Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როცა ბრალდებულის სკამზე ქალი ზის - რას უნდა ითვალისწინებდეს ბრალდება და სასამართლო?


შეყვარებულის დაჭრაში ბრალდებული 28 წლის ქალის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 8 მაისს განახლდება. - საილუსტრაციო ფოტო
შეყვარებულის დაჭრაში ბრალდებული 28 წლის ქალის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 8 მაისს განახლდება. - საილუსტრაციო ფოტო

28 წლის ქალი, რომელსაც გამოძიება შეყვარებულის დაჭრას, ანუ სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება, სახლშია, მშობლებთან ერთად. საპატიმრო დაწესებულება მან 25 მარტს, გვიან საღამოს, 30-ათასლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ დატოვა.

რამდენიმე საათით ადრე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნანა შამათავამ, ქალს აღკვეთის ღონისძიების სახედ, პროკურატურის მიერ მოთხოვნილი პატიმრობის ნაცვლად, 30-ათასლარიანი გირაო შეუფარდა.

სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელსაც 28 წლის ქალს პროკურატურა ედავება, ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში, თუკი სასამართლო ქალს დამნაშავედ ცნობს, მას სწორედ ამ პერიოდის გატარება მოუწევს ციხეში.

ანა კოტეტიშვილი, 28 წლის ქალის ადვოკატი მეუბნება, რომ მომხდარის შემდეგ, მ.ა.-ს რთული ფსიქო-ემოციური მდგომარეობა აქვს და მას სპეციალისტის კონსულტაცია სჭირდება:

„სამი დღე-ღამეა არ სძინებია. ამბობს, რომ იმ სახლში, სადაც ინციდენტი მოხდა, ვეღარასდროს მივა“, - ამბობს ანა კოტეტიშვილი.

რა მოხდა 23 მარტს ფონიჭალაში?

ინციდენტის რამდენიმე დეტალზე ბრალდებულმა მ.ა.-მ თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზში, 25 მარტს ილაპარაკა.

მომხდარის მიზეზი კი მოსამართლეს ასე აუხსნა:

"მძიმე იყო, როცა შენს ორ საყვარელ ადამიანს [შეყვარებული და მეგობარი] შენს საკუთარ სახლში, შენს ოთახში, შენს ლოგინში ხედავ ასეთ მდგომარეობაში - შიშვლებს. და ამის მიუხედავად, რომ ჩემს მიმართ ან ბოდიში ან რამე ყოფილიყო, პირიქით, ზეწოლა მოდიოდა, თითქოს, მე როგორ დავუმტკიცებდი, რომ ეს მოხდა.

დაპირისპირება დაიწყო მაშინ, როდესაც ვუთხარი [მეგობარს], რომ ყველაფერს მის ქმარს ვეტყოდი და ასევე, სხვა ისტორიებსაც მოვუყვებოდი“, - თქვა სასამართლოს დარბაზში ბრალდებულმა ქალმა.

როგორც მ.ა.-ს ადვოკატი მეუბნება, მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს არ ჰქონდა განზრახული ვინმესთვის ზიანის მიყენება. ადვოკატის თქმით, დაპირისპირება მაშინ მოხდა, როდესაც ქალმა შეყვარებულსა და მეგობარს, რომლებიც საკუთარ საძინებელში ნახა, სახლის დაუყოვნებლივ დატოვება მოსთხოვა:

ანა კოტეტიშვილი
ანა კოტეტიშვილი

„მ.ა.-ს აღელვება გამოიწვია იმან, რომ მისი მეგობარი და პარტნიორი ეუბნებოდნენ, რომ მას არავინ დაუჯერებდა, არ ჰქონდა მტკიცებულებები და დაიწყეს მისი დამცირება, რომ თითქოს, რაღაც ელანდება. სასამართლოს სხდომაზე ჩვენ ავხსენით, რომ ქალის აღელვება გამოიწვია იმან, რომ ეს ადამიანები არ ტოვებდნენ მის სახლს და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ ქალზე.

მეგობარი გოგო მას ფიზიკურადაც გაუსწორდა, არაერთი დაზიანება აქვს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, ჭრილობა ხელზე და დაზიანებები ყელის არეში. ამ ყველაფრის მოსაგერიებლად მოხდა ის, რაც მოხდა.

ბრალდების მხარე ამბობდა, რომ როდესაც ქალმა საკუთარ ოთახსა და საწოლში ნახა მისი შეყვარებული და საუკეთესო მეგობარი, მშვიდად გავიდა ოთახიდან, აიღო დანა და დაიწყო ქნევა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება“.

ანა კოტეტიშვილის თქმით, თავად დაზარალებულმა, 30 წლამდე კაცმა, გამოძიების საწყის ეტაპზევე განაცხადა, რომ მას არანაირი პრეტენზია არ ჰქონდა ბრალდებულთან და თანახმა იყო, რომ ქალის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო კანონით გათვალისწინებული ყველა შეღავათი.

რაც შეეხება მედიაში გავრცელებულ ცნობას, თითქოს ქალი ინციდენტის ადგილიდან მიმალვას ცდილობდა, ანა კოტეტიშვილის თქმით, ეს ინფორმაცია მტკნარი სიცრუეა:

„პოლიცია ადგილზე ძალიან მალევე, ფაქტობრივად, 5-7 წუთში მივიდა. მას არც მიმალვა უცდია და არც რაიმე მტკიცებულების დაფარვა. თავადაც ჰქონდა სხეულზე დაზიანებები და პოლიციამ ის პირდაპირ საავადმყოფოში გადაიყვანა. ერთ-ერთ ჭრილობაზე, რომელიც ხელზე ჰქონდა, დაადეს რამდენიმე ნაკერი და გაუკეთდა ე.წ. გადასხმა. მხოლოდ ამის შემდეგ წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, გამოკითხვაზე, საიდანაც უკვე პროკურატურამ პირდაპირ წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანა. გაურკვეველია, საიდან გაჩნდა ცნობა, რომ ქალი მიმალვას ცდილობდა“, - ამბობს ადვოკატი.

მძიმე კატეგორიის დანაშაული და გირაო - რატომ მიიღო მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება?

„სასამართლომ ძალიან ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო“, - ამბობს ანა კოტეტიშვილი და ამატებს: „სასამართლომ ყველა ზომა გამოიყენა იმისთვის, რომ საზოგადოებას არ გასჩენოდა განცდა, რომ აი, ქალია და ქალებს ასეთ დანაშაულს პატიობენ. არა, ეს ნამდვილად არ ყოფილა ასე. სასამართლომ უბრალოდ არსებული მტკიცებულებების საფუძველზე მიიღო სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტილება და პატიმრობის ნაცვლად, შეუფარდა გირაო“.

გარდა 30-ათასლარიანი გირაოსი, ბრალდებულ ქალს აეკრძალა საზღვრის კვეთა. ამასთანავე, ის პერიოდულად უნდა გამოცხადდეს პოლიციის განყოფილებაში. გარდა ამისა, გამოიწერა შემაკავებელი ორდერი და მას აეკრძალა დაზარალებულთან მიახლოება და კონტაქტი.

იურისტები და ქალთა უფლებადამცველები ამბობენ, რომ ძალიან ხშირად, როდესაც ქალის მხრიდან ქმრის ან პარტნიორის მიმართ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის შესახებ ხდება ცნობილი, საზოგადოებაში ჩნდება მოსაზრება, რომ ამ ტიპის დანაშაულებისას, პოლიტიკა კაცებთან მიმართებით გაცილებით მკაცრია და ქალების მიმართ - მეტად ლოიალური:

„ამ მოსაზრებას ვერაფრით დავეთანხმებით. განსაკუთრებით, თუკი გადავხედავთ ამ ბოლო პერიოდში, ოჯახში ძალადობაში ბრალდებული კაცების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების მონაცემებს“, - ამბობს ანა თავხელიძე, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ იურისტი და განაგრძობს:

ანა თავხელიძე
ანა თავხელიძე

„როდესაც კაცი სჩადის ძალადობას, ამას, როგორც წესი, წინ უსწრებს მინიმუმ რამდენიმეთვიანი სისტემატური ძალადობა სწორედ ამ კაცის მხრიდან ჩადენილი. როდესაც ვსაუბრობთ ქალის მხრიდან ჩადენილ ამ ტიპის დანაშაულზე, იქ ვხედავთ, რომ ამას წინ უძღვის ქალის მიმართ დამამცირებელი მოპყრობა, ქალის ჩაგვრა და ა.შ. ამიტომ მიდგომა, რომ, მაგალითად, 117-ე მუხლის წარდგენისას, ორივე შემთხვევაში, ქალიც და კაციც უნდა იყვნენ ციხეში, არ არის სწორი“.

ანა თავხელიძე ამბობს, რომ როდესაც საბრალდებო სკამზე ქალი ზის, აუცილებლად გასათვალისწინებელია სავარაუდო დანაშაულის კონტექსტი და პრეისტორია და სწორედ ამ კონტექსტიდან უნდა გამომდინარეობდეს ბრალდებაცა და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაც:

„არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში, ყველა ქვეყანაში აღიარებულია და ვიცით, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის დისკრიმინაციის ფორმა, რომ უმეტესად სწორედ ქალები ხდებიან ძალადობის მსხვერპლები ოჯახში პარტნიორის მხრიდან და ეს არის სისტემური პრობლემა. ეს არის გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია, მარტივად რომ ვთქვათ, ქალებზე ძალადობენ იმიტომ, რომ ისინი არიან ქალები, რომ მათზე მოიპოვონ ძალაუფლება და კონტროლი, იყვნენ დამორჩილებულ მდგომარეობაში, შეასრულონ კაცის მითითებები და ა.შ.

