Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსაცდელ ოთახში სამუდამოდ?


აპრილის დასაწყისში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი გამოვიდა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის მომავალზე სასაუბროდ.

ევროკომისრობის ვადის ამოწურვამდე ჰანის ამ, ბოლო გამოსვლას კომიტეტში, - რომელიც აქტიურად ემხრობა ბლოკის გაფართოებას და, თავის მხრივ, ბოლო სხდომას ატარებდა, - უნდა გამოეკვეთა რამდენიმე ინდიკატორი, თუ რა ეტაპზე იმყოფებიან ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მასში გაწევრიანების მსურველები - დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, აგრეთვე საქართველო, მოლდავეთი და უკრაინა.

იმის გათვალისწინებით, რომ, საბოლოოდ, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები იღებენ გადაწყვეტილებებს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაზე და, ჩვეულებრივ, თანმიმდევრულად იმეორებენ განცხადებებს ბლოკის გაფართოების საჭიროებაზე, ევროპის პარლამენტში ევროკომისრის გამოსვლა უნდა ყოფილიყო იდეალური ადგილი პერსპექტივაზე ორიენტირებული შეფასებების მოსასმენად.

სამწუხაროდ, ეს იყო სხდომა, რომელზეც არც ხედვა ჩანდა და არც გამხნევების სურვილი.

17-წუთიანი შესავლისა და მომდევნო 15 წუთი ევროპარლამენტარების შეკითხვებზე პასუხისას, იოჰანეს ჰანმა ერთადერთხელ ახსენა საქართველო, მოლდავეთი და უკრაინა - როცა შეეხო ამ სამეულსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებების დადებით შედეგებს. ბელარუსთან დაკავშირებით ჰანმა გამოთქვა იმედი, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები მალე შეთანხმდებიან პარტნიორობის პრიორიტეტებზე, რაც, მისი აზრით, შესაძლებელს გახდის მინსკთან ურთიერთობის გაღრმავებას. სომხეთი და აზერბაიჯანი საერთოდ არ უხსენებიათ. სიმართლე რომ ითქვას, დიდი დრო არ დათმობია არც სამხრეთის სამეზობლოს, რომელსაც ხმელთაშუა ზღვის სამხრეთით მდებარე ქვეყნები მიეკუთვნება.

განხილვის საგანი, უმეტესწილად, დასავლეთი ბალკანეთი იყო, თუმცა დიდად გამამხნევებელი არაფერი თქმულა. სხვადასხვა ვარიანტით რამდენჯერმე გაიჟღერა ძველმა სენტენციებმა, როგორიცაა „ეს სტაბილურობის იმპორტია, თუ დესტაბილიზაციის?“ ან „ახალ წევრს მივიღებთ, თუ ეს ქვეყანა ყველა ორმხრივ კონფლიქტს მოაგვარებს“. ეს ბანალური ჭეშმარიტება, ცხადია, ვრცელდება აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებზეც და თუ გავითვალისწინებთ, რამდენად ჩახლართულია ზოგი კონფლიქტი და პრობლემა ბალკანეთშიც და პოსტსაბჭოთა სივრცეშიც, ძნელია წარმოიდგინო, რომ ევროკავშირი საერთოდ ოდესმე გაფართოვდება.

ამიტომ მოსალოდნელიც იყო, რომ ევროკომისარი თავს აარიდებდა კონკრეტული თარიღების დასახელებას, თუ არ ჩავთვლით იმედის გამოთქმას, რომ წელს დაიწყება ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკება ჩრდილოეთ მაკედონიასთან და ალბანეთთან. პირველ რიგში, სკოპიე არის ქცეული გაფართოების პოლიტიკის სანიმუშო მოწაფედ ბოლოხანს ქვეყნის სახელწოდების შეცვლის შემდეგ. და იმ შემთხვევაშიც კი, თუ ორივე შეძლებს წელსვე შეუდგეს ბრიუსელთან მოლაპარაკებას, უნდა მოველოდეთ რთულ პროცესს, რომელიც გვარიანად გასცდება 2020 წელს. რად ღირს თუნდაც მონტენეგროს მაგალითი. მან ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყო ევროკავშირთან მოლაპარაკება გაწევრიანების შესახებ და ამჟამინდელ კანდიდატ ქვეყნებს შორის ლიდერად შეიძლება ჩაითვალოს. ამ დროისთვის მას ევროკავშირში გასაწევრიანებლად დადგენილი სულ 33 კრიტერიუმიდან მუშაობა მხოლოდ სამზე აქვს დასრულებული…

ალბათ, არავის გაჰკვირვებია, რომ იოჰანეს ჰანმა მოითხოვა გრძელვადიანი ხედვა დასავლეთ ბალკანეთში პროგრესის შეფასებისას. მისი სიტყვებით, „ზოგჯერ არის უკან გადადგმული ნაბიჯები, მაგრამ მთლიანობაში, რაც წლები გადის, მეტ წინსვლას ვხედავთ ეკონომიკაში, კანონის უზენაესობის მხრივ, ისევე როგორც ყველაფერში, რაც შერიგების პროცესს უკავშირდება“. ბელგრადსა და პრიშტინას შორის ნორმალიზაციის შესახებ მოლაპარაკების ბოლო შეფერხებასთან დაკავშირებით, ჰანმა დასძინა, რომ დღეს ამ ორი ქვეყნის ლიდერებს შეუძლიათ ტელეფონის აღება ერთმანეთთან დასარეკად და ვითარების განსამუხტად, როცა მოვლენების კონტროლიდან გასვლის საფრთხე ჩნდება და რომ ესეც შეიძლება პროგრესად ჩაითვალოს.

სხვაგვარად თუ ვიტყვით, ბოლო წლებში თამასა მაინცდამაინც მაღლა არ აუწევიათ. და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ არც მომდევნო ხუთწლიან პერიოდში ასწევენ. ალბათ, ყველაზე მრავლისმეტყველია ის, რომ ჰანმა არჩია, არ ეპასუხა ერთ-ერთი პარლამენტარის შეკითხვაზე ბოლოდროინდელი ხმების შესახებ, რომ ევროკომისიის ახალ შემადგენლობაში აღარ არის გათვალისწინებული გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის ევროკომისრის პორტფელი.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG