახისთვისაც, მიუხედავად იმისა, რომ არასრუწლოვანის მკვლელის ან მკვლელების დადგენა ახალი სისხლის სამართალწარმოების საგანია და, იურისტების განმარტებით, უშუალოდ არ არის დამოკიდებული პროცესის სასამართლოს ყველა ინსტანციაში განხილვის დასრულებაზე:
გამოძიების პროცესში პროკურატურის მიერ გაწეული საქმიანობის კანონიერებას, თავის მხრივ, შეაფასებს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაც, რომელიც მუშაობას უახლოეს მომავალში შეუდგება. როგორც ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ადამიანის უფლებების პროგრამის მენეჯერი გიორგი ჩიტიძე ამბობს, კომისიას შეუძლია დაადგინოს, იკვეთება თუ არა კონკრეტული პირების - გამომძიებლის, პროკურორის ან მთავარი პროკურორის-კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და ეს დასკვნა პროკურატურას გადაუგზავნოს შემდგომი რეაგირებისთვის. გიორგი ჩიტიძის თქმით, პროკურატურა და შინაგან საქმეთა ორგანოები ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას ხელახლა გამოიძიონ საქმე სარალიძის ნაწილში, მათ შორის დაადგინონ, ხომ არ განადგურდა მტკიცებულებები.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 1 ივნისს ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწოვანი ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ მოზარდს 10 წლით, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს 9 წლით შეუფარდა პატიმრობა. დავით სარალიძის მკვლელობაში დამნაშავე მართლმსაჯულებამ ჯერ ვერ გამოავლინა.