გენდერული პერსპექტივის დანახვა ამ საქმეებში ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც საქმე ეხება ქალების მიმართ ჩადენილ დანაშაულს, რომელიც უმძიმესი სისტემური პრობლემაა ქვეყანაში და მეორე შემთხვევაში, როდესაც ქალის მხრიდანაა ჩადენილი დანაშაული, უკონტექსტოდ და ზოგადი სურათის შეფასების გარეშე, სწორ გადაწყვეტილებას სასამართლო ვერ მიიღებს“, - ამბობს ანა თავხელიძე.

ელისო რუხაძე, „უფლებები საქართველოს“ იურისტი, ერთ-ერთია, რომელმაც მოახერხა და რამდენიმე წლის წინ, მარტოხელა დედა, ნანა გოგალაძე, რომელსაც გამოძიება ქმრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავებოდა, სამივე ინსტანციაში გაამართლა და ეს საქმე, ფაქტობრივად, უპრეცედენტო საქმედ აქცია.

როგორც ის მიყვება, მან, როგორც ადვოკატმა, დამოუკიდებელი გამოძიება აწარმოა იმისთვის, რომ გამოძიების ეტაპზევე მოეპოვებინა მტკიცებულებები, რომლითაც სასამართლოში დაასაბუთებდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ქალი, წლების განმავლობაში, სისტემატური ძალადობის მსხვერპლი იყო და ის დანაშაულის ჩადენისას აუცილებელი მოგერიების უფლებით სარგებლობდა.

ელისო რუხაძე დღეს კიდევ ერთ მსგავს საქმეზე მუშაობს. ის თბილისის საქალაქო სასამართლოში 25 წლის ნინოს ინტერესებს იცავს. გამოძიება მასაც პარტნიორის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება:

ელისო რუხაძე
ელისო რუხაძე

„ქალის მსგავსი ქმედება, უმეტეს შემთხვევაში, არის მძიმე გარემოებებზე საპასუხო რეაქცია. პირდაპირ დანა აიღოს და ვინმე დააზიანოს, ასეთი რამ შეიძლება მოხდეს მაშინ, როდესაც სახეზეა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა.

როდესაც ქალი ჩადის დანაშაულს კაცის მიმართ, უმეტეს შემთხვევაში, ქალი არის ძალადობის მსხვერპლი და რეალურად, თავს იცავს. ფსიქოლოგები ხშირად უსვამენ ამას ხაზს და ჩემი პრაქტიკაც ასეთია, რომ ქალზე ძალადობის შემთხვევაში, ქალი ან გარბის, ან შეშდება, ან ეწინააღმდეგება კაცს. როგორც წესი, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ქალები უმეტეს შემთხვევაში, ან გარბიან, ან აქვთ ე.წ. გახევება. მხოლოდ ერთეულები ახერხებენ შებრძოლებას.

2020 წლამდე ეს ტენდენცია იყო, რომ როდესაც ქალი პარტნიორის მიმართ ჩადიოდა დანაშაულს, ეს განიხილებოდა განზრახ მკვლელობის მცდელობად, განზრახ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებად და გამოძიება ყურადღებას არ უთმობდა კონტექსტს, წინარე ისტორიას, რა უძღოდა ამ ქმედებებს წინ და მათ აუცილებლად უშვებდა საპატიმროში“.

ელისო რუხაძე კიდევ ერთი ბრალდებული ქალის, 28 წლის ლანა ხუნწარიას გამართლებას ცდილობს. მას საფრანგეთის პროკურატურა ქალაქ ტულონში, ქმრის, 31 წლის მარად სურმანიძის მკვლელობას ედავება.

როგორც ადვოკატი ამბობს, დღესდღეობით ის აგროვებს მტკიცებულებებს, რომლითაც შეეცდება დაამტკიცოს, რომ 28 წლის ქალი ქმრის მხრიდან წლების განმავლობაში იყო ძალადობის მსხვერპლი როგორც საქართველოში, შემდეგ უკვე ემიგრაციაში, საფრანგეთში და ამის შესახებ ინფორმირებულნი იყვნენ როგორც საქართველოს, ისე საფრანგეთის სამართალდამცავი უწყებები.

რაც შეეხება შეყვარებულის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ბრალდებულ 28 წლის მ.ა.-ს, მისი სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 8 მაისს განახლდება.

მანამდე, ბრალდებული ქალისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაოს შეფარდების პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას, პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

XS
SM
MD
LG