ადვოკატები შეშფოთებას გამოხატავენ იმის გამო, რომ სახელმწიფო ბოროტად იყენებს კორონაპანდემიის საწინააღმდეგო რეგულაციებს და შედეგად, იზღუდება ბრალდებულთა სრულფასოვნად დაცვის უფლება. კონფიდენციალური კომუნიკაციის სანდო გზების ძიებაში ადვოკატები მრავალ პრობლემას აწყდებიან.
არავინ დავობს, რომ პანდემიამ არაორდინარული სიტუაცია შექმნა და უსაფრთხოების მიზნით, სახელმწიფოს გარკვეული შეზღუდვების დაწესების უფლებაც ჰქონდა. თუმცა, ადვოკატების თქმით, გზადაგზა ისეთი პრობლემებიც ხვდებათ, რომლებიც სისტემის მხრიდან ვითარების სათავისოდ გამოყენებაზე მიუთითებს.
ვითარების სიმწვავეს ნდობის დეფიციტიც განაპირობებს.
შუშის კედელი და საუბარი ტელეფონით
საპატიმრო დაწესებულებაში მისულ ადვოკატს ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან პირისპირ საუბარი პანდემიის მიზეზით უკვე კარგა ხანია ეკრძალება. შუშის ბარიერის სხვადასხვა მხარეს მყოფები ერთმანეთს ტელეფონით ელაპარაკებიან. დაძაბულობა დიდია, ყველაფერს ვერ ამბობენ, რადგან არცერთს სჯერა, რომ მათი კონფიდენციალური საუბარი კონფიდენციალურად დარჩება.
„როგორც წესი, თვალების ბრიალით, სხვა მიმიკებით, ხველებითა და ხელების ქნევით მიწევს მინიშნება, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არაფერი ისეთი არ წამოსცდეს... პენიტენციურ სისტემას თუ დავუჯერებთ, ეს ტელეფონი მხოლოდ ადვოკატსა და პატიმარს აკავშირებს, მაგრამ მე ძალიან დიდი ალბათობით მჯერა, რომ ეს ასე არ არის და სურვილის შემთხვევაში, უმაღლესი ხარისხის აუდიოჩანაწერსაც გააკეთებენ. ეს სატელეფონო კაბელი კიდევ სად გადის, მე რა ვიცი აბა... და არ მინდა, რომ მათ ჩემი დაცვის სტრატეგიის საიდუმლო დეტალები გავანდო“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას არაერთი გახმაურებული საქმის ადვოკატი ზურაბ თოდუა.
ხმაგაუმტარი შუშის კედლის მიღმა დარჩენილი ადვოკატები ვეღარაფრით ახერხებენ იმას, რაც შესაძლებელია გაკეთდეს პირისპირ შეხვედრისა და სანდო კონფიდენციალური კომუნიკაციის დროს.
შედეგად, ისინი კომუნიკაციის სხვა გზებსა და ხერხებს ეძებენ - სადაც მათ ახალი პრობლემები ხვდებათ.
წერილობითი კომუნიკაცია და კონტროლი
საპატიმროს სატელეფონო კავშირის სანდოობაში ეჭვი ეპარება ადვოკატ ედუარდ მარიკაშვილსაც, რომელიც ე.წ. „კარტოგრაფების საქმეზე“ დაკავებული პირის, ივერ მელაშვილის ინტერესებს იცავს.
კომუნიკაციის ალტერნატიულ, სანდო გზად მან მიმოწერა შეარჩია და დეკემბრიდან თავის დაცვის ქვეშ მყოფს საქმის დეტალებთან დაკავშირებით წერილობითი განმარტებების მომზადებას სთხოვდა. საწყის ეტაპზე პროცესი უპრობლემოდ მიმდინარეობდა. მაგრამ წლის მიწურულს მელაშვილის წერილმა მარიკაშვილამდე ვეღარ მიაღწია.
„მოგეხსენებათ, ძალიან რთული საქმეა და მელაშვილის პროფესიული მოსაზრებები არის ძალიან მნიშვნელოვანი... მასალებს ვუგზავნიდით და ამ მასალებზე აკეთებდა ჩანაწერებს, თავის მოსაზრებებს. მერე, გარკვეული დროის შემდეგ მივდიოდი ხოლმე და გამომქონდა ეს მასალები...
დეკემბრის ბოლოს, როცა მელაშვილი გლდანის მერვე დაწესებულებაში იყო, ერთ-ერთი ასეთი წერილობით მომზადებული მასალა ბადრაგს ჩემთვის უნდა გადმოეცა, მაგრამ ადმინისტრაციამ გამოართვა... ეტყობა, ჩახედეს, შინაარსი შეამოწმეს და მითხრეს, რომ მსგავსი დოკუმენტების გატანის უფლება აღარ მქონდა... შიგნით რა ეწერა, მე არ ვიცი, რადგან ჩემამდე არ მოიტანეს. მაგრამ ვთვლი, დაცვის უფლება უხეშად დაირღვა“.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ 28 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ივერ მელაშვილის დაცვის უფლება არ შეზღუდულა, რადგან „მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელზე შემოსული წერილის მისთვის ჩაბარებას, აგრეთვე ბრალდებულის/მსჯავრდებულის წერილის ადრესატისთვის გაგზავნას უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულება“.
განცხადებიდან ირკვევა, რომ პენიტენციური სამსახური მელაშვილის წერილობით გზავნილს „პირადი ხასიათის კორესპონდენციად“ თვლის. პატიმართა კოდექსის მიხედვით:
„პენიტენციურ დაწესებულებას ეკრძალება, შეაჩეროს ან/და შეამოწმოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის კორესპონდენცია, რომლის ადრესატი ან ადრესანტი არის საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის წევრი, სასამართლო, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს სამინისტრო, სამსახური, საქართველოს სახალხო დამცველი, ადვოკატი, პროკურორი, სამსახურის ადგილობრივი საბჭო“.
ამ კონკრეტული ფაქტის დეტალების გასარკვევად 6 იანვარს რადიო თავისუფლებამ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსაც მიმართა. დაგვპირდნენ, რომ გვიპასუხებენ, მაგრამ გაურკვეველია - როდის.
ედუარდ მარიკაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფომ ბოროტად ისარგებლა კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი არაორდინარული მდგომარებით და დაცვის უფლება შეზღუდა. ამ საქმით დაინტერესდა სახალხო დამცველიც. მარიკაშვილი გვეუბნება, რომ ვითარება სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველსაც ქმნის.
ხომ არ გვისმენენ - დისტანციური სხდომები სასამართლოში
როდესაც სასამართლო სხდომები დისტანციურად, ონლაინრეჟიმში იმართება, ადვოკატებს ისეთივე ეჭვები უჩნდებათ, როგორიც საპატიმროების შუშის კედელთან, სატელეფონო საუბრის დროს - ბოლომდე არასდროს სჯერათ, რომ დაცვის ქვეშ მყოფთან მათ საუბარს არავინ ისმენს.
დასამალი არაფერი გვაქვსო - ეუბნებიან ისინი რადიო თავისუფლებას, მაგრამ ფრთხილობენ, რადგან დაცვის სტრატეგიის დეტალების ცოდნამ შესაძლოა, ბრალდების მხარეს შესაბამისი საპასუხო ქმედებების დაგეგმვა გაუადვილოსო.
„უფლებები საქართველოს“ წარმომადგენელი, კახა წიქარიშვილი ჩვენთან საუბრისას იხსენებს ორგანიზაციის მიერ პანდემიის პირველი ტალღის დროს მომზადებულ ანგარიშს, სადაც ერთ-ერთ მთავარ პრობლემად სწორედ არასანდო კომუნიკაცია გამოიკვეთა.
„ონლაინ სხდომებმა დაცვის უფლების დარღვევის საფრთხე შექმნეს... ასეთ დროს, როგორც წესი, მოსამართლე - სასამართლოშია, ბრალდებული - საპატიმროში, ხოლო ადვოკატი - სახლში ან ოფისში...
როცა ბრალდებულსა და ადვოკატს მიმდინარე საკითხზე კონფიდენციალური კონსულტაცია ესაჭიროებათ, მოსამართლე და მეორე მხარე გადიან ონლაინ სხდომიდან და თითქოს მარტო ტოვებენ მათ, მაგრამ რადგან ჩანაწერის გაკეთება მაინც შესაძლებელია, დაცულობის აღქმა არ არსებობს და ეს დიდ პრობლემას ქმნის“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას კახა წიქარიშვილი.
ონლაინ კომუნიკაციას ტექნიკური პრობლემები ახლავს თან:
- კარგად არ ისმის სხდომაში მონაწილეთა ხმა,
- პროგრამული ხარვეზების გამო ხშირად გამოსახულებაც იკარგება,
- შეუძლებელია მტკიცებულებების სათანადოდ დათვალიერება.
როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოში უთხრეს რადიო თავისუფლებას, ამჟამად, პანდემიასთან დაკავშირებული ახალი რეგულაციების გათვალისწინებით, განხილვების უდიდესი ნაწილი გადადებულია. ონლაინრეჟიმში იმართება მხოლოდ იმ საქმეების განხილვა, რომლებიც, ვთქვათ, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების ან გაუქმების შემჭიდროებულ ვადებს უკავშირდება.
თუმცა, ადვოკატების ერთი ნაწილი, მათ შორის ტექნიკური პრობლემებისა და ბრალდებულთან სანდო კომუნიკაციის საჭიროების გათვალისწინებით, დაჟინებით ითხოვს სასამართლო პროცესის დარბაზში ჩატარებას და ამას აღწევს კიდეც.
დიდი ბრძოლა დასჭირდა ამისათვის ადვოკატ ზურაბ თოდუასაც, რომ რამდენიმე თვის წინ, „ხორავას ქუჩის საქმეზე“ მსჯავრდებულის, მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი სააპელაციო სასამართლოს დარბაზში ჩატარებულიყო. თოდუა გვეუბნება, რომ მსჯავრდებულის ტრანსპორტირებაზე უსაფუძვლო და ჯიუტ უარს პენიტენციური სისტემა აცხადებდა.
რადიო თავისუფლება სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან ამ საკითხზეც ელოდება პასუხს.