აშშ-ის გადაწყვეტილება უკრაინისათვის სადაზვერვო დახმარების შეზღუდვის შესახებ მნიშვნელოვნად ასუსტებს კიევის რუსეთისაგან თავის დაცვის შესაძლებლობებს, თუმცა ეს არ ნიშნავს უკრაინის საომარი ოპერაციების დასასრულს, - ამბობენ ოფიციალური პირები და ანალიტიკოსები.
ვაშინგტონმა 5 მარტს გამოაცხადა, რომ კიევისთვის აშშ-ის სამხედრო დახმარების შეჩერების შემდეგ ის ასევე აწესებდა შეზღუდვებს უკრაინასთან დაზვერვის გაზიარებაზე.
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა ჯონ რეტკლიფმა განაცხადა, რომ ამ შეზღუდვების საფუძველია აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შეშფოთება მისი უკრაინელი კოლეგის, ვოლოდიმირ ზელენსკის მშვიდობისადმი ერთგულებასთან დაკავშირებით, გასულ კვირას ოვალურ კაბინეტში ორი ლიდერის კატასტროფული შეხვედრის შემდეგ.
როგორ იყენებს უკრაინა აშშ-ის დაზვერვას?
უკრაინაში აშშ-ის დაზვერვითი დახმარების ზუსტი მასშტაბი, არსი და გავლენა საჯარო არ არის. არც ის არის ნათელი, თუ რამდენადაა შეჩერებული დაზვერვის გაზიარება ან რომელ კონკრეტულ სფეროებში.
აშშ-ის თავდაცვის ორმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა 7 მარტს CNN-ს განუცხადა, რომ აშშ კვლავაც უზიარებს დაზვერვას უკრაინას თავდაცვით ოპერაციებში დასახმარებლად, მაგრამ „შეამცირა“ იმგვარი დაზვერვის უზრუნველყოფა, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს რუსული ძალების წინააღმდეგ შეტევითი დარტყმებისთვის.
რამდენიმე ექსპერტმა და პოლიტიკოსმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას უმნიშვნელოვანეს მონაცემებს აწვდიდა - სატელიტური მეთვალყურეობის, კომუნიკაციების გაშიფვრისა და ადამიანური აქტივებისგან მიღებულ ინფორმაციას რუსული ჯარების და მძიმე ტექნიკის ადგილმდებარეობის, განზრახვისა და გადაადგილების შესახებ.
ამერიკულმა კომპანია Maxar-მა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი გარჩევადობის სატელიტურ სურათებს, Current Time-ს განუცხადა, რომ მის უკრაინელ კლიენტებს შეეზღუდათ წვდომა აშშ-ის მიერ მოწოდებულ მონაცემებზე.
„მაქსარს აქვს კონტრაქტები აშშ-ს მთავრობასთან და ათეულობით მოკავშირე და პარტნიორ ქვეყანასთან მთელ მსოფლიოში, სატელიტური სურათების და სხვა გეოსივრცითი მონაცემების მიწოდებაზე, - განუცხადა კომპანიის წარმომადგენელმა Current Time-ს, - ერთ-ერთი ასეთი კონტრაქტია GEGD (Global Enhanced GEOINT Delivery პროგრამა), აშშ-ის მთავრობის პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს წვდომას კომერციულ სატელიტურ სურათებზე. აშშ-ის მთავრობამ გადაწყვიტა, დროებით შეაჩეროს უკრაინული ანგარიშები GEGD-ში“.
ექსპერტების თქმით, უკრაინასთან გაზიარებულმა დაზვერვამ მის სამხედროებს საშუალება მისცა დაეგეგმათ თავდასხმები, ოპერაციები და მიეღოთ დროული გაფრთხილებები რუსეთის საჰაერო და სახმელეთო თავდასხმების შესახებ.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის საპარლამენტო კომიტეტის მდივანმა რომან კოსტენკომ განაცხადა, რომ აშშ-ის დაზვერვას „სასიცოცხლო მნიშვნელობა“ აქვს და მის გარეშე უკრაინელ ჯარისკაცებს და მშვიდობიან მოსახლეობას „უდიდესი საფრთხე ემუქრებათ“.
„შეგვიძლია თუ არა დავარტყათ მტერს დაზვერვის გარეშე? დიახ, რა თქმა უნდა. მაგალითად, შეგვიძლია თავს დავესხათ სტაციონარულ სამიზნეებს, ვთქვათ, შორეულ აეროდრომს, რომლის შესახებაც უკვე ვიცით“, - თქვა კოსტენკომ, ყოფილმა სამხედრო მეთაურმა, 5 მარტს.
„მაგრამ [ჩვენ ვეყრდნობით აშშ-ის დაზვერვას] რეალურ დროში იმის დასანახად, არის თუ არა იქ თვითმფრინავები, ემზადებიან თუ არა უკრაინაზე თავდასხმისთვის ასაფრენად“.
უკრაინა ასევე დამოკიდებული იყო აშშ-ის მონაცემებზე ამერიკის მიერ მიწოდებული მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემების (HIMARS) და აშშ-ის არმიის ტაქტიკური სარაკეტო სისტემის (ATACMS) სამართავად.
ექსპერტებმა რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ დაზვერვის შეჩერება შეეხება HIMARS-ისა და ATACMS-ის სამიზნე მონაცემებს, რაც უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ მათ გამოყენებაში ხელს შეუშლის.
მოწინავე სისტემები და ჯაშუშები
ნიუ-იორკში მცხოვრები რუსეთის დაზვერვის ანალიტიკოსი რუსლან ლევიევი აშშ-ის დაზვერვას მსოფლიოში საუკეთესოდ მიიჩნევს.
„ამერიკულმა დაზვერვამ შეიძლება წინასწარ იცოდეს, თუ როდის აფრინდებიან რუსული ბომბდამშენები რაკეტების გასაშვებად. [აშშ-მ] შესაძლოა მოახერხა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შიდა კომუნიკაციების გაშიფვრა, სადაც ბრძანებებს გასცემენ ფრენების დაგეგმვის ან კონკრეტულ სამიზნეებზე თავდასხმის შესახებ“, - განუცხადა ლევიევმა რადიო თავისუფლებას 6 მარტს.
ლევიევი ამბობს, რომ ამერიკას ტექნოლოგიური უპირატესობის გარდა ფინანსური შესაძლებლობებიც დიდი აქვს და სხვა ქვეყნებზე მეტად შეუძლია ადგილზე აგენტების გადაბირება.
„აშკარაა, რომ შეერთებულ შტატებს ჰყავს ჯაშუშები რუსეთის გენერალურ შტაბში, თავდაცვის სამინისტროსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, რომლებიც მას ღირებულ ინფორმაციას აწვდიან“, - განაცხადა ანალიტიკოსმა და დასძინა, რომ აშშ-ის დაზვერვა ასევე „კითხულობს ელექტრონულ მიმოწერას სამხედრო პერსონალსა და ოფიციალურ პირებს შორის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ ომში სამხედრო პოლიტიკის ფორმირებაზე“.
შეუძლია თუ არა უკრაინას, გადარჩეს აშშ-ის სამხედრო დაზვერვის გარეშე?
პოლიტიკოსები და ექსპერტები თანხმდებიან, რომ ვაშინგტონის მიერ დაზვერვის შეზღუდვა კიევს დაასუსტებს და მას უფრო არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩააყენებს, ვიდრე ადრე.
მაგრამ ზოგიერთი უკრაინელი იმედოვნებს, რომ ქვეყანას შეუძლია მონაცემთა ხარვეზის შევსება სხვა დასავლელი მოკავშირეების და ასევე საკუთარი წყაროებიდან მოწოდებული ინფორმაციით.
საფრანგეთმა განაცხადა, რომ ის კვლავაც გაუზიარებს დაზვერვის მონაცემებს უკრაინას. ბრიტანული მედიის ცნობით, გაერთიანებული სამეფოც გააგრძელებს უკრაინისთვის დაზვერვის მონაცემების მიწოდებას, თუმცა არ გადასცემს აშშ-ისგან მიღებულ მონაცემებს.
რომან ბესმერტნიიმ, უკრაინის ყოფილმა ელჩმა ბელარუსში, თქვა, რომ „არასწორია“, როდესაც კიევის შეტევითი და თავდაცვითი ოპერაციებისთვის საჭირო დაზვერვას „მხოლოდ აშშ-ის სააგენტოებს მიაწერენ“. განსაკუთრებით, როდესაც საქმე ოპერაციულ-ტაქტიკურ დაზვერვას შეეხება.
„საფრანგეთს, გერმანიას, დიდ ბრიტანეთს, იტალიასა და კანადასაც აქვთ მსგავსი დაზვერვის შეგროვების შესაძლებლობები. დაზვერვის დეფიციტი არ არის და ასეთი ინფორმაციის მოპოვება პრობლემას არ წარმოადგენს“, - განაცხადა ბესმერტნიიმ 6 მარტს.
მიკოლა მელნიკიც, კიევში დაფუძნებული ანალიტიკური ჯგუფის „ლევიათანის“ ექსპერტიც მიიჩნევს, რომ აშშ-ის დაზვერვის შეჩერება კიევისთვის „კატასტროფა“ არ არის, ვიდრე მას დაეხმარება „საკმაოდ ძლიერი სადაზვერვო სტრუქტურები, როგორიცაა ბრიტანეთი და საფრანგეთი“.
თუმცა, ბევრი ექსპერტი აღნიშნავს, რომ სხვა დასავლელი მოკავშირეების მიერ მოწოდებული და თვით უკრაინის მიერ მოპოვებული დაზვერვა ვერ შეედრება შეერთებული შტატების მასშტაბებს და ხარისხს და მხოლოდ ნაწილობრივ შეავსებს აშშ-ის დაზვერვის შეჩერებისგან მიღებულ დანაკლისს.
„ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი ამერიკელი სამხედრო პარტნიორები გვაწვდიდნენ, ძალიან მრავალფეროვანია და ამ დროისთვის ძნელია იმის დადგენა, თუ რა დაგვიჯდება მისი არქონა“, - განაცხადა უკრაინელმა სამხედრო ანალიტიკოსმა სერჰი ბეზკრესტნოვმა.
„ჩვენი შეიარაღებული ძალები აგრძელებენ მოქმედებას იმ რესურსებით, რაც ახლა გაგვაჩნია. ამას უნდა გავუმკლავდეთ. სხვა არჩევანი არ გვაქვს“, - განაცხადა ბეზკრესტნოვმა.