„რუსთავი 2“-ის ახალი მესაკუთრე ქიბარ ხალვაში ჯერჯერობით არ დაჰკავშირებია ტელეკომპანიის დამფუძნებლებსა და ყოფილ მფლობელებს, დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას დავით დვალმა განუცხადა.
ქიბარ ხალვაშს 2015 წელს გაკეთებული აქვს საჯარო განცხადებები, რომ სწორედ დავით დვალს შესთავაზებდა ტელეკომპანიის ხელმძღვანელობას, სასამართლო დავის წარმატებით დასრულების შემთხვევაში და ასევე, დამფუძნებლებს - დვალსა და აქიმიძეს წილის ნახევარსაც დაუთმობდა.
ასეთი განცხადებები გაკეთდა, მაგალითად, 2015 წლის 6 ნოემბერს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. იქვე ჯარჯი აქიმიძემ განაცხადა, რომ ჯერ კიდევ უფლებების აღდგენაზე საუბრის დაწყებამდე, ის, დავით დვალი და ქიბარ ხალვაში შეთანხმდნენ სამ პუნქტზე, რომლის დაცვის შემთხვევაში მათი თანამშრომლობა შესაძლებელი იქნებოდა.
- პირველი პუნქტი - „ტელევიზია ემიჯნება ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, როგორც სახელისუფლებოს ისე ოპოზიციურს, სარედაქციო საქმიანობას წარმართავს ზოგადსაკაცობრიო და დემოკრატიული ფასეულობების შესაბამისად და ჟურნალისტური ეთიკის პრინციპებზე დაყრდნობით“;
- მეორე პუნქტი - „ტელევიზია არასდროს გახდება მხარე პოლიტიკური ვითარებისას, იქნება ობიექტური, ექნება ობიექტური და კრიტიკული საინფორმაციო პოლიტიკა და მნიშვნელოვნად წარმოდგენილი ანალიტიკური და საგამოძიებო ჟურნალისტიკა”;
- მესამე პუნქტი - “ტელეკომპანია არ დაფინანსდება საბიუჯეტო სახსრებით, პარტიების შემოწირულობითა და პოლიტიკური დაკვეთით, რაშიც არ იგულისხმება ფასიანი პოლიტიკური, წინასაარჩევნო რეკლამა. ტელეკომპანია იარსებებს მხოლოდ კომერციული შემოსავლებით და ეს იქნება მისი დამოუკიდებლობის გარანტი“.
დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ ქიბარ ხალვაშს 18 ივლისს წერილობითი სახით მიულოცეს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება. თუმცა იქვე დააზუსტეს, რომ სამართლიანობის აღსადგენად, ტელეკომპანია მის დამფუძნებლებს უნდა დაუბრუნდეს.
„ამასთანავე, კატეგორიულად ვთვლით - სამართლიანობა აღდგება მხოლოდ მაშინ, როდესაც უკანონოდ წართმეული და პარტიულ სამსახურში ჩაყენებული „რუსთავი 2“ დაუბრუნდება მის დამფუძნებლებს“.
დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე 18 ივლისს არაერთხელ შეახსენეს „რუსთავი 2“-ის ახალ გენერალურ დირექტორს, პაატა სალიას. როგორც სალიამ „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებთან შეხვედრისას ხუთშაბათს განაცხადა, მან თავად შეახსენა ქიბარ ხალვაშს, რომ საჭირო იყო არხის ყოფილ მფლობელებთან და დამფუძნებლებთან შეხვედრა.
19 ივლისს კი, სალიამ ტელეკომპანია „პირველს“ განუცხადა, რომ „ქიბარ ხალვაშს ექნება მათთან კომუნიკაცია და ისინი ისაუბრებენ. შედეგებს გავიგებთ“.
სტრასბურგის გადაწყვეტილება და შემდეგ
საქმეზე "რუსთავი 2", შპს „ტელეკომპანია საქართველო“ და ლევან და გიორგი ყარამანიშვილები საქართველოს წინააღმდეგ" - სტრასბურგის სასამართლოს პალატამ გადაწყვეტილება 18 ივლისს გამოაქვეყნა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ეროვნულ სასამართლოებში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელობასთან დაკავშირებული დავის განხილვისას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლები არ დარღვეულა. მათ შორის არც სამართლიანი სასამართლოს უფლება (6 ხმით ერთის წინააღმდეგ).
18 ივლისს, სტრასბურგის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ, დაჩქარებული ტემპებით მოხდა გადაწყვეტილებების დარეგისტრირება საჯარო რეესტრში.
- თავდაპირველად მოხდა „რუსთავი 2“-ის ახალი მესაკუთრის, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის დარეგისტრირება;
- შემდეგ კი, მისი გადაწყვეტილებით, არხის გენერალური დირექტორის პოსტზე, ნიკა გვარამია ადვოკატმა პაატა სალიამ ჩაანაცვლა.
შესაბამისად, ძალაში რჩება საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც "რუსთავი 2" მის ყოფილ მფლობელს, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნეს.