Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ეხება აშშ-ის დახმარების შეჩერება "ლუგარის ლაბორატორიასა" და NCDC-ს?


"ლუგარის ლაბორატორია" თბილისში - 2018 წელი
"ლუგარის ლაბორატორია" თბილისში - 2018 წელი

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა [CDC] საქართველოსთან კვლევითი პროექტები და ახალგაზრდა სპეციალისტების მომზადება შეაჩერა, - ეს რადიო თავისუფლებას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის [NCDC] გენერალური დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ დაუდასტურა.

CDC საქართველოსთან გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან თანამშრომლობს. 30 წლის მანძილზე გაღრმავებული ურთიერთობები, რომლებიც საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს მრავალმხრივ გაძლიერებას ემსახურება, 2024 წელს ფერხდება.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა (NCDC) და ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევით ცენტრს - იგივე ლუგარის ლაბორატორიას - ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური დახმარება შეუჩერდა. ინფორმაცია თავდაპირველად ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა.

აშშ-ის დახმარების 95-მილიონიანი პაკეტის შეჩერება, რომლის საბაბი საქართველოს დემოკრატიის უკუსვლა და საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის მიღება გახდა, NCDC-ის პროგრამების დაფინანსებასაც შეეხება.

საპარლამენტო უმრავლესობა კვლავ „მეორე ფრონტზე“ ლაპარაკობს, ხოლო ხელისუფლების ოპონენტები ხედავენ სამწუხარო ტენდენციის ნიშნებს, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკის გამო, აშშ-თან ურთიერთობები თანდათან სულ უფრო ფუჭდება და რუსეთის მიზნები სრულდება.

წლებია, რუსეთს ლუგარის ლაბორატორია მიზანში აქვს ამოღებული. ხშირად ვრცელდება ცრუ ბრალდებები, რომ თითქოს თბილისში ამერიკელების მიერ აშენებული ულტრათანამედროვე ლაბორატორია, ბიოლოგიური იარაღის დამზადებასა და თუ სახიფათო მწერების დივერსიული მიზნებით გავრცელებას ემსახურება.

კონკრეტულად რა პროექტები შეჩერდა და კიდევ რა იგეგმება? ინფორმაციის გადასამოწმებლად, რადიო თავისუფლებამ შეკითხვებით მიმართა აშშ-ის საელჩოს საქართველოში. პასუხებს მიღებისთანავე გამოვაქვეყნებთ.

თანამშრომლობის შეჩერება

- „ჯერ შემიძლია გითხრათ, რომ მხოლოდ CDC-ის კვლევითი პროექტები დაპაუზდა და CDC-ს დაფინანსებულ ტრენინგებში ჩვენი ახალგაზრდა სპეციალისტების მომზადება... სხვა სააგენტოების და კერძო ფონდების პროექტები ჩვეულებრივად გრძელდება“, - დაპირებული ვრცელი ინტერვიუს ნაცვლად NCDC-ის გენერალური დირექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, ლუგარის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე ამ მოკლე განმარტებით შემოიფარგლა. რადიო თავისუფლების კითხვებს არც ჯანდაცვის სამინისტრომ უპასუხა.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი [CDC] წლების განმავლობაში ერთობლივ სამეცნიერო კვლევებში იყო ჩართული და სასწავლო ტრენინგებს უტარებდა, მაგალითად - ეპიდემიოლოგებს. თანამშრომლობდა ლუგარის ლაბორატორიასთან, მათ შორის - საკვალიფიკაციო ტესტირებითა და ტრენინგებით, მიკრობიოლოგიის მიმართულებით.

წარმატებული თანამშრომლობის ჩამონათვალშია - C ჰეპატიტის გენომის კვლევა, სხვადასხვა ვირუსის გავრცელების კონტროლი და პრევენცია.

ლუგარის ლაბორატორიის შესახებ დასმულ შეკითხვას, იმნაძემ მოკლედ უპასუხა, რომ „ლუგარს მთლიანად [საქართველოს] ბიუჯეტი აფინანსებს“.

2018 წლიდან რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევით ცენტრს („ლუგარის ლაბორატორია“), რომელიც NCDC-ის შემადგენლობაში შედის, საქართველოს სახელმწიფო აფინანსებს, თუმცა საერთაშორისო პარტნიორები დღემდე აქტიურად თანამშრომლობდნენ ქართულ მხარესთან, საგანმანათლებლო თუ სამეცნიერო კვლევების მიმართულებებით.

რას აფინანსებს აშშ?

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის [NCDC] ყოფილი ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, პოსტის დატოვებისას, 2022 წლის ზაფხულში, დაახლოებით 10 მილიონ ლარს შეადგენდა „საგარეო პროექტების დაფინანსება“, რომელსაც NCDC იღებდა ევროკავშირის, გაეროსა თუ აშშ-გან.

„რა თქმა უნდა, ამ 10 მილიონში ლომის წილი იყო ამერიკის შეერთებული შტატების - სხვადასხვა დიდი დონორის, ესენია: ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი [CDC], საფრთხის შემცირების სააგენტო [DTRA], ამერიკის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტები, ამერიკის „უოლტერ რიდის“ ინსტიტუტი [WRAIR], უნივერსიტეტები და ასე შემდეგ“, - გამყრელიძე იმედოვნებს, რომ დახმარება საბოლოოდ არ გაჩერდება, რადგან ეს თანხა გამიზნული იყო საქართველოსთვის მეტად მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროექტებისთვის, ერთობლივი სამეცნიერო კვლევებისთვის, ახალი მეთოდების დანერგვისთვის, ჯანდაცვის სფეროში - NCDC-ის ფარგლებში.

ამერიკის თავდაცვის სამინისტროს უმსხვილესი ბიოსამედიცინო კვლევითი ორგანიზაცია - უოლტერ რიდის სახელობის სამხედრო კვლევითი ინსტიტუტი (WRAIR), რომელსაც ამირან გამყრელიძე ახსენებს, წლების განმავლობაში „ლუგარის ცენტრში“ „აშშ-ის არმიის სამედიცინო კვლევითი დირექტორატი-საქართველოს (USAMRD-G)“ პლატფორმით არის წარმოდგენილი.

ამერიკელ სპეციალისტებს რადიო თავისუფლება რამდენიმე წლის წინ „ლუგარის ლაბორატორიაში“ ესაუბრა.

მაშინ ამერიკელი სპეციალისტები ქართველებთან ერთად იკვლევდნენ:

  • სასუნთქი გზების მწვავე ინფექციებს,
  • სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს,
  • ნაწლავურ ინფექციებს.

ლუგარის ლაბორატორიაში ასევე იკვლევდნენ მიზეზებს, თუ რატომ არ ემორჩილება ზოგიერთი მიკრობი ანტიბიოტიკებით მკურნალობას და კვლევები სწორედ - NCDC-თან ერთად მიმდინარეობდა.

„ლუგარის ლაბორატორიაში აზუსტებენ, კონკრეტულად რა შტამის ვირუსი ცირკულირებს საქართველოში. აქ ამოიცნეს თავის დროზე ღორის გრიპად წოდებული H1N1-იც. სპეციალისტები განუზომლად დიდს უწოდებენ როლს, რომელიც ლუგარის ლაბორატორიამ“ კოვიდპანდემიის დროს შეასრულა - თვლიან, რომ ამ ცენტრის გარეშე მსხვერპლი გაცილებით დიდი იქნებოდა.

საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ყველაფერს თავად მიხედავს.

„თუ ლუგარის ლაბორატორიაში რომელიმე კვლევითი პროექტი შეჩერდება, ეს, რა თქმა უნდა, ცუდია, მაგრამ ვერავინ ვერ მეტყვის ვერანაირ ლოგიკურ ბმას, რა შუაშია გამჭვირვალობა და ლუგარის ლაბორატორია... რუსეთი მუდმივად მოითხოვდა ლუგარის ლაბორატორიის დახურვას და არ ვიცი, ეს ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის ნარატივებს რატომ მისდევს კვალდაკვალ“, - უთხრა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ირაკლი ქადაგიშვილი „გამჭვირვალობაში“, სავარაუდოდ, გულისხმობს „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს“ [„აგენტების კანონს“], რომელსაც დემოკრატიის მკაფიო უკუსვლად მიიჩნევენ საერთაშორისო პარტნიორები და მათ შორის აშშ, და რომლის მიღებამ გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მიერ საქართველოს დახმარების შეჩერება.

„ქართული ოცნების“ მოკავშირე „ხალხის ძალის“ წარმომადგენელი, გურამ მაჭარაშვილი, პროექტების შეჩერების ფონზე, აშშ-ს კვლავ მეორე ფრონტის გახსნის სურვილში სდებს ბრალს:

„დონორები აფინანსებენ შავ ფულს და ენჯეოსექტორს, რომელიც ლამობს რევოლუციას ქვეყანაში და უწყვიტავენ ისეთ კარგ საქმეებს დაფინანსებას, რომელზეც ჩვენც, რა თქმა უნდა, მადლობას ვიხდით... ის მიზანი, რაც აქვს უცხოურ ძალას, ლუგარის ლაბორატორია კი არა, ყველაფერი უკან მოგვრჩება“.

ავტომობილი ბენზინის გარეშე

თუკი ვინმე რუსულ საქმეს აკეთებს, ოპოზიციის აზრით, ეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაა. ჯანდაცვის სპეციალისტი, „ლელოს“ წარმომადგენელი - ვატო სურგულაძე გვეუბნება, რომ თუკი არაფერი შეიცვლება - NСDC-ის პროექტების შეჩერება, მხოლოდ დასაწყისი იქნება, ხოლო თუკი სამეცნიერო კვლევები და სწავლება შეწყდება, ყველაფერს აზრი დაეკარგება.

„ამათი [ხელისუფლების] ამოცანაა, რომ დაიხუროს ასეთი ობიექტები საქართველოში. ცუდი ისაა, რომ დაიწყო პროექტების დახურვა, ალბათ სხვებიც დაიხურება და ახალი პროექტები არ დაიწყება. ეს არის აქ პრობლემა, NCDC ეს არის მთავარი, სამინისტროზე უფრო მნიშვნელოვანი დაწესებულება მედიცინაში. პროექტი თუ არ დაფინანსდა, შენობა და დენის ფულის გადახდა არ არის მთავარი. ეს იმას ჰგავს, მანქანა რომ გიყიდონ და ბენზინი არ ჩაგისხან. მანქანა კი შენია, მაგრამ რა მერე?!“, - გვეუბნება ვატო სურგულაძე.

  • ლუგარის ლაბორატორიის მშენებლობა 2004 წელს დაიწყო, აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) ზედამხედველობით;
  • მშენებლობასა და გამართვაზე 150 მილიონი დოლარი დაიხარჯა.
  • ლუგარის ცენტრი ექსპლუატაციაში 2013 წლიდან შევიდა და სრულად ექვემდებარება საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს [NCDC].
  • 2018 წლიდან ცენტრის ფუნქციონირებისთვის საჭირო თანხას ქართული მხარე იხდის. დანახარჯი, 2018 წლის მონაცემებით, წელიწადში 500 ათას დოლარზე მეტი იყო.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ძირითადად აშშ-ის მხარდაჭერით, საქართველოში შექმნილია 22 ლაბორატორიის ქსელი, რომელიც ადამიანისა და ცხოველთა საშიშ დაავადებათა გამომწვევი პათოგენების დიაგნოსტირებას ემსახურება. ქსელის აშენებასა და გამართვაზე დახარჯულია 350 მილიონი დოლარი.

2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცალკე არ არის მითითებული კონკრეტულად ლუგარის ლაბორატორიის წლიური დაფინანსება, თუმცა არის მონაცემები NCDC-ის დაფინანსების შესახებ. სახელმწიფო ბიუჯეტის წლევანდელი კანონის მე-9 მუხლში მოცემულ ცხრილში ვხვდებით გრაფას - „საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება“, რომელიც, როგორც ბიუჯეტის საკითხების სპეციალისტი გვიხსნის, სწორედ NCDC-ის დაფინანსებას ასახავს.

გამოყოფილი თანხა წლების მიხედვით არის დაყოფილი:

  • 2024 წელი - 123 135 000 ლარი;
  • 2023 წელი - 99 695 000 ლარი;
  • 2022 წელი - 68 212 800 ლარი.

სვეტში „დონორების დაფინანსება“ ვხვდებით მაჩვენებელს - 0.0. თუმცა, როგორც ბიუჯეტის ექსპერტი განგვიმარტავს, ამ გრაფაში ძირითადად აისახება მხოლოდ მიზნობრივი გრანტები, როდესაც „ბიუჯეტი მხოლოდ ტექნიკურად გამტარია და ამ ფულის დამოუკიდებლად დაგეგმვა არ შეუძლია“, ხოლო მხარდამჭერი გრანტები, რასაც საქართველო ძირითადად იღებს, ამ გრაფაში არ აისახება.

ასევე არსებობს ცალკეული, მათ შორის - სასწავლო თუ სამეცნიერო პროექტებისთვის გამიზნული ფინანსური დახმარება, რომელიც საერთოდ არ ხვდება სახელმწიფო ბიუჯეტში და ორგანიზაციები თუ ცალკეული პირები მხოლოდ გადასახადებს იხდიან.

31 ივლისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ჩერდება საქართველოს მთავრობისთვის გამიზნული 95 მილიონი დოლარის მოცულობის დახმარება. მიზეზად კვლავ დასახელდა - „საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებები და სიცრუის შემცველი განცხადებები“. მანამდე, მაისში, ენტონი ბლინკენმა „აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა“ გამოაცხადა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG