Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ დახატა იტალიამ კორონავირუსის დრამატული სურათი?


კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იტალიაში ყოველდღიურად ათასობით მატულობს. 13 მარტის მონაცემებით, იქ 15 ათასზე მეტი დაავადებულია. 12 მარტს იტალიაში დაავადებულთა რეკორდული მაჩვენებელი, 2600-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაცვლილთა რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა.

თუკი მსოფლიო სტატისტიკის მონაცემებით, კორონავირუსით გარდაცვლილთა მაჩვენებელი მხოლოდ 3%-მდე იყო, იტალიაში არსებული სიტუაცია სულ სხვა სურათს გვთავაზობს. იქ გარდაცვლილთა სტატისტიკა გაცილებით მაღალი, 6,7%-ია. დაბალია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 1300-მდე.

რა მოხდა იტალიაში?

ირმა კვიცარიძე, ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკის რადიოონკოლოგიისა და სხივური თერაპიის განყოფილების უფროსი ექიმი, აქტიურადაა ჩართული კორონავირუსით ინფიცირებულთა მკურნალობის პროცესში. კლინიკაში 13 მარტის მონაცემებით, 21 პაციენტი მკურნალობს.

ექიმს ყოველდღიური კონტაქტი აქვს მის იტალიელ კოლეგებთან და პირადად იღებს მათგან ინფორმაციას იმ გამოწვევებისა და პრობლემების შესახებ, რომლის წინაშეც დღეს იტალიელი ექიმები და იტალიის ჯანდაცვის სისტემა დგას.

ირმა კვიცარიძის თქმით, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელი რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა და ეს უკავშირდება, როგორც რიგით მოქალაქეებს, ისე ვირუსის მართვის არასწორად დაგეგმილ სტრატეგიას.

თუკი გარდაცვლილთა მაღალ პროცენტულ მაჩვენებელზე შევჩერდებით, ირმა კვიცარიძე ამბობს, რომ ვირუსით დასრულებული ლეტალური შემთხვევების უმეტესობა, ხანდაზმულ და თანმხლები დაავადებების მქონე პაციენტებზე მოდის:

„დავიწყოთ იქიდან, რომ ევროპა „დაბერდა“, რაც ნიშნავს, რომ ცხოვრების დონიდან და სტილიდან გამომდინარე, ევროპაში ადამიანების დიდი ნაწილი დიდხანს ცოცხლობს, გვყავს 90-100 წლის პაციენტები. ზოგადად, კორონავირუსით გარდაცვლილთა სტატისტიკას თუ დააკვირდებით, სამწუხაროდ, გარდაცვალების შემთხვევები დაფიქსირებულია დიდწილად გერიატრიულ პაციენტებში ანუ, ასაკოვან პაციენტებში. ასეა იტალიაშიც. როდესაც ცხადდება გარდაცვლილთა რაოდენობის მაჩვენებელი, ძალიან ბევრი ფაქტორი უნდა იყოს მითითებული, რათა ამან არ გამოიწვიოს პანიკა. გარდაცვალების ერთ-ერთი ფაქტორი სწორედ ასაკია. ამიტომ, მაგალითად, ავსტრიაში, როდესაც გამოიცა პანდემიის ბრძანება, ხელისუფლების ერთ-ერთი მითითება იყო, რომ მოვერიდოთ ხანდაზმულ ადამიანებს. მშობლებიც კი გააფრთხილეს, რომ ბავშვები არ დატოვონ მოხუც ბებია-ბაბუებთან. ეს მითითებაა ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვისაც. განსაკუთრებით კი გულსისხლძარღვთა და ფილტვების დაავადების მქონე პირებისთვის. ასეთი პაციენტებში დაავადება მიმდინარეობს რთულად“.

ირმა კვიცარიძე ამბობს, რომ არსებობს გარდაცვალების და გართულების ერთეული გამონაკლისები ახალგაზრდებსა და იმ ადამიანებში, რომლებსაც არ ახლავთ თანმდევი დაავადებები, და ამ შემთხვევაში, ირმა კვიცარიძის თქმით მიზეზი არის გვიანი მიმართვა.

რა ხარვეზებმა განაპირობა ინფიცირებისა და გარდაცვალების ზრდა?

იტალიაში ვირუსის გავრცელების ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს ირმა კვიცარიძე უკავშირებს იტალიის ხელისუფლებისა და ჯანდაცვის სისტემის დაგვიანებულ რეაქციას და ვირუსით ინფიცირებული პაციენტების არასწორ მართვას:

„იტალია არ იყო მომზადებული ასეთი ეპიდემიური აფეთქებისა და შემდეგ უკვე პანდემიისთვის. გარდა ამისა, იტალიელების ცხოვრების სტილიც გასათვალისწინებელია, თითქოს ისინი უფრო მარტივად უყურებენ პრობლემას და მათთვის დისციპლინის დაცვა, შედარებით რთულია. ყველაზე მთავარი, რაც ჩემს კოლეგებთან საუბრისას გამოიკვეთა არის ის, რომ დაავადების გავრცელება გამოიწვია პაციენტების იმ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებამ, რომლებიც აბსოლუტურად არ იყვნენ მზად ამ დაავადებისთვის. იტალიაში გადაწყვიტეს, რომ გაეთავისუფლებინათ გარკვეული კლინიკები ინფექციური პაციენტების მისაღებად და გასცეს ბრძანება, რომ ექიმებს, რომლებიც ამ კლინიკებში მუშაობდნენ, უნდა მიეხედათ ამ ტიპის პაციენტებისთვის. აღმოჩნდა, რომ ეს ექიმები საერთოდ არ იყვნენ მზად ინფექციური პაციენტების სამართავად. სწორედ ამან გამოიწვია, რომ მაგალითად, ოთხი არაჩვეულებრივი ტრავმატოლოგი, რომლებთან ერთად ჩემი მეგობარიც მუშაობს, კორონავირუსით არიან ინფიცირებულნი და მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. ისინი შუა ასაკის ადამიანები არიან, თუმცა, მათ ჰქონდათ ძალიან ახლო კონტაქტი ინფიცირებულებთან, თავადაც ჰქონდათ ვირუსის სიმპტომები, მაგრამ ვერ მოხდა დროული რეაგირება. ასეთი სურათია მთელ იტალიაში. საკმაოდ ბევრი ექიმია დაინფიცირებული. სისტემაში ექიმების ნაკლებობა. გუშინ ჩემმა კოლეგამ მითხრა, 18-საათიან სამუშაო რეჟიმზე გადავედით და ყველანი რისკის ქვეშ ვიმყოფებითო. ეს ის შეცდომებია, რომელიც ჩვენ არ უნდა დავუშვათ. საქართველოში არაჩვეულებრივი ექიმები და სპეციალისტები არიან, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველამ არ იცის, როგორ მართონ ინფექციური პაციენტები. სწორედ ამიტომ უმნიშვნელოვანესია, რომ დროულად ჩაუტარდეთ ექიმებს სათანადო ტრენინგები კორონავირუსით ინფიცირებულთა სამართავად“.

გარდა ამისა, ირმა კვიცარიძე, ისევ იტალიელ კოლეგებზე დაყრდნობით, ამბობს, რომ შენობები, სადაც ინფიცირებული პაციენტები მოათავსეს, ინფრასტრუქტურულად არ იყო სათანადოდ მომზადებული: „ამგვარი პაციენტების მართვისთვის, აუცილებელია, რომ კლინიკებს ჰქონდეთ დამოუკიდებელი კომუნიკაციები, სავენტილაციო, საკანალიზაციო სისტემა. ჩინეთში, უჰანში, ვირუსის გავრცელების ეპიცენტრში, პირველი, რაც გააკეთეს, ააშენეს დამოუკიდებელი კლინიკები. როგორ გგონიათ, განა მათ არ ჰქონდათ პაციენტების მისაღებად საკმარისი საავადმყოფოები? რა თქმა უნდა, ჰქოდნათ, მაგრამ მათ ეს კლინიკები არ დატვირთეს სწორედ იმის გამო, რომ არ მომხდარიყო პაციენტების არასწორი მართვა და ააშენეს საველე კლინიკები“.

უნდა მიანდოს თუ არა სახელმწიფომ ვირუსის მართვა კერძო კლინიკებსაც?

ირმა კვიცარიძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ეხმაურება დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის მოწოდებას კერძო კლინიკებისადმი, რომ ვირუსის მართვის პროცესში სახელმწიფო კლინიკებთან ერთად ჩაერთონ კერძო კლინიკებიც. ავსტრიაში მომუშავე ექიმი ამ მოწოდებას სრულიად გაუმართლებელს უწოდებს:

„მიმაჩნია, რომ ეს იქნება არასწორი ნაბიჯი. პირველ რიგში, ცუდია, რომ ქვეყანაში არსებული კლინიკების 90%, კერძოა. ჩვენ არ ვიცით, ამ სოკოებივით მომრავლებულ კერძო კლინიკებს როგორი ინფრასტრუქტურა აქვთ, არიან თუ არა ისინი ინფექციური დაავადებების სამართავად მზად. შესაძლოა იქ ძალიან კარგი ექიმები მუშაობენ, მაგრამ არ ვიცით, ეს ექიმები მზად არიან თუ არა ინფექციური პაციენტების მისაღებად. თუკი ჩვენ 100%-ით არ ვიქნებით დარწმუნებულნი, რომ კლინიკების ინფრასტრუქტურა სრულ მზადყოფნაში პაციენტების მისაღებად, მაშინ ამ პრეცედენტის დაშვება იქნებ შეცდომა, რომელიც ზუსტად იგივე ან უარეს შედეგს გამოიღებს ჩვენი ქვეყნისთვის, რაც იტალიაში მოხდა“.

ირმა კვიცარიძეს მიაჩნია, რომ მოცემულ სიტუაციაში, საუკეთესო ნაბიჯი საველე ჰოსპიტალის შექმნისთვის მზადყოფნაა:

„ავსტრიაში ჩვენ გვაქვს სპეციალიზებული კლინიკები. ისე აშენებენ თითოეულ სართულს, რომ მათ აქვთ დამოუკიდებელი კომუნიკაციები. ავსტრიაში შესაძლებელია, რომ პაციენტები მივიღოთ ამგვარ კლინიკებში, მაგრამ მიუხედავად ამისა, ავსტრიის სამედიცინო სფერო ემზადება საველე კლინიკების შექმნისთვისაც“.

განიცადა თუ არა ვირუსმა მუტაცია?

იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა მზარდი მონაცემები საზოგადოების ნაწილში აჩენს შიშსა და ეჭვს, რომ შესაძლოა დაავადებამ გავრცელების მოცემულ ფაზაში სახე იცვალა და ის უფრო „ვერაგი“ გახდა. ირმა კვიცარიძის თქმით, ამ ეტაპზე, ექიმების ხელთ არსებული ინფორმაცია ამგვარი შიშის საფუძველს არ იძლევა:

„ჩვენ მუდმივად ვიღებთ ინფორმაციას კორონავირუსის გავრცელებისა და ამ ვირუსის მართვის გაიდლაინების შესახებ, როგორც მეილზე, ისე სპეციალური ჯგუფების საშუალებით. ამ ეტაპზე, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვირუსმა განიცადა მუტაცია და იტალიაში რაიმე ახალი ფორმა შეიძინა, არ მიგვიღია. ვიმეორებ, თუკი ვირუსით დაინფიცირდა პაციენტი, რომელსაც აქვს ქრონიკული დაავადება, ასეთ შემთხვევაში, ის უფრო რთული ფორმით მიდის და შესაძლოა, ასეთი პაციენტის მართვა ჩვეულებრივთან შედარებით უფრო რთული გახდეს.

ვადევნებ თვალყურს სოციალურ ქსელს და კარგად მესმის იმ ადამიანების, რომლებიც შესაძლოა, ახლა ძალიან არიან შეშინებულები. როდესაც ინფორმაციას სჭარბობს პანიკა, მაშინ პროცესი ძალიან ცუდი სამართავი ხდება. დიახ, იტალიაში ცუდი მდგომარეობაა, მაგრამ რაც თავად ვირუსის მკურნალობას და ვირუსთან გამკლავებას შეეხება, ის ნამდვილად არ არის ისეთი დრამატული, როგორადაც დღეს ემოციის ფონზე გადმოგვცემენ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალიაში სიტუაციის სამართავად, ჩინეთიდან ჩავლენ ექიმები. ეს ძალიან კარგი პრეცედენტი იქნება. არ არის საჭირო სასოწარკვეთა და მოვეკიდოთ საკითხს პასუხისმგებლობით. ჩვენ ახლა არ გვაქვს შეცდომების გამეორების დრო. ახლა ჩვენ სხვის შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ“.

13 მარტის დილის 8 საათის მონაცემებით, მსოფლიოს 125-ზე მეტ ქვეყანაში ახალი სახეობის კორონავირუსით დაავადდა სულ 134,768 ადამიანი. ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულია 70,383. გარდაცვლილია 4,983.

დაავადების და გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობით პირველ სამ ადგილზე არიან ჩინეთი, იტალია და ირანი.

კორონავირუსის COVID-19 გავრცელება 2019 წლის დეკემბრიდან დაიწყო ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ქალაქ უჰანიდან.

2020 წლის 11 მარტს მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციამ პანდემია გამოაცხადა.

საქართველოში კორონავირუსის 25 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, სახელმწიფო აქტიურად მუშაობს მოდელზე, რომელიც ამოქმედდება იმ შემთხვევაში, თუკი ქვეყანა კორონავირუსის ეპიდემიის საფრთხის წინაშე დადგება. სამოქმედო გეგმაზე მუშაობა სხვადასხვა უწყებასთან ერთად მიდის. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას მტკიცებით, მოდელი რამდენიმე დღეში იქნება მზად და ის ხელმისაწვდომი იქნება საზოგადოებისთვისაც.

XS
SM
MD
LG