გენერალური პროკურატურა განმარტებას აკეთებს, თუ რა მიზეზით უთხრა უარი სახალხო დამცველს, სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული საკრებულოს წევრის ილია ჯიშკარიანის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის გაცნობაზე.
პროკურატურის განცხადებით, სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონის მე-18 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველს უფლება აქვს, შემოწმების ჩატარებისას გაეცნოს სისხლის სამართლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ მხოლოდ იმ საქმეებს, რომლებზეც მიღებული გადაწყვეტილებები კანონიერ ძალაშია შესული.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა საქართველოს პროკურატურას 11 ოქტომბერს საგამონაკლისო წესით მოსთხოვა ილია ჯიშკარიანის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის გაცნობა, რაზეც პროკურატურამ 15 ოქტომბერს ომბუდსმენს უარი უთხრა.
ნინო ლომჯარიას თქმით, ფორმალურად ომბუდსმენს არ აქვს წვდომა საქმეების მასალებზე, თუმცა, ყოფილა შემთხვევები, როდესაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, პროკურატურას გამონაკლისი დაუშვია:
„ამ შემთხვევაში არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, რადგან საქმეში ფიგურირებს პოლიტიკური თანამდებობის პირი სახელისუფლებო პარტიიდან. გარდა ამისა, არის ქალის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, რაც ასევე, ჩვენი განსაკუთრებული ყურადღების საგანია. მით უმეტეს, სახეზე გვაქვს დაგვიანებული პირველადი საგამოძიებო მოქმედებები, რაც არის უჩვეულო, რადგან, როგორც წესი, ქალის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების შემთხვევებში, პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქმედებენ ძალიან სწრაფად და ეფექტურად, ეს ნამდვილად იყო პროგრესი ბოლო პერიოდის განმავლობაში“.
ომბუდსმენის განცხადებით, ის კიდევ ერთხელ მიმართავს პროკურატურას მასალების გაცნობის მოთხოვნით, რათა საქმის დეტალები სრულყოფილად შეისწავლონ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ თუკი სახალხო დამცველს რაიმე ტიპის ბარიერი ექმნება უფლებამოსილების განხორციელებისას, შეუძლია, პირადად მიმართოს მას:
„სახალხო დამცველს შეუძლია პარლამენტს მიმართოს ამასთან დაკავშირებით. მას შეუძლია, პირადად მეც დამიკავშირდეს, თუ რაიმე ბარიერი აქვს და კანონი არ სრულდება. სახალხო დამცველი არის საპარლამენტო კონტროლის მექანიზმი და ამაზე საუბარი მასთან ყოველთვის შეგვიძლია. ჯერჯერობით, ჩვენთვის სახალხო დამცველს ამასთან დაკავშირებით არ მიუმართავს. თქვენ თუ გადაამოწმეთ მხარეს, ადვოკატს აქვს თუ არა ეს მასალები? არ გადაამოწმეთ! მე გეტყვით, რომ, მაღალი ალბათობით, ეს მასალები აქვს ადვოკატს, ალბათ, გონივრული იქნებოდა, ადვოკატს გადაეცა ეს მასალები, რომელიც ხელთ აქვს“.
ილია ჯიშკარიანის თანაშემწის, თამთა თოდაძის დაცვის მხარის განცხადებით, სახალხო დამცველისთვის უარის თქმის მიზეზი ისაა, რომ არ გასაჯაროვდეს იმ არასწორად წარმართული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ, რომლებიც სექსუალური ძალადობის საქმეზე ჩატარდა.
ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია ამბობს, რომ სისხლის სამართლის საქმის გამოძიების პროცესში ილია ჯიშკარიანი პრივილეგიებით სარგებლობს.
თამთა თოდაძის ადვოკატი, თამარ ლუკავა, რომელიც სახალხო დამცველს 23 ოქტომბერს შეხვდა, აცხადებს, რომ ნინო ლომჯარიას გადასცეს მათ ხელთ არსებული ყველა ის ინფორმაცია და ვარაუდი, რომელიც საგამოძიებო პროცესის არასწორად წარმართვის ეჭვებს აჩენს:
„ვესაუბრეთ იმ პრობლემებზე, რომლებიც ვფიქრობთ, რომ საქმეში თავიდანვე არსებობდა. მაგალითად, საგამოძიებო მოქმედებებზე, რომლებიც დაგვიანებულად ჩატარდა. ასევე იმ საგამოძიებო მოქმედებებზე, რომლებიც მხოლოდ ჩვენი მოთხოვნის შემდეგ ჩატარდა“.
საქმის მასალების ომბუდსმენისთვის გადაცემის მომხრეა ილია ჯიშკარიანის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილიც. როგორც ის რადიო თავისუფლებასთან ამბობს, მიუხდავად იმისა, რომ სახალხო დამცველს არ აქვს უფლებამოსილება, რომ მოითხოვოს საქმის მასალების გაცნობა, რაკიღა არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, ამ პროცესში საგამონაკლისო წესით უნდა იქნას დაშვებული სახალხო დამცველის აპარატის ჩართვა:
„მე ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას - არ ვართ წინააღმდეგი, ვაცხადებთ თანხმობას და მივესალმებით ნებისმიერი სხვა ინსტიტუტის ჩართულობასაც, პროცესი იყოს ღია და გამჭვირვალე. ეს ჩვენს ინტერესებში უფრო შედის და ჩვენც ვსაჭიროებთ სახალხო დამცველის ჩართულობას და არ გამოვრიცხავთ, რომ უახლოეს პერიოდში სახალხო დამცველს ოფიციალურადაც მივმართოთ“.
საკრებულოს ორი მოწვევის დეპუტატი, ილია ჯიშკარიანი, მისმა თანაშემწემ, თამთა თოდაძემ, სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში 4 ოქტომბერს დაადანაშაულა. მისი თქმით, შემთხვევა 30 სექტემბერს, დეპუტატის წარმომადგენლობის ოფისში მოხდა და ამის შესახებ მან სამართალდამცავებს იმავე დღეს შეატყობინა.
ილია ჯიშკარიანს ბრალი პროკურატურამ 8 ოქტომბერს წარუდგინა. იმავე დღეს ცნო პროკურატურამ დაზარალებულად თამთა თოდაძეც.
11 ოქტომბერს ილია ჯიშკარიანს წინასწარი აღკვეთის ღონისძიების სახით 10-ათასლარიანი გირაო შეეფარდა. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს და აცხადებს, რომ თანაშემწის ბრალდებით „შოკირებულია“.
სისხლის სამართლის საქმე თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ისნის მაჟორიტარის მიმართ ორი მუხლითაა აღძრული: 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რომელიც არ შეიცავს ამ კოდექსის 137-ე მუხლით (გაუპატიურება) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი ძალადობით, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).
წინასასამართლო სხდომა სექსუალური ძალადობის საქმეზე 18 ნოემბერსაა დანიშნული.