Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ირჩევს შვედეთი განსხვავებულ გზას პანდემიასთან ბრძოლაში?


რიკარდ იოზვიაკი
რიკარდ იოზვიაკი

მაშინ, როცა ევროკავშირის მასშტაბით ქვეყნებმა კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად კარანტინის მკაცრი ზომები შემოიღეს, - ჩაკეტეს სახელმწიფო საზღვრები, დახურეს ბევრი ბიზნესი, შემოიღეს ფიზიკური დისტანცირების წესები, - ევროკავშირის ერთი ქვეყანა, შვედეთი, ჯერჯერობით სხვა გზას ირჩევს.

შვედეთში 16 წლამდე ბავშვები კვლავაც დადიან სკოლებში. მაღაზიები, რესტორნები და ბარები ღიაა, თუმცა პანდემიის გამო ხალხს აკრძალული აქვს შეკვეთის დახლებთან მიცემა და მხოლოდ მაგიდასთან გაწეული მომსახურებაა ნებადართული. ქვეყნის საზღვრები არ ჩაკეტილა და 500-მდე ადამიანის თავშეყრა კვლავაც ნებადართულია. დიდ და პატარა ქალაქებში ხალხი კვლავ გადის ქუჩებში, მოედნებზე, დადის საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ძალიან იშვიათად თუ ნახავთ დამცავი ნიღბით მოსიარულე ადამიანს. ბოლო დღეებში ათასობით ადამიანი გაემგზავრა ჩრდილოეთით, სათხილამურო კურორტებზე, სადაც სამედიცინო პუნქტები მწირია, ხოლო სრიალისშემდგომი თავშეყრები ალკოჰოლის თანხლებით - ძალიან ხშირი. ყველაზე მკაცრი რეკომენდაცია, რომელიც მთავრობამ ჯერჯერობით გასცა, იყო მოქალაქეებისთვის მიცემული რჩევა, თავი აერიდებინათ არააუცილებელი მგზავრობისთვის, ხოლო გაციებისა ან 70 წელზე ზემოთ ასაკის შემთხვევაში სახლებში დარჩენილიყვნენ.

ეს ყველაფერი ძნელად გასაგებია ჩრდილოეთის სხვა ქვეყნებისთვის, რომლებშიც საერთაშორისო საზღვრები უკვე გასულ კვირაში ჩაკეტეს და მოქალაქეები მკაცრად იცავენ ერთმანეთისგან ფიზიკური დისტანცირების ახალ წესებს, ხოლო ევროკავშირის სხვა ქვეყნებში, სადაც ზომები კიდევ უფრო მკაცრია, შვედეთის პოლიტიკა საერთოდ ფანტაზიას ჰგავს.

შვედეთის მიდგომა მოგვაგონებს დიდი ბრიტანეთის მიერ სულ ბოლო პერიოდამდე გატარებულ პოლიტიკას. პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის მთავრობამ სულ რამდენიმე დღის წინ შეატრიალა თავისი კურსი და გადაწყვიტა მანაც მისდიოს ევროპული კარანტინის გზას, რადგან ქვეყანაში დრამატულად გაიზარდა კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი. 27 მარტს გამოაცხადეს, რომ ვირუსი თავად ბორის ჯონსონსაც აღმოაჩნდა.

ანდერს ტეგნელი, რომელიც შვედეთის ჯანდაცვის სააგენტო Folkhälsomyndigheten-ს ხელმძღვანელობს, უარყოფს მოსაზრებას, რომ მისი ქვეყნის მიერ არჩეული ტაქტიკა „ჯოგური იმუნიტეტის“ გამომუშავებას ემსახურება, ანუ ვითარებას, როცა ვირუსით მოსახლეობის სულ მცირე 60-70 პროცენტი დაავადდება, რომლებიც გამოჯანმრთელების შემდეგ იმუნიტეტს შეიძენენ და შემდგომ მასობრივ გავრცელებას ასე აღკვეთენ.

ტეგნელის თქმით, მთავრობის მიზანია ინფექციის გავრცელების შენელება, რათა საავადმყოფოები არ გადაიტვირთოს. 28 მარტის მონაცემებით, შვედეთში 3,447 ინფიცირებული და 105 გარდაცვალებული იყო. ამ მონაცემებით, შვედეთი დიდად არ განსხვავდება თავისი მეზობლებისგან, თუმცა, როგორც სხვაგან, მონაცემები ბოლო დღეებში იზრდება. კრიტიკოსები ამბობენ, რომ ტესტირების დაბალი სიხშირე შესაძლოა კიდევ უფრო მაღალ მაჩვენებელს მალავდეს.

ტეგნელი შვედეთის მიდგომის ოფიციალური „სახე“ გახდა და ამ დღეებში ის მუდმივად გამოდის მედიით. ჯერჯერობით მას სრულად უჭერს მხარს მთავრობა. გასულ შაბათ-კვირას, პრემიერ-მინისტრმა სტეფან ლიოვენმა მოსახლეობას სიტყვით მიმართა, რასაც ის იშვიათად აკეთებს, და თავის გამოსვლაში მოქალაქეების პასუხისმგებლობისა და სოლიდარობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მას ახალი შემზღუდავი წესები არ გამოუცხადებია, თუმცა თქვა, რომ მალე, შესაძლოა, გარკვეული ზომების შემოღება საჭირო გახდეს.

შვედეთის მოქალაქეების უმრავლესობამ იცის, რომ პანდემიის ჟამს მათი ქვეყანა სხვებისგან განსხვავებულ გზას ირჩევს, თუმცა ჯერჯერობით, როგორც ჩანს, მთავრობა მოსახლეობის მნიშვნელოვანი მხარდაჭერით სარგებლობს. მიმდინარე კვირაში გამოქვეყნებულ გამოკითხვაში ლიოვენის სოციალ-დემოკრატების მხარდაჭერა სამი პროცენტით იყო გაზრდილი, რაც ძალიან კარგი ამბავია პარტიისთვის, რომელმაც ბოლო წლებში ამომრჩეველი დაკარგა. შვედეთში, სადაც პოლიტიკური კონსენსუსის კულტურა არსებობს და, როგორც წესი, ანტაგონისტურ განცხადებებსაც რბილად გამოთქვამენ ხოლმე, პანდემიასთან ბრძოლაში მთავრობის მიერ არჩეულ გზას, ცხადია, მოჰყვა გარკვეული კრიტიკული შეფასებები. არაერთმა ანალიტიკოსმა თუ ექიმმა ეჭვი გამოთქვა ამ ტაქტიკის მართებულობაზე. საზოგადოებრივი მაუწყებლის, SVT-ის, თანამშრომლებმა ნახეს შიდა მოხმარებისთვის განკუთვნილი იმეილი, რომელშიც ჯანდაცვის სფეროს რამდენიმე პროფესიონალი მწვავედ აკრიტიკებდა Folkhälsomyndigheten-ს - ადანაშაულებდა არაკომპეტენტურობაში, მოსახლეობის ჯანმრთელობით ე.წ. რუსული რულეტის თამაშსა და საზოგადოების ჯანმრთელობაზე წინ ეკონომიკური ინტერესების დაყენებაში.

ეკონომიკასთან დაკავშირებული არგუმენტაცია წამყვანია. პრემიერ-მინისტრმა მოქალაქეებს მოუწოდა, ადგილობრივი რესტორნებიდან სახლებში წამოეღოთ სადილი, რათა ადგილობრივი ბიზნესისთვის მხარდაჭერა აღმოეჩინათ. შვედეთში ბევრი ანალიტიკოსი უფრო მეტი შეშფოთებით ლაპარაკობს საბაზრო პრობლემებსა და სამომავლო მასობრივ უმუშევრობაზე, ვიდრე მოქალაქეების ვირუსით სიკვდილსა და ცნობებზე, რომ ქვეყანას არ აქვს საკმარისი სამედიცინო აღჭურვილობა.

მე შვედეთს, უკვე თითქმის ორი ათწლეულია, ევროპის სხვა ადგილებიდან ვადევნებ თვალს და მეც ვატყობ, რომ ამ ქვეყანას გარკვეული კულტურული „უცხოობა“ დაჰკრავს, რომელიც მას ხშირად უბიძგებს ხოლმე დინების საწინააღმდეგოდ ცურვისკენ. ბევრისმთქმელია, მაგალითად, პარალელი 2015 წლის მიგრანტთა კრიზისთან. მაშინ შვედეთი გმობდა კედლებს და საზღვრებს, რომლებიც ევროპის მასშტაბით ჩნდებოდა, როგორც პასუხი ეგეოსის ზღვიდან ევროპაში შესული ასიათასობით მიგრანტისთვის. იმ წელს შვედეთში 160,000-ზე მეტი თავშესაფრის მაძიებელი ჩავიდა, - ევროპის ყველა სხვა ქვეყანასთან შედარებით, ერთ სულ მოსახლეზე ბევრად მეტი, - რადგან მთავრობამ თავიდან უგულებელყო მოწოდებები კვოტებსა და სასაზღვრო კონტროლზე. მაგრამ შემდეგ კურსი რადიკალურად შეიცვალა - შვედეთისა და დანიის საზღვარზე საპასპორტო კონტროლი დაწესდა და დღემდე მოქმედებს. იმიგრაციისა და ინტეგრაციის (ან მისი ნაკლებობის) შესახებ დისკუსიები წამყვანი გახდა პოლიტიკურ დისკურსში და ულტრამემარჯვენე პარტია „შვედეთის დემოკრატები“, რომელიც მანამდე მეტ-ნაკლებად მარგინალური იყო, გადაიქცა უმსხვილეს ოპოზიციურ პარტიად ქვეყანაში.

საქმე ისაა, რომ შვედეთი ევროპაში ერთგვარ გამონაკლისს წარმოადგენს. კონტინენტზე, რომელიც ჩამოყალიბდა სისხლიანი რევოლუციებით, კატასტროფული კონფლიქტებითა და გენოციდებით, მან ორ საუკუნეზე მეტხანს შეძლო ომისა და ოკუპაციის თავიდან არიდება. მაშინ როცა სხვა ქვეყნები, შესაძლოა, „ომით დაზიანებული“ იყვნენ და ყველგან საფრთხეებს ხედავდნენ მათი კულტურისა თუ სუვერენიტეტისთვის, შესაძლებელია გამოითქვას ვარაუდი, რომ შვედეთი, პირიქით, „მშვიდობითაა დაზიანებული“, რადგან მისი მოსახლეობა არ ფიქრობს, რომ ცუდი პროცესები მათთანაც შეიძლება დაიწყოს. შესაბამისად, ისინი მოუმზადებლები ხვდებიან ხოლმე ისეთ კრიზისებს, რომელთა გადაწყვეტაც შეუძლებელია, უბრალოდ, რაციონალური ახსნით, ღიაობით ან კეთილი ნებით. ნათქვამია, ჯოჯოხეთისკენ გზა კეთილი სურვილებით არის მოფენილიო. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ნათქვამი არ გამართლდება შვედეთის მიერ პანდემიის პირობებში არჩეული გზის მაგალითზე.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG