Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ნიშნავს საეკლესიო რყევები პოლიტიკისთვის


ბევრის თვალში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დიდი ხნის განმავლობაში მონოლითური რელიგიური ერთობის იმიჯს ინარჩუნებდა. ეკლესია ცდილობდა, თავი ისეთ რელიგიურ ინსტიტუციად წარმოეჩინა, რომლის წევრებსაც ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ერთსულოვანი პოზიცია ჰქონდათ. მისი ასეთი იმიჯი ე.წ. ციანიდის სკანდალმა (რომლის შესახებაც დანამდვილებით დღესაც ბევრი არაფერი ვიცით) საფუძვლიანად შეარყია, თუმცა ყველაზე მძიმე დარტყმები ეკლესიას ბოლო კვირებში მიადგა.

ბოლო კვირებში, დავინახეთ, რომ ეკლესიის სულ მცირე ორი მაღალი იერარქი - მეუფე იაკობი (კონსტანტინე იაკობიშვილი) და აწ უკვე ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე (პაატა ცაავა) ღიად გამოვიდნენ როგორც ერთმანეთის, ასევე გარკვეული პოლიტიკური ძალების წინააღმდეგ. მეუფე იაკობმა მოქმედი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და შსს მინისტრი ვახტანგ გომელაური პატრიარქის გადაყენების მცდელობაში დაადანაშაულა. ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრემ კი განაცხადა, რომ „ერს ჰყავს პედარასტიით - მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე“. მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის თავმჯდომარე კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეა. მოგვიანებით, ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრემ აღნიშნა, რომ პატრიარქი ილია მეორე საკუთარ თავს „[საეკლესიო] კანონზე მაღლა აყენებს“.

ბოლო დღეებში ამ რყევებს დაემატა ისიც, რომ წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოსი ზოსიმე (შოთა შიოშვილი) ყოფილმა სტუდენტმა სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა. საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელმა კვიპროსში, დეკანოზმა ზაქარია ფერაძემ დაადასტურა, რომ თავის დროზე სტუდენტი მართლა სდებდა ბრალს მეუფე ზოსიმეს სექსუალურ ძალადობაში. ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა (რუსლან ბულუხია) „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ არ გამორიცხავს, რომ ეკლესიაში არსებობენ პედოფილები და „მამათმავლები“. მისი თქმით, „რამდენიმე მოძღვარი შეჩერებული იქნა...თუმცა მეტი ზომების მიღება შეიძლებოდა“.

საკვირველია ის, რომ ეს ყველაფერი ხდება იმ ინსტიტუციის შიგნით, რომელიც, როგორც ზემოთ აღვნიშნე, წლების მანძილზე მონოლითურობის იმიჯს ინარჩუნებდა. ეს იყო ჩაკეტილი ინსტიტუცია, რომლის შიდა ამბების შესახებ ინფორმაცია ფართოდ ხელმისაწვდომი არ იყო. ბევრმა ისიც არ ვიცოდით, რომ ეკლესიის შიგნით ასეთი მწვავე განხეთქილებები არსებობდა. თუკი აქამდე „მართლმადიდებლობის“ წინააღმდეგ ბრძოლა, ძირითადად, „ლიბერალებსა“ და „სოროსისტებს“ ბრალდებოდათ, ახლა ისე გამოჩნდა, რომ ყველაზე სასტიკი და დაუნდობელი ბრძოლა ეკლესიის შიგნით ყოფილა გაჩაღებული. იმ გავლენის გათვალისწინებით, რასაც ეკლესია ქვეყნის პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაზე ფლობს, უნდა დავსვათ კითხვა, თუ სადამდე მიგვიყვანს ამგვარი რელიგიურ-პოლიტიკური განხეთქილებები; საკითხავია, საერთოდ რას ნიშნავს ეკლესიაში მიმდინარე პროცესები პოლიტიკისთვის.

ეკლესიაში მიმდინარე კონფლიქტები უდავოდ არის მორალური და ფსიქოლოგიური დარტყმა მორწმუნეებისთვის (რაც ბევრმა უკვე აღნიშნა და რაზეც აღარ შევჩერდები), მაგრამ, ამავე დროს, ეს არის იმის შანსიც, რომ დაიწყოს რაციონალური დისკუსია იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობა, ან იმაზე, თუ როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ სხვადასხვა რელიგიური და პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანებს ერთმანეთთან.

თეორიულად, დემოკრატიულ ქვეყანაში სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობები სეკულარიზმის პრინციპით უნდა მოწესრიგდეს. სეკულარიზმი გულისხმობს იმას, რომ ეკლესია არ უნდა ერეოდეს სახელმწიფოს საქმეებში და პირიქით, სახელმწიფო - ეკლესიის საქმეებში. დღევანდელი მდგომარეობით, ორივე მხარე ცდილობს, ერთმანეთის საქმეებში ჩაერიოს. ამასთან ერთად, თავად ეკლესიის შიგნით, ვხედავთ, რომ პოლიტიკური ბრძოლები მიმდინარეობს; ვხედავთ არა მხოლოდ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ სიმპათიებით განწყობილი სასულიერო პირების დაპირისპირებას, არამედ პრორუსული და პროდასავლური ძალების ჭიდილსაც. ეკლესია დღეისათვის ვერ ინარჩუნებს პოლიტიკურად ნეიტრალური ინსტიტუტის სტატუსს - მისი წევრები, ღიად თუ ფარულად, ერთვებიან პოლიტიკაში (ამის ერთ-ერთი მკაფიო მაგალითი არქიმანდრიტი ბართლომეა). იმისათვის, რომ მომავალში კონფლიქტი ეკლესიის შიგნით, პოლიტიკურ კონფლიქტში არ გადაიზარდოს (ან პირიქით), საჭიროა გარკვეული კომპრომისი სხვადასხვა დაპირისპირებულ ძალას შორის იმაზე, თუ როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანების მიმართ. როგორც ინგლისელმა ფილოსოფოსმა ჯონ ლოკმა დიდი ხნის წინ, მე-17 საუკუნის მიწურულს, შენიშნა, რელიგიურ-პოლიტიკური კონფლიქტების მოწესრიგების საუკეთესო გზა ტოლერანტობაა. ლოკი, ძირითადად, ინგლისელ პროტესტანტებს შორის არსებული კონფლიქტების დარეგულირებას გულისხმობდა, მაგრამ დღევანდელ კონტექსტში შემწყნარებლობის საჭიროება ყველა ჯგუფისთვის დგება - როგორც უმრავლესობისთვის, ისე უმცირესობისთვის. სხვანაირად, მუდმივად ფიზიკური ძალადობის ზღვარზე ვიქნებით.

დაპირისპირების შანსის უფრო მეტად შესამცირებლად, ასევე, საჭიროა, სახელმწიფო და ეკლესია მაქსიმალურად გაიმიჯნოს ერთმანეთისგან (ცხადია, საბოლოო გამიჯვნა ჩვენნაირ ქვეყანაში თითქმის შეუძლებელია. ამიტომ, საუბარი ოპტიმალურ ვარიანტზეა). საერო და სასულიერო იერარქები უხსოვარი დროიდან უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს. საქართველოს ისტორიის მცოდნეებმა კარგად იციან ცნობილი რუის-ურბნისის კრების შესახებ, რომელიც 1103 წელს საქართველოს მეფემ, დავით IV აღმაშენებელმა მოიწვია. ამ კრებაზე მეფისადმი მტრულად განწყობილი სასულიერო პირები განკვეთეს. მსოფლიო ისტორიამ, ასევე, მრავლად იცის ფაქტები, როდესაც პირიქით, სასულიერო პირები ცდილობდნენ საერო საქმეებში ჩარევას და ზოგჯერ წარმატებითაც ახერხებდენ ამას (ირანის დღევანდელი თეოკრატიული რეჟიმი, რომელსაც შიიტი სასულიერო პირები - აიათოლები მართავენ, ამის მაგალითია). ასეთი თეოკრატიული რეჟიმები, როგორც წესი, რეპრესიულია, რადგან რელიგიური დოგმატიკა პოლიტიკურ პლურალიზმთან შეუთავსებელია.

თუ ვითარება არ გამოსწორდა, ქართული პოლიტიკა და საჯარო ცხოვრება, რომელიც ისედაც მუდმივად აპოკალიპტური მოლოდინის რეჟიმშია, დამატებით დარტყმებს რელიგიური ფლანგიდან ვეღარ გაუძლებს. როგორც ზემოთ აღვნიშნე, მთლიანი პროცესის რაციონალურ ჩარჩოებში წარსამართად სეკულარიზმისა და ტოლერანტობის პრინციპების მკაცრად დაცვაა საჭირო. სხვა შემთხვევაში, სრულ ქაოსს ან გაზრდილ ავტორიტარიზმს მივიღებთ. იმედია, მთავარ აქტორებს ეყოფათ იმის გონიერება, რომ ეს არეულობა პროგრესის სასარგებლოდ წარმართონ და უარესი რეგრესი არ განაცდევინონ თავად ეკლესიასა და დანარჩენ საზოგადოებას.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG