ფეიკ ნიუსები, სატელევიზიო გამოკითხვები, სოციალურ ქსელში შექმნილი გვერდები - ეს ბრძოლის იმ იარაღების არასრული ჩამონათვალია, რომელთა მოგერიებაც დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებს უწევთ.
არჩევნების წინ, სამოქალაქო სექტორი კვლავ ექცევა ხელისუფლებისა და მასთან დაახლოებული ჯგუფებისა თუ მედიის ყურადღების ცენტრში. პროცესი მათთვის არ არის უცხო და მოულოდნელი. არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები ამბობენ, რომ როგორც კი ეცემა ხელისუფლების რეიტინგი, როგორც კი ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის ნიშნები ჩნდება, არასამთავრობო ორგანიზაციები თავდასხმის ობიექტები ხდებიან: „ასეა ახლაც, და ამაში, სამწუხაროდ, არაფერია უცხო“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას სულხან სალაძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი:
„ნებისმიერი თემა, რომლის მიმართაც სამოქალაქო სექტორი ხელისუფლებისგან მკვეთრად განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებს, იქნება ეს, მაგალითად, სასამართლოს დაკომპლექტება, საარჩევნო ცვლილებები თუ სხვა, როგორც წესი, სოციალურ ქსელებში მაშინვე იწყება ანტი-არასამთავრობო კამპანია, კეთდება შარჟები, იწერება არარსებული ინფორმაცია, იქმნება გაურკვეველი გვერდები და გორდება არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციის ტალღა. როგორც ჩანს, დღეს უკვე გადაწყდა, რომ ამ ყველაფერმა ახალი მასშტაბი შეიძინოს“, - ამბობს სულხან სალაძე.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის სიტყვებით, მას შემდეგ რაც, ყველამ, მათ შორის, საერთაშორისო საზოგადოებამაც, ნათლად დაინახა, თუ რა ფარსზე წავიდა ხელისუფლება, როდესაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების კანონპროექტი ჩააგდო, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ მოახდინოს ყველა რგოლის, ოპოზიციისა თუ არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაცია.
სულხან სალაძის თქმით, დღეს, ამ პროცესში აქტიურად ერთვება ე.წ. ტრადიციული მედია: „ყველამ კარგად ვიცით, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს პროსახელისუფლებო მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ქვეყნის მასშტაბით. შესაბამისად, დღის წესრიგი ნათელია“.
სულხან სალაძე გულისხმობს ტელეკომპანია „იმედის“ ერთ-ერთ გადაცემაში ჩატარებულ სატელევიზიო გამოკითხვას. 26 ნოემბერს, გადაცემა „არენის“ ინტერაქტიული კითხვა ასეთი იყო: „როგორ აფასებთ არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას საქართველოში?“, - „უარყოფითად“ - ეს პასუხი გამოკითხვაში მონაწილე მოსახლეობის თითქმის 96%-მა დააფიქსირა.
„ანტიდასავლური დისკურსი, რომელიც წლიდან-წლამდე აქტიურდება“, - ეს არის კიდევ ერთი გარემოება, რის გამოც, ალეკო ცქიტიშვილის, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის თქმით, ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციას ეწევა. ის დარწმუნებულია, რომ პროცესი ცალსახად რუსეთიდანაა მართული:
„საზოგადოებრივი ორგანიზაციების დისკრედიტაცია ხდება სწორედ ანტიდასავლურ ჭრილში, რომ თითქოს ეს ორგანიზაციები არიან ჰომოსექსუალთა დამცველები, ხდება ულტრაკონსერვატორული, ულტრანაციონალური ჯგუფების აღმოცენება და ისეთი საკითხების წინ წამოწევა, როგორიც არის მაგალითად, მიგრანტთა შემოსვლა საქართველოში და ამ საკითხს, როგორც წესი, წინ წამოწევენ ხოლმე ის ჯგუფები, რომლებიც ერთი მხრივ, თავიანთი განწყობებით არიან დაკავშირებულნი რუსეთთან, მეორე მხრივ კი ფულით. ანუ, ფინანსდებიან რუსეთის მთავრობის ფონდებიდან და სწორედ ისინი ავრცელებენ იმგვარ ნარატივს, რომელიც მიმართულია არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციისკენ“.
არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი იარაღი ხელისუფლების ხელში ასეთი რიტორიკაცაა: „ისინი ნაციონალური მოძრაობის ინტერესების გამტარებელნი არიან“. თამთა მიქელაძე, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ ხელმძღვანელი სწორედ ამ ასპექტზე ამახვილებს ყურადღებას, როდესაც ხელისუფლებისა და მასთან დაახლოებული დაჯგუფებების მიერ მართულ დისკრედიტაციის პროცესზე ლაპარაკობს. მისი თქმით, ამგვარ სიტუაციებში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევიან საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები:
„ძირითადი რიტორიკა, რომ თითქოს არასამთავრობო ორგანიზაციები თანამშრომლობენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, სრულიად უსამართლო ბრალდებაა. ასეთი განცხადებები ძირითადად პოლიტიკური კრიზისების დროს კეთდება და ემსახურება საზოგადოების სრულ გახლეჩვას და პოლარიზებას“.
გიორგი ონიანი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ არჩევნების წინ, ხელისუფლება პოლიტიკურ ველს ყველა მიმართულებით ზღუდავს და ასუფთავებს: „ეს არის ხელისუფლების მიზანმიმართული პოლიტიკა, თუმცა, რეალურად იმის აღიარებაცაა, რომ რასაც ვაკეთებთ, სწორად ვაკეთებთ“.
„ჩვენ ეს სცენარი კარგად ვიცით“
არასამთავრობო ორგანიზაციებზე სიტყვიერი თავდასხმა ხელისუფლების მხრიდან უკანასკნელი წლების განმავლობაში არაერთხელ განხორციელდა.
მაგალითად, 2014 წელს, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კამპანიაში “ეს შენ გეხება” ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები “ქვეყნის იმიჯის შერყევაში” დაადანაშაულა და მათ საქმიანობას “ძირგამომთხრელი” უწოდა.
2015 წლის იანვარში კი, ასევე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა, არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების ნინო ლომჯარიასა და ეკა გიგაურის, ასევე საიას ყოფილი თავმჯდომარის, კახა კოჟორიძის მისამართით მუქარის შემცველი განცხადება გააკეთა და ფაქტობრივად, წინასწარ გამოაცხადა სამოქალაქო ორგანიზაციის ლიდერებზე მაკომპრომატირებელი მასალის გამოქვეყნება.
მაშინ, 45-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც ისინი წერდნენ:
„ბიძინა ივანიშვილის განცხადება არის არა ერთი მოქალაქის, არამედ სახელმწიფოს არაფორმალური მმართველის პოზიცია. მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლების დაუსაბუთებელი რიტორიკა ხელისუფლების დეკლარირებული ღირებულებებიდან გადახვევაა. ეს განცხადებები საზოგადოებრივი ორგანიზაციების წინააღმდეგ მიზანმიმართულად წარმოებული კამპანიის შთაბეჭდილებას ტოვებს. მსგავსი დამოკიდებულება არა მხოლოდ ვნებს დემოკრატიულ ღირებულებებსა და იდეებს, რომლებსაც სამოქალაქო საზოგადოების წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები ემსახურებიან, არამედ აღნიშული ღირებულებების მოწინააღმდეგე ჯგუფებსაც აძლიერებს. აღნიშნული ტენდენცია უკიდურესად შემაშფოთებელია და სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებას უშლის ხელს“.
უწყობს თუ არა ხელს არასამთავრობო ორგანიზაციების მიზანში ამოღებას მათი დაბალი რეიტინგი და ცნობადობა?
- 2017-18 წლებში, „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ მიერ, საქართველოს რამდენიმე ქალაქში ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი ნდობას, გამოკითხული მოსახლეობის მხოლოდ 28% უცხადებს.
- იმის მიუხედავად, რომ გამოკითხული მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი ფლობს გარკვეულ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ, მხოლოდ 16%-ია მათი წილი, ვინც შეიძლება, რომ ინფორმირებულად ჩაითვალოს.
- გამოკითხულთა 76% ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ ტელევიზიიდან იღებს. 12% სოციალური ქსელიდან.
- საქართველოს მოსახლეობას ნათელი წარმოდგენა არ აქვს იმის შესახებ, თუ რას აკეთებენ ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში. გამოკითხულთა მესამედი პასუხობს, რომ ეს არ იცის, ხოლო 13% აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში არაფერს აკეთებენ:
„არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში დიდწილად აღიქმება, როგორც „უცხოური“, შესაბამისად, ნაკლებად „ჩვენი“ ორგანიზაციები. წარმოდგენები იმის შესახებ, თუ ვის ინტერესებს იცავენ არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში, მიუთითებს იმაზე, რომ ორგანიზაციები განიხილება როგორც „დასავლეთთან“ (აშშ-სთან, ევროკავშირთან) დაკავშირებული, „დასავლეთის“ მიერ გამოწვეული ფენომენი. მოსახლეობას ეს ორგანიზაციები ყველაზე ნაკლებად რუსეთის ინტერესების დამცველად წარმოუდგენია. საკმაოდ მყარია რწმენა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები არ იცავენ ქართულ ტრადიციებს (29%) და ხალხის ინტერესებს (27%)“, - წერია დოკუმენტში.
ის, რომ საზოგადოებაში არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ ნდობა და ცნობადობა საკმაოდ დაბალია, სულხან სალაძის თქმით, ბევრი ფაქტორითაა განპირობებული, მათ შორისაა, საინფორმაციო ველისა და მედიასაშუალებების კონტროლი. თუმცა, მეორე მხრივ, ის არც იმას გამორიცხავს, რომ ამგვარი შედეგი განპირობებული იყოს იმით, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ენა, თემები, შესაძლოა არ იყოს ისეთი, რომელიც ადამიანთა დიდ ჯგუფს ყოველდღიურ ცხოვრებაში აწუხებს: „თუმცა, ის შედეგები, რომელიც გუშინ ერთ-ერთმა არხმა გამოაქვეყნა, აბსოლუტურად შეუსაბამოა რეალობასთან. სხვა არხზე იგივე შეკითხვა, დიდი ალბათობით, სხვა შედეგით დასრულდებოდა“.
თვითკრიტიკულია შეფასებებში თამთა მიქელაძე. ის ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს პირველ რიგში შესაცვლელი აქვთ სტრატეგიები, საზოგადოებასთან მუშაობის გზები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დღის წესრიგი:
„ყველა მნიშვნელოვანი გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს აწუხებს სიღარიბე, ჯანდაცვის საკითხები, განათლების პრობლემები და ა.შ. თუმცა, ვხედავთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დღის წესრიგში სოციალური სამართლიანობის საკითხები ძალიან სუსტად ხვდება. ამიტომ მგონია, რომ დღის წესრიგის პრობლემა არსებობს“.
დაბალი რეიტინგის ერთ-ერთ განმსაზღვრელ ფაქტორად ალეკო ცქიტიშვილი ასახელებს იმ რიტორიკას, რომელიც მისი თქმით, აქტიურად ისმის სხვადასხვა პლატფორმიდან. მათ შორის, ეკლესიის ამბიონიდანაც:
„საკმაოდ მაღალია ნაციონალისტური და ურაპატრიოტული მიდგომების დონე. არასამთავრობო ორგნიზაციების დემონიზაციას არ ერიდება არც ეკლესია. მრევლიც ავტომატურად იზიარებს იმ ქადაგებებს, რასაც ისმენს ამბიონიდან სხვადასხვა ეკლესიაში. ეს კი თავისთავად აისახება საზოგადოების განწყობებზე“.