Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივანიშვილის გარემოცვა, თურნავა, „რიჟა“, სხვა ბიზნესმენები - ვისი სია გაუგზავნეს მარკო რუბიოს, აშშ-ის მომავალ სახელმწიფო მდივანს


კონგრესიდან მარკო რუბიოსადმი გაგზავნილი წერილით, მას სთხოვენ სანქციების დაწესებას ბიძინა ივანიშვილის გარემოცვისა და „გამაძლიერებლებისათვის“.
კონგრესიდან მარკო რუბიოსადმი გაგზავნილი წერილით, მას სთხოვენ სანქციების დაწესებას ბიძინა ივანიშვილის გარემოცვისა და „გამაძლიერებლებისათვის“.

რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, შეერთებული შტატების მომავალ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს კონგრესიდან გაუგზავნეს წერილი, რომლითაც მას „ქართული ოცნების“ „ავტორიტარული მმართველობის, არჩევნების გაყალბებისა“ და „ჩინეთის, რუსეთისა და ირანის აგრესიის ღერძისკენ საქართველოს გადახრის“ შესახებ ატყობინებენ.

ამავე წერილში, რომელიც კარგად ინფორმირებული წყაროს ცნობით, 2025 წლის 9 იანვარს გაეგზავნა რუბიოს, ჩამოთვლილია საქართველოს პოლიტიკურ და ბიზნესსცენაზე მყოფი 25 ადამიანი, - „ივანიშვილის „მაცოცხლებელთა“ [enablers] ქსელი“, - რომლებიც, წერილის თანახმად, არიან „ელიტური გარემოცვა, კორუმპირებული ფინანსური მუშაკები, პროპაგანდისტები და ისინი, ვინც რეპრესიულ სახელმწიფო აპარატს ამუშავებენ“.

სიაში, რომელიც დონალდ ტრამპის მიერ სახელმწიფო მდივნად დასახელებულ მარკო რუბიოს გაუგზავნეს, არიან:

„ივანიშვილის ოჯახისა და ახლო წრის წევრები“:

  • ეკატერინა ხვედელიძე - ბიძინა ივანიშვილის ცოლი;
  • ალეკო ივანიშვილი - ბიძინა ივანიშვილის ძმა;
  • უჩა მამაცაშვილი - ივანიშვილის დეიდაშვილი;
  • შმაგი კობახიძე - ივანიშვილის დისშვილი. სიაში მოხსენიებულია, როგორც „ივანიშვილის ოჯახისა და ახლო წრის წევრი“.

„ქართული ოცნების“ ლიდერები, მინისტრები და სახელმწიფო თანამდებობის პირები:

  • ნათია თურნავა - ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი;
  • კახა ბექაური - კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე;
  • თორნიკე რიჟვაძე - აჭარის მთავრობის მეთაური;
  • გრიგოლ ლილუაშვილი - სუსის უფროსი;
  • ვახტანგ გომელაური - შინაგან საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი გახდა აშშ-ის მიერ „მაგნიტსკის სანქციების“ დაწესების შემდეგ;
  • კახა კალაძე - თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი;
  • ირაკლი კობახიძე - წერილში მოხსენიებულია, როგორც „დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი“;
  • ასევე, ლაშა ნაცვლიშვილი - მოხსენიებულია, როგორც „პარტიის იდეოლოგი“;
  • ვასილ მაღლაფერიძე - საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი, სამეურვეო საბჭოს მოქმედი თავმჯდომარე. გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყო „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე. სიაში მოხსენიებულია, როგორც „პარტიის იდეოლოგი“.

„კორუმპირებული ფინანსური „გამაძლიერებლები“ ეკონომიკის სხვადასხვა სფეროდან, მათ შორის მედიიდან:

  • ირაკლი რუხაძე - „იმედის“ მფლობელი (აშშ-ის მოქალაქე);
  • სოსო ფხაკაძე - „ვისოლ ჯგუფის“ დამფუძნებელი;
  • ხვიჩა მაქაცარია - „სელფის“ (ყოფილი „ბილაინის“) მფლობელი; მისი დაფუძნებული CBS ჯგუფი საქართველოში აერთიანებს კომპანიებსა და აქტივებს კომპანიებში “თელმიკო”, “თბილისი ენერჯი”, “საქართველოს ლატარიის კომპანია” და ა.შ.
  • ირაკლი გილაური - „საქართველოს კაპიტალის“ (Geo Capital) დირექტორი;
  • ვანო ჩხარტიშვილი - „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენი, ედუარდ შევარდნაძის მთავრობის ეკონომიკის მინისტრი;
  • სულხან პაპაშვილი;
  • გიორგი კაპანაძე („რიჟა“), რომელიც ჭიათურაში მანგანუმის მომპოვებელი კომპანიის, „ჯორჯიან მანგანეზის“ წილების ნაწილს ფლობს და დე ფაქტო განკარგავს;
  • ილია წულაია - „არქის“ დამფუძნებელი;
  • ნოშრევან ნამორაძე - „ვიარ ჰოლდინგის“ [VR Holding], „კრწანისი რესორტ რეზიდენსის“, „კრწანისი როიალ რეზიდენსის“, „კრწანისი ვილა რეზიდენსის“, „თაბორი ფორესთ-პარკ რესორტის“ და სხვა კომპანიების მფლობელი;
  • ვიქტორ ჯაფარიძე - „პოსტივის“ მფლობელი, პარლამენტარი.

მოსამართლეები:

  • მიხეილ ჩინჩალაძე;
  • ლევან მურუსიძე.

წერილი მიმოიხილავს საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს, - წინასაარჩევნო გარემოს, სადავო არჩევნებს, პროევროპულ საპროტესტო დემონსტრაციებს, მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევასა და მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დევნას.

„მართალია, შეერთებულმა შტატებმა შესაქები ნაბიჯები გადადგა ივანიშვილის სანქცირებით, აუცილებელია აღიარებულ იქნეს, რომ მის ძალაუფლებას ამყარებს „მაცოცხლებელთა“ ქსელი“, - წერია მიმართვაში.

მარკო რუბიოსადმი გაგზავნილ წერილში მოთხოვნილია სწორედ ამ ადამიანების სანქცირება.

ბიძინა ივანიშვილს შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები 2024 წლის 27 დეკემბერს დაუწესა. სანქციები ეხება Credit Suisse-თან მის დავასაც.

„ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ქმედებებმა ძირი გამოუთხარეს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ხელი შეუწყვეს ადამიანის უფლებათა დარღვევას, და საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვას ხელი შეუშალეს“, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა სანქციების გამოცხადების შემდეგ.

ენტონი ბლინკენს ტრამპის ადმინისტრაციაში მარკო რუბიო ჩაანაცვლებს. აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს არის დაგეგმილი.

„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ იმედი აქვს, ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ აშშ-სთან ურთიერთობები გადაიტვირთება.

„ქართული ოცნების“ მთავრობის წევრები ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრებად არავის მიუწვევია. მოწვევა არ მიუღია არც მიხეილ ყაველაშვილს.

დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მას პირადი მოწვევა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრმა ჯო უილსონმა გაუგზავნა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG