Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ გამოითვლება მასწავლებლის ხელფასი 1 ივლისიდან?


საილუსტრაციო ფოტო - პირველი კლასიკური გიმნაზია
საილუსტრაციო ფოტო - პირველი კლასიკური გიმნაზია

1 ივლისიდან სკოლის მასწავლებლების ხელფასი იზრდება, - ამბობენ მთავრობაში. მათი გამოთვლით, ანაზღაურება გაიზრდება 200-დან 800 ლარამდე. მასწავლებლის ხელფასი რამდენიმე კრიტერიუმის გათვალისწინებით გამოითვლება.

საბოლოო ხელფასზე გავლენა ექნება:

  • განათლებასა და კვალიფიკაციას;
  • სამუშაო სტაჟს;
  • დატვირთვას;
  • სხვა გარემოებებს.

კონკრეტული ფორმულა არ არსებობს, რომლის მიხედვითაც მასწავლებელი შეძლებს მარტივად გაიგოს რამდენით გაიზრდება მისი ხელფასი. თუმცა, რადიო თავისუფლება ეცდება, მომავალ ანაზღაურებაზე ზოგადი წარმოდგენა შექმნას.

1 ივლისიდან მასწავლებლის ანაზღაურებაზე გავლენას აღარ მოახდენს ინგლისურისა და კომპიუტერული უნარების ცოდნა, სერტიფიცირება.

კვირაში ერთი გაკვეთილის ჩატარებისთვის ყველა მასწავლებლის ხელფასი 94 ლარიდან 103 ლარამდე განისაზღვრა (დამოუკიდებულია გაკვეთილების რაოდენობაზე). გასათვალისწინებელია, რომ ამ თანხას დააკლდება საშემოსავლო გადასახადი - 20% და საპენსიო შენატანი 2%. ეს იმას ნიშნავს, რომ მასწავლებელი თითოეულ ჩატარებულ გაკვეთილზე ხელზე აიღებს 73 ლარიდან 80 ლარამდე თანხას.

იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელი კვირაში 15 გაკვეთილზე მეტს ატარებს, სამუშაო გამოცდილების მიხედვით ემატება 15-დან 45 ლარამდე ხელფასი, განათლებითა და კვალიფიკაციით კი - 20-დან 100 ლარამდე.

უფრო კონკრეტულად:

დანამატი სამუშაო გამოცდილების მიხედვით:

  • 5 წლამდე სტაჟის მქონე მასწავლებელს - 15 ლარი;
  • 5-დან 10 წლამდე სტაჟის მქონეს - 30 ლარი;
  • 10 წელზე მეტი სტაჟის მქონეს - 45 ლარი.

დანამატი განათლებისა და კვალიფიკაციის მიხედვით:

  • ბაკალავრის სტატუსის მქონეს - 20 ლარი;
  • მაგისტრის სტატუსის მქონეს - 40 ლარი;
  • დოქტორის სტატუსის მქონეს - 100 ლარი.

*ამ შემთხვევაშიც დააკლდება საშემოსავლო და საპენსიო გადასახადი, ჯამში 22%.

მაგალითის სახით რომ განვიხილოთ: თუკი მასწავლებელი მუშაობს კვირაში 15 საათს, აქვს 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება, მაგისტრის ხარისხი, მისი ხელფასი იქნება: კვირაში 15-საათიანი სწავლებისთვის - 1550 ლარი; ამას ემატება: 15 ლარი 5-წლიანი სტაჟისთვის და 30 ლარი მაგისტრის ხარისხისთვის. ჯამში გამოდის - 1595 ლარი. მასწავლებელი ხელზე აიღებს - 1244 ლარს.

იმ მასწავლებლებს, რომლებსაც კვირაში 15 საათზე ნაკლები დატვირთვა აქვთ, სტაჟისა და განათლების მიხედვით ხელფასზე თანხა დაემატებათ „პროპორციულობის“ წესით. დანამატის სახით გამოყოფილი თანხა გაიყოფა 15-ზე და გამრავლდება გაკვეთილების რაოდენობაზე (მაგ. 5-დან 10 წლამდე სტაჟის მქონე მასწავლებელი, რომელიც კვირაში 2 გაკვეთილს ატარებს, დანამატის სახით მიიღებს - 4 ლარს (30/15*2).

სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე გათვალისწინებულია სხვადასხვა დანამატი:

  • კლასკომპლექტით სწავლება (სხვადასხვა კლასის დაჯგუფება) - გაიზარდა 5 ლარით და გახდა - 40,5 ლარი;
  • არაქართულენოვან სკოლებში ქართული ენის, საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის სწავლება - გაიზარდა 5 ლარით და გახდა - 40,5 ლარი;
  • კლასის დამრიგებლობისთვის - გაიზარდა 12,5 ლარით და გახდა - 101,25 ლარი.

გარდა ამისა:

  • წამყვანი მასწავლებლობისთვის ყოველთვიურად ემატება თანხა;
  • ცალკეა გამოყოფილი სპეციალური საჭიროების მქონე მასწავლებელთა ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია. თითოეული მასწავლებელი 1 მოსწავლისთვის 1344 ლარს მიიღებს (ყოველი შემდეგი მოსწავლისთვის დანამატი მინიმალურია).

ხელფასის ზრდას იგრძნობენ ის პედაგოგები, რომელთაც კვირაში 13 ან მეტი გაკვეთილი აქვთ. გასულ წლებში მათი ხელფასი გადასახადების ჩათვლით საშუალოდ 1000 ლარი იყო, ახლა კი 1248 ლარი ხდება (ხელზე - 973 ლარი), რასაც ემატება განათლებისა და კვალიფიკაციის მიხედვით დანამატები.

ფორუმი

XS
SM
MD
LG