Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ შემოუშვა სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი საქართველომ საარჩევნოდ და რა დაწერა მან


მალკევიჩის ტელეგრამარხზე ატვირთული ვიდეოებიდან და ფოტოებიდან ირკვევა, რომ 49 წლის რუსი პროპაგანდისტი 23 ოქტომბერს დაესწრო მმართველი პარტიის და მისი მომხრეების შეკრებას რუსთაველზე
მალკევიჩის ტელეგრამარხზე ატვირთული ვიდეოებიდან და ფოტოებიდან ირკვევა, რომ 49 წლის რუსი პროპაგანდისტი 23 ოქტომბერს დაესწრო მმართველი პარტიის და მისი მომხრეების შეკრებას რუსთაველზე

როდის, როგორ და რატომ ჩამოვიდა საქართველოში ალექსანდრ მალკევიჩი, რუსი პროპაგანდისტი, ტელეარხ სანქტ-პეტერბურგის გენერალური დირექტორი, რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი პალატის კომისიის ყოფილი წევრი, რომელიც წლებია აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაშია, ახლა ამ კითხვებზე პასუხებს მხოლოდ თუ ვივარაუდებთ.

ფაქტი ისაა, რომ აშშ-ის მიერ ძებნილი პროპაგანდისტი, რომლის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისთვის სახელმწიფო დეპარტამენტს დაწესებული აქვს 10 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო, საპარლამენტო არჩევნების პერიოდში, რამდენიმე დღის განმავლობაში, საქართველოში იმყოფებოდა.

დიდი ალბათობით, რუსმა პროპაგანდისტმა საქართველოში შემოსვლით დაარღვია საქართველოს კანონი ოკუპაციის შესახებაც.

ინტერნეტში დღესაც იძებნება ინფორმაცია და ფოტოები იმის შესახებ, რომ 2023 წლის აგვისტოს ბოლოს ის ოკუპირებულ ცხინვალში იმყოფებოდა და დე ფაქტო პრეზიდენტს, ალან გაგლოევს შეხვდა.

მეორე დღეა ვცდილობთ, თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მაინც ვერ მივიღეთ ინფორმაცია, როგორ შემოვიდა რუსი ჟურნალისტი საქართველოს ტერიტორიაზე. უწყებაში გვეუბნებიან, რომ ჯერჯერობით ამ კითხვაზე პასუხს ვერ გაგვცემენ.

პირველ ნოემბერს, რუსი პროპაგანდისტის თაობაზე დასმულმა შეკითხვამ ხუმრობის ხასიათზე დააყენა „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე.

პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტების კითხვას, მალკევიჩის საქართველოში სამუშაო ვიზიტის შესახებ, ასე უპასუხა:

„ჩვენ გვეხმარება. ზემოთ გვყავს ახლა და მაგვიანდება, უნდა ავიდე“.

ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევის თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ კი თქვა:

მამუკა მდინარაძე, უმრავლესობის ლიდერი
მამუკა მდინარაძე, უმრავლესობის ლიდერი

„დარწმუნებული ვარ, ან არ აქვს დარღვეული, ან შესაბამისი მონაცემები არ არსებობს. სერიოზულად თუ გაინტერესებთ, გავარკვევ. თუ ბაზებში იყო ასეთი მონაცემი და მართლაც დარღვეული აქვს, წარმოუდგენელია შემოსულიყო. რაღაც სხვა რამეშია საქმე. ... ტყუილი მგონია [რომ დარღვეული აქვს ოკუპაციის შესახებ კანონი], მაგრამ შეიძლება არ არის ტყუილი და რაღაც შეცდომა მოხდა“, - თქვა მამუკა მდინარაძემ და შემდეგ კვლავ ირონიული ტონით დაამატა: „ჩვენ ხომ ჩელიაბინსკში ვართ, ხომ ასე იცით ყველამ, ახლა ვართ ჩელიაბინსკში და ჩელიაბინსკში რუსი შესულიყო, რა პრობლემაა“.

რისთვის ჩამოვიდა რუსი პროპაგანდისტი საქართველოში?

მალკევიჩის ტელეგრამარხიდან ირკვევა, რომ 49 წლის რუსი ჟურნალისტი 23 ოქტომბერს დაესწრო მმართველი პარტიისა და მისი მომხრეების შეხვედრას რუსთაველის გამზირზე, მოინახულა გორი, სტალინის სახლ-მუზეუმი, იყო მცხეთაში, სვეტიცხოველში.

ტელეგრამარხზე ის ჰყვება, როგორ ემზადებოდა საქართველო არჩევნებისთვის, რა განწყობები და სურვილები აქვს საზოგადოებას. და ეს სურვილები, მისი მტკიცებით, სულაც არ არის ევროკავშირისკენ სწრაფვა.

ერთ-ერთ პოსტში, რომელსაც ის უკვე რუსეთიდან წერს, ვკითხულობთ:

ალექსანდრ მალკევიჩი, რუსი პროპაგანდისტი თბილისში, 23 ოქტომბერი, 2024 წელი
ალექსანდრ მალკევიჩი, რუსი პროპაგანდისტი თბილისში, 23 ოქტომბერი, 2024 წელი

„დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება. გთავაზობთ რამდენიმე ჩანახატს თბილისიდან. დედაქალაქის ცენტრში აღმოვაჩინე საინტერესო გრაფიტი, რომელიც ძალიან მკაფიოდ აღწერს საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებას ევროკავშირისადმი. ევროკავშირის დროშა გადახაზულია, ისევე როგორც უკრაინის დროშა.

უსასრულო მოწოდებები სანქციების დაწესების თაობაზე იმ ქვეყნისგან, რომელიც საქართველოსგან ითხოვს უკრაინაში გააგზავნოს მოხალისე მებრძოლები, რადგან „თავისი უკვე დაუმთავრდა“, ცოტათი ყველას მობეზრდა. ყველა მცდელობა, რომ საქართველომ მოსკოვთან განავითაროს ურთიერთობები, დასავლეთში აღქმულია, როგორც „საერთო დემოკრატიული საქმის“ ღალატი. წარმოიდგინეთ, ამათ დემოკრატიაც კი გაახსენდათ!“...

საქართველოში ყოფნის პერიოდში, ალექსანდრ მალკევიჩმა არაერთ რუსულ მედიასაშუალებას მისცა ინტერვიუ. მათ შორის, მაგალითად, „ლომოვკას“, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტის ერთ-ერთი ფონდი აფინანსებს.

მალკევიჩი სწორედ მათთან ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოში ყოფნისას ცენტრალური საარჩევნო კომისიის აკრედიტაცია ჰქონდა. ამავე ინტერვიუში ის სალომე ზურაბიშვილს „ვადაგასულ პრეზიდენტსა“ და „უცხოეთის აგენტს“ ეძახის.

რადიო თავისუფლებას ცესკოში უთხრეს, რომ როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური მედიაორგანიზაციები, აკრედიტაციის შესავსებად იყენებენ მათ საიტზე ატვირთულ ონლაინ ფორმას და პირადად ამ ჟურნალისტის შესახებ არანაირ ცნობებს არ ფლობენ:

„ეს ადამიანი დააკვირდა თუ არა უშუალოდ საარჩევნო პროცესს, ეს ჩვენ არ ვიცით. პირადად ამ ადამიანს ჩვენთან კომუნიკაცია არ ჰქონია. აკრედიტაციას არ გადის ცალკეული ჟურნალისტი. აკრედიტაციას გადის მედიაორგანიზაცია და ეს მედიაორგანიზაცია წარადგენს კონკრეტულ ჟურნალისტს“, - გვეუბნებიან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

საქართველოს შესახებ მომზადებული გადაცემის ბმული, რომელიც რუსულ ტელეარხ TV-3-ზე გავიდა, მალკევიჩმა ტელეგრამარხზე პირველ ნოემბერს გააზიარა.

გადაცემა 27 ოქტომბერსაა ჩაწერილი და ირკვევა, რომ მალკევიჩი უკვე რუსეთში, ტელეარხის სტუდიაში იმყოფება. ამავე ჩანაწერიდან ჩანს, რომ ის არც არჩევნების დღეს, ანუ 26 ოქტომბერს აღარ იყო საქართველოში.

გადაცემის ბმული რუსმა პროპაგანდისტმა ტელეგრამზე ამ მინაწერით გაავრცელა:

„არჩევნების შედეგების თანახმად, 26 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც რუსეთთან კონფრონტაციის წინააღმდეგ გამოდის. მეოცნებეებმა ხმების 54%-ზე ცოტა ნაკლები მიიღეს. და ეს მოსალოდნელიც იყო. ამიტომ რუსოფობებმა და ბოევიკმა-ლეგიონერებმა, რომლებიც კიევის რეჟიმისთვის იბრძვიან, არჩევნები წინასწარვე გამოაცხადეს არალეგიტიმურად და რევოლუციითა და სახელმწიფო გადატრიალებით იმუქრებიან.

არ აღიარებენ ოპონენტების გამარჯვებას. ანუ იმ ადამიანების გამარჯვებას, რომლებიც მშვიდობას ირჩევენ და არა ომს რუსეთთან. ჰო, დასავლეთმა ეს მათ უკვე ღიად შესთავაზა. დაიწყონ ომი ჩვენთან, გაიხიზნონ მთებში, დაიწყონ პარტიზანობა და ელოდონ სამხედრო დახმარებას ნატოსგან. ეს იყო რეალური გეგმა, რომელსაც უცხოელები საქართველოს პრემიერ-მინისტრს სთავაზობდნენ“, - წერს ალექსანდრ მალკევიჩი ტელეგრამზე.

ამ ციტატის ბოლო წინადადება - მთაში გახიზვნის შესახებ, ეფუძნება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს, რომელიც მან ტელეკომპანია „იმედს“ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, 21 ოქტომბერს მისცა. ინტერვიუს ეს ამონარიდი ალექსანდრ მალკევიჩმა თავის სიუჟეტშიც ჩასვა:

ბიძინა ივანიშვილი, 26 ოქტომბერი, საპარლამენტო არჩევნების დღე
ბიძინა ივანიშვილი, 26 ოქტომბერი, საპარლამენტო არჩევნების დღე

„შეიძლება, მე ერთი მონაყოლიც გავიხსენო, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, როდესაც მასთან ერთი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირი ასეთი ტიპის საუბარს აწარმოებდა. ირაკლი შეეკითხა: კი მაგრამ, როგორ წარმოგიდგენიათ, ჩვენ რამდენი დღე შეგვიძლია ვიომოთ, რამდენ დღეს გავუძლებთო? სამი-ოთხი დღე ალბათო. მერე, სამი-ოთხი დღის გულისთვის გვღუპავთო?! არა, თქვენ სამი მილიონი ხართ და სამ-ოთხ დღეში ყველას კი ვერ ამოგხოცავენო. შეგიძლიათ, პარტიზანული მოძრაობით ტყეში გახვიდეთ და ჩვენ მოგაწვდით, დაგეხმარებით და იქიდან იომეთო. აი, ეს იყო რეალობა“, - უთხრა ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტს, მაგდა ანიკაშვილს, ბიძინა ივანიშვილმა.

რაც შეეხება მალკევიჩის მომზადებული სიუჟეტის დანარჩენ შინაარსს, ის გაჯერებულია ანტიდასავლური გზავნილებით.

რუსი პროპაგანდისტი საუბრობს „ქართული ოცნების“ მიღებული „აგენტებისა“ და „ლგბტ უფლებების შემზღუდავი“ კანონების შესახებ, ამბობს, რომ ამ კანონების მიღების გამო ევროკავშირმა საქართველო დასაჯა, რამდენიმე ათეულ პოლიტიკოსსა და ბიზნესმენს სანქციები დაუწესა, შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები - „იმ იმედით, რომ საქართველო ამ კანონებს შეაჩერებდა, მაგრამ არა, ასეთი იყო „ქართული ოცნების“ პასუხი“, - ამბობს რუსი პროპაგანდისტი სიუჟეტში და აჩვენებს 23 ოქტომბერს, თავისუფლების მოედანზე, „ქართული ოცნების“ მიტინგს, რომელსაც თან ერთვის მისი შეფასებაც:

„ამდენი ადამიანი თავისუფლების მოედანზე დიდი ხანია არ უნახავთ. ყველაზე მოკრძალებული შეფასებით, აქ შეკრებილია 250 ათასამდე ადამიანი. ისინი დასავლეთისგან მოითხოვენ, გაწიოს ხელები შორს, შეწყვიტოს საქართველოს სუვერენულ საქმეებში ჩაძრომა, შეწყვიტოს ფერადი რევოლუციების ორგანიზება, როდესაც ვაშინგტონი და ბრიუსელი, თითების ერთი გატკაცუნებით ძვრებიან სუვერენული ქვეყნების შიდა საქმეებში, ცვლიან მათთვის არასასურველ რეჟიმებს და მათ თავს ახვევენ უცხო ღირებულებებს“.

რუსი პროპაგანდისტი ჰყვება, რომ ამ ფონზე, ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც დასავლეთი და „უკრაინელი ნეონაცისტები უნთებენ ცეცხლს“, არ აპირებენ დანებებას.

ვინ არის სანქცირებული და ძებნილი პროპაგანდისტი

49 წლის ალექსანდრ მალკევიჩს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პრიზის „პულიცერის პრემიის“ მიღების ამბიცია აქვს:

„რამდენიმე წელში იქნებ პულიცერის პრემიაც გადმომცენ“, - უთხრა მან 2018 წელს ამერიკულ გამოცემა Foreign Policy-ს.

მალკევიჩი, ტელეარხ სანქტ-პეტერბურგის გენერალური დირექტორი, ტელეწამყვანი, რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი პალატის კომისიის ყოფილი წევრი, წლებია ევროკავშირის ქვეყნებისა და აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში იმყოფება.

აშშ-მა სანქცირებულთა სიაში ის 2021 წელს შეიყვანა. ამ გადაწყვეტილების მიზეზი კი იყო საპრეზიდენტო არჩევნებისას, რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამაარსებელ ევგენი პრიგოჟინთან მჭიდრო კონტაქტი და დეზინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი, რომელიც აშშ-ის მიერ სანქცირებულთა შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს, რუსი პროპაგანდისტის შესახებ 2021 წლის 15 აპრილს წერდა:

„რუსეთის მოქალაქე, ალექსანდრ მალკევიჩი და მისი კომპანია „ეროვნული ღირებულებების დაცვის ფონდი“, მინიმუმ 2019 წლიდან, მჭიდროდ თანამშრომლობს პრიგოჟინის გლობალური გავლენის ოპერაციასთან. მალკევიჩი, რომელიც 2018 წლიდან ასევე ხელმძღვანელობს პრიგოჟინთან აფილირებულ ინგლისურენოვან რუსულ მედიასაშუალებას USA REALLY, აგრძელებს პრიგოჟინის დეზინფორმაციულ კამპანიას, რომლის შინაარსიც შეურაცხყოფს აშშ-ის საარჩევნო პროცესს“.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს ასევე დაწესებული აქვს 10 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო ალექსანდრ მალკევიჩის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისთვის. ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამის, „ჯილდო სამართლიანობისთვის“ ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული.

„პროგრამა „ჯილდო სამართლიანობისთვის“ ეძებს ინფორმაციას რუსეთის მოქალაქის, ალექსანდრ მალკევიჩის შესახებ, რომელიც იყო რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი პალატის კომისიის წევრი. მალკევიჩი 2019 წლიდან იყენებს თავის კომპანიას „ეროვნული ღირებულებების დაცვის ფონდს“ ევგენი პრიგოჟინთან, რუსეთის ტროლების ქარხნის - „ინტერნეტგამოძიების სააგენტოს“ (IRA) დამფინანსებელთან. ორივე, პრიგოჟინიცა და მისი სააგენტოც, სანქცირებულია 2016 წელს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობისთვის“, - წერია „ჯილდო სამართლიანობისთვის“ ოფიციალურ გვერდზე.

ალექსანდრ მალკევიჩის საქართველოში ვიზიტს პლატფორმა X-ზე გამოეხმაურა ბახტი ნიშანოვი. ის ჰელსინკის კომისიის მრჩეველია.

მან დაწერა:

„მალკევიჩს აშშ-ის ფედერალური ხელისუფლება ეძებს აშშ-ის არჩევნებში ჩარევისთვის. შტატების ხელისუფლება ფაქტობრივად გვთავაზობს ჯილდოს $10 მილიონამდე, ინფორმაციისთვის, რომელიც მის ადგილსამყოფლამდე მიგვიყვანს. ფაქტი, რომ ის საქართველოში იმყოფებოდა არჩევნების დროს, არაერთ სახიფათო სიგნალს იძლევა“.

ინფორმაცია ალექსანდრ მალკევიჩის საქართველოში ყოფნის შესახებ 31 ოქტომბერს გაავრცელა საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“.

ორგანიზაციამ „შემაშფოთებელი“ უწოდა საქართველოში „კრემლის რუპორის როლით რუსული დეზინფორმაციის გავრცელებას“.

ორგანიზაციამ „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ ჯერ კიდევ 2023 წლის აპრილში გამოაქვეყნა ვრცელი გამოძიება „მალკევიჩის პროპაგანდა, "ვაგნერის" მოკავშირეთა ქსელი უკრაინაში“, სადაც წერდა, თუ როგორ შექმნა რუსმა ჟურნალისტმა და ბიზნესმენმა ევგენი პრიგოჟინთან დაახლოებული პროპაგანდისტული აპარატი უკრაინის სამხრეთში.

გასულ კვირაში საქართველოში არ შემოუშვეს ჩეხი ჟურნალისტი რეი ბეისლი და ფოტოგრაფი შტეფან გოსი, რომლებსაც საპარლამენტო არჩევნების გაშუქება სურდათ. უარის მიზეზად მითითებულია ყველაზე ზოგადი პუნქტი: „არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს“.

  • ​16 სექტემბერს ქუთაისის აეროპორტიდან პოლონეთში გააბრუნეს საქართველოში მცხოვრები ბელარუსი ჟურნალისტი და აქტივისტი ანდრეი მიალეშკა, რომელიც არასრულწლოვან შვილთან ერთად ბრუნდებოდა.
  • ​17 სექტემბერს საქართველოში არ შემოუშვეს ქართულ-სომხური მედიაგამოცემა Aliq Media-ს დამფუძნებელი და ერთ-ერთი რედაქტორი არსენ ხარატიანი, რომელიც ლუქსემბურგიდან თბილისში მოფრინავდა, საიდანაც სომხეთში უნდა წასულიყო. ხარატიანი მაშინ სტამბოლში გააბრუნეს, საიდანაც ისევ ლუქსემბურგში მოუწია წასვლა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG