Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორია არჩევანი - რის საშუალებას აძლევს კანონი ოპოზიციურ პარტიებს 2024 წლისთვის?


ევროკავშირის მხარდამჭერი აქცია თბილისში, პარლამენტის წინ. 3 ივლისი, 2022 წელი
ევროკავშირის მხარდამჭერი აქცია თბილისში, პარლამენტის წინ. 3 ივლისი, 2022 წელი

ოპოზიციურ ფლანგზე ძალების ახალი გადაჯგუფება დაიწყო. დაშლილი სამეულის ადგილას გაჩნდა „გირჩი“-„დროას“ წყვილი, რომელიც 2024 წლის არჩევნებში ერთად იყრის კენჭს. მანამდე კი, მათგან გამოთიშული „სტრატეგია აღმაშენებელი“ „ნაციონალური მოძრაობის“ პლატფორმას შეუერთდა.

ოპოზიციური პარტიების პოზიციები ჭრელია: ზოგი ძალების გაერთიანების მომხრეა, ზოგი ჯერ ფიქრობს, ზოგიც 5%-იანი ბარიერის გადალახვას მხოლოდ საკუთარი ძალებით შეეცდება.

5%-იანი საარჩევნო ბარიერი და ბლოკებად გაერთიანების აკრძალვა ოპოზიციური პარტიებისთვის თავსატეხია. მაგრამ, მდგომარეობა შესაძლოა კიდევ უფრო გართულდეს, თუკი პარლამენტში განსახილველი კანონპროექტი საარჩევნო კოდექსში ახალი ცვლილებების შესახებ, კანონად იქცევა.

რისთვის არიან მზად?

6 სექტემბერს ელენე ხოშტარიას „დროამ“ და ზურა ჯაფარიძის „გირჩმა“ სუს-ის მოდულის შენობის წინ გადაღებული ვიდეორგოლით - „ნორმალური არჩევანი“ - საარჩევნო გაერთიანების შექმნის გადაწყვეტილება გამოაცხადეს.

„ხალხს გვინდა ნორმალური არჩევანი შევთავაზოთ, ადეკვატური ადამიანების ერთობა, რომელიც - როცა ქუჩაშია დასადგომი, ქუჩაში დგას; როცა აქციაა საჭირო - აქციას მართავს; როცა ლაპარაკია საჭირო - ლაპარაკობს, როცა იდეაა საჭირო - იდეა აქვს... [ორ პარტიას] ერთმანეთი შემჩნეული გვყავს ასეთ საკითხებში გადაკვეთისას“, - პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ერთ-ერთი ლიდერი, ცოტნე კობერიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ „დროა“ და „გირჩი“ დაიღალნენ პარტიების გაერთიანების მოწოდებებით და ამიტომ საკუთარი, „თვითკმარი, ამბიციური“ გაერთიანება შექმნეს.

სხვებთან გაერთიანების კონკრეტული გეგმები ჯერჯერობით არ აქვთ; მათ შორის კი, ვისთანაც საერთო ქოლგის ქვეშ დგომა გამოირიცხება, კობერიძე ასახელებს გიორგი გახარიას პარტიას - „საქართველოსთვის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ „გამარჯვების პლატფორმას“, რომელსაც „სტრატეგია აღმაშენებელი“ შეუერთდა.

„გირჩი-დროაში“ არჩევნებისთვის დასარეგისტრირებლად სურთ, რომ სახელწოდებაში „ორივე პარტიის ბრენდი ფიგურირებდეს“ და, შესაბამისად, არც ახალი პოლიტიკური სუბიექტის დაფუძნებას გამორიცხავენ.

„სტრატეგია აღმაშენებელი“, „დროა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლება“ თანამშრომლობაზე 2022 წლის ოქტომბერში შეთანხმდნენ. მათ გაერთიანებას საექსპერტო წრეებში სამეულს უწოდებდნენ. ლიდერები ერთობლივ აქტივობებშიც მონაწილეობდნენ.
2023 წლის 20 ივლისს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ახალი პოლიტიკური პლატფორმა შექმნეს.

ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში - „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა დაპირისპირება გრძელდება - რასაც პატიმარი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ერთად დგომისკენ მოწოდებით გამოეხმაურა და „ვივამედიდან“ გამოგზავნილ წერილში - „ევროპული საქართველოს“ ლიდერს, გიგა ბოკერიასაც გადასწვდა. „ვინც დაადგება ბოკერიას გზას, განულდება და დაამთავრებს როგორც ბოკერია“, - წერს სააკაშვილი.

სააკაშვილს „ევროპული საქართველოდან“ უპასუხეს, რომ - ბელადომანია ქვეყნის დიდი პრობლემაა, ხოლო თავად სააკაშვილი „მორალურ დეგრადაციას“ განიცდის.

„ევროპული საქართველო“ მომავალ არჩევნებზე დამოუკიდებლად აპირებს ბრძოლას, რაც ზოგჯერ სხვა პოლიტიკური ძალების გაღიზიანებას იწვევს. პარტიის პოზიციაა, არჩევნებამდე დარჩენილ დროში დაარწმუნოს რაც შეიძლება მეტი ამომრჩეველი, რომ მათი ინტერესების უკომპრომისო დამცველი იქნება.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება და პარტიებს მანდატები პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით გაუნაწილდებათ. პარლამენტში მოხვდება პარტია, რომელიც 5%-იან ბარიერს გადალახავს.
ბოლო კვლევებით, 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავს პარტიების უდიდესი ნაწილი. რეიტინგების მიხედვით, ამ ბარიერის თავისუფლად გადალახვის საშუალება აქვთ მხოლოდ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“.

2024 წლის არჩევნებზე, ამ დროისთვის, დამოუკიდებლად აპირებს გასვლას გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“. როგორც დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, მთავარი მიზანია, რომ 50% ვერ აიღოს ვერც „ქართულმა ოცნებამ“ და ვერც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ .

„ეს ძალიან ამბიციური ამოცანაა და ბუნებრივია, ამ მიზნის მიღწევა დამოუკიდებლად არ შეუძლია პარტიას „საქართველოსთვის“... ჩვენ დაგვჭირდება სხვა პოლიტიკური მოთამაშეების გაძლიერებაც, ამომრჩევლის ამ მიზნის მისაღწევად... ვგულისხმობ იმას, რომ პარტიებმა მხოლოდ 5%-იანი ბარიერის გადალახვაზე არ უნდა იფიქრონ და უნდა გაძლიერდნენ“, - ლილუაშვილი ამბობს, რომ „საქართველოსთვის“ ელაპარაკება ყველას, ვისაც არ უნდა „ნაც-ქოცური კარუსელის გაგრძელება“.

როგორ აპირებს პარტია მეტი ამომრჩევლის მიმხრობას? სად ეგულება პოტენციური მომხრეები? ლილუაშვილი გვეუბნება, რომ ამომრჩევლებს ასე კატეგორიებად არ ჰყოფენ და გათვლას აკეთებენ ყველაზე.

„ლელოს“ მიზანია გაააქტიუროს ელექტორატი, რომელიც ხმას არც „ნაციონალურ მოძრაობას“ აძლევს და არც „ქართულ ოცნებას“.

„ამ ველზე ძალიან ბევრი პარტიაა და ამ შემადგენლობას აქვს შესაძლებლობა, რომ გაიმარჯვოს არჩევნებში... ამ ველის კონსოლიდირებაა ჩვენი მიზანი“, - ამბობს „ლელოს“ ადმინისტრაციული მდივანი, პოლიტსაბჭოს წევრი, თაზო დათუნაშვილი და აკონკრეტებს, რომ კონსოლიდაციაში ერთიანი საარჩევნო სიის შექმნას გულისხმობს.

შეიძლება თუ არა, ამ ერთობის შესაქმნელად „ლელომ“ თავისი სახელიც დათმოს? ჩანს, არაფერი გამოირიცხება.

„შინაარსობრივი და სტრატეგიული ერთობის შექმნის მთავარ ამოცანაში პირველადი პრიორიტეტი არ მგონია ფერი, ნომერი თუ პარტიის სახელი. ახლა რომ ვთქვა, რომ ეს პრინციპულია ჩემი პარტიისთვის, ძალიან შევზღუდავ შემდგომი საუბრის არეალს... არადა, ჩვენ მზად ვართ ყველანაირი ტიპის საუბრისთვის იმ ადამიანებთან, ვისთანაც შინაარსში, სტრატეგიაში დავემთხვევით“, - თაზო დათუნაშვილი ასევე გვეუბნება, რომ საუბარი მიმდინარეობს და აუცილებლად გაღრმავდება „გირჩი-დროასთან“.

არჩევნებამდე ერთი წლით ადრე საზოგადოებრივი პლატფორმა შექმნა ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ, რომელიც ბოლო წლებში „ქართული ოცნების“, მისი მოკავშირეებისა თუ მომხრეების საგანგებო სამიზნეა.

ლომჯარია ირწმუნება, რომ პლატფორმა სამოქალაქოა, ის არ გარდაიქმნება პოლიტიკურ ძალად და მიზნად საერთაშორისო პარტნიორებისთვის ხალხის ხმის პირდაპირ მიწოდებასა და საჯარო პოლიტიკურ დღის წესრიგზე პოზიტიური გავლენის მოხდენას ისახავს.

რა არჩევანი აქვთ პარტიებს?

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს პარტიებს ბლოკების შექმნის საშუალება არ ექნებათ. ყველა პარტია არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად იღებს.

თუმცა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ წარმომადგენლის, ლევან ნატროშვილის განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობა ძალების გაერთიანების რამდენიმე შესაძლებლობას იძლევა:

  • ცესკოში რეგისტრაციის გავლისას, რომელიმე პარტიას, თავის სახელწოდებასთან ერთად, შესაძლებლობა აქვს მიუთითოს ასევე მაქსიმუმ სამი ლიდერის სახელი და გვარი ან მხოლოდ გვარი. რეგისტრაციის სახელი უცვლელად დაიტანება საარჩევნო ბიულეტენზე.
  • ერთი პარტიის სიაში შეიძლება მოხვდეს სხვა პარტიის წარმომადგენელი, თუკი მისი პარტია არ მონაწილეობს არჩევნებში.

„კანონის მოქმედი ნორმები პარტიებს აძლევთ საშუალებას, რომ მიანიშნონ ამომრჩევლებს სხვა ძალებთან გაერთიანების შესახებ, როცა ბლოკების შექმნა აკრძალულია“, - თუმცა, ლევან ნატროშვილი ასევე გვეუბნება, რომ შესაძლებელია, ეს მოცემულობა შეიცვალოს და პარტიებს მეტი პრობლემა შეექმნათ.

ნატროშვილი განმარტავს, რომ 2023 წლის ივნისში, პარლამენტში პირველი მოსმენით უკვე მიღებული კანონპროექტის თანახმად, პარტიას აღარ ექნება საშუალება, რომ:

  • სახელწოდების ფორმულირების დროს [შესაბამისად - ბიულეტენში], მიუთითოს ლიდერების სახელები და გვარები;
  • პარტიულ სიაში ჩაწეროს სხვა პარტიის წარმომადგენელი იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მისი პარტია არ მონაწილეობს არჩევნებში.

თუ ეს ცვლილებები დაკანონდება, სხვა პარტიის სიაში მოსახვედრად, ამა თუ იმ პოლიტიკოსს თავისი პარტიის დატოვება მოუწევს.

„მიზანი, როგორც ჩანს, ის არის, რომ ოპოზიციურ პარტიებს გაურთულონ ერთიანი ძალებით მონაწილეობა და ერთი პარტიის ქოლგაში რაღაცნაირად სხვა პარტიებიც გაერთიანდნენ“, - ამბობს ნატროშვილი.

გაერთიანების კიდევ ერთი გზა, თავისთავად, არის პოლიტიკური პარტიების მიერ ახალი პარტიის დარეგისტრირება. თუმცა ნატროშვილი გვეუბნება, რომ ეს წამგებიანი იქნება კვალიფიციური პარტიებისთვის, რადგან ისინი უფასო სარეკლამო დროს დაკარგავენ.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG