აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ნახევარ მილიონ დოლარს დახარჯავს საქართველოს რეგიონებში რუსულ დეზინფორმაციასთან ბრძოლაში. ამ თანხას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი განკარგავს. ეს სტრუქტურა საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაშია.
როგორ იბრძვიან ქვეყნები რუსულ დეზინფორმაციული ქაოსის წინააღმდეგ
ლატვიამ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად განათლების მიმართულება აირჩია. ლატვიის განათლების განვითარების ცენტრმა აშშ-ის საელჩოს დახმარებით წამოიწყო პროექტი, რომელიც სკოლებში მედიაწიგნიერებას ასწავლის ბავშვებს. ცრუ ახალი ამბებისა და კონსპირაციის თეორიების ამოცნობას ასწავლიან იტალიისა და ფინეთის სკოლებშიც.
2017 წელს კრემლის პროპაგანდისტულმა ტელეარხმა Russia Today-მ სახელმწიფოსგან დაფინანსების სახით 323 მილიონი დოლარი მიიღო. ტელეარხი ირწმუნება, რომ მას დღეს 700-მილიონიანი აუდიტორია ჰყავს მსოფლიოს ასზე მეტ ქვეყანაში...
ძნელია იმის თქმა, რომელი გზაა ყველაზე წარმატებული ანტიდასავლურ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად. მედიაორგანიზაციების ნაწილი ფაქტების გადამოწმებასა და მითების გაქარწყლებას ირჩევს, ხოლო ქვეყნები და მათი გაერთიანებები რუსეთიდან მომავალ გამოწვევას არგებენ სტრატეგიული კომუნიკაციის პოლიტიკას.
ამის ერთ-ერთი მაგალითი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსია, რომელმაც 2014 წელს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი შექმნა. ის ალიანსის წევრ ქვეყნებს ინფორმაციას სწორად და დროულად აწვდის. წელს ცენტრს 20-მდე ანგარიში და აქტივობა აქვს დაგეგმილი.
რუსეთი კი სულ უფრო მეტ არხსა და პლატფორმას ააქტიურებს თავისი ინტერესების სასარგებლოდ ევროპაში. 2017 წელს კრემლის პროპაგანდისტულმა ტელეარხმა Russia Today-მ სახელმწიფოსგან დაფინანსების სახით 323 მილიონი დოლარი მიიღო. ტელეარხი ირწმუნება, რომ მას დღეს 700-მილიონიანი აუდიტორია ჰყავს მსოფლიოს ასზე მეტ ქვეყანაში.
საქართველოს მთავრობის სტრატეგია
„ანტიდასავლური კამპანია საჭიროებს სერიოზულ გზავნილებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან“,- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მთავრობის ახალი პროექტის პრეზენტაციაზე.
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი მომდევნო 18 თვე ორი მიმართულებით იმუშავებს: ის 7 არსებულ ბიუროს კიდევ ხუთ ახალს დაამატებს და იზრუნებს იმაზე, რომ რეგიონალურმა მედიაორგანიზაციებმა მეტი ინფორმაცია მიაწოდონ აუდიტორიას ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. ორგანიზატორების თქმით, მთავრობის ეს პროექტი ყველაზე მასშტაბური აქტივობაა ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ.
ის, რომ რუსეთი ყალბი ინფორმაციის გამოყენებით ცდილობს საზოგადოების აზრი შეცვალოს საქართველოში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2017 წლის ანგარიშმაც დაადასტურა. მასში წერია, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ერთ-ერთი ძირითადი მიზანი სწორედ ანტიდასავლური განწყობების გაღვივებაა.