Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა შევა ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ახალ პაკეტში?


რიკარდ იოზვიაკი
რიკარდ იოზვიაკი

ევროკავშირის ელჩები 10 და 12 მაისს ბრიუსელში შეიკრიბნენ, რათა ფორმალურად განეხილათ ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული მორიგი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. ჯერ უცნობია, თუ ზუსტად რა დრო დასჭირდებათ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ამ სანქციების მისაღებად, თუმცა ელიან, რომ ეს მაისის ბოლოსკენ მოხდება. ევროკავშირისათვის ეს საკმაოდ ჩქარ ტემპად მიიჩნევა.

ამ სისწრაფეს ორი მიზეზი აქვს. პირველი ისაა, რომ ელჩებმა სანქციების პაკეტის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ აპრილში მიიღეს. სიურპრიზებს არავინ ელის და წევრი ქვეყნებიც მზად არიან მათ განსახილველად.

მეორე მიზეზი ისაა, რომ სანქციები მსუბუქია. იმავე ტენდენციას მიჰყვება, რასაც წინა ხუთი პაკეტი - მათი ძირითადი ფუნქცია „ხვრელების ამოქოლვაა“, ახალი აკრძალვები კი რუსეთის ეკონომიკას საგრძნობ ზიანს ვერ მიაყენებს. ევროკავშირს სამიზნეში არც რუსული გაზი ამოუღია და არც ატომური ენერგია.

ბრიუსელი უფრო მტკივნეულ ზომებს არ განიხილავს, რადგან ამას ეწინააღმდეგება უნგრეთი და კიდევ რამდენიმე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანა, მაგალითად, ბულგარეთი და სლოვაკეთი. მათი პოზიცია კი, ალბათ, არ შეიცვლება, ვიდრე ენერგომატარებლების ფასი მაღალია, წინ კი შემოდგომა და ზამთარია.

მიუხედავად ამისა, პაკეტში რამდენიმე პუნქტი რუსეთის ენერგეტიკას მაინც ეძღვნება. ელიან, რომ ბუდაპეშტი მათ არ შეეწინააღმდეგება, რადგან ისინი ვიწროა და მხოლოდ გერმანიასა და პოლონეთს შეეხება.

ახალი პაკეტით განსაზღვრული ყველაზე მნიშვნელოვანი ზომა შეეხება მესამე ქვეყნების დასჯას, თუ ისინი შეგნებულად დაარღვევენ ევროკავშირის სანქციებს. ამით ევროკავშირი ცდილობს ე.წ. მეორადი სანქციების დანერგვას, რომელსაც აშშ უკვე კარგა ხანია, რაც ეფექტიანად იყენებს.

ამ წუთას ევროკავშირი რომელიმე კონკრეტულ ქვეყანას არ უმიზნებს. ევროკავშირის ვაჭრობამ საგრძნობლად იმატა ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში და ვარაუდობენ, რომ საქონლის ნაწილი რუსეთში ამ ქვეყნების გავლით ხვდება. თუმცა ჯერ კიდევ უცნობია, დააპირებს თუ არა ბრიუსელი რაიმე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ამის აღსაკვეთად. გერმანია და იტალია ამის წინააღმდეგნი არიან, რადგან ვარაუდობენ, რომ ეს ნაბიჯი ამ ქვეყნებს კიდევ უფრო დააახლოებს მოსკოვთან. სანქციების ახალი პაკეტის თავდაპირველ ვერსიაში, რომელიც რადიო თავისუფლებამ ნახა, ბრიუსელი მესამე ქვეყნების მიმართ ფრთხილ დამოკიდებულებას იჩენს.

ახალი პაკეტის ყველაზე საკამათო კომპონენტი რვა ჩინური სამხედრო კომპანიის შესაძლო სანქცირებაა - ეს ევროკავშირის მიერ ჩინეთის წინააღმდეგ მიღებული პირველი მსგავსი ზომა იქნება უკრაინის ომის კონტექსტში. პეკინმა უკვე გამოთქვა აღშფოთება ამასთან დაკავშირებით და ბლოკის წევრი ზოგი ქვეყანაც ყოყმანობს, რადგან ჩინეთთან დაპირისპირება არ სურთ.

ევროკავშირი სანქციების ამ პაკეტშიც შეიყვანს ახალ პირებსა და ორგანიზაციებს, რომელთაც ბლოკის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალებათ და რომელთა ქონებაც გაიყინება. ამჯერად ამ სიას 72 პირი და 29 კომპანია დაემატება - პოლიტიკოსები, სამხედრო პირები, ჟურნალისტები და ის მედიაკომპანიები, რომლებსაც პროპაგანდის გავრცელება ედებათ ბრალად. საერთო ჯამში, სანქცირებულთა სიაში მოხვდება 1571 პირი და 241 კომპანია, თუმცა, როგორც კულუარებში ამბობენ, უნგრეთმა 72 პირიდან სამის ამოღება მოითხოვა.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG