Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა უნდა ვიცოდეთ ევროპარლამენტის არჩევნების შესახებ


როდის და ვისი მონაწილეობით იმართება არჩევნები?

არჩევნები გაიმართება 23-დან 26 მაისამდე ევროკავშირის წევრ 28 ქვეყანაში. მათ უმრავლესობაში კვირა, 26 მაისია განსაზღვრული კენჭისყრის დღედ. წინასწარ შედეგებს კვირა საღამოს გამოაცხადებენ ევროპარლამენტში დაგეგმილ საგანგებო ღონისძიებაზე.

მთავარი პარტიები და საპარლამენტო ფრაქციები

ევროპის პარლამენტში შვიდი ძირითადი პოლიტიკური გაერთიანებაა - შვიდი, როგორც მათ უწოდებენ, პოლიტიკური „ოჯახი“, რომელთაგან ოთხი ითვლება მკაფიოდ პროევროპულად. უდიდესი ოჯახი „ევროპის სახალხო პარტია“ (EPP) აერთიანებს ევროკავშირის ქვეყნების მემარჯვენე-ცენტრისტი და ქრისტიან-დემოკრატიული პარტიების ფართო სპექტრს. მათ შორის ისევეა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“, როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესი“. ამ უკანასკნელს, მართალია, შეუჩერეს EPP-ის წევრობა, მაგრამ არ გაურიცხავთ პოლიტიკური ოჯახიდან. მთავარ მემარცხენე-ცენტრისტულ გაერთიანებას ეწოდება „სოციალისტები და დემოკრატები“ (S&D). ის, როგორც სახელწოდება მიანიშნებს, სხვადასხვა სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებისაგან შედგება. არსებობს ლიბერალების ფრაქციაც, ALDE, რომელშიც შედიან, მაგალითად, ესპანეთის „სიუდადანოსი“ და ჩეხეთის „ანო“. ჯგუფი „მწვანეები“ კი აერთიანებს, უწინარეს ყოვლისა, გარემოს დაცვაზე ორიენტირებულ პოლიტიკურ ორგანიზაციებს. ეს ოთხი პოლიტიკური ოჯახი ითვლება, მთლიანობაში, პროევროპულად და არაერთ საკითხში აზრთა სხვაობის მიუხედავად, ჩვეულებრივ, ცდილობს ხოლმე საკანონმდებლო პროცესში ერთმანეთთან თანამშრომლობას. მეხუთე ჯგუფი სახელწოდებით „ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები“ (ECR) იკავებს პოზიციას სადღაც შუაში პროევროპულ ბანაკსა და ცალსახად ევროსკეპტიკურ ძალებს შორის. ECR-ის წევრებს შორის არიან ბრიტანელი კონსერვატორები, ფლამანდელი სეპარატისტები და პოლონეთის “სამართალი და სამართლიანობა“. ევროსკეპტიკოსებში იხილავთ “ევროპის გაერთიანებულ მემარცხენეებს“ (ცნობილია ფრანგული აბრევიატურით GUE) სოციალისტური და კომუნისტური პარტიებით და ერთი-ორი ულტრამემარჯვენე ჯგუფით. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ახლად შექმნილი გაერთიანება „ხალხისა და ერთა ევროპული ალიანსი“ (EAPN) ისეთი წევრებით, როგორიცაა „ავსტრიის თავისუფლების პარტია“ და იტალიის „ლეგა ნორდი“. მაგრამ, სავარაუდოდ, ყველა მემარჯვენე პოპულისტი არ შეეკედლება EAPN-ს. ყველა ეს პარტია იბრძვის პარლამენტის 751 მანდატისათვის, რომელიც ევროკავშირის 28 წევრს შორის განაწილებულია ქვეყნების მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით. მაგალითად გერმანია 96 დეპუტატს გააგზავნის სტრასბურგის/ბრიუსელის პარლამენტში, ხოლო კვიპროსზე, ესტონეთზე, ლუქსემბურგსა და მალტაზე სულ 6-6 დეპუტატი მოდის.

რა შედეგებს უნდა მოველოდეთ?

თუ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს ვენდობით, ყველაზე მეტ მანდატს კვლავ მოიპოვებს მემარჯვენე-ცენტრისტული „ევროპის სახალხო პარტია“ - სულ 751-დან, დაახლოებით, 170-ს. მოსალოდნელია მასში შემავალი პარტიების პირველ ადგილებზე გასვლა ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან 13-შიც. მემარცხენე-ცენტრისტ „სოციალისტებსა და დემოკრატებს“, სავარაუდოდ, 150 მანდატი ერგებათ, რაც სიდიდით ამჯერადაც მეორე ფრაქციის შექმნას მოასწავებს. მაგრამ ორივე დიდი ფრაქცია კარგავს მხარდაჭერას და თითოეულს, სავარაუდოდ, 40 მანდატით ნაკლები ერგება. ეს კი ნიშნავს, რომ ევროპის პარლამენტის პირდაპირი არჩევნების ისტორიაში, ანუ 1979 წლიდან მოყოლებული პირველად, მათ ხელში აღარ იქნება უმრავლესობა. თუმცა ერთ-ერთი მაინც შეძლებს, თავი გამარჯვებულად ჩათვალოს, რაც ახალი, „წამყვანი კანდიდატების“ სისტემის შემოღების შედეგი იქნება: ამ სისტემით, ევროკომისიის მომდევნო პრეზიდენტი უნდა გახდეს იმ პარტიის წარმომადგენელი, რომელსაც ყველაზე მეტი მანდატი ერგო. ყოველ შემთხვევაში, ასეთია ევროპარლამენტის ხედვა. ევროკავშირის საბჭოში, სადაც გადამწყვეტ სიტყვას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ამბობენ, ეს სისტემა გულზე არ ეხატებათ. მათ თვითონვე, დახურულ კარს მიღმა სურთ პრეზიდენტის არჩევა. 2014 წელს, როცა პირველად გაიჟღერა წინადადებამ ახალი სისტემის შესახებ, პარლამენტმა თავისი გაიტანა - კომისიის პრეზიდენტად წარადგინეს EPP-ის წამყვანი კანდიდატი ჟან-კლოდ იუნკერი. ახლა EPP-ისა და S&D-ის წამყვანი კანდიდატები, მანფრედ ვებერი და ფრანს ტიმერმანსი იმედოვნებენ, რომ იუნკერს შეცვლიან კომისიის პრეზიდენტის პოსტზე. ევროკავშირის საბჭოში სხვაგვარად ფიქრობენ აქვთ. ამდენად, ნადავლის განაწილებისათვის ბრძოლა მაისში არჩევნების შემდეგ დაიწყება. და ეს იქნება პროცესი, რომლისთვისაც ნამდვილად ღირს თვალის მიდევნება.

რაც შეეხება „პოპულისტების აღმასვლას“...

ევროპარლამენტის არჩევნების გაშუქებისას, მედიის ყურადღების ცენტრში „პოპულისტების აღმასვლა“ მოექცა. 2014 წელს პარლამენტში 52 ადგილი ერგოთ ულტრამემარცხენეებს, რომლებსაც წელსაც დაახლოებით იმავე შედეგს უწინასწარმეტყველებენ. სამაგიეროდ, ძლიერი მატებაა მოსალოდნელი ულტრამემარჯვენე ფლანგზე. ევროკავშირის მოწინააღმდეგე მემარჯვენე პარტიები ხუთი წლის წინ ორ ჯგუფად გაიყო. ორივეს ერთად 82 მანდატი ერგო. ახლა კი სოციოლიგიური გამოკითხვის შედეგების საფუძველზე ვარაუდობენ, რომ ულტრამემარჯვენეები 100-ზე ბევრად მეტი ადგილს დაიკავებენ. იტალიელი მატეო სალვინი, რომლის ულტრამემარჯვენე „ლეგა ნორდს“ ევროპარლამენტში ყველაზე მეტი დეპუტატი ეყოლება ანგელა მერკელის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ შემდეგ, ალბათ, საკუთარ თავს გამოაცხადებს ნამდვილ გამარჯვებულად. მისი ძალისხმევა, ახალ ჯგუფში, „ხალხისა და ერების ევროპულ ალიანსში“ (EAPN) მიიზიდოს ევროსკეპტიკოსი მემარჯვენეები, უკვე აერთიანებს ავსტრიის თავისუფლების პარტიას, „ალტერნატივას გერმანიისათვის“ და მარინ ლე პენის „ეროვნულ გაერთიანებას“. ყველა ეს პარტია, სავარაუდოდ, კარგ შედეგს მიაღწევს. EAPN-ს, ამჟამინდელი პროგნოზით, 75 მანდატი ექნება და ის შეძლებს კონკურენცია გაუწიოს ლიბერალებს ევროპარლამენტში, სიდიდით, მესამე ფრაქციის შესადგენად. ყველა ევროსკეპტიკური ძალა არ შეუერთდება ამ პოლიტიკურ ოჯახს. მაგალითად, პოლონეთის მმართველი „სამართალი და სამართლიანობა“ რჩება უფრო პრაგმატულ, „ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების“ ჯგუფში, რომელშიც ასევე შედიან „შვედი დემოკრატები“ და ჩეხეთის „სამოქალაქო დემოკრატიული პარტია“. მაგრამ ადვილი შესაძლებელია, რომ პოპულისტები - მემარცხენეები თუ მემარჯვენეები - ახალი მოწვევის ევროპარლამენტის მესამედს დაიკავებენ. ისინი არ იტყვიან გადამწყვეტ სიტყვას, ვერ ჩაშლიან საკანონმდებლო პროცესს, მაგრამ ევროპარლამენტი უფრო ხმაურიანი და რადიკალური იქნება მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში.

რას იზამს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი?

საფრანგეთის პრეზიდენტი დღეს მიჩნეულია ევროპის სანიმუშო ლიბერალად და მატეო სალვინის ნაციონალიზმისა და ევროსკეპტიციზმის ანტიდოტად. მაგრამ მისი მცდელობა, ახალი იმპულსი შესძინოს ევროპულ პოლიტიკას, გარკვეულ დაბნეულობას იწვევს ბრიუსელში. მაკრონს ჯერ საჯაროდ არ გამოუცხადებია, შეუერთდება თუ არა მისი პარტია „წინ, რესპუბლიკა!“ ევროპარლამენტის ლიბერალურ ფრაქცია ALDE-ს. რეალურად, დიდი ხანია საიდუმლო აღარ არის, რომ მაკრონს გულზე არ ეხატება ALDE-ს ლიდერი, ბელგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის გი ვერჰოფსტადი. მაკრონს არც იმის სურვილი ეტყობა, რომ მხარი დაუჭიროს ლიბერალ კანდიდატებს, მაგალითად გავლენიანი დანიელი ევროკომისრის, მარგრეტე ვესტაგერის კანდიდატურას ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე, რადგან უპირატესობას ანიჭებს პოტენციურ ფრანგ კანდიდატს. ასეთი კანდიდატი, შესაძლოა „ბრექსიტზე“ მოლაპარაკების ხელმძღვანელი მიშელ ბარნიე იყოს. მაგრამ ის EPP-ს წევრია... საბოლოოდ მაკრონი, სავარაუდოდ, მაინც ALDE-ს მიანიჭებს უპირატესობას, რაც ლიბერალების ფრაქციას გააძლიერებს მისთვის 100-ზე მეტი საპარლამენტო მანდატის განაღდებით - ალბათ, სახელწოდების შეცვლისა და ვერჰოფსტადის გადაყენების შემდეგ. მაკრონის ნაბიჯები საყურადღებო იქნება როგორც კენჭისყრამდე, ის მის შემდეგ.

და რას იზამს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი?

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ისეთივე არაპროგნოზირებადია, როგორც საფრანგეთის ლიდერი. ბოლო დღეებში ვიქტორ ორბანი ღიად უპირისპირდება იმ პოლიტიკური ოჯახის კანდიდატს ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე, რომლის წევრიცაა თავად ორბანის პარტია „ფიდესი“. საუბარია ორბანის კრიტიკაზე EPP-ის წამყვანი კანდიდატის, მარტინ ვებერის მიმართ. მარტში „ფიდესს“ შეუჩერეს EPP-ის წევრობა, თუმცა არ გაურიცხავთ ის ევროპარლამენტის ამ, უდიდესი გაერთიანებიდან. ორბანი აცხადებს, რომ მხარს არ დაუჭერს ვებერის კანდიდატურას ევროკომისიის პრეზიდენტად და რომ „ფიდესმა“ უნდა ითანამშრომლოს ანტიიმიგრაციულ მემარჯვენე ძალებთან, მემარცხენეებისაკენ გადახრის ნაცვლად. ჩვეულებრივ, გაწონასწორებულმა ვებერმა მას გაბრაზებულმა უპასუხა: სულაც არ მინდა, რომ ორბანის პარტია „ფიდესის“ დახმარებით ამირჩიონო. მაგრამ ეს სახიფათო პოლიტიკური თამაშია. „ფიდესი“ ყველაზე წარმატებულ პარტიებს მიეკუთვნება და, წინასწარი გამოკითხვის შედეგებით, უნგრეთისათვის 15-დან 21-მდე მანდატს მოიპოვებს. არადა, პირველ ადგილზე მყოფ EPP-ისა („ფიდესის“ ჩათვლით) და მის მთავარ კონკურენტ S&D-ისათვის პროგნოზირებულ მანდატებს შორის სხვაობა სულ 20 მანდატს შეადგენს. ამდენად მანევრებისათვის სივრცე შეზღუდულია. მაგრამ საკითხავია ისიც, რამდენად შეუძლია EPP-ს თავის რიგებში ორბანის დატოვება დამაჯერებლობის დაკარგვის გარეშე. უნგრეთის წლევანდელი ანტიიმიგრაციული კამპანია, რომელშიც მძაფრად იყვნენ გაკრიტიკებული ევროკომისიის ამჟამინდელი პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი (EPP-ის მაღალი რანგის წევრი) და უნგრული წარმოშობის ამერიკელი ბიზნესმენი ჯორჯ სოროსი, ძნელი მოსანელებელი გახდა პარტიის ერთიანობის ყველაზე თავგამოდებული მომხრეებისთვისაც კი. სწორედ ამ კამპანიას მოჰყვა EPP-ში ორბანის პარტიის წევრობის შეჩერება. სინანულის გამოხატვის ნაცვლად, ორბანი სალვინის დაუახლოვდა და მასთან შეხმატკბილებულად მოქმედებს. მაგრამ მართლაც გაწევრიანდება იტალიის პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილ „ხალხისა და ერების ევროპულ ალიანსში“ (EAPN)? ეს შესაძლოა, მეტისმეტად მარჯვნივ გადახრა აღმოჩნდეს. იქნება ჯობდეს იაროსლავ კაჩინსკის „სამართლისა და სამართლიანობის“ გვერდით დადგომა ოდნავ უფრო ზომიერ ECR-ში და, მისი სახით, იდეალური ადგილის მოძებნა არალიბერალური დემოკრატიის იდეოლოგისათვის?

რას შეიძლება ველოდეთ ბრიტანელებისაგან?

წესით, აქამდე ისინი ევროკავშირიდან გასულები უნდა ყოფილიყვნენ. მაგრამ რახან ბრექსიტის შესახებ საბოლოო შეთანხმება ჯერაც არ ჩანს, ბრიტანეთი მონაწილეობას მიიღებს ევროპარლამენტის არჩევნებში. ეს ნიშნავს, რომ ევროპარლამენტში, სულ ცოტა, 31 ოქტომბრამდე ისხდებიან ბრიტანელი დეპუტატებიც. ცხადია ის, რომ მათ არ ერგებათ მნიშვნელოვანი თანამდებობები კომიტეტებში და არ დაინიშნებიან არც მომხსენებლებად. შესაძლოა, ბევრი მათგანი საერთოდ არ ჩავიდეს სტრასბურგში. მაგრამ ბრექსიტის მომხრე დეპუტატებმა - და ისინი ცოტანი არ იქნებიან - შესაძლოა ხმაური ატეხონ ყურადღების მისაპყრობად. ბევრს ეგონა, რომ სამუდამოდ დაემშვიდობა ბრექსიტის მთავარ აპოლოგეტ ნაიჯელ ფარაჟს. მაგრამ არა! ის ბრუნდება. მისი პარტია, როგორც ჩანს, ისევ აჯობებს დანარჩენ ბრიტანელებს. 2014 წელს ფარაჟის „გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებლობის პარტიამ“ (UKIP) შეიყვანა ყველაზე მეტი ბრიტანელი დეპუტატი ევროპარლამენტში და ამჯერადაც მისი პოლიტიკური ორგანიზაცია, ახლად შექმნილი „ბრექსიტის პარტია“ უსწრებს ლეიბორისტებსაც და კონსერვატორებსაც. ზოგი ევროკავშირის შესახებ მეორე რეფერენდუმადაც კი მიიჩნევს ევროპარლამენტის არჩევნებს ბრიტანეთში. მაგრამ ძნელია შეფასების გამოთქმა. ამ კენჭისყრაში ნაკლები ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას და ლეიბორისტების, ისევე როგორც კონსერვატორების რიგებში, აზრთა სხვაობას იწვევს ევროკავშირის წევრობა. ერთი მხრივ, „ბრექსიტის პარტიის“ წარმატება, ხოლო მეორე მხრივ, ევროკავშირში დარჩენის მომხრე „ლიბერალ-დემოკრატებისა“ და „მწვანეების“ მიმართ მხარდაჭერის მატება აჩვენებს, რომ ბრიუსელი კვლავაც მნიშვნელოვანი თემაა ბრიტანელებისათვის. ამას ემატება შეკითხვა, გადადგება თუ არა პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი, თუ მისი პარტია ამ არჩევნებისათვის პროგნოზირებულ ფიასკოს განიცდის. ბრიტანეთს, როგორც ყოველთვის, ბევრი შეკითხვა უკავშირდება.

როგორი იქნება ამომრჩევლის აქტიურობა?

ბრიუსელში ნურავის ეტყვით, მაგრამ იცოდეთ: ევროკავშირში ბევრს დიდად არ ანაღვლებს ევროპარლამენტის არჩევნები. ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით, 374 მილიონამდე ადამიანს აქვს ხმის უფლება, რაც ევროკავშირში კენჭისყრას აქცევს მსოფლიოში უდიდეს დემოკრატიულ არჩევნებად - ინდოეთის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. მაგრამ ელექტორატის მხოლოდ მცირე ნაწილი ისარგებლებს ამ უფლებით. სამწუხარო პარადოქსია, რომ რამდენადაც იზრდება ბოლო წლებში ევროპარლამენტის პოლიტიკური მნიშვნელობა, იმდენად მცირდება მისი დემოკრატიული ლეგიტიმაცია. ფაქტია, რომ ამომრჩევლის აქტიურობა ყოველ ჯერზე მცირდებოდა 1979 წელს არჩევნებში 62%-ის მონაწილეობის შემდეგ. 20 წელიწადში ეს მაჩვენებელი 50%-საც კი ვერ აღწევდა. ბოლო არჩევნების, ანუ ხუთი წლის წინანდელი მაჩვენებელი სულ 42,5% იყო - წინა, 2009 წლის არჩევნების ისედაც დაბალ 43%-ზე ნაკლები. და ეს დიდი პიარ-კამპანიისა და წამყვანი კანდიდატების ტელედებატების მიუხედავად. სლოვაკი ამომრჩევლების სულ 13%-მა მიიღო მონაწილეობა 2014 წლის არჩევნებში. გაცილებით მეტი არ ყოფილა არც მეზობელი ჩეხეთის რესპუბლიკის მაჩვენებელი - 19%. ბრიუსელში იმის იმედიღა რჩებათ, რომ ტენდენცია შეიცვლება და ამომრჩევლის აქტიურობის გაზრდის შედეგად საქმე არ მივა პოპულისტების გაძლიერებამდე, რახან მათი ამომრჩევლები, ჩვეულებრივ, უფრო მოტივირებული არიან, ვიდრე ტრადიციული პროევროპული პარტიების მხარდამჭერები. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ევროკავშირის მოქალაქეთა უმრავლესობას ევროპარლამენტის არჩევნები, საუკეთესო შემთხვევაში, მიაჩნია რეპეტიციად უფრო მნიშვნელოვანი არჩევნებისათვის, რომლებიც წელს ზაფხულში, ან შემოდგომაზე გაიმართება, მაგალითად, ხორვატიაში, დანიაში, საბერძნეთში, პოლონეთსა და რუმინეთში. ხოლო უარეს შემთხვევაში, ბევრს მხოლოდ სათადარიგო გეგმად მიაჩნია ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა, რახან სხვა ვერაფერი დაგეგმა მაისის ბოლო შაბათ-კვირისათვის.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG