Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა უნდა ქნას მშობელმა, როცა ბავშვს ჩატში ემუქრებიან


მერის 9 წლის შვილმა თავად უამბო, რომ ფეისბუკში მას უცხო ადამიანი აშანტაჟებდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს მიმოწერა მხოლოდ ნახევარ საათს გრძელდებოდა, მერიმ პოლიციას მიმართა. შსს-მ რამდენიმე დღეში 30 წლის მამაკაცი დააკავა. უწყების განცხადებაში წერია, რომ ის არა ერთს, არამედ რამდენიმე არასრულწლოვანს ერთდროულად ემუქრებოდა და მათი პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციას ხელყოფდა.

„მე შვილის პაროლი მაქვს, ყოველ საღამოს ვამოწმებ, რა გააკეთა დღის განმავლობაში, რა ითამაშა, ვის რა მოუწონა და ასე შემდეგ. შევედი მის ფეისბუკზე და ეს მიმოწერა წავიკითხე“, იხსენებს მერი რადიო თავისუფლებასთან საუბარში. მამაკაცმა ბავშვთან მიმოწერა კომპიუტერული თამაშის ჩატიდან ფეისბუკის მესენჯერში გადაიტანა. ბავშვი წერდა, რომ არ სურდა მასთან საუბარი, მამაკაცი კი მისივე პროფილიდან გადმოწერილი ფოტოებით აშანტაჟებდა.

„ეკითხებოდა, სახლში მარტო იყო თუ არა, თუ დედის ეშინოდა, სთავაზობდა მიღებული მესიჯები წაეშალა, მაშინ ამ მიმოწერის შესახებ მათ გარდა არავის ეცოდინებოდა”.

მერი ამბობს, რომ მისი შვილი დროულმა ყურადღებამ იხსნა. პოლიციის მიერ ოფიციალური განცხადების წაკითხვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ეჭვმიტანილს სხვა არასრულწლოვანებთან სექსუალური ხასიათის მიმოწერაც ჰქონდა, მან კი პოლიციას ვითარების გამწვავებამდე, დაუყოვნებლივ მიმართა.

“ხშირად უნდა ვამხილოთ მოძალადეები, რომ მათ დაცულობის შეგრძნება არ ჰქონდეთ“, - ამბობს მერი.

რჩევები მშობლებს

იურისტი და ბავშვთა უფლებების დამცველი ანა აბაშიძე მშობლებს ურჩევს, რომ თუ ოდესმე მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდებიან, მერივით, პირველ რიგში, პოლიციას მიმართონ, ელექტრონული მიმოწერა არ წაშალონ და ძალადობასა თუ შანტაჟში ეჭვმიტანილი მომხმარებელი არ დაბლოკონ - უმჯობესია სამხილები ინტერნეტიდან არ გაქრეს.

კიბერდანაშაულთან ბრძოლა საქართველოს არც ისე დიდი ხნის წინ აქვს დაწყებული და ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდილების დაგროვება და პრაქტიკის გაზიარებაა. 9 წლის ბავშვთან დაწყებულ მიმოწერაზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე და 157-ე (იძულებისა და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის ხელყოფა) მუხლებით მიმდინარეობს. ასეთ დროს საქმე შესაძლოა აღიძრას გარყვნილი ქმედების მუხლითაც (სს კოდექსის 141).

„ახლა უნდა დაიწყოს გაანალიზება სამართლებრივი რეგულაციისა და გამოძიების ხარისხის. ამას სჭირდება რამდენიმე საქმის დასრულება, რომ მერე უფრო კრიტიკულად შევხედოთ სიტუაციას“, ამბობს ანა აბაშიძე.

არის თუ არა გამოსავალი სოციალური ქსელების დაბლოკვა

როცა სულ უფრო მეტი ბავშვი იყენებს სოციალურ ქსელებს თანაკლასელებთან კომუნიკაციისა თუ სწავლის პროცესში, დაცვის მიზნით ბავშვებისთვის სოციალური ქსელების გაუქმება გამოსავალი არ არის. „ყველაზე კარგი საშუალებაა უსაფრთხოების წესების მკაფიოდ ახსნა და ნდობის შენარჩუნება, რომ თუ რამე პრობლემა შეიქმნა, ბავშვმა თქვას ამის შესახებ”, ამბობს ანა აბაშიძე.

ფეისბუკს და ინსტაგრამს ასაკობრივ ზღვრად 13 წელი აქვთ დაწესებული, თუმცა ეს შეზღუდვა უფრო ფორმალობაა. ერთი მხრივ, უფრო პატარებიც ადვილად რეგისტრირდებიან სოციალურ ქსელებში, ხშირად მშობლების დახმარებით, მეორე მხრივ კი, 13 წელზე უფროსები, თუ მათ არ იციან კომუნიკაციის უსაფრთხოების დაცვა და ის, თუ ვის მიმართონ ძალადობის შემთვევაში, ადვილად შეიძლება გახდნენ დანაშაულის მსხვერპლნი.

კიბერდანაშაულის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული შემთხვევა 2018 წლის აგვისტოში მოხდა, როცა შანტაჟის შიშით გურიაში 16 წლის გოგომ თავი მოიკლა.

ფსიქოლოგი მაია ცირამუა ამბობს, რომ პრობლემის დროულად აღმოსაჩენად მშობელი კარგად უნდა იცნობდეს შვილს. საყურადღებოა ბავშვის უცნაური ქცევები, როცა ის ხდება ჩაკეტილი და ეს მის სწავლასა თუ სხვა დეტალებზე აისახება.

ფსიქოლოგი ამბობს, რომ ბავშვისთვის ინფორმაციის სწორად მიწოდება ყველაზე ეფექტური პრევენციაა. „მნიშვნელოვანია მშობელმა ისაუბროს რისკებზე ბავშვთან - არა იმიტომ, რომ დააშინოს, არამედ იმისთვის, რომ რისკები გაიაზროს ბავშვთან ერთად“.

ერთ-ერთი ასეთი მიმოწერის შესახებ ცობილი 2018 წლის ნოემბერშიც გახდა. მაშინ ფეისბუკზე ანონიმურად ატვირთული ფოტოდან ირკვეოდა, რომ სამცხე-ჯავახეთის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, სავარაუდოდ, არასრულწლოვან გოგონას უხამს მესიჯებს უგზავნიდა. ამ საქმეზე გამოძიება დაიწყო, თუმცა დღემდე მსხვერპლის ვინაობა დადგენილი არ არის და, შესაბამისად, არც არავინაა დასჯილი.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

XS
SM
MD
LG