სასამართლო პარლამენტის წევრ ნიკა მელიას ავალდებულებს შინიდან გასვლის ნებართვა პროკურატურას სთხოვოს, არადა დეპუტატის შეუფერხებელ საქმიანობას საქართველოს კონსტიტუცია უზრუნველყოფს. ირღვევა თუ არა საქალაქო სასამართლოს დადგენილებით საქართველოს კონსტიტუცია, როგორც ამას დეპუტატის ადვოკატი აცხადებს?
ნიკა მელიამ აკრძალვა გაასაჩივრა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ 2 ივლისს არა მხოლოდ ძალაში დატოვა წინა ინსტანციის აკრძალვა, არამედ მას ელექტრონული სამაჯურის ტარების ვალდებულებაც დაუმატა.
"სამაჯურზე დამიკავშირდებიან და ან ხელზე იქნება, ან ფეხზე - შეიძლება ხვალიდან ან დღეს საღამოს. ამათ, მე მგონი, მართლა რეალური მელია ვგონივარ ძაღლისებრთა ოჯახიდან. ახლა ყველაზე მეტად საინტერესოა "ქართული ოცნების" დეპუტაციის განმარტება. ეს ყველაფერი მაინც არ მიზღუდავს პარლამენტში სიარულს. ისეთივე უფლებამოსილებით ვარ დეპუტატი, როგორც არის დანარჩენი 149 წევრი",- თქვა სააპელაციო სასამართლოში დარბაზიდან გამოსულმა დეპუტატმა.
ნიკა მელია პარლამენტში ამჟამად ერთადერთი დეპუტატია, რომელსაც იმუნიტეტი არ იცავს დაპატიმრებისგან. იმუნიტეტის მოხსნას ხმა მისცა 91-მა დეპუტატმა მმართველი გუნდიდან 26 ივნისის სხდომაზე. მაშინ საპარლამენტო ოპოზიციას - მათ შორის ნიკა მელიასაც - ეგონა, რომ მეორე დღეს სასამართლო დააკავებდა, თუმცა ასე არ მოხდა. 27 ივნისს საქალაქო სასამართლომ მას აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო, 30 ათასი ლარი, შეუფარდა.
ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს არ შეიძლება დაბრკოლება ექმნებოდეს დეპუტატის საქმიანობაში.
“ცალსახაა ის, რომ მას აქვს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები და თავისთავად ვერც პროკურორის თანხმობა და ვერც სხვა გადაწყვეტლება ვერ შეზღუდავს ნიკა მელიას მის მიერ პარლამენტის უფლებამოსილების განხორციელებაში. სამაჯური, სავარაუდოდ, გახდება დამატებითი საშუალება, რომ დააკვირდნენ მისი გადაადგილების ზუსტ მარშრუტს”, - აცხადებს ადვოკატი.
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, მელიას მიმართ დაწესებულ აკრძალვას ფეისბუკში გამოეხმაურა. ის მიიჩნევს, რომ სასამართლომ დეპუტატს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებამოსილების შესრულება შეუზღუდა.
“მელია დღეს ისეთივე სრულფასოვანი დეპუტატია, როგორც დანარჩენი 149, და მის „უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის დაბრკოლებათა შექმნა ისჯება კანონით ისევე, როგორც დანარჩენების”, - წერს უსუფაშვილი.
ილიაუნის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარი ალიკა კუპრავა ადასტურებს, რომ სასამართლოს მიერ დაწესებული შეზღუდვა კანონთან შეუთავსებელია.
“როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის კონსტიტუციის 39-ე მუხლის საწინააღმდეგო განმარტება. ის ხელს უშლის ნიკა მელიას გააჟღეროს თავისი ხმა და საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს. ეს განმარტება ძალიან ვიწროა და მიმართულია იმისკენ, რომ ადამიანს, რომელიც აქტიური მონაწილე იყო 20 ივნისის მოვლენების, შეუზღუდოს საჯარო სივრცე არასამართლებრივი და არაკონსტიტუციური გზით”, - მიიჩნევს ალიკა კუპრავა.
საქალაქო სასამართლომ კიდევ რამდენიმე შეზღუდვა დაუწესა “ნაციონალური მოძრაობის” წევრს. ერთი იმ ადამიანებთან ურთიერთობას უკრძალავს, რომლებიც შეიძლება მომავალში მელიას საქმეზე მოწმეებად იყვნენ დაბარებულები, მეორე კი დეპუტატს მიტინგებზე სიტყვით გამოსვლის უფლებას არ აძლევს. ამ ორიდან დაცვის მხარემ მხოლოდ პირველი გაასაჩივრა, რადგან მიიჩნევს, რომ მომავალი მოწმეების საკითხი მეტისმეტად ბუნდოვანია. სააპელაციო სასამართლომ ეს აკრძალვაც უცვლელად დატოვა.