ზოგადად, აგვისტო ბრიუსელისთვის უცნაური დროა. დავიწყოთ იმით, რომ მთელი თვის განმავლობაში იქ თითქმის არავინ იმყოფება, არც ერთი პოლიტიკოსი ან დიპლომატი. ევროკავშირის სხვა დროს ხალხმრავალი მნიშვნელოვანი ინსტიტუტების, ათასობით ევროკრატის, ექსპერტისა თუ ლობისტის მასპინძელი კვარტალი უკაცრიელია ზაფხულის ბოლოს. ყველა შვებულებაშია რამდენიმე კვირით, ენერგიის აღსადგენად ძირითადად მზეს მიფიცხებული სადმე ხმელთაშუაზღვისპირეთში.
თუმცა, ამავე დროს, აგვისტოში თითქმის ყოველთვის გამოჩნდება ხოლმე ერთი-ორი პრობლემა, გადაუდებელ პოლიტიკურ გადაჭრას რომ ითხოვს: წყალდიდობა, ტყის ხანძრები, მიგრაციის ტალღები ან, თუნდაც, ომი და რევოლუციები მსოფლიოში - მოვლენები, რომლებიც ყოველთვის თითქოს სახტად ტოვებს ბრიუსელს, გაკვირვებულს, როგორ არ ჩერდება მსოფლიო მათთან ერთად და არ გადის არდადეგებზე.
ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი ლოგიკური ახსნა იმისა, თუ რატომ შეფერხდა ევროკავშირის რეაქცია აქვე, მეზობლად, ბელარუსში განვითარებულ პოსტსაარჩევნო კრიზისზე.
მაგრამ მიუხედავად იმისა, შეგვიძლია თუ არა ბრიუსელის თავდაპირველი დუმილის ახსნა შვებულებების სეზონით, მაინც არსებობს სხვა, თანაბარზომიერად მნიშვნელოვანი მიზეზები, რამაც ეს შენელებული რეაქცია გამოიწვია.
პირველი ისაა, რომ ბელარუსი ევროკავშირის დღის წესრიგში პრიორიტეტი დღეს ნამდვილად არ არის. ამის მაგალითად უამრავი ფაქტის გახსენება შეიძლება.
როდესაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ივლისში, საზაფხულო არდადეგებამდე, მინისტრთა საბჭოს ბოლო სხდომაზე შეიკრიბნენ, ბელარუსი არც კი უხსენებიათ, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების წინ უკვე დაწყებული იყო ოპოზიციის მასობრივი დაპატიმრებები და უკვე ნათელი იყო, მინსკში რაც მწიფდებოდა.
როდესაც ევროპარლამენტის ზოგიერთმა წევრმა ამ კვირაში შეადგინა ღია წერილი, რომელიც ითხოვდა ევროკავშირის მკაცრი პოლიტიკის გატარებას ბელარუსის რეჟიმის წინააღმდეგ, მათ მოახერხეს 23 ევროპარლამენტარის ხელმოწერის შეგროვება. ეს საკმაოდ მოკრძალებული ციფრია, თუ გავიხსენებთ, რომ ევროპარლამენტში 751 დეპუტატია.
ევროკავშირის არც ერთ მაღალჩინოსან პოლიტიკოსს არც კი უცდია ბელარუსში საშუამავლო მისიით ჩასულიყო.
ეს მოხდა მაშინ, როდესაც ევროპის საბჭოს პრეზიდენტი, ჩარლზ მიშელი, გასულ კვირას დაუყოვნებლივ გაემგზავრა ბეირუთში, ლიბანის დედაქალაქში, იქ მომხდარი აფეთქების შემდეგ.
მიშელი, ისევე როგორც ევროკომისიის პრეზიდენტი, ურზულა ფონ დერ ლაიენი, და საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე უშუალოდ პასუხისმგებელი ორი კომისარი, ჯოზეპ ბორელი და ოლივერ ვარელი, მედიასთან საერთოდ მოერიდნენ ბელარუსზე საუბარს.
კიდევ ერთი მიზეზი ისაა, რომ ბრიუსელის ხელმისაწვდომი პოლიტიკის ინსტრუმენტები ბელარუსთან დაკავშირებით საკმაოდ შეზღუდულია. ევროკავშირის ორმხრივი დახმარება ბელარუსისთვის წლიურად, დაახლოებით, 30 მილიონი ევროა, რაც ძალიან მცირეა იმასთან შედარებით, რასაც აღმოსავლეთ სამეზობლოს სხვა ქვეყნები - მაგალითად, უკრაინა და საქართველო - იღებენ. დახმარების უმეტესი წილი სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერისკენაა მიმართული, ასე რომ, დახმარების შეჩერების მუქარა ვერ გაჭრის, ამის გაკეთების სურვილი რომც არსებობდეს.
გასულ თვეში გამარტივებული სავიზო რეჟიმი ბელარუსის მოქალაქეებს ეხება და მათი დასჯა ევროკავშირს, ცხადია, არ სურს. სავიზო რეჟიმის სრულ ლიბერალიზაციამდე კი ბელარუსს ჯერ კიდევ წლები აშორებს. ასე რომ, ვიზების საკითხი ძნელად თუ გამოდგება სავაჭრო თემად.
რაც შეეხება პოლიტიკურ ურთიერთობებს, ევროკავშირს და ბელარუსს არც თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება აკავშირებთ და არც ასოცირების ხელშეკრულება, განსხვავებით უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვისგან, რომლებიც უფრო დაახლოებული არიან ევროკავშირთან როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად.
წლების განმავლობაში ბრიუსელი და მინსკი აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს „ევროკავშირ-ბელარუსის პარტნიორობის პრიორიტეტების შესახებ“ პოლიტიკური კავშირების ხელშესაწყობად. ხელშეკრულება თითქმის დასრულებულია, მაგრამ საბოლოო შეთანხმება შეჩერებულია მას შემდეგ, რაც ლიეტუვამ შეშფოთება გამოხატა ბელარუსის ატომური ელექტროსადგურის მოსალოდნელ გახსნასთან დაკავშირებით, რომელიც ლიეტუვას დედაქალაქ ვილნიუსიდან სულ რაღაც 40 კილომეტრშია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აქაც მანევრირების ადგილი თითქმის არ არის.
ყველაზე აშკარა ინსტრუმენტი სანქციებია. ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მიერ გასაკვირად მკაცრი და მკაფიო განცხადებით, ბლოკმა კენჭისყრიდან მხოლოდ ორი დღის შემდეგ გაუხსნა გზა მინსკის წინააღმდეგ შეზღუდვებს. განცხადებაში ნათქვამია: ”ჩვენ შევაფასებთ ბელარუსის ხელისუფლების ქმედებებს არსებული ვითარების მოსაგვარებლად და სიღრმისეულად გადავხედავთ ევროკავშირის ურთიერთობებს ბელარუსთან. ეს შეიძლება შეიცავდეს, სხვათა შორის, ზომების მიღებას ძალადობაზე, დაუსაბუთებელ დაპატიმრებებსა და არჩევნების შედეგების გაყალბებაზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ”.
ევროკავშირმა სავიზო აკრძალვები და აქტივების გაყინვა დააკისრა პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკასა და მის უახლოეს მომხრეებს 2010 წლის დეკემბრის გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგაც. ეს ზომები 2016 წლამდე დარჩა და მოიხსნა, როდესაც ევროკავშირმა ჩათვალა, რომ ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლეს.
რაც დღემდე რჩება, ეს იარაღზე ემბარგოა, რომელიც ბოლო წლებში შესუსტდა უნგრეთის ზეწოლის გამო.
სანქციების ერთსულოვნად მიღების მიუხედავად, საყურადღებო იქნება დაკვირვება ბუდაპეშტზე, რომელსაც ბოლო წლებში მინსკთან მჭიდრო კავშირები ჩამოუყალიბდა.
მაშინაც კი, თუ უნგრეთი დათანხმდა სანქციების აღგენას უახლოეს კვირებში, ალბათ ეს სანქციები სიმბოლური იქნება, როგორც ადრე. მკაცრი ეკონომიკური სანქციები ამ ეტაპზე არ განიხილება.
ევროკავშირის მიერ მოწვეული რიგგარეშე ვიდეოკონფერენციის შემდეგ, რომელიც 14 აგვისტოს გაიმართება ბელარუსის საკითხის განსახილველად, იგივე მინისტრები თვის ბოლოს ბერლინში შეიკრიბებიან იმავე საკითხზე მსჯელობის გასაგრძელებლად. ამან შეიძლება აგვისტოს მზეს მიფიცხებული ბრიუსელი ნელ-ნელა გამოაღვიძოს და ბელარუსს უფრო სერიოზულად მიუდგნენ. მაგრამ ნუ მოველით, რომ ევროკავშირი გადამწყვეტი მოთამაშე გახდება, როდესაც საქმე მინსკის რეჟიმის მომავალს შეეხება, და არც იმის მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ აგვისტოს გრძელი არდადეგების ტრადიციას დაივიწყებენ.