Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„საგანგებო მდგომარეობის“ კანონის პუნქტები, რომლებიც ქვეყანაში უკვე მოქმედებს


მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, საქართველოს ხელისუფლებას ჯერჯერობით არ გამოუცხადებია საგანგებო მდგომარეობა, მთელი რიგი პუნქტები, რომლებიც „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ კანონშია მითითებული, ქვეყანაში უკვე მოქმედებს.

მთელ რიგ შეზღუდვებს, რაც საქართველოს მასშტაბით 19 მარტამდე მოქმედებდა, 19 მარტის საღამოს, უწყებათაშორისი კომისიისა და უსაფრთხოების საბჭოს გადაწყვეტილებით, დაემატა ყველა სავაჭრო ობიექტის დახურვა, გარდა სასურსათო მაღაზიების, სააფთიაქო, ბენზინგასამართი ქსელებისა, საფოსტო გზავნილების ქსელისა და ასევე საბანკო განყოფილებებისა.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, თეონა აქუბარდია, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ 20 მარტის მდგომარეობით, საგანგებო მდგომარეობის ოფიციალურად გამოცხადების გარეშე, მთავრობამ ქვეყანაში შემოიღო ისეთი ტიპის შეზღუდვები, რაც მახასიათებელია საგანგებო მდგომარეობისსათვის. არსებული შეზღუდვებით "საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ კანონის გარკვეული პუნქტები, ფაქტობრივად, ამოქმედებულია. მათ შორის არის მუხლი 4:

  • დ) აუცილებლობის შემთხვევაში შეუზღუდონ მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს თავისუფალი გადაადგილების უფლება, აუკრძალონ თავიანთი საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ადგილსამყოფლის დატოვება სათანადო ნებართვის გარეშე, საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევნი, რომლებიც არ არიან მოცემული ადგილის მცხოვრებნი, გააძევონ საკუთარი ხარჯით თავიანთ მუდმივ ადგილსამყოფელში ან საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ფარგლებს გარეთ;
  • ვ) აიკრძალოს კრებების, მიტინგების, ქუჩის მსვლელობებისა და დემონსტრაციების, აგრეთვე სანახაობრივი, სპორტული და სხვა მასობრივი ღონისძიებების მოწყობა;
  • ზ) შეიტანონ ცვლილებანი სახელმწიფო საწარმოებისა და ორგანიზაციების პროდუქციის წარმოებისა და მიწოდების გეგმებში, აგრეთვე გადაწყვიტონ მათი სამეურნეო საქმიანობის სხვა საკითხები, დააწესონ სახელმწიფო და კერძო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მუშაობის განსაკუთრებული რეჟიმი;
  • ნ) შემოიღონ კარანტინი და განახორციელონ სხვა სავალდებულო სანიტარიულ-ეპიდემიასაწინააღმდეგო ღონისძიებანი;
  • ჟ) შეზღუდონ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა და გასინჯონ ისინი;

თეონა აქუბარდია ამბობს, რომ უსაფრთხოების საბჭოს 19 მარტის გაფართოებული ფორმატის სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე, შეიძლება ჩაითვალოს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების წინაპირობად:

„გუშინდელ უსაფრთხოების საბჭოზე, ფაქტობრივად, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დეტალები განიხილეს. გარდა ამისა, თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანების თანახმად, 21 მარტიდან საქართველოს თავდაცვის ძალები ყაზარმულ მდგომარეობაზე გადადიან. ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ თუკი ექიმები ჩათვლიან საჭიროდ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, ქვეყანა მყისიერად შეძლებს ამ რეჟიმზე გადასვლას. ფაქტია, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხი უკვე განხილულია პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, რაც ნიშნავს, რომ მზაობა არსებობს“.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას არ უჭერს მხარს არასამთავრობო ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლი". ორგანიზაციის იურისტი არჩილ ჩოფიკაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება გამოიწვევს ადამიანის უფლებების მთელ რიგ შეზღუდვებს, რისი საფუძველსაც დღეს შექმნილი მდგომარეობა, არ იძლევა:

"კერძოდ, პრეზიდენტი იქნება უფლებამოსილი, თავისი დეკრეტით შეზღუდოს შემდეგი უფლებები: ადამიანის თავისუფლება, მიმოსვლის თავისუფლება, პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებები, აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და ინტერნეტის თავისუფლების უფლებები, სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, ინფორმაციული თვითგამორკვევისა და საჯარო ხელისუფლების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლებები, საკუთრების უფლება, შეკრების
თავისუფლება, შრომის თავისუფლება, პროფესიული კავშირების თავისუფლება, გაფიცვის უფლება და მეწარმეობის თავისუფლება".

არჩილ ჩოფიკაშვილის თქმით, საგანგებო მგდომარეობის გამოსაცხადებლად საჭირო პირობა არ არის და, ალბათ, მომავალშიც არ
დადგება, თუ საქართველოს მოქალაქეები გამოიჩენენ მაღალ თვითშეგნებას და სამოქალაქო პასუხისმგებლობას: "მოსახლეობის დიდი ნაწილი ასრულებს რეკომენდაციას თვითიზოლაციის შესახებ, პოლიცია კი საკმაოდ კარგად უმკლავდება კარანტინის პირობების დამრღვევ პირებს".

საგანგებო მდგომარეობას ქვეყნის რომელიმე ნაწილში ან მთელ ტერიტორიაზე პრემიერის წარდგინებით პრეზიდენტი აცხადებს. შემდეგ დოკუმენტი პრემიერს უბრუნდება და ხელს აწერს. სწორედ ამ მომენტიდან აქვს დოკუმენტს მოქმედების ძალა. თუმცა დოკუმენტს პარლამენტმა უნდა უყაროს კენჭი.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანების ძალაში შესვლის შემდეგ მისი ტექსტი ცხადდება საქვეყნოდ.

პრეზიდენტი პრემიერის წარდგინებით გამოსცემს დეკრეტს. ეს დოკუმენტი ხელისუფლებას უფლებას აძლევს, შეზღუდოს მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებები. მაგალითად, მიზნებიდან გამომდინარე, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დააკავოს ადამიანი; აუკრძალოს გადაადგილება; შეუზღუდოს პირადი სივრცე ან კომუნიკაციის საშუალებები. "საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ" კანონის მიხედვით, საგანგებო მდგომარეობის დროს პირის იზოლაციის ან კარანტინში მოთავსების გადაწყვეტილებას იღებს შსს.

პრეზიდენტის გამოცემული დეკრეტითვე შესაძლებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, კერძოდ, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლებასთან დაკავშირებით კონსტიტუციური ჩანაწერის შეჩერება. გარდა ამისა, შეიძლება შეიზღუდოს საკუთრების უფლებაც - კერძო საწარმოებს განსაკუთრებული რეჟიმი დაუწესონ ანდა ისარგებლონ მათი ქონებით შესაბამისი ანაზღაურების გაწევის სანაცვლოდ.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ხელისუფლებას უფლებას აძლევს, მანამდე კორონავირუსისთვის გაცემული რეკომენდაციები გაამკაცროს.

საგანგებო მდგომარეობა ცხადდება კონკრეტული ვადით, რომლის შესახებაც საგარეო საქმეთა სამინისტრო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს აცნობებს. ვადის გასვლის შემდეგ ყველა მოქალაქეს ყველა კონსტიტუციური უფლებით სარგებლობა შეუძლია.

XS
SM
MD
LG