გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული იაგო ნებიერიძე შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრას ითხოვს. როგორც მისმა ადვოკატმა, მარიამ პაპოშვილმა, ჟურნალისტებს განუცხადა, ნებიერიძემ 14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის საფლავის ადგილმდებარეობა იცის და ამაზე უნდა მინისტრს დაელაპარაკოს.
„თქვა, დედას საფლავი უნდა დავუბრუნოო“, – განაცხადა პაპოშვილმა. ადვოკატი არ აკონკრეტებს, სამაგიეროდ რას მოითხოვს ნებიერიძე.
ეს განცხადება ამ დილით ნახეს 14 წლის წინ გაუჩინარებული ზაქრო ბერძნიშვილის მშობლებმა. დედა, ხათუნა რაზმაძე, რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ ოჯახს კიდევ ერთხელ გაუჩნდა იმედი, რომ დაკარგული ბავშვის ადგილსამყოფელი გაირკვევა. მისი აზრით, ნებიერიძეს, რომელსაც უვადო პატიმრობა შეეფარდა, დასაკარგი აღარაფერი აქვს და უნდა თქვას, თუ რაიმე იცის
„ჩვენც დილით გავიგეთ ეს ამბავი, დილით წავიკითხეთ და არც ვიცი, რა უნდა ვთქვა. იქნებ მართლაც ეგრეა და იქნებ თქვას. რაღაცნაირად მჯერა, რომ, ალბათ, იტყვის ყველაფერს. უკვე განწირულია, რაღა აქვს დასაკარგი, რომ არ თქვას? ღმერთმა ქნას, რომ ერთხელ და სამუდამოდ თქვას და დამთავრდეს ეს ყველაფერი“.
იაგო ნებიერიძემ სამართალდამცავებს ერთხელ უკვე უჩვენა 14 წლის წინ გაუჩინარებული მოზარდის საფლავის ადგილსამყოფელი. პოლიციელები რამდენიმე დღის განმავლობაში გორის კულტურისა და დასვენების პარკში ეძებდნენ მითითებულ ადგილს. სკანირების შემდეგ გადათხარეს პარკის ტერიტორიის ერთი ნაწილი, თუმცა, როგორც შემდგომ გაირკვა, მსჯავრდებულმა გამოძიებას არასწორი ინფორმაცია მიაწოდა.
იაგო ნებიერიძის სახელი ჯერ კიდევ 2004 წელს 11 წლის ზაქრო ბერძნიშვილის გატაცების საქმეში ფიგურირებდა, თუმცა მაშინ საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის გამო ნებიერიძე მხოლოდ ანგარების გზით ფულის გამოძალვის ბრალდებით გაასამართლეს.
ადგილობრივი ხელისუფლების პოზიციაა ის, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს უკვდავყოფა ამ ადამიანისა, რომელიც შეეწირა ძალადობას, ძალადობის მსხვერპლი არის და ჩვენ ყოველ წუთს უნდა გვახსოვდეს, გვახსოვდეს ადამიანებს, რომ ანალოგიური არ უნდა განმეორდეს.დავით რაზმაძე
რამდენიმე დღის წინ კი იაგო ნებიერიძეს გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობის საქმეზე უვადო თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 2018 წლის 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. მისი ცხედარი სამართალდამცავებმა მდინარე ლიახვის პირას რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. საქმეზე ბრალდებულის სახით დააკავეს 33 წლის იაგო ნებიერიძე, რომელიც მეზობლად მდებარე სახლში სარემონტო სამუშაოებს ატარებდა.
მას თავდაპირველად ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით წარუდგინეს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს, ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ კი ბრალი 138-ე მუხლით დაუმძიმდა, რაც არასრულწლოვნის მიმართ სექსუალურ ძალადობას გულისხმობს.
გორში ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ნანიკო ბერიაშვილის სკვერი იმავე ქუჩაზე მოეწყოს, სადაც გოგონა ცხოვრობდა. სკვერის გაკეთება ნანიკოს ოჯახის წევრებისა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი ინიციატივით გადაწყდა. ქალაქის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურში აცხადებენ, რომ გალუსტაშვილის ქუჩაზე სკვერის პროექტირების სამუშაოები უკვე დასრულდა. გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე ამბობს, რომ სკვერის ან ქუჩისთვის ნანიკო ბერიაშვილის სახელის მინიჭება ოჯახს მცირედით შეუმსუბუქებს ტკივილს და საზოგადოებას შეახსენებს, რომ ძალადობა ყოველთვის დასაგმობი იქნება.
„ადგილობრივი ხელისუფლების პოზიციაა ის, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს უკვდავყოფა ამ ადამიანისა, რომელიც შეეწირა ძალადობას, ძალადობის მსხვერპლი არის და ჩვენ ყოველ წუთს უნდა გვახსოვდეს, გვახსოვდეს ადამიანებს, რომ ანალოგიური არ უნდა განმეორდეს. ამ ნაბიჯით იქნება იმის დემონსტრირება, რომ ვგმობთ ძალადობას. ჯერჯერობით მიდის ამ თემაზე მუშაობა და, საბოლოო ჯამში, რაღაცა ფორმით მოხდება პატარა გოგონას სახელის უკვდავყოფა“.
ამ ორმა ტრაგედიამ ბერძნიშვილებისა და ბერიაშვილების ოჯახი ერთმანეთს დააკავშირა. გასული წლის ნოემბერში ზაქრო ბერძნიშვილის საფლავის ადგილსამყოფელის ძებნისას, ნანიკო ბერიაშვილის ოჯახის წევრებიც პარკის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და ფიქრობდნენ, რომ ნებიერიძემ ზუსტად იცოდა დაკარგული ბიჭის ადგილსამყოფელი. ბერძნიშვილების ოჯახში ახლა სამართალდამცავების მორიგ შეტყობინებასა და საძიებო სამუშაოების განახლებას ისევ ელოდებიან.