Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ შეცვალა რუსეთ-უკრაინის ომმა ურთიერთობა ჩინეთსა და რუსეთს შორის


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პეკინში მდგარ დიდ ეკრანზე. 15 დეკემბერი, 2021 წ.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პეკინში მდგარ დიდ ეკრანზე. 15 დეკემბერი, 2021 წ.

24 თებერვლის დილის პირველი სროლიდან მოყოლებული, ჩინეთი მიჰყვება უკრაინაში რუსეთის შეჭრის მხარდაჭერის უხერხულ ხაზს და, ამავე დროს, ცდილობს, დისტანცია დაიკავოს რუსეთის არმიის ქმედებისგან, რომელიც ნგრევასა და ხოცვას იწვევს.

4 თებერვალს ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ერთმანეთს შეხვდნენ პეკინის ოლიმპიადის კულუარებში და პარტნიორობის ახალი სიღრმეების შესახებ ილაპარაკეს, განაცხადეს, რომ მათ ქვეყნებს შორის კავშირებს არ აქვს საზღვრები, იქვე წარმოადგინეს მასშტაბური სტრატეგიული დოკუმენტი.

ამ დოკუმენტის გაფორმებიდან ერთ თვეში ეს პარტნიორობა სერიოზული გამოცდის წინაშე აღმოჩნდა.

დასავლეთის ფართო სანქციებმა დიდი დარტყმა მიაყენა რუსეთის ეკონომიკას და დღემდე არნახული ზეწოლა მოახდინა რუსეთზე საერთაშორისო დონეზე. პეკინი მოსკოვს პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ "მაშველ რგოლს" არ სთავაზობს, მაგრამ მისი მედია, ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც იმეორებს უკრაინაში შეჭრის რუსულ ვერსიას.

ამ დროს დასავლეთი სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობს ჩინეთის ორმაგ როლს ამ კრიზისში და მოსალოდნელია, რომ ის შეიძლება კიდევ გაიზარდოს იმისდა შესაბამისად, რას მოიტანს აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ევროპაში მოგზაურობა, რომელიც 24 მარტს დაიწყო.

ერთდროული სამიტების დროს, როცა ევროკავშირის, ნატოსა და „დიდი შვიდეულის“ ლიდერები შეხვდნენ ერთმანეთს, გაძლიერდა ზეწოლა რუსეთზე უკრაინაში შეჭრის გამო და იქმნება საერთო ფრონტი ჩინეთის მიმართ, რომლის ლიდერს, სი ძინპინს სამიტი ექნება ევროკავშირის ლიდერებთან 1 აპრილს.

ვაშინგტონმა გააფრთხილა ჩინეთი, არ გაუწიოს მატერიალური დახმარება მოსკოვს, ხოლო ევროკავშირის ლიდერები იმედოვნებენ, რომ შეძლებენ ჩინეთზე ზეწოლას, რათა მან კონსტრუქციულად იმოქმედოს და თავისი წვლილი შეიტანოს ომის დასრულების საქმეში.

რამდენად ღრმად შეცვალა უკრაინაში ომმა რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობა?

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა ექვს წამყვან ექსპერტს იმის გასარკვევად, თუ რა გვასწავლა ომის ერთმა თვემ რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობაში და რა მიმართულებით შეიძლება განვითარდეს ის.

სისა და პუტინს შორის ურთიერთობა ძალიან კარგია საიმისოდ, რომ წარუმატებელი იყოს

სტივ ცანგი, ლონდონის SOAS-ის უნივერსიტეტის ჩინეთის ინსტიტუტის დირექტორი

ჩინეთის და სი ძინპინისთვის მოულოდნელი იყო რუსეთის უკრაინაში შეჭრა, მაგრამ არა ის, რომ ეს მოხდა, არამედ ის, რომ ასე ცუდად შესრულდა.

სტივ ცანგი
სტივ ცანგი

სი, რომელსაც გულწრფელად სჯერა ავტორიტარული სისტემების უპირატესობისა, ფიქრობდა, რომ რუსეთი „ქირურგიულ დარტყმებს“ მიაყენებდა უკრაინას ან გამოიყენებდა იძულებით ზეწოლას, რათა პუტინს შეძლებოდა კიევში თავისი მიზნის მიღწევა ისე, რომ ჩინეთისა და უკრაინის ურთიერთობას არაფერი დაშავებოდა.

დღემდე რუსეთის წარუმატებლობამ ზიანი მიაყენა ჩინეთის ინტერესებს და შეასუსტა პუტინისა და რუსეთისადმი ჩინელების პატივისცემა.

ჩინეთს შეეძლო ესარგებლა მომენტით და მშვიდობის დამცველის როლი ეთამაშა, როცა უკრაინაში რუსეთის შეჭრა ქაოსში გადაიზარდა.

სის რომ მოეხერხებინა პუტინის დარწმუნება, დაესრულებინა ომი, ის საერთაშორისო პატივისცემას მოიპოვებდა და ჩინეთი შესანიშნავად წარდგებოდა მსოფლიოს წინაშე.

მცდელობა წარუმატებელიც რომ ყოფილიყო, მსოფლიო მაინც მადლიერი იქნებოდა მისი. მაგრამ ჩინეთმა ეს არც კი სცადა, თუმცა ნეიტრალიტეტზე ლაპარაკობდა და კონფლიქტის სწრაფად დასრულება სურდა. ჩინეთის პროფესიონალი დიპლომატები ამ შესაძლებლობის ფასს ხედავენ, მაგრამ სისთვის მის მიწოდებას ვერ ახერხებენ.

რეალობა ისაა, რომ ჩინეთის პოლიტიკას განსაზღვრავს სი და ის პუტინს უჭერს მხარს. ლენინისტური მმართველის მარცხი ჩინეთის ავტორიტეტისთვისაც გამოწვევა იქნება საკუთარ ქვეყანაში.

სი იზიარებს პუტინს სწრაფვას, სამყაროსთვის მისაღები გახადოს ავტორიტარიზმი და კითხვის ქვეშ დააყენოს აშშ-ის წამყვანი როლი მსოფლიოში. ეს იმას ნიშნავს, რომ უკრაინაში ჩინეთის მხრიდან კონსტრუქციული როლის თამაშს არ უნდა ველოდეთ. სის საზრუნავი ის კი არაა, რა უკეთესია ჩინეთისა და მსოფლიოსათვის, არამედ უფრო ის, თუ რა არის საუკეთესო მისთვის, როგორც ჩინეთის ძლიერი მმართველისთვის.


დაუკვირდით ჩინეთის ქმედებას და არა - მის სიტყვებს

რიან ჰასი, ვაშინგტონის ბრუკინგის ინსტიტუტის მთავარი მკვლევარი და აშშ-ის სახელმწიფო უშიშროების საბჭოში ჩინეთის საკითხთა ყოფილი მთავარი სპეციალისტი

თავდაპირველი მოლოდინი სარგებლის შესახებ, რომელიც ჩინეთს შეიძლებოდა ენახა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, დღითი დღე საფუძველს მოკლებული ხდება.

სტრატეგიული მოაზროვნეები პეკინში თავიდან ფიქრობდნენ, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ აშშ-ის ყურადღება ევროპაზე გადაინაცვლებდა.

ისინი ვარაუდობდნენ, რომ ომის შედეგად შემცირდებოდა ამერიკის დახმარება და შესუსტდებოდა ტრანსატლანტური ერთობა.

ისინი ასევე მოელოდნენ, რომ რუსეთი სულ უფრო იზოლირებული და ჩინეთზე დამოკიდებული გახდებოდა, რაც პეკინს ხელში მისცემდა ბერკეტებს მოსკოვისგან დათმობების მისაღებად, როგორც ეს მოხდა 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ.

ამის ნაცვლად, ტრანსატლანტური ერთობა არასოდეს ყოფილა ასეთი მტკიცე, 1991 წლის შემდეგ, როცა ომი იყო სპარსეთის ყურეში. დასავლეთის სანქციების სისწრაფემ და მასშტაბებმა ჩინეთის მოლოდინს გადააჭარბა და რუსეთი საერთაშორისო სისტემის იმ სტრატეგიულ აქტივებს ემსგავსება, სწრაფად რომ კარგავს ფასს.

ჩინეთი, როგორც ნავთობის უდიდესი იმპორტიორი და სურსათისა და ნედლეულის უდიდესი შემსყიდველი, არაპროპორციულ ეკონომიურ ზარალს ნახულობს ამ ეტაპზე, ამგვარი საქონლის ბაზრების არასტაბილურობის გამო.

ჩინელი მოხელეები, რომლებთანაც მქონდა საუბარი, მზად არიან, პირად საუბარში აღიარონ, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა ზარალს აყენებს ჩინეთის ინტერესებს. მაგრამ მაინც არ უნდა ველოდეთ, რომ ჩინეთი საჯაროდ განსჯის რუსეთის ქმედებას.

პირიქით, ჩინელი მოხელეები მოელიან რუსეთის ღია მხარდაჭერას. თუმცა სიტყვებს დიდი ფასი აქვს, ქმედება უფრო მნიშვნელოვანია.

კონფლიქტში ჩინეთის როლის მთავარი მაჩვენებელი ის იქნება, რა აკეთებს ჩინეთი და რას არა რუსეთის მხარდაჭერისთვის.

ჩინეთი რუსეთის მიტოვებას არ გეგმავს

ბერლინში გლობალური რეპორტაჟების ცენტრის თანამშრომელი, ჩინეთის შესახებ ყოფილი კორესპონდენტი, მელისა ჩანი

მელისა ჩანი
მელისა ჩანი

ჩვენ ვნახეთ, რომ ბევრი მიმომხილველი აანალიზებდა ჩინელი დიპლომატების თითოეულ კომენტარს და სახელმწიფო მედიის ყოველ ტვიტს, რათა მიეკვლიათ ჩინეთის პოზიციის ცვლილების ნიშნებისთვის, რადგან მოელოდნენ, რომ უკრაინაში ომის დანაშაულის საშინელი სურათები პეკინს რუსეთის მიმართ დისტანციის დაკავებას აიძულებდა.

მაგრამ, ერთი თვე გავიდა ომის დაწყებიდან და ჩინეთი კვლავაც არ უწოდებს მომხდარს „შეჭრას“.

შემაშფოთებელია, როცა ვხედავთ, რომ როგორც ჩინელი, ისე რუსი დიპლომატები და სახელმწიფო მედია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ, ასევე შუამავლების საშუალებით სოციალურ ქსელებში, ავრცელებენ ორაზროვან მოსაზრებებს, რომლებიც შეთქმულების თეორიებს უახლოვდება. პეკინი და მოსკოვი ახლა მოიხმარენ ერთსა და იმავე ინფორმაციას, რაც ადრე დეზინფორმაციის სპეციალისტებს არ შეუმჩნევიათ. ჩინელი დიპლომატები მოიხმარენ ფორმულირებებს, თითქოს რუსეთის თავდასხმისგან დისტანცირების გამომხატველს, პეკინი კი უარყოფს, რომ რუსეთს იარაღს მიაწვდის.

სი ძინპინი და ვლადიმირ პუტინი. მოსკოვი, 2019 წ.
სი ძინპინი და ვლადიმირ პუტინი. მოსკოვი, 2019 წ.

ვნახეთ, რომ ჩინელი მკვლევრები სხვადასხვა მოსაზრებას გამოხატავდნენ, მაგრამ ორი ქვეყნის ურთიერთობა ამ მოსაზრებებით არ განისაზღვრება, მას განსაზღვრავს ორი, იდუმალებით მოცული და იზოლირებული ადამიანი, პუტინი და სი.

ჩვენ მართლაც ცოტა ვიცით მათი აზროვნების შესახებ. ლაპარაკობენ პუტინის მენტალიტეტზე, როცა ის კოვიდის ბუნკერში იმყოფებოდა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში სიც მის მსგავსად ცხოვრობდა და მუშაობდა.

თუ პეკინი არ უარყოფს ზამთრის ოლიმპიადის დროს გაკეთებულ განცხადებას, რომ რუსეთთან მის ურთიერთობას „საზღვარი არ აქვს“, საპირისპიროს არ უნდა მოველოდეთ.

ხედვა უკრაინიდან

იური პოიტა, კიევში არმიის, კონსერვაციისა და განიარაღების კვლევის ცენტრის აზია-წყნარი ოკეანის განყოფილების ხელმძღვანელი

მართალია, ჩინეთი მომავალშიც გააგრძელებს მოსკოვისთვის დიპლომატიურ და საინფორმაციო მხარდაჭერას, ბოლო თვემ გვიჩვენა, რომ ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობას საკმაოდ მკაფიო საზღვრები აქვს, რომლის გადალახვისთვის ჩინეთის მმართველობა ჯერ მზად არ არის. ძირითადად ეს ეხება სამხედრო და სამხედრო-ტექნოლოგიურ დახმარებასა და სანქციების დაძლევაში მნიშვნელოვან მხარდაჭერაზე უარს.

უკრაინაში ჩინეთის „პრორუსული ნეიტრალიტეტი“ დიდ ენთუზიაზმს არ იწვევს.

ექსპერტთა წრეებში ითვლება, რომ ჩინეთს, რომელიც მდუმარედ დათანხმდა მოსკოვის ომს, ასევე აკისრია პასუხისმგებლობის თავისი წილი რუსეთის შეჭრაში და იმაშიც, რომ კრემლის ქმედების განსჯაზე უარით, ის ირიბად ემხრობა რუსეთის მიერ ომში ჩადენილ დანაშაულს.

რეალურად, სანამ ჩინეთი არ უწევს რუსეთს სამხედრო ან სხვაგვარ პირდაპირ დახმარებას, ეს კიევისთვის მეტ-ნაკლებად მისაღები იქნება. ოფიციალურად უკრაინის მთავრობა პეკინთან შეინარჩუნებს მეგობრულ ურთიერთობას, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება.

მაგრამ თუ ჩინეთს სურს, იყოს გლობალური და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოთამაშე, მან უნდა დაიკავოს პოზიცია, რომელიც საერთაშორისო სამართალს შეესაბამება.

სხვა შემთხვევაში, მისი პოზიცია უკრაინაში, შუა და აღმოსავლეთ ევროპასა და ევროკავშირში, არსებითად შეირყევა.

ჰონგ-კონგის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ტელეეკრანები აჩვენებს ვლადიმირ პუტინს, რომელიც საუბრობს 24 თებერვალს უკრაინაზე თავდასხმის შესახებ.
ჰონგ-კონგის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ტელეეკრანები აჩვენებს ვლადიმირ პუტინს, რომელიც საუბრობს 24 თებერვალს უკრაინაზე თავდასხმის შესახებ.

უკრაინაში უარყოფითად აღიქმება ჩინეთის სახელმწიფო მედიის დისკურსი, რადგან ის პრორუსულ ნარატივს და დეზინფორმაციას იმეორებს და გამორიცხავს უკრაინის მონაწილეობას ომში, და ამის ნაცვლად, კონფლიქტს წარმოადგენს როგორც დაპირისპირებას რუსეთსა და ნატოს, აშშ-სა და ევროკავშირს შორის.

ჩინეთმა უნდა გაიგოს, რომ უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა, ის არ არის რუსეთის „რუხი ზონა“ თუ დასავლეთის მარიონეტი. უკრაინას თავისი სახელმწიფო ინტერესები აქვს და ჩინეთმა ეს უნდა შეიგნოს.


ფსონი, რომელიც არ მოგაგებინებს

ჟუჟა ანა ფერენცი, ტაივანის ჰონგ ვას უნივერსიტეტის მკვლევარი, ევროპის პარლამენტის ყოფილი მრჩეველი

ომის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ პუტინის ავანტიურა სი ძინპინისთვის სტრატეგიულ დილემად იქცა.

ამ ეტაპზე პეკინისთვის არ არსებობს იოლი გამოსავალი, არის მხოლოდ რთული საკითხები, რომლებიც უნდა გადაიჭრას.

რა როლს აირჩევს სი და როგორ შეძლებს თავისი ინტერესები სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და გლობალური ლიდერობის გეოპოლიტიკური პროგრამის მხრივ შეუთავსოს ერთმანეთს ისე, რომ ამავე დროს ითანამშრომლოს ევროკავშირთან?

მოსკოვი და პეკინი წლების განმავლობაში ყვაოდნენ იმის ხარჯზე, რომ ევროკავშირს არ ჰქონდა „პოლიტიკური ნება“, დაეცვა თავისი ინტერესები, ისინი ძირს უთხრიდნენ ბლოკს, სახელს უტეხდნენ დემოკრატიას, მოსკოვი იქამდეც მივიდა, რომ უკრაინაში შეიჭრა.

პეკინში კანადის საელჩოს წინ გამოსახულია უკრაინის დროშა წარწერით „ჩვენ უკრაინასთან ერთად ვდგავართ“.
პეკინში კანადის საელჩოს წინ გამოსახულია უკრაინის დროშა წარწერით „ჩვენ უკრაინასთან ერთად ვდგავართ“.

ამ აგრესიულ ქმედებას მოჰყვა იმ დონის კოორდინაცია და ერთობლივი ქმედება ბრიუსელში, რომელსაც ექნება ღრმა შედეგები არა მხოლოდ ევროკავშირისთვის, არამედ ჩინეთისა და რუსეთის კავშირის და მსოფლიოში ჩინეთის როლისთვის.

გზა, რომელიც სიმ აირჩია პუტინის ომთან დაკავშირებით, დარტყმას მიაყენებს ჩინეთის იმიჯს მსოფლიოში, აიძულებს სის, გადახედოს რუსეთთან „სტრატეგიული პარტნიორობის“ მნიშვნელობას პეკინისთვის.

თუ პეკინი გადაწყვეტს, დაეხმაროს მოსკოვს, გვერდი აუაროს საერთაშორისო სანქციებს, მას დიდი საფასურის გადახდა მოუწევს ამისთვის, როცა ამოქმედდება მეორადი სანქციები ჩინეთის წინააღმდეგ.

სი რისკზე მიდის, ჩათრეული იქნეს საერთაშორისო უსაფრთხოების იმ ვითარებაში, რომელშიც პეკინი უფრო ინტენსიური ყურადღების ქვეშ აღმოჩნდება, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ევროპული და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის ძირი გამოთხრა, ბოლოს და ბოლოს, რეალურ გავლენას მოახდენს პეკინსა და მოსკოვზე.

უკრაინაში ომს გლობალური შედეგები ექნება​

რაფაელო პანტუჩი, ლონდონის გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი

რაფაელო პანტუჩი
რაფაელო პანტუჩი

მართალია, ჩინეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობის სიმტკიცე თავისთავად არ არის გასაკვირი, პეკინის მზადყოფნის სიმახვილე და ხარისხი, მხარი დაუჭიროს მოსკოვს მაშინ, როცა ადგილზე ვითარება გაჭიანურდა, დასავლეთი კი სულ უფრო მკაცრ სანქციებს აწესებს, ხაზს უსვამს, თუ როგორ მჭიდროდ არის დღეს ეს ორი ქვეყანა ერთმანეთთან დაკავშირებული.

დიდ გაკვირვებას იწვევს ერთი-ორი დეტალი: ჩინეთის ფირმები კვლავინდებურად არ აპირებენ ამერიკული სანქციების სამიზნე გახდნენ, ხოლო რუსეთისთვის ჩინური იარაღის მიყიდვის შესახებ ცნობები არ დადასტურებულა.

ეს კრიზისი ასევე გვიჩვენებს, რომ მოსკოვისა და პეკინის ურთიერთობის დინამიკა დაბრუნდება ექოდ იმგვარად, რომ გამოიწვევს დასავლეთის საყვარელი ნარატივის, „დემოკრატია ავტოკრატიის წინააღმდეგ“, აღრევას.

რაც ნაკლებად ჩანს, არის ის, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ინდოეთი და პაკისტანი და ჩანს, მხარს უჭერენ მოსკოვს.

ეს ჩინეთს აძლევს საბაბს, მოსკოვს მხარი დაუჭიროს, მაგრამ ამავე დროს საინტერესო დინამიკას გვიჩვენებს სამხრეთ აზიაში, რაც გაურთულებს დასავლეთს მცდელობას, გამოიყენოს ინდოეთი მთავარ მოკავშირედ აზიაში ჩინეთთან დაპირისპირების საქმეში.

რაც შეეხება იმას, შეიცვალა თუ არა ერთმანეთზე შეხედულება: ვვარაუდობ, რომ ახლა, ჩინელებს, შესაძლოა, ნაკლებად უნდა ეშინოდეთ თავიანთი რუსი კოლეგების, მაგრამ, ამავე დროს, ისინი რჩებიან ბრძოლებში ყველაზე გამობრძმედილ არმიად, რომელთან ერთადაც ჩინეთს წვრთნების ჩატარება შეუძლია. ამას კი მოსალოდნელია მოჰყვეს საინტერესო დინამიკა სამხედროთა ურთიერთობაში.

XS
SM
MD
LG