Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორი იქნება მსოფლიო კორონავირუსის შემდეგ - მომავლის უტოპიური და ანტიუტოპიური სცენარები


COVID 19-ის (ახალი კორონავირუსის) პანდემიის შემდეგ სამყარო და ადამიანი ძირფესვიანად შეიცვლება - ასეთია საყოველთაო მოლოდინი. პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კაცობრიობა გლობალური პრობლემის, გლობალური საფრთხის წინაშე დადგა. გლობალური დათბობაც ისეთი საფრთხეა, რომელიც მთელ მსოფლიოს ეხება, მაგრამ მას ის ერთი რამ აკლია, რაც ახალ კორონავირუსს აქვს: თვალსაჩინოობა. ადამიანების სიკვდილი ყველა ადამიანს თვალსაჩინოდ უხატავს ახლო მომავალს, აშინებს მას და უბიძგებს მოქმედებისკენ, რომელიც ხშირად გაუაზრებელია (მაგალითად, საუკუნის სამყოფი ტუალეტის ქაღალდის მომარაგება). გაუაზრებლად მოქმედება შეუძლია არა მარტო ცალკეულ ადამიანს, არამედ საზოგადოებას და სახელმწიფოსაც.

გლობალური საფთხე, ყველაფერთან ერთად, გლობალურ წესრიგს ცვლის - ცვლის თუნდაც იმით, რომ მის სუსტ წერტილებს გვიჩვენებს.

ახალი კორონავირუსის წინაშე, პარადოქსულად, ყველაზე დაუცველები მდიდარი სახელმწიფოები აღმოჩნდნენ. ბირთვული ზესახელმწიფოები და მდიდარი ინდუსტრიული სახელმწიფოები ვერ ან ძნელად ახერხებენ საკუთარი მოსახლეობის დაცვას, მათი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის უზრუნველყოფას.

ახალმა კორონავირუსმა აჩვენა ბოლო ათწლეულების ეკონომიკური პოლიტიკის ხარვეზები: ჯანდაცვის კომერციალიზაცია, სამედიცინო პერსონალისა და საწოლების რაოდენობის შემცირება საავადმყოფოების მოგების გაზრდის მიზნით კონტრპროდუქტიული აღმოჩნდა. ახლა სწორედ სამედიცინო პერსონალსა და საწოლების რაოდენობაზეა დამოკიდებული ათასობით ადამიანის სიცოცხლე. იგივე, კომერციალიზაციის, პრობლემა განათლების სისტემაშიცაა, ოღონდ ის ასეთი თვალსაჩინო არაა.

ახალმა კორონავირუსმა აჩვენა პოლიტიკური კულტურის მნიშვნელობაც: პოპულისტი მმართველების ბაქიბუქი ბევრი ადამიანისათვის საბედისწერო აღმოჩნდა. პოპულისტ ლიდერებსაც მოუწიათ ფანფარონობაზე უარი ეთქვათ, ექსპერტებისთვის ყური დაეგდოთ და, საბოლოო ჯამში, მართალია, დაგვიანებით, იმ ზომებისთვის მიემართათ, რომლებიც მთელ მსოფლიოს - ან მის უდიდეს ნაწილს - გონივრულად მიაჩნია.

ახალმა კორონავირუსმა ფასეულობების იერარქიაც შეარყია: მოკლედ რომ ვთქვა, აღმოჩნდა, რომ სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ბიზნესი. სიცოცხლე, მზრუნველობა, სოლიდარობა ისევ დაფასდა. მატერიალურმა კეთილდღეობამ კი, მოგებამ, ეკონომიკურმა ზრდამ, როგორც პოლიტიკის მთავარმა მაქსიმამ, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე ფერი დაკარგა. თავიდან დადგა საკითხი პოლიტიკური თანაცხოვრების მიზნის შესახებ: რა არის ჩვენი, საზოგადოების, საერთო მიზანი? რა პრინციპებზე უნდა დავაფუძნოთ ჩვენი თანაცხოვრება? ჯერ კიდევ ანტიკური ფილოსოფიის ენით რომ ვთქვათ, რა არის (საზოგადოებრივი) სიკეთე?

მსოფლიო წესრიგს - არა მარტო პოლიტიკურს, არამედ ფასეულობებრივს - გაუჩნდა ბზარები ( ერთი, შედარებით ლოკალური სამყაროს ნგრევის მეტაფორა გემახსოვრებათ: „ეს ბზარი იყო, თუ ახლა გაჩნდა“?), ამ ბზარებიდან კი მოჩანს ახალი (ლოკალური და გლობალური) წესრიგის კონტურები. როგორ წარმოგვიდგენია ეს მომავალი?

ანტიუტოპიური სცენარი

იტალიელ ფილოსოფოს ჯორჯო აგამბენს იტალიაში ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ მიღებული (და მოგვიანებით არასაკმარისად ჩათვლილი) ზომები 26 თებერვალს გადაჭარბებულად მიაჩნდა. აგამბენმა ეპიდემია საკუთარი თეორიების - „შიშველი სიცოცხლისა“ და „საგანგებო მდგომარეობის“ - ჭრილში დაინახა და ამ თეორიების დასტურად მიიჩნია. აგამბენის აზრით (ამაში ის გერმანელ სამართლის თეორეტიკოს კარლ შმიტს ეყრდნობა), “საგანგებო მდგომარეობა” არის სახელმწიფოს მართვის პარადიგმა, რომელიც ძირს უთხრის ხელისუფლებათა აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებებად დანაწილების დემოკრატიულ პრინციპს და აღმასრულებელ ხელისუფლებას დემოკრატიული და საპარლამენტო კონტროლის გვერდის ავლით აძლევს სახელმწიფოს მართვის საშუალებას. ამ ტენდენციის გამოხატულებაა, მაგალითად, სახელმწიფოს მიერ პირადი მონაცემების შეგროვება, მოსახლეობის თვალთვალის მეშვეობით კონტროლი, სამართალს მიღმა სივრცეები (გუანტანამოს ციხე) ან თავისუფლების შემზღუდველი ადმინისტრაციული აქტები (ამერიკული პატრიოტული აქტი). თავისი რადიკალური მნიშვნელობით საგანგებო მდგომარეობის ერთ მხარეს არის სუვერენი (აღმასრულებელი ხელისუფლება ან მისი ხელმძღვანელი, რომელიც ერთდროულად კანონის შიგნითაცაა და გარეთაც), მეორე მხარეს კი- ჰომო საკერი (რომაული სამართლის ფიგურა, აგამბენისათვის - “სუფთა სიცოცხლის”, თავის ბიოლოგიურ არსებობამდე, და ადამიანობის ყველა სხვა ასპექტისგან განძარცული ადამიანი) დგას.

აგამბენის აზრით, კორონავირუსის ეპიდემიამ - უფრო სწორად კი, მისგან აღძრულმა შიშმა - ერთი მხრივ, ის გამოიწვია, რომ საზოგადოებას “შიშველი სიცოცხლის” გარდა არაფრის სჯერა. “შიშველი სიცოცხლის” დაცვამ ადამიანები აიძულა უარი ეთქვათ ყველაფერზე, რაც მათ ადამიანებად აქცევს. “რა საზოგადოებაა ის საზოგადოება, რომელსაც გადარჩენის გარდა სხვა ფასეულობა არ აქვს?”-რიტორიკულად კითხულობს აგამბენი. მეორე მხრივ კი, კორონავირუსის ეპიდემია საშუალებას აძლევს სახელმწიფოებს მაქსიმალურად გაზარდონ არადემოკრატიული კონტროლის მექანიზმები მოსახლეობაზე. საგანგებო მდგომარეობა, აგამბენის აზრით, ჩვეულებრივი გახდა და ახალი კორონავირუსი მთავრობებს ეხმარება მოსახლეობა პერმანენტული კომენდანტის საათის მდგომარეობაში აცხოვრონ.

უტოპიური სცენარები

ჯორჯო აგამბენს არ დაეთანხმა სლოვენიელი ფილოსოფოსი სლავოი ჟიჟეკი. ჟიჟეკის აზრით, აგამბენი და მასთან ერთად ყველა, ვინც აგამბენს მეტად თუ ნაკლებად ეთანხმებოდა, არ აღიარებდა ვირუსის რეალურობას. მათთვის ვირუსი იყო “კონსტრუქტი”, რომელიც მთავრობებს ეხმარებოდა რადიკალური ზომების გატარებაში. ჟიჟეკი ფიქრობს, რომ მემარჯვენე და მემარცხენე კონსტრუქტივისტების მიერ ვირუსის რეალურობის არაღიარება არის “წმინდა წყლის იდეოლოგია”.

მეორე მხრივ, ჟიჟეკი იმასაც აკრიტიკებს, თუ რა ფორმით ხდება ვირუსის რეალურობის აღიარება. მთავრობების დაპირებები, რომ, მაგალითად, სკოლები გაიხსნება ამა და ამ კონკრეტულ დროს, გულისხმობს, რომ ცხოვრება ვირუსის შემდეგ ძველებურად გაგრძელდება.

მთავრობათა ამ მიდგომისგან განსხვავებით, ჟიჟეკი ფიქრობს, რომ კორონავირუსი ჩვენს “თანაცხოვრებას” ძირფესვიანად შეცვლის. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩვენი სიცოცხლე “ნორმალურობას” დაუბრუნდება, ეს სხვანაირი, დღევანდელისაგან განსხვავებული “ნორმალურობა” იქნება. ჟიჟეკის აზრით, “ახალი ნორმალურობა” იმაში გამოვლინდება, რომ ადამიანი დაკარგავს თავის სუვერენულობას (ჟიჟეკი ჰუმანიზმის შემდეგ ჩამოყალიბებულ ანთროპოლოგიას გულისხმობს, რომელიც ადამიანს ყველაფრის საზომად და სამყაროს ცენტრად აქცევს) და მოუწევს იმის გაცნობიერება, - ისე, რომ არ გაგიჟდეს, - რომ ის არა მარტო ინდივიდუალურადაა მოკვდავი, არამედ ერთი ჩვეულებრივი არსებაა სხვა არსებათა შორის, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება გადაშენდეს. ამ - ახალი - მდგომარეობის გაცნობიერებამ კი ძირფესვიანად უნდა შეცვალოს ადამიანის ცხოვრების წესი, მისი წარმოდგენა სიცოცხლეზე სხვა არსებათა შორის.

ამერიკელი ფილოსოფოსი ჯუდიტ ბატლერი კორონავირუსის პანდემიის სოციალურ მხარეზე ლაპარაკობს. ბატლერი აკრიტიკებს აშშ პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, პოლიტიკას და მიიჩნევს, რომ მისი პოლიტიკა მისდევს ბაზრის და არა საყოველთაო ჯანდაცვის აუცილებლობის ლოგიკას. მართალია, თვითონ ვირუსი არადისკრიმინაციულია: ის არ იცნობს საზღვრებს და კლასებს („ვარდთა და ნეხვთა“ „სწორად მოეფინების“), მაგრამ დისკრიმინაცია ხდება ნაციონალიზმის, ქსენოფობიის, რასიზმისა და კაპიტალიზმის ძალით. ბატლერის პროგნოზით, უახლოეს მომავალში შესაძლებელია ზოგიერთმა ადამიანმა მოიპოვოს სიცოცხლის უფლება სხვა ადამიანების სიცოცხლის ხარჯზე, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდება განსხვავება „გლოვის ღირს“ და „გლოვის უღირს“ სიცოცხლეს შორის, იმ ადამიანებს შორის, რომელთა სიცოცხლე უნდა დავიცვათ ნებისმიერ ფასად და იმ ადამიანებს შორის, რომელთა სიცოცხლე მიიჩნევა ავადმყოფობის ან სიკვდილისაგან დაცვის უღირსად. ტრამპის წინააღმდეგ ბატლერი ფიქრობს, რომ ჯანდაცვა საყოველთაო სიკეთე უნდა იყოს, ის ყველასთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი. დაუშვებელია ისეთი ჯანდაცვის სისტემა, რომელშიც ველური კონკურენცია სადაზღვევო კომპანიებს შორის შექმნის ღარიბების ან მოხუცების „მიტოვების“ შესაძლებლობას. შესაბმისად, - და ეს დასკვნა არა მარტო ამერიკას ეხება, - ჩვენ უნდა გამოვიდეთ იმ ჩარჩოებიდან, რომელსაც კაპიტალიზმი გვიწესებს, რომ ჩვენ არაფრით არ შეიძლება დავეთანხმოთ ისეთ სამყაროს, რომელშიც შესაძლებელია ერთ ადამიანს ჰქონდეს საშუალება აიცრას სასიკვდილო გრიპისაგან, მეორეს კი - არა.

ფრანგი ფილოსოფოსი ალენ ბადიუ ფიქრობს, რომ დღევანდელი მთავრობები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ შეინარჩუნონ არსებული პოლიტიკურ-ეკონომიკური (ბურჟუაზიული) წესრიგი და ამ წესრიგის შესანარჩუნებლად მმართველ კლასსაც კი (ბურჟუაზიას) უწესებენ ზოგჯერ მძიმე ტაქტიკურ შეზღუდვებს (იგულისხმება ნაწილობრივი ან დროებითი ნაციონალიზაცია ან საწარმოებისათვის ეპიდემიისათვის საჭირო პროდუქციის გამოშვების ვალდებულება). ის თვლის, რომ თავისთავად ეპიდემია ვერ შეარყევს პოლიტიკურ წესრიგს და არ გამოიწვევს რევოლუციას, მაგრამ იძლევა შესაძლებლობას, მოვძებნოთ ახალი პოლიტიკური ფიგურები, გამოვიმუშაოთ ახალი პოლიტიკური პროექტები და ტრანსნაციონალურ პროგრესზე (ბადიუ გულისხმობს კომუნიზმის მესამე ფაზას მისი პირველი “შესანიშნავი” და მეორე “საინტერესო, მაგრამ დამარცხებული” ფაზის შემდეგ).

ბადიუს და ბატლერის მიმართულებით ფიქრობს უკვე ხსენებული სლავოი ჟიჟეკიც: კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პანიკის შემდეგ ადამიანებმა უნდა გააკეთონ არჩევანი დაუნდობელ სოციალ-დარვინიზმსა და კომუნიზმის რაიმე ხელახლა გამოგონილ ფორმას შორის, გლობალური კოორდინაციითა და თანამშრომლობით. გლობალურ კოორდინაციასა და თანამშრომლობას ჟიჟეკი არ მიიჩნევს უტოპიად. პირიქით, ის თვლის, რომ კორონავირუსის პანდემიამ აჩვენა როგორც გლობალური კაპიტალიზმის, ისე ლოკალური პოპულიზმების საზღვრები. მაგალითად, ისეთი ზესახელმწიფოც კი, როგორიც ამერიკაა, შეიძლება “გადარჩეს” მხოლოდ გლობალური კოორდინაციისა და თანამშრომლობის პირობებში. ჟიჟეკი და ბატლერი ამ შემთხვევაში საერთო დასკვნამდე მიდიან: თუ ჩვენ არ გვინდა ვიცხოვროთ ისეთ (გლობალურ) საზოგადოებაში, სადაც ცინიკურად თვალს ვხუჭავთ სუსტებისა და მოხუცების სიკვდილზე და, ფაქტობრივად, მსხვერპლად ვწირავთ მათ, მაშინ ერთადერთი შესაძლო არჩევანი გლობალური თანამშრომლობა და კოორდინაციაა.

უტოპიური და ანტიუტოპიური სცენარი

ზემოთ ჩამოთვლილი აზრების სისტემატიზაცია რომ ვცადოთ, გამოიკვეთება ორი პოზიცია, რომელსაც პირობითად შეგვიძლია დავარქვათ უტოპისტური (ბადიუ, ბატლერი, ჟიჟეკი) და ანტიუტოპისტური (აგამბენი). უტოპისტური პოზიციები შექმნილ კრიზისში ხედავენ უკეთესობისაკენ ცვლილების შესაძლებლობას და გამოთქვამენ ადამიანების კეთილგონიერების იმედს, რომ მათ - და საზგადოებებს, რომლებსაც ისინი შეადგენენ - აღმოაჩნდებათ საკმარისი შეგნება გააცნობიერონ არსებული წესრიგების ხარვეზები და გამოასწორონ ისინი ან რეფორმების, ან რევოლუციების გზით. ანტიუტოპისტური პოზიცია კი გვიხატავს ისეთ მომავალს, რომელშიც ავტორიტარიზმი საბოლოოდ გაიმარჯვებს დემოკრატიაზე და ადამიანები დამორჩილდებიან ტოტალურ კონტროლს.

რომელი მათგანია “მართალი” და რომელი პროგნოზი უფრო საფუძვლიანია? უტოპიური და ანტიუტოპიური სცენარები თანაარსებობს ბრაზილიელი მწერლის, ჟოზე სარამაგუს, რომანში “ესე სიბრმავეზე” (1995). რომანის მოკლე შინაარსი ასეთია: ქალაქში იწყება სიბრმავის მოულოდნელი ეპიდემია. ეპიდემია სწრაფად ვრცელდება. მთავრობა დაავადებულებს კარანტინში მოათავსებს, რომელშიც გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობებია. კარანტინს ჯარი იცავს. კარანტინში მოთავსებული ადამიანების ზრდასთან ერთად კარანტინის შიგნით იწყება ომი წყლისა და საკვებისათვის. კარანტინის შიგნით სხვადასხვა ჯგუფები სხვადასხვანაირად იქცევიან: ერთი, რომელშიც მოხვდება პროტაგონისტი (ექიმი) და მისი ცოლი (ერთადერთი ადამიანი, რომელიც არ დაბრმავებულა, მაგრამ იმისათვის, რომ ქმარს კარანტინში გამოჰყოლოდა, მოიტყუა, რომ დაბრმავდა), ცდილობს თანასწორობისა და სოლიდარობის წესებით იცხოვრობს. მეორე ჯგუფი კი, რომელშიც იარაღი აღმოჩნდება, ჩაგვრისა და წართმევის გზას დაადგება და მალე მთელი კარანტინის ტერორიზებას მოახერხებს. ექიმის ცოლი მის მოკვლას შეძლებს, კარანტინი კი დაიწვება. აღმოჩნდება, რომ კარანტინს აღარავინ იცავს და მთელ ქალაქში მთლიანად მოშლილია ყველანაირი წესრიგი. სარამაგუ რადიკალურ ანომიას, სრულ უკანონობასა და უწესრიგობას გვიჩვენებს, რომელიც ადვილად შეგვიძლია შევადაროთ ყველას ომს ყველას წინააღმდეგ, ინგლისელ ფილოსოფოს თომას ჰობსს რომ აქვს აღწერილი წიგნში “ლევიათანი”, რომელიც თანამედროვე პოლიტიკური თეორიის ერთ-ერთ პირველ წიგნად ითვლება. სარამაგუსთანაც რადიკალური ანომია ახალი წესრიგის შესახებ დაფიქრების საშუალებას გვაძლევს. ექიმი და მისი ცოლი ფიქრობენ, როგორი წესებით შეიძლება მოაწყონ თავიანთი მიკროსაზოგადოება - კარანტინიდან გამოქცეული ჯგუფი, რომელიც ექიმის სახლში დაიდებს ბინას. ეს საკითხი გადაუჭრელი რჩება: ეპიდემია გადაივლის და ქალაქის მცხოვრებლებს ნელ-ნელა მხედველობაუბრუნდებათ.

სარამაგუს რომანში ეპიდემია ანომიას იწვევს, ანომია კი ახალი წესრიგის დასაბამია. რითი განსხვავდება კატასტროფის შედეგად დაბადებული წესრიგი ძალადობრივი გზით შეცვლილი წესრიგისგან? ამ შეკითხვაზე პასუხს იძლევა ებრაული წარმოშობის გერმანელი ფილოსოფოსი ვალტერ ბენიამინი (1892-1940)

ვალტერ ბენიამინის შეკითხვა (ესეში “ძალადობის კრიტიკისათვის”, 1921) ასეთი იყო: შეიძლება თუ არა ძალადობა იყოს ეთიკური, თუნდაც იმ შემთხვევაში, თუ ის, როგორც საშუალება, გამართლებულ და ლეგიტიმურ მიზნებს ემსახურება? ამ შეკითხვით ბენიამინი კითხვის ქვეშ აყენებდა როგორც რევოლუციურ ძალადობას, ისე დიქტატურის იმ თეორიებს (კარლ შმიტი), რომლებიც ამბობდნენ, რომ ძალადობა აუცილებელია იმისათვის, რომ დამყარდეს წესრიგი.

ბენიამინი განასხვავებდა ძალადობის სამ ტიპს: ორ მათგანს, სამართალდამფუძნებელ და სამართალშემანარჩუნებელ ძალადობას, ბენიამინი აერთიანებდა “მითოლოგიური ძალადობის” კატეგორიაში. ძალადობის ეს ფორმები ჩართულია ძალადობის კვლავწარმოების მუდმივ ჯაჭვში, რომლის ფორმაცაა სუვერენის ბატონობა “შიშველ სიცოცხლეზე”. ბენიამინი თვლის, რომ ნებისმიერი ფორმა, მათ შორის ისეთი, რომელსაც ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოდ მივიჩნევთ, არსებითად მაინც ძალადობას ემყარება, მისი ფესვი მაინც ძალადობაა (სწორედ ბენიამინის ეს თეორიაა ზემოხსენებული აგამბენის “საგანგებო მდგომარეობის” ერთ-ერთი მთავარი წყარო). თუ სამართალდამფუძნებელი და სამართალშემანარჩუნებელი ძალადობა ძალადობის პრინციპს ინარჩუნებს და მას, როგორც პრინციპს, გამუდმებით თავიდან აწარმოებს, არსებობს თუ არა ამ კვლავწარმოების ჯაჭვის გაწყვეტის შესაძლებლობა? ბენიამინი ფიქრობს, რომ ეს შესაძლებლობა არსებობს და ის ძალადობის მესამე ტიპში, “მბრძანებელ ძალადობაში” (Waltende Gewalt), მდგომარეობს. მბრძანებელ ძალადობას არავინ არ ახდენს - ის, უბრალოდ, ხდება, ის ძალადობის მანიფესტაციაა და ამიტომ წყვეტს სამართალდამფუძნებელ და სამართალშემანარჩუნებელ ძალადობებს. ამ მბრძანებელი ძალადობის ერთ-ერთი ფორმა გლობალური კატასტროფაა. კიდევ ერთი ფორმაა, მაგალითად, საყოველთაო გაფიცვა, როდესაც უმოქმედობა იწვევს არსებული წესრიგის ჩამოშლას. ამ თვალსაზრისით განმარტა კორონავირუსის ეპიდემიის შედეგები ქართველმა მწერალმა, გიორგი ხასიამ. მასაც უტოპისტებში ჩავთვლი.

კორონავირუსის პანდემია თეორიულად არსებული ზღვრული შემთხვევების მიხედვით, დიდი ალბათობით, არ წარიმართება. ნებისმიერ შემთხვევაში, მან უკვე გააჩინა ცვლილებების პოტენციალი. უტოპიურ და ანტიუტოპიურ “სცენარებს” აქვთ თავიანთი სუსტი და ძლიერი მხარეები. მაგალითად, აგამბენის სცენარის სუსტი მხარე (გარდა მისი ფაქტობრივი უზუსტობისა) ისიცაა, რომ აგამბენი კაპიტალს და სახელმწიფოს მოკავშირეებად მიიჩნევს და არ გვეუბნება რა შეიძლება მოხდეს, თუ დაპირისპირების ხაზი კაპიტალსა და სახელმწიფოს შორის გავა (როგორც ვნახეთ, ამ შეკითხვას ნაწილობრივ უპასუხებს ალენ ბადიუ). უტოპისტების მიერ აგამბენის კრიტიკის სუსტი მხარე ისაა, რომ ისინი აგამბენის ფაქტობრივ უზუსტობას უსვამენ ხაზს და თვალს ხუჭავენ იმაზე, რომ ჩინეთმა, ფაქტობრივად, გამოსცადა მოსახლეობაზე ტოტალური კონტროლის ინსტრუმენტები და, შესაბამისად, აგამბენის ანტიუტოპიური სცენარი არცთუ ისე არარეალურია.

ჩემი აზრით, საინტერესო მომავალი განვითარებისთვის ისაა, რომ ახლა ითქმება ან გამოიცდება რაღაცები, რაც ცოტა ხნის წინ წარმოუდგენელი იყო. ეს ხდება როგორც “უტოპიური”, ისე “ანტიუტოპიური” მიმართულებით.

სხვადასხვა განვითარების საილუსტრაციოდ ორ მაგალითს მოვიყვან. მაგალითად, გერმანიაში დიდმა მაღაზიებმა უარი თქვეს ქირის გადახდაზე. ეს ორმაგად ასოციალური საქციელია ფართის მესაკუთრეების მიმართ და სხვა ადამიანების მიმართ, ვინც აგრძელებს ქირის გადახდას. მეორე შემთხვევა: გერმანიის სოციალ-დემოკრატებში გაჩნდა აზრი, კორონას ხარჯების ასანაზღაურებლად განსაკუთრებული გადასახადი დააკისრონ განსაკუთრებით მდიდრებს.

ახლის კონტურები იბადება აი, ამ - ჯერ გაურკვეველ - ხმაურში. ზოგი იდეა ხვალ შეიძლება რეალობად იქცეს.

ცვლილებები არ იქნება სინქრონული. როგორც ნებისმიერი ცვლილებების შემთხვევაში, ძლიერი იქნება ინერციის ძალაც. ამ ინერციამ შეიძლება ყალბი შთაბეჭდილება შეგვიქმნას, რომ არაფერი შეცვლილა და არც შეიცვლება. არადა, ცვლილებები უკვე დაიწყო, პირველ რიგში, ჩვენს ცნობიერებში: ჩვენ უკვე ვსვამთ შეკითხვებს, რომლებიც არ დაგვისვამს გუშინ; წარმოვიდგენთ რაღაცებს, რაც გუშინ არ წარმოგვედგინა. დღევანდელი წარმოდგენები შეიძლება ხვალინდელი რეალობა გახდეს. დღეს ვერავინ იტყვის, როგორი იქნება ხვალინდელი რეალობა, მაგრამ თუ გვინდა ეს ვიცოდეთ, შეგვიძლია ტენდენციებს მაინც დავაკვირდეთ.

მარტო პასიურ დამკვირვებლებად ჩვენ ვერ დავრჩებით. მეც პირობით „უტოპისტებს“ შევუერთდები და ვიტყვი, რომ ეპიდემიის შედეგებიდან უნდა ვისწავლოთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ უფრო სამართლიანი საზოგადოება გვქონდეს, რომელშიც ჯანდაცვა და განათლება იქნება ყველასათვის აუცილებლად ხელმისაწვდომი; საზოგადოება, რომელიც არ იქნება დაფუძნებული სარგებლის ლოგიკაზე და რომელსაც ექნება საყოველთაო სიკეთის განსაზღვრის უნარი და შესაძლებლობა.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG