Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას და როდის შეცვლის უკრაინის ცაზე ამერიკული „მებრძოლი შევარდნების“ გამოჩენა?


F-16 უკრაინულ "შენიღბვაში", (კოლაჟი უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიციალური Twitter-ის ანგარიშიდან).
F-16 უკრაინულ "შენიღბვაში", (კოლაჟი უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიციალური Twitter-ის ანგარიშიდან).

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ "ისტორიული მომენტი" უწოდა აშშ-ის თანხმობას უკრაინისთვის F-16-ის  გადაცემასთან დაკავშირებით. ხოლო აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა - "კოლოსალური რისკი", მაგრამ არა უკრაინისთვის, როგორც ეს მოსკოვში მიაჩნიათ, არამედ თავად რუსეთისთვის.

ზოგიერთ სამხედრო ექსპერტს და ანალიტიკოსს ეჭვი ეპარება, რომ უკრაინელი მფრინავები მოკლე დროში შეძლებენ F-16-ის ეფექტიან გამოყენებას რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და თანამედროვე რუსული გამანადგურებლების წინააღმდეგ.

რადიო თავისუფლება შეეცადა გაერკვია, თუ რა უპირატესობა აქვთ „მებრძოლ შევარდნებად“ (Fighting Falcon) ცნობილ F-16-ებს მათ საბჭოთა თუ რუსულ ანალოგებთან შედარებით? რა გავლენის მოხდენა შეუძლიათ საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობაზე უკრაინის ცაში მათ გამოჩენას და როგორ მიმდინარეობს უკრაინელი მფრინავების მომზადების პროცესი?

F-16 გამანადგურებლის ერთ-ერთი უახლესი მოდიფიკაცია.
F-16 გამანადგურებლის ერთ-ერთი უახლესი მოდიფიკაცია.

F-16-ის მოდიფიკაციები, რომლებიც შესაძლოა უკრაინაში გამოჩნდეს

General Dynamics F-16 Fighting Falcon - ასე ჰქვია ამერიკული წარმოების ერთძრავიან მრავალფუნქციურ გამანადგურებელს. თუ ძველი თაობის საბჭოთა სამხედრო თვითმფრინავებს მხოლოდ ერთი - ან ბომბდამშენის, ან გამანადგურებლის ფუნქციის შესრულება შეეძლოთ, ამ მხრივ ამერიკული F-16 უნივერსალურია: მას შეუძლია სხვადასხვა ამოცანის შესრულება და როგორც „ჰაერი-ჰაერის“ ტიპის, ისე „ჰაერი-მიწის“ კლასის რაკეტები აქვს შეიარაღებაში. ამჟამად F-16-ები მრავალი ქვეყნის შეიარაღებაში იმყოფება, ხოლო 2023 წლისათვის მთელ მსოფლიოში ამ ტიპის 2200 აქტიური გამანადგურებელი აღირიცხა.

ღირს გავიხსენოთ, რომ გამანადგურებელი F-16 გასული წლის 70-იან წლებში შემუშავდა და მას შემდეგ ამ თვითმფრინავმა არაერთი მოდერნიზაცია განიცადა, მათ შორის, განახლდა საფრენი აპარატის ძრავა და შეიცვალა კონსტრუქციაც. ხოლო 1984 წელს თვითმფრინავის პირველი, A/B სერიის (ერთადგილიანი და ორადგილიანი) ვარიანტი ჩაანაცვლა C/D სერიამ, რომელიც, თავის მხრივ, 90-იან წლებში E/F სერიის გამანადგურებელმა შეცვალა.

ხოლო უკანასკნელ წლებში F-16 შეცვალა ბევრად უფრო თანამედროვე F-35 კლასის გამანადგურებელმა.

ამასთან, F-16-ები იყოფა ე.წ. ბლოკებად, რომელთა ნუმერაცია თვითმფრინავებში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის კვალობაზე იცვლებოდა, ტექნოლოგიებისა, რომლებიც არ საჭიროებდნენ სტრუქტურულ ცვლილებებს. ასე მაგალითად, მოდიფიკაცია C/D დაიწყო ბლოკ 25-ით, ხოლო მოდიფიკაცია E/F -60 ბლოკით. ამ მოდერნიზების შედეგად თვითმფრინავის პლანერში გაუმჯობესდა რადარი, ელექტრონული სისტემები და ავიონიკა. ყველაზე თანამედროვე ვერსიად დღეს ითვლება ბლოკი 70/72.

გამანაგურებელ F-16-ის ყველაზე დიდი პარკი აქვს აშშ-ს, რომელსაც ჯერ არ დაუანონსებია თავისი თვითმფრინავების უკრაინისთვის გადაცემა.
გამანაგურებელ F-16-ის ყველაზე დიდი პარკი აქვს აშშ-ს, რომელსაც ჯერ არ დაუანონსებია თავისი თვითმფრინავების უკრაინისთვის გადაცემა.

დამოუკიდებელი სამხედრო ექსპერტი და წარსულში იტალიის არმიის სამხედრო მოსამსახურე, ტომას ტაინერი, ამბობს, რომ ამ მოდერნიზების შედეგად გამოთავისუფლებული ყველაზე მეტი F-16 ტიპის გამანადგურებელი ამჟამად ნორვეგიას და ნიდერლანდს აქვთ. კიდევ ორი ქვეყანა, ბელგია და დანია ელოდება მათი კუთვნილი F-16-ების მოდერნიზებული, F-35-ებით ჩანაცვლებას, მაგრამ ჯერჯერობით ბელგიას არ მიუღია არცერთი ახალი გამანადგურებელი, ხოლო მეორემ - ნიდერლანდმა მხოლოდ რამდენიმე ძველი საბრძოლო მანქანა შეცვალა. შესაბამისად, როგორც ტაინერი მიიჩნევს, კიევმა შესაძლოა მოკავშირეებისგან 40-60 გამანადგურებელი შეიძინოს.

გამანაგურებელ F-16-ის ყველაზე დიდი პარკი აქვს აშშ-ს, რომელსაც ჯერ არ გამოუცხადებია თავისი თვითმფრინავების უკრაინისთვის გადაცემა. ყველაზე უფრო სავარაუდოა, რომ უკრაინა მიიღებს F-16 AM Block 20 MLU-ს. ამ მოდიფიკაციის თვითმფრინავები შეიარაღებაში აქვთ დანიას, ბელგიას, ნორვეგიასა და ნიდერლანდს. F-16-ის ამ ვერსიამ ღრმა შიდა მოდერნიზება განიცადა და პრაქტიკულად ყველა მახასიათებლით, გარდა გარეგნული იერისა და რადარისა, ყველაზე უფრო თანამედროვე მოდიფიკაციას, F-16C/D Block 50/52-ს შეესაბამება.

სწორედ ძველ რადარს მიიჩნევს ამ გამანადგურებლების ერთ-ერთ ნაკლად ტომ ტაინერი. „რადარი“ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძვირი ელემენტი F-16-ში. სტრუქტურულად ახალი თაობის რადარები ძველებისგან არაფრით განსხვავდება და ერთმანეთის შეცვლაც შეუძლიათ. ევროპის ქვეყნებმა გადაწყვიტეს ეკონომია გაეკეთებინათ, გააუმჯობესეს რადარის მონაცემების გადაცემის და მათი კომპიუტერით გადამუშავების სისტემა. აშშ-ში კი თვითმფრინავებიდან ხსნიან „ახალ“ რადარებსაც და მათ ცვლიან უფრო თანამედროვე ვარიანტით. ამიტომ იმედი მაქვს, რომ წინა მოდიფიკაციის რადარებს ამერიკელები იმ ქვეყნებს გადასცემენ, რომლებიც უკრაინისათვის F-16-ების გადაცემას აპირებენ“, - აღნიშნავს ტომ ტაინერი.

დაბოლოს, მოწინააღმდეგის რადარებზე ამერიკული F-16-ები უფრო ნაკლებად არის შესამჩნევი, ვიდრე მიგ-29 ტიპის საბჭოთა/რუსული თვითმფრინავები, მაგრამ „მებრძოლი შევარდენი“ არც „უხილავი თვითმფრინავია“. ფრენისას მას შეუძლია საათში 2500 კილომეტრი სიჩქარე განავითაროს და ავიდეს ჰაერში 16-17 კილომეტრის სიმაღლეზე. ამერიკულ F-16-ს შეუძლია მიზნის აღმოჩენა 150 კილომეტრის მანძილზე და ათამდე ობიექტს ერთდროულად ადევნებს თვალს.

F-16 რა ტიპის რაკეტებს ელოდება უკრაინა?

მრავალფუნქციურ გამანადგურებელ F-160ს დიდი რაოდენობით სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალის ტარება შეუძლია. ტომას ტაინერი მიიჩნევს, რომ უკრაინას, პირველ ყოვლისა, დასჭირდება „ჰაერი-ჰაერის“ ტიპის რაკეტები, არა რუსული თვითმფრინავების, არამედ ფრთოსანი რაკეტებისა და ირანული წარმოების კამიკაძე-დრონების გასანადგურებლად.

„ასეთი ამოცანების შესასრულებლად F-16-ს უკრაინის საჰაერო სივრცეში შეუძლია იმოქმედოს ისე, რომ აღმოჩნდეს რუსული გამანადგურებლების ან რუსული საჰაერო თავდაცვისაგან მომდინარე საფრთხის ქვეშ. ევროპის ქვეყნებს შეიარაღებაში ათობით ათასი ასეთი რაკეტა აქვთ და თუ ისინი ამ რაკეტებს უკრაინას გადასცემენ, მაშინ ეს ევროპას თავიდან ააცილებს იმის საჭიროებას, რომ დამატებით ძვირადღირებული საჰაერო თავდაცვის სისტემებით, მაგალითად, „პატრიოტებით“ მოამარაგოს უკრაინის არმია“, - ამბობს ტომ ტაინერი.

ასეთ რაკეტებს განეკუთვნება მართვადი ამერიკული რაკეტა AIM-9 Sidewinder-ი და საშუალო სიშორის რაკეტა AIM-120 AMRAAM-ი, რომელიც პირდაპირი ხედვის ფარგლებს მიღმა საჰაერო სამიზნის განადგურებისთვისაა განკუთვნილი.

პირველი რაკეტები დამიზნებისთვის იყენებს მიზნის სითბურ სილუეტს, მეორეები - რადიოლოკატორებს. იმისათვის, რომ რუსული გამანადგურებლები ჩამოყაროს, ტომ ტაინერის თქმით, უკრაინას დასჭირდება AIM-120 AMRAAM-ის ყველაზე თანამედროვე მოდიფიკაცია. „პრობლემა ისაა, რომ დანიის, ნიდერლანდისა და ნორვეგიის კუთვნილ F-16-ებს არ აქვთ ასეთი რაკეტების გამოყენებისთვის საჭირო ჯეროვნად განვითარებული რადარები. მათი რადარები უბრალოდ ვერ ხედავენ სამიზნეს ისეთ დიდ მანძილზე, რომლის გადალახვაც ამ რაკეტებს შეუძლიათ“, - ამტკიცებს ტომ ტაინერი.

რუსი ჯარისკაცი ოკუპირებულ ხერსონის რეგიონში და HARM-ის სარადარო რაკეტა, 2022 წ.
რუსი ჯარისკაცი ოკუპირებულ ხერსონის რეგიონში და HARM-ის სარადარო რაკეტა, 2022 წ.

გარდა ამისა, უკრაინის არმიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანად რჩება მოწინააღმდეგის საჰაერო-თავდაცვის სისტემის ნეიტრალიზება. ხოლო ზოგიერთი მოდიფიკაციის F-16-ები, მაგალითად, F-16CM и F-16DM, პირდაპირ ზედგამოჭრილია ასეთი ამოცანის შესრულებისთვის.

ამ ამოცანის შესრულების მთავარ ინსტრუმენტს კი წარმოადგენს რაკეტა AGM-88 HARM-ი, რომლებიც უკრაინას ჯერ კიდევ 2022 წელს გადაეცა და ისინი უკრაინის საჰაერო ძალების შეიარაღებაში არსებულ საბჭოთა გამანადგურებელ მიგ-29-დან გაშვების მიზნით უკვე ადაპტირდა. ეს შეხამება ზღუდავს რუსეთის საჰაერო თავდაცვის განადგურებისკენ მიმართულ უკრაინის შესაძლებლობას, ვინაიდან ეფექტიანი საქმიანობისთვის ამ შემთხვევაში იდეალური პირობებია საჭირო.

„აქ ჩვენ ვაწყდებით კიდევ ერთ პრობლემას: გამანადგურებლები F-16CM და F-16DM საკმაოდ მცირე რაოდენობითაა გამოშვებული, დაახლოებით 3000 თვითმფრინავი. ხოლო ანტირადიოლოკაციური დანიშნულების HARM-ის ტიპის რაკეტების გამოყენება „ჩვეულებრივი“ F-16-დანაც შეიძლება, მაგრამ ისინი ნაკლები ხარისხით არიან დაცული მოწინააღმდეგის რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემებისგან“, - ამბობს რადიო თავისუფლების თანამოსაუბრე.

არის კიდევ ერთი გარემოება. რუსეთს შეიარაღებაში აქვს თანამედროვე მიგ-29 ტიპის გამანადგურებლები, რომლებსაც შორი მოქმედების რაკეტებითა და თანამედროვე რადარებით შეუძლიათ უკრაინის არმიის შეიარაღებაში არსებული საბჭოთა გამანადგურებლებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემის განადგურება. შესაბამისად, ამ საფრთხეს რომ გაუმკლავდეს, ტომას ტაინერის თქმით, უკრაინა საჭიროებს AIM-120 კლასის რაკეტების მოდიფიცირებულ C-5 და C-7 ვარიანტებს, რომელსაც შორ მანძილზე შეუძლიათ მიზნის განადგურება და მოდერნიზებული აქვთ თვითდამიზნების რადიოლოკაციური ქობინი. მაგრამ ძველებური შეზღუდვა მაინც იარსებებს - ესაა ძველი თაობის რადარები, რომლებიც, სავარაუდოდ, უკრაინისათვის გადაცემულ F-16-ის ტიპის გამანადგურებლებს ექნებათ.

F-16-ის სწორი ექსპლუატაციისა და მფრინავების მომზადების სავარაუდო პრობლემები

იარაღის ფართო სპექტრისა და კარგი მახასიათებლების მიუხედავად, ზოგიერთი ექსპერტი ეჭვქვეშ აყენებს უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტში ამერიკელი გამანადგურებლების ეფექტურობას. ამერიკელი სენატორი და შეიარაღების კომიტეტის წევრი ჯეკ რიდი ამტკიცებს, რომ უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდება არ არის პრიორიტეტული ამოცანა, რადგან უკრაინელი მფრინავები ვერ შეძლებენ ამერიკული თვითმფრინავების სრული პოტენციალის გამოყენებას რუსული ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების აქტიურობის გამო.

„უკრაინას უკვე აქვს თვითმფრინავები, მაგრამ უკრაინელები მათ ძალიან ხშირად არ იყენებენ - საჰაერო სივრცეში შექმნილი სიტუაცია არ იძლევა ამის საშუალებას. ასეთ პირობებში ჰაერში ასვლა უკიდურესად რთულია. ახლა ისინი ფრინდებიან, მაგრამ დაბალ სიმაღლეზე დაფრინავენ და მკვეთრად ადიან ჰაერში მაღლა საბრძოლო მასალის ჩამოსაგდებად. ამის გამო უკრაინელებმა უკვე დაკარგეს რამდენიმე მფრინავი“, - აღნიშნავს რიდი.

კიდევ ერთი პრობლემაა მფრინავების და პირადი შემადგენლობის მომზადება. გრიფიტის უნივერსიტეტის თანამშრომელი და ავსტრალიის საჰაერო ძალების ყოფილი სამხედრო პიტერ ლაიტონი აღნიშნავს, რომ სამ თვეში შესაძლებელია უკრაინელი მფრინავების მომზადება გამანადგურებელ F-16-ების სამართავად. სამ თვეში მფრინავებს შეეძლებათ აფრენა, ჰაერში მანევრირება და მიწაზე დაშვება. მაგრამ საბრძოლო ვითარებაში ამ თვითმფრინავების გამოყენება, ლეიტონის აზრით, მოითხოვს უფრო კომპლექსურ და ხანგრძლივ მომზადებას. ის ფიქრობს, რომ უკრაინელმა მფრინავებმა შესაძლოა საკმაოდ მოკლედ დროში ისწავლონ რუსული თვითმფრინავებისა და რაკეტების ჩამოგდება, მაგრამ ფართო სპექტრის დასავლური შეიარაღების ეფექტიან გამოყენებასა და ცუდი ხილვადობის პირობებში მიწისზედა სამიზნეების დაბალი სიმაღლიდან დაბომბვას, დიდი დრო დასჭირდება.

კონგრესის კვლევის სამსახურის შეფასებით, ერთი AIM-120 ტიპის რაკეტის ღირებულება მილიონ დოლარზე მეტია.
კონგრესის კვლევის სამსახურის შეფასებით, ერთი AIM-120 ტიპის რაკეტის ღირებულება მილიონ დოლარზე მეტია.

F-16-ის ერთ-ერთმა ყოფილმა მფრინავმა, რომელმაც თავისი ვინაობის გამხელა არ ისურვა, ტელეკომპანია CNN-ს აცნობა, რომ აღნიშნულ გამანადგურებელზე ბრძოლის წარმოების ყველა ფაქიზი ნიუანსის შესწავლა, შესაძლოა, წლობით გაგრძელდეს.

კონგრესის კვლევის სამსახურის მიერ ამასწინანდელ ანგარიშში ნათქვამია, რომ F-16-ის ტექნიკური პერსონალის მომზადება ინგლისურ ენაზე წარმოებს და 2133 დღე გრძელდება, მაგრამ იმისთვის, რომ ადამიანი კვალიფიციურ სპეციალისტად ჩამოყალიბდეს, სულ მცირე, 1 წელია საჭირო.

ტომას ტაინერი ასეთ ფრთხილ შეფასებებს ძირითადად ეთანხმება, მაგრამ გადაულახავ პრობლემად არ მიიჩნევს უკრაინის წინაშე მდგარ გამოწვევებს. გამანადგურებელ F-16-ის ტექნიკური პერსონალის ნაკლებობის პრობლემა, ექსპერტის აზრით, შესაძლოა, დასავლეთის სხვა ქვეყნებიდან მოხალისეების მიზიდვით გადაიჭრას. მოხალისეებისა, რომლებსაც ამერიკული გამანადგურებლების ექსპლუატაციის დიდი გამოცდილება აქვთ და უკვე გამოთქვეს უკრაინაში ჩასვლის სურვილი. იგივე შეიძლება ითქვა მფრინავებზე. ტაინერის აზრით, პოლიტიკური რისკები, რაც შესაძლოა უცხო ქვეყნის მფრინავების მოწვევას ახლავს, შეიძლება უმტკივნეულოდ გადაიჭრას, თუ კიევი უცხოელ მფრინავებს ოპერატიულად მიანიჭებს უკრაინის მოქალაქეობას.

არსებობს კიდევ ერთი პრობლემა. ესაა იმ შეიარაღების ღირებულება, რაც გამანადგურებელ F-16-ებს ჭეშმარიტად ეფექტიან სამხედრო თვითმფრინავებად აქცევს. კონგრესის კვლევის სამსახურის შეფასებით, ერთი AIM-120 ტიპის რაკეტის ღირებულება მილიონ დოლარზე მეტია, ხოლო რაკეტის შეძენის შესახებ კონტრაქტის დადებიდან პროდუქტის მიწოდებამდე ვადა 2 წელიწადს შეადგენს. ანგარიშში ნათქვამია, რომ აშშ-ს შეუძლია საკუთარი მარაგებიდან მიაწოდოს უკრაინას AIM-120 ტიპის რაკეტა, მაგრამ ეს სხვა სახელმწიფოსთან აშშ-ის პირდაპირ კონფლიქტში შესვლის გარკვეულ საფრთხეს შეიცავს.

  • აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 19 მაისს მხარი დაუჭირა F-16 საბრძოლო თვითმფრინავებისთვის უკრაინელი მფრინავების მომზადების პროგრამებს. გასულ კვირაში ასევე ცნობილი გახდა, რომ აშშ დათანხმდა, მისმა პარტნიორებმა უკრაინას მიაწოდონ თანამედროვე ამერიკული შეიარაღება, მათ შორის, F-16 გამანადგურებლები. როგორც თეთრმა სახლმა გამოაცხადა კვირას, ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი, თავად აშშ მიაწვდის თუ არა უკრაინას F-16-ებს.
  • აშშ-ის პრეზიდენტი დიდი ხნის განმავლობაში არ ეთანხმებოდა უკრაინისთვის ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემას. გარდა ამისა, ვაშინგტონის პოზიციის გამო, ევროპის ქვეყნები F-16-ზე უკრაინელი მფრინავების მომზადებასაც კი ვერ ახერხებდნენ.
  • ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა 23 მაისს განაცხადა, რომ პოლონეთმა უკვე დაიწყო უკრაინელი მფრინავების მომზადება F-16 გამანადგურებლებზე. თუმცა, პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მალევე დააზუსტა, რომ ბორელმა იჩქარა.
  • „მზად ვართ. პოლონეთის მხარე მზად არის, პილოტებს F-16-ების მართვა შეასწავლოს. ეს სწავლება ჯერ არ დაწყებულა“, - თქვა მარიუშ ბლაშჩაკმა.
  • რუსეთის ხელისუფლებამ უკვე განაცხადა, რომ უკრაინისთვის F-16-ების გადაცემა კონფლიქტში ნატოს როლის საკითხს დააყენებს.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG