Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპრეზიდენტო არჩევნები ეუთოს ლუპით


საარჩევნო პლაკატები
საარჩევნო პლაკატები

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) მისია, რომლის ძირითადმა ჯგუფმა საქართველოში მუშაობა 19 სექტემბერს დაიწყო, საპრეზიდენტო კანდიდატებთან შეხვედრას განაგრძობს. მისია, რომლის დასკვნებსაც უპირობოდ იზიარებს საერთაშორისო თანამეგობრობა, 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ათობით გრძელვადიანი და ასობით მოკლევადიანი მეთვალყურით იქნება წარმოდგენილი. მისიის ხელმძღვანელმა გერტ-ჰაინრიხ არენსმა 11 ოქტომბერს საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებული მწვავე შეფასებები მოისმინა ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძისგან. შეხვედრის შეთავაზება 25-ვე საპრეზიდენტო კანდიდატმა მიიღო და რამდენიმე შეხვედრა უკვე გაიმართა.

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ არაკონკურენტულ, ამომრჩეველთა დაშინებაზე ორიენტირებულ წინასაარჩევნო გარემოზე ილაპარაკა და ელჩ გერტ-ჰაინრიხ არენსს კიდევ არაერთი მწვავე შეფასება გაუზიარა 11 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე, თუმცა, გრიგოლ ვაშაძის თქმით, OSCE/ODIHR-ის მისიის წარმომადგენლები უკვე ფლობდნენ ინფორმაციას წინასაარჩევნო გარემოში გამოვლენილი ფაქტების თაობაზე.

გრიგოლ ვაშაძე OSCE /ODIHR-ის მისიის ხელმძღვანელთან შეხვედრაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:01:19 0:00

„ერთადერთი თხოვნა, რომელიც ჩვენ მივიღეთ, ის იყო, რომ ყველა დარღვევაზე, რომელიც გამოვლინდება და რომელზეც ჩვენ ეჭვი გვაქვს, აუცილებლად გვქონდეს დადასტურებული ფაქტი და საჩივარი და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ“, - აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

  • 19 სექტემბრიდან ეუთო/ოდირის მისია საქართველოში წარმოდგენილია ძირითადი ჯგუფით - 14 საერთაშორისო ექსპერტის შემადგენლობით.
  • 26 სექტემბრიდან ეუთო/ოდირის მისიის 28 გრძელვადიანმა მეთვალყურემ დაიწყო მუშაობა მთელი საქართველოს მასშტაბით.
  • 28 ოქტომბერს, უშუალოდ არჩევნების დღეს, პროცესს დააკვირდება ეუთო/ოდირის 350-მდე მოკლევადიანი მეთვალყურე (ზუსტი რიცხვი ჯერ დადგენილი არ არის).
  • პარტნიორობის ფარგლებში, სამეთვალყურეო დელეგაციები ჩამოვლენ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეიდან (OSCE PA), ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან (PACE), ევროპარლამენტიდან (EP) და ნატოს საპარლამენტო ასამბლეიდან (NATO PA).

19 სექტემბერს, როდესაც მუშაობას შეუდგა მისიის ძირითადი ჯგუფი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაიმართება შეხვედრები საპრეზიდენტო კანდიდატებთან, ხელისუფლებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან, მედიასა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

მისიის ხელმძღვანელსა და წარმომადგენლებთან შეხვედრის თანაბარი შანსი აქვს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატს და ყოველმა მათგანმა მიიღო ასეთი შეთავაზება. 10 ოქტომბერს ეს შანსი „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ გამოიყენა. მან საარჩევნო პროცესს „ფარსი“ უწოდა და გამოხატა რწმენა, რომ საარჩევნო პროცესში დარღვევები აუცილებლად დაფიქსირდება ეუთოს მეტად მნიშვნელოვანი მისიის მიერ.

გადმოწერა

ყველაზე ადრე და, კერძოდ, 28 სექტემბერს ეუთო/ოდირის მისიის ხელმძღვანელს „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი შეხვდა და საარჩევნო გარემოს შეფასებისას ძირითადად ოპონენტები გააკრიტიკა. „მე მას ავუხსენი, რომ ჩვენთან არაევროპული საარჩევნო გარემოა, რომ ოპონენტები არაევროპულად იქცევიან, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს საუბრობენ ევროპაზე. მიუხედავად იმისა, რომ მათი პარტიის დასახელებაშიც კი ფიგურირებს ევროპა, მაინც ვერ გაიგეს, რას ნიშნავს წარმართო ევროპული სტილის კამპანია. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ქვეყანა გადავა ევროპულ კამპანიასა და მენტალიტეტზე, რადგან ამდენი აგრესიითა და სიძულვილით საქმე არ კეთდება“, - განაცხადა ზურაბიშვილმა შეხვედრის შემდეგ.

ეუთოს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად,მისია საპრეზიდენტო არჩევნებს შეაფასებს ეუთოს ვალდებულებებსა და დემოკრატიული არჩევნებისათვის დადგენილ სხვა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში. შეფასდება ასევე საარჩევნო პროცესის შესაბამისობა ქვეყნის კანონმდებლობასთან“.

  • მისია თვალყურს მიადევნებს კანდიდატების რეგისტრაციის პროცესსა და წინასაარჩევნო კამპანიას.
  • შეფასდება ასევე საარჩევნო ადმინისტრაციისა და შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მუშაობა, საკანონმდებლო მოთხოვნების შესრულება, მედიაგარემო და საარჩევნო დავების გადაწყვეტა.
  • უშუალოდ არჩევნების დღეს კი მეთვალყურეები შეამოწმებენ საარჩევნო უბნების გახსნის, ხმის მიცემის, ბიულეტენების დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცედურებს.

ოდირის მისია მუშაობის პროცესში გამოაქვეყნებს შუალედურ ანგარიშს და ამას, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში უნდა მოველოდეთ. არჩევნების მეორე დღეს, 29 ოქტომბერს, გამოქვეყნდება წინასწარი დასკვნა საარჩევნო პროცესის შეფასების შესახებ, ხოლო საბოლოო ანგარიში არჩევნების შემდეგ, დაახლოებით, 8 კვირაში გამოქვეყნდება.

OSCE /ODIHR-ის მისია 14 არჩევნებს მეთვალყურეობდა საქართველოში და მათ შორის არის 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. როგორც წესი, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE /ODIHR) მისიას საგანგებო ინტერესი უკავშირდება, რადგანაც სწორედ ამ მისიის საბოლოო შეფასებები და დასკვნები წარმოადგენს ძირითად და სანდო ორიენტირს საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. OSCE/ODIHR უკვე დარეგისტრირებულია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ნუსხაში სულ 35 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია ირიცხება.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG