17 მაისს თბილისში ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა იხსნება. გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე ხელოვანთა ნაწილმა უარი თქვა მასში მონაწილეობაზე. მიზეზი ფესტივალის ერთ-ერთი პრიზი - მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (MoMa) პერსონალური გამოფენის მოწყობა გახდა. ეს პრიზი განკუთვნილი იყო 35 წლამდე ასაკის ბაზრობაში მონაწილე ქართველ ხელოვანთათვის;
ინფორმაცია პრიზის შესახებ მონაწილეებმა ოფიციალურ ვებსაიტზე ნახეს. მის შესახებ ლაპარაკი არ ყოფილა აპლიკაციის ფორმაში, რომლის შევსებაც ყველა მონაწილისთვის სავალდებულო იყო. მარიამ ნატროშვილი, რომელიც თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს წარმოადგენს, პირველი იყო, რომელმაც პრიზის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა და მონაწილეობაზე უარი თქვა.
მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში გამოფენის მოწყობის პრიზად დაწესების გამო, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის გარდა, ამ დრომდე ბაზრობაში მონაწილეობაზე უარი თქვეს ინტერდისციპლინარულმა სახელოვნებო ორგანიზაცია „ობსკურამ“, „პატარა გალერეამ“ და The why not gallery-მ.
ბაზრობის ორგანიზატორები ამბობდნენ, რომ ამ პრიზის შესახებ ინფორმაცია თვითონაც არ ჰქონდათ და რომ გადაწყვეტილება მისი დაწესების შესახებ მიიღო კრეატიულმა დირექტორმა, ერიკ შლოსერმა.
ერიკ შლოსერი წლების განმავლობაში მუშაობდა რუსეთში და არის მოსკოვისა და ვილნიუსის ხელოვნების ბაზრობების ერთ-ერთი ორგანიზატორი.
ხელოვანების პროტესტის შემდეგ ბაზრობამ ბოდიში მოიხადა და ეს კონკრეტული პრიზი გააუქმეს, თუმცა რუსული ინსტიტუციები ბაზრობის საიტზე მაინც იძებნება. მედია პარტნიორებს შორის უმეტესობა სწორედ რუსული გამოცემებია, მათ შორის ერთ-ერთი სწორედ მოსკოვის მომას ინტერნეტ-ჟურნალია. რუსეთის სახელოვნებო პროცესებთან კავშირი ბორდის წევრების ბიოგრაფიებშიც იკვეთება.
კურატორი, მაგდა გურული თვლის, რომ ასეთი ღონისძიებები და ინიციატივები საჭიროა, თუმცა ამ კონკრეტული ბაზრობის ერთადერთი პრობლემა მასში რუსული კავშირები არ არის